რამ განსაზღვრა დათა ქაჯაიას განსაკუთრებული წარმატება და რა რისკისთვის არის მზად ის გადამწყვეტ მომენტში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 12 წუთის წინ
ევროპის ხუთგზის ჩემპიონი დათა ქაჯაია საკუთარ გამოცდილებაზე, სპორტულ ჟინსა და იმ პრინციპებზე გვესაუბრა, რაც მას მიზნების მიღწევაში ეხმარება.
დათა ქაჯაია: ვფიქრობ, მთავარი თვისება, რომელიც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება, შრომისმოყვარეობაა. ამასთან ერთად – თავდაჯერებულობა და მიზნისკენ სწრაფვა. პირადად მე სპორტსმენის გამოცდილებას გაგიზიარებთ: როდესაც სპორტსმენი თავდაუზოგავად შრომობს და მიზანდასახულია, ამ შემთხვევაში იღბალიც უფრო სწყალობს. იღბალს, თავისთავად, დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ავტოსპორტში, მაგრამ პირველ რიგში უკვე დასახელებულ თვისებებს დავაყენებდი.
– რამდენად იღბლიან ადამიანად მიიჩნევთ თავს და კონკრეტულად რის გამო?
– ავტოსპორტი სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებულია. აქ შედეგები მხოლოდ სპორტსმენზე არ არის დამოკიდებული – მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტექნიკას და იმ ადამიანთა გუნდს, რომელიც სპორტსმენის უკან დგას. აქედან გამომდინარე, ავტოსპორტში იღბალი შედარებით დიდ როლს თამაშობს. ყველაფერი კარგად უნდა აეწყოს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო.
პირადად მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ იღბლიანი ადამიანი ვარ იქიდან გამომდინარე, რომ კარიერის განმავლობაში ბევრ წარმატებას მივაღწიე. რომ არა იღბალი, მხოლოდ შრომითა და მიზანდასახულობის წყალობით, ალბათ, ეს ყველაფერი არ მოვიდოდა.
– თქვენში რამდენად დიდი დოზით არის შრომისმოყვარეობა – ეს თანდაყოლილი თვისებაა თუ შეიძლება მისი გამომუშავება?
– ადამიანს უნდა უყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებს და შრომისმოყვარეობაც აქედან მოდის. ჩემი გამოცდილებით, ასეა. თუ მიზანი, რომელიც დაისახე, შენთვის ამ ცხოვრებაში მთავარია, მისთვის მთელი მონდომებით იბრძვი, ზუსტად ეს განაპირობებს შრომისმოყვარეობას. როცა ასეთი მიზანი გაქვს, არაფერი გეზარება და არც სხვა, ხელისშემშლელ ფაქტორებზე გიჭირს უარის თქმა. შეიძლება, სხვა სფეროში არ იყო შრომისმოყვარე, მაგრამ რაც შენს ინტერესშია და რაც გიყვარს, მისთვის ბოლომდე იხარჯები.
– დიდი შრომა წყალში ჩაგყრიათ?
– ბევრჯერ ყოფილა ასეთი მომენტი. ყველა შეჯიბრების წინ დიდი შრომაა გასაწევი. სასურველი შედეგის მიღწევა ხან გამოდის, ხან – არა. ჩემთვის ეს დემოტივაციას არ ნიშნავს. ეს უფრო მოტივაციაა საიმისოდ, რომ მეტი ვიშრომო და შემდეგ ჯერზე კარგად გავაკეთო ჩემი საქმე.
– რთულ, წარუმატებელ პერიოდებში რა გეხმარებათ წინსვლაში?
– ალბათ, უფრო თავდაჯერებულობა. შეჯიბრებას მოვიყვან მაგალითად: ჩემი მთავარი კონკურენტი, პირველ რიგში, საკუთარი თავია. ვიღაც ოფისში მიდის და თავის სამუშაოს ასრულებს, ჩემი საქმე შეჯიბრებაა, მე იქ უნდა გავაკეთო ჩემი საქმე. მაქსიმალურად ვცდილობ, ეს საქმე ასი პროცენტით კარგად შევასრულო. თუ გამომივიდა, ეს ჯილდოა გაწეული შრომისთვის, მაგრამ თუ არ გამომივიდა, ისევ და ისევ თავდაჯერებულობა მეხმარება. ადამიანები ვართ და შეიძლება, შეცდომა ყველას მოგვივიდეს, მაგრამ მთავარია, მის გამოსწორებას ვეცადოთ და შემდეგში აღარ გავიმეოროთ. აღმოვაჩინოთ ჩვენი სისუსტე თუ შეცდომა და მასზე ვიმუშავოთ.
– საკმაოდ ძნელია პროფესიული და ცხოვრებისეული სირთულეების გამიჯვნა, ერთმა რომ მეორეში ხელი არ შეგიშალოს. ამაში რა გეხმარებათ?
– რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მით უმეტეს, რაც ასაკი გემატება და მეტი პრობლემა გიჩნდება, მაგრამ, ალბათ, მე ისევ და ისევ სპორტისადმი სიყვარული მეხმარება. იმ კონკრეტულ სიტუაციაში ისე ვარ კონცენტრირებული, რომ ყველა პრობლემა მავიწყდება – ერთი მიზანი მაქვს: გავაკეთო ის, რაც კარგად ვიცი და ამით შედეგს მივაღწიო.
რაც შეეხება სპორტში არსებული სირთულეების ოჯახისგან გამიჯვნას, ამაში ისევ და ისევ ჩემი ოჯახი მეხმარება. ოჯახის წევრები ძალიან მიწყობენ ხელს. სპორტს ბევრი დრო სჭირდება. გარდა ავტოდრომზე გატარებული დროისა, ფიზიკურად კარგად მომზადებაა საჭირო. იმ პერიოდში, როცა შეჯიბრებაზე არ გამოდიხარ, ამისთვის ბევრს მუშაობ, სხვანაირად ფორმაში ვერ იქნები. ოჯახი ძალიან მიწყობს ხელს, ზედმეტს არ მთხოვს, ეს ძალიან დიდი პლუსია.
რაც შეეხება სპორტში არსებული სირთულეების ოჯახამდე არმიტანას, ალბათ, ამასაც თავდაუზოგავი შრომა სჭირდება. ეს სირთულეები როგორღაც უნდა გადალახო, მასზე იმდენი არ უნდა იფიქრო, რომ კონცენტრაცია დაგაკარგვინოს და ზედმეტად დაგსტრესოს. უნდა ეცადო, კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირდე, თავდაჯერებული იყო და, ვფიქრობ, ასე წარმატებაც მოდის.
– ხართ ადამიანი, ვინც უფრთხილდება როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობას? მით უმეტეს, რომ ამ სპორტთან ხიფათები ასოცირდება.
– როგორც წეღან ვახსენე, სპორტსმენს მთელი წლის განმავლობაში სჭირდება საკუთარ თავზე მუშაობა – როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ მდგომარეობაზე. ამას ნამდვილად დიდ დროს ვუთმობ. სპორტსმენი ფსიქოლოგიურადაც გაწონასწორებული უნდა იყოს. მთელი წელი ხომ ვარჯიშობ, მაგრამ უშუალოდ შეჯიბრზე რომ გადიხარ, ფსიქოლოგიურად გარკვეულწილად დაშვებული გაქვს, რომ შეიძლება, ფიზიკური საფრთხის წინაშე ხარ, შეიძლება – მენტალურისაც, მაგრამ უფრო მეტად ფიზიკური საფრთხის რისკია. მენტალურად ძლიერი უნდა იყო და ერთი მიზნისთვის უნდა იბრძოლო, თუმცა რაღაც პროცენტით ფიზიკური საფრთხისთვისაც უნდა გქონდეს მზაობა. როცა ამ აზრისთვის მზად ხარ, თუ ასეთი რამ მოხდება, ზედმეტად აღარ დაისტრესები და წინსვლაში ხელი იმდენად აღარ შეგეშლება.
მენტალური ჯანმრთელობა, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, სიმშვიდე, გაწონასწორებული მდგომარეობა – ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამის მიღწევას მუდმივი შრომა სჭირდება, სხვა შემთხვევაში შეცდომისგან დაზღვეული ვერ იქნები.
– არის რამე, რაშიც თავს უიღბლოდ მიიჩნევთ?
– ვიტყოდი, რომ არა. მიზანი თუ დავისახე, ყველაფერს ვაკეთებ, რომ გამოვიდეს. ყველაფრის მიმართ სპორტული ჟინი მაქვს – თუ მაინტერესებს, ყველანაირად უნდა ვცადო. გამოვა, როგორ გამოვა, ეს სხვა საქმეა, მთავარია, მე მონდომება არ დავაკლო.
მიუხედავად იმისა, რომ პატარა ასაკი აღარ მაქვს, ჯერჯერობით, მადლობა ღმერთს, ფიზიკური მდგომარეობა ხელს მიწყობს, რომ სპორტში საქმიანობა გავაგრძელო. როცა მივხვდები, რომ ფიზიკურად არ შემიძლია და ეს მაფერხებს განვითარების პროცესში, ამ შემთხვევაში, ალბათ, ფარ-ხმალს დავყრი და გავჩერდები.
– წარმატებისთვის მსხვერპლის გაღება...
– მეგობრებთან გართობა, დალევა, ქეიფი, სადმე წასვლა თუ სხვა სიამოვნება – ყველაფერზე უარი მაქვს ნათქვამი (იცინის). სპორტსმენი ასე ვერ ცხოვრობს, რადგან ყველაფერი ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახება. საჭიროა, რომ იზრუნო საკუთარ თავზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე და ცხოვრების განმავლობაში ბევრ სიამოვნებაზე თქვა უარი. თუმცა, თუ საკუთარი საქმე გიყვარს, ის ისეთ სიამოვნებას განიჭებს, რომ სიამოვნების სხვა წყაროები შენთვის პრიორიტეტული აღარ არის. მიზნები პრიორიტეტებს თავისთავად ალაგებს.
– სად გადის წითელი ხაზი – რას არ გააკეთებდით არასდროს, რამდენად სასურველი მიზანიც არ უნდა იყოს?
– ალბათ, არ ვიკადრებდი არასამართლიანად გამარჯვებას. ჩემი მიზანი ყოველთვის ერთია: ჩემს თავთან ვიყო მართალი და ჯანსაღ კონკურენციაში გავიმარჯვო. ეს არის ჩემთვის წარმატება და ასეთ შემთხვევაში ვგრძნობ აღიარებას ჩემი თავისგან, ეს მაძლევს თავდაჯერებულობას.
– ბავშვობაში როგორ მომავალზე ოცნებობდით და რამდენად ჰგავს მას თქვენი დღევანდელი ცხოვრება?
– ბავშვობაში ამ სპორტის შესახებ საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა, მაშინ არ იყო განვითარებული. მაშინ მსახიობობასა და თვითმფრინავის პილოტობაზე ვოცნებობდი. შეიძლება, თვითმფრინავის პილოტობასთან ცოტა ახლოსაცაა (იცინის). უკვე ცოტა დიდი ვიყავი, როცა ამ სპორტის შესახებ გავიგე და „თავი დავკარგე“, თავიდან ბოლომდე ჩავერთე ამ საქმეში. დასაწყისში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ევროპის მასშტაბით ხუთჯერ გავხდებოდი ჩემპიონი – უბრალოდ, მიყვარდა ეს საქმე და მთელი გულითა და სულით ვაკეთებდი, რამაც მოიტანა კიდეც ეს წარმატება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





