შოუბიზნესი

ნანა ნებიერიძე: ბებიობას ვმალავდი, მრცხვენოდა

№45

ავტორი: ნონა დათეშიძე 10 წუთის წინ

ნანა ნებიერიძე
დაკოპირებულია

ყველასათვის საყვარელი, წარმატებული სპორტსმენის, ტელე-წამყვანისა და უბრალოდ, ლამაზი ქალის, ნანა ნებიერიძის ცხოვრებაში, რასაკვირველია, იყო რთული პერიოდები. მათ შორის ისეთი, როცა საკუთარი ცრემლის დამალვა და ღამღამობით ტირილი უწევდა. თუმცა, დღეს ფიქრობს, რომ ბედნიერია, არცერთ გადადგმულ ნაბიჯს არ ნანობს და ერთი შვილის დედასა და ახალგაზრდა ბებიას აქვს საკუთარი სამყარო, სადაც ის თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობს.

ნანა ნებიერიძე: სამი დედმამიშვილი ვართ, ორი და და ერთი ძმა. ჩემი და, ნატალია, ჩემზე უფროსია, მე შუათანა ვარ და ძმა, თამაზი, მესამეა. მხიარული ბავშვობა მქონდა, თუმცა, მთელი ჩემი ბავშვობა შრომაში ვიყავი, სულ ვვარჯიშობდი, ფაქტობრივად, ბავშვობა არ მქონდა. ხუთი წლიდან შემიყვანეს ტანვარჯიშზე, პარალელურად, მუსიკაზეც დავდიოდი. მერე სკოლაში შევედი და სხვა ბავშვები რომ ეზოში თამაშობდნენ, ერთობოდნენ, მე ამის დრო არ მქონდა. ეზოში იშვიათად ვთამაშობდი და გული მწყდებოდა. სხვათა შორის, მუსიკაში იმდენად ნიჭიერი ვიყავი, რომ მესამე კლასიდან მეხუთეში დამსვეს. მაგრამ, დღეს რომ მითხრათ, რამე დაუკარიო, გამორიცხულია. უფრო სპორტმა წამიღო, ვიდრე მუსიკამ და ახლა რომ ვფიქრობ, ჩემგან მაგარი მუსიკოსი დადგებდა. თუმცა, არ ვნანობ, რადგან მუსიკა ისეთი სფეროა, ნებისმიერ ასაკში შეგიძლია ნულიდან დაიწყო, სპორტში კი, რომ დამეგვიანა, რამხელა კარიერას და წარმატებასაც მივაღწიე, იმას ვერ მივაღწევდი. შემდეგ დადგა 90-იანების ურთულესი პერიოდი, როცა ყველას უჭირდა და ვარჯიშიც გაყინულ დარბაზში და საცურაო აუზზე რთული იყო. თუმცა, იმდენად მონდომებული და მოწოდებული ვიყავი, არ დავასრულე ჩემი სპორტული კარიერა და 17 წლის ასაკში სპორტული კარიერის ზენიტში აღმოვჩნდი და მიზნისკენ სვლა გავაგრძელე. თუმცა, მერე გავთხოვდი, მქონდა მცირე პაუზა, რადგან შვილი გავაჩინე და მერე კვლავ დავბრუნდი დიდ სპორტში. გავხდი ოლიმპიური ნაკრების წევრი და ოლიმპიური თამაშების მონაწილეც ვიყავი.

– საკმაოდ ადრეულ ასაკში გათხოვდი. თუმცა, მალევე დაგენგრა ოჯახი. ეს იყო ვნებაზე დაფუძნებული თანაცხოვრება თუ სიყვარული, ამ გადასახედიდან როგორ შეაფასებ?

– 18 წლის ასაკში გავთხოვდი. ამ გადასახედიდან, ადრეულ ასაკში გათხოვებას არ ვნანობ, უბრალოდ, ახლა რომ იმ ასაკში ვიყო, ამას არ გავაკეთებდი. მალევე გავშორდით – ორ წელში და ნინა, ჩვენი შვილი, მარტომ გავზარდე. გაშორების მიზეზი, ალბათ, ყველაფერი ერთად იყო – ნაადრევი გათხოვება, ასაკი, ვნებასა და ემოციებზე აყოლა და არა ნამდვილი სიყვარული. ჩემი ყოფილი მეუღლე და მე ტოლები ვიყავით, ორივე პატარები, 18 წლის. ერთმანეთი აუზზე გავიცანით, სხვაგან სად დავდიოდი?! (იცინის) როცა გავშორდით, გადავწყვიტე, სპორტში დავბრუნებულიყავი და ვარჯიში დავიწყე. ბავშვის გაზრდაში ბებიები მეხმარებოდნენ. ის კი ამერიკაში წავიდა და დღემდე იქ ცხოვრობს. დღეს, არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. მე არ ვარ მასზე ნაწყენი, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, ასე გადავწყვიტეთ და ჩვენ-ჩვენი გზით წავედით. სამწუხაროდ, ბევრი წელი არ ჰქონდა ნინასთან კონტაქტი და სულ ნახევარი წელია, რაც მამამისი გამოჩნდა მის ცხოვრებაში. როცა ნინამ მითხრა: მიშიკო გამოჩნდა და ჩემი ნახვა უნდაო, მხოლოდ ეს ვკითხე: როგორია შენი რეაქცია-მეთქი. მოკლედ, შეხვდნენ, ბევრი ისაუბრეს და როცა ვკითხე: აუხსენი, როგორი ტკივილი მოგაყენა-მეთქი, მითხრა: არა, დედა, არაფერი მითქვამს, არც მინდა ვკითხო. გამოჩნდა, ესე იგი, ღმერთის ნებაა. ის მამაჩემია. თვითონ მიხვდა თავის შეცდომას და დანაშაულს და არ შეიძლება, ხელი ჰკრა იმის გამო, ბევრი წლის წინ რაც მოხდა. ჩვენ ხომ დღევანდელი დღისთვის ვხოვრობთ და მომავლისთვისო. მოკლედ, ნინას დღეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს მამასთან, ორივე ერთ კონტინენტზე ცხოვრობენ – ამერიკაში. მიხარია მათი ასეთი ურთიერთობა, მშვიდად ვარ. მე კი ჩემს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონატქტი არ მაქვს. ერთი სიტყვით, ჩემი შვილის მამასთან ურთიერთობამ ამდენი წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მე ყოფილთან არ ვკონტაქტობ, ჩემთვის სიშვიდე მოიტანა.

– ნანა, რას მიიჩნევ შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომად და იყო შანსი, რომელიც ხელიდან გაუშვი და ნანობ?

– ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, უფრო სწორად, შეცდომას კი არ ვუშვებდი, ჩემს გზას გავდიოდი და ამ გზაზე იყო ბევრი თავგადასავალი, რაც გამოცდილებას მაძლევდა. ძალიან ბევრი შანსი მაქვს ხელიდან გაშვებული, რაც ჩემს კარიერასა და პირად ცხოვრებას ეხება, მაგრამ ახლა სინანული გვიანია. მაგალითად, სულ ვოცნებობდი მეორე შვილზე, მაგრამ არ მყავს, ეს შეცდომა დავუშვი. სხვათა შორის, ჩემი ერთადერთი შვილი, ნინა რომ ოცი წლის ასაკში გათხოვდა, მაშინ მივხვდი, რომ თურმე, ეჭვიანი ვარ. თუმცა, ვიმუშავე ჩემს თავზე და გადავლახე ეს გრძნობა.

– ადრეულ ასაკში გახდი ბებია. რა მოიტანა ამ სტატუსმა შენთვის?

– 39 წლის ვიყავი, ბებია რომ გავხდი და ალექსანდრე დაიბადა. უბედნიერესი ვიყავი, თუმცა თავიდან ვერ გავითავისე ბებიობა. დიდი დრო დამჭირდა ამის ბოლომდე გასააზრებლად. მეტსაც გეტყვით, იყო პერიოდი, როცა ბებიობას ვმალავდი, მრცხვენოდა (იცინის). ორი სტანდარტური აღქმა ჰქონდა ხალხს, ერთი ამბობდა: ვაიმე, რა კარგია, ახალგაზრდა ბებია რომ ხარო და მეორე: ვაიმე, ბებია?! (იცინის). ახლა ალექსანდრე 12 წლისაა, ჩემი სიყვარულია, ბაბულუშკას ვეძახი და ბრაზდება, ასე რომ ვეძახი (იცინის). იზრდება, იცვლება ალექსანდრეს სამყარო და აზროვნება და პარალელურად, მასთან ერთად, მეც ვიზრდები და ვიცვლები. ნინა სხვანაირი იყო, ალექსანდრე აბსოლუტურად სხვანაირია და მაქსიმალურად ვცდილობ, გავიგო მისი აზები, ქცევები.

– ვინც გიცნობს, ყველამ იცის, როგორი დედაშვილობა გაქვთ შენ და ნინას. ალბათ, ძალიან გაგიჭირდა მისი ამერიკაში დამოუკიდებლად გაგზავნა და ხუთი წლის განმავლობაში მისგან შორს ყოფნა.

– ეს ძალიან მტკივნეული იყო, განცდებთან დაკავშირებული. ერთადერთი შვილი მყავს, გიჟი დედა ვიყავი, გადარეული და მისი შორს ყოფნა, ძალიან რთულია ჩემთვის. მაგრამ, ეს ნინას ცხოვრებაა. ბევრი ვიტირე და ერთადერთი, ვინც იცის ჩემი ცრემლის გემო, ეს არის ჩემი ბალიში. თუმცა, ამას ნინას არ ვანახვებდი. მას თავისი გზა აქვს და შვილმა ჩემი ცხოვრებით არ უნდა იცხოვროს. არც მისთვის დამიშლია ამერიკაში წასვლა და არც მე მინანია, მარტო რომ ვარ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ნინას ცხოვრება, მე მაქვს ჩემი ცხოვრება და ჰობები, მას – თავისი. ასე თუ ისე, ის რთული პერიოდი გადავიტანე და ახლა ბედნიერი ვარ. ნინა ხუთი წელია, არ მინახავს. 27 წლის წავიდა ამერიკაში და ახლა 24 დეკემბერს ჩამოდის. ჩემთვის, როგორც დედისთვის, ბავშვი წავიდა და ახლა ჩამოყალიბებული გოგო, ბიზნესვუმენი ჩამოვა. ნინა არის შეფ-მზარეული, ამერიკაში საკუთარი კომპანია გახსნა. საკმაოდ კარგი ხელი აქვს და ამ მხრივ, ბებიაჩემს ჰგავს, რაზუმოვსკაიას, რომელიც საოცარი, სასწაული კულინარი იყო. ჩემგან, გარდა გარეგნობისა, ნინას გამბედაობა და მიზანდასახულობა გამოჰყვა. მოკლედ, ხუთი წლის განშორების შემდეგ ვხვდებით, არ ვიცი, როგორი შეხვედრა გველოდება და ცოტას ვნერვიულობ. 51 წლის ვარ და ახლა რომ უკან ვიხედები, ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრება გავიარე და არაფერს შევცვლიდი. ლამაზი ვარ, წარმატებული, მყავს დედმამიშვილები, შვილი, შვილიშვილი, მაქვს კარგი სამსახური, ნაცნობები, მაქვს ჩემი სამყარო, სადაც მშვიდად ვარ და ყველა ჯანმრთელად მყავს. ამის გარდა, რა უნდა ვინატრო ბედნიერებისთვის? არავისთვის არ დამიკლია ის სითბო, რისი მიცემაც შემეძლო, რაც გასაკეთებელი მქონდა, გავაკეთე, ყველაფერი მოვასწარი და წინაც ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. ასე რომ, ეს ახალი წელი განსაკუთრებულად ემოციური იქნება და მოლოდინის რეჟიმში ვარ. ნინამ ნულიდან დაიწყო დამოუკიდებლად ცხოვრება ამერიკაში, ურთულესი პერიოდი ერთად გადავიტანეთ და მადლობა უფალს, დღეს კარგადაა და წარმატებული. ერთს გეტყვით: ყველა ემიგრანტი გმირია, ხოლო, ორმაგად გმირები, ყველა ის ადამიანი ვინც მათ სახლში, საქართველოში ელოდებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი