შოუბიზნესი

სალომე ბაკურაძე: სამყარო კი არ მეწინააღმდეგება, თუ რამე არ გამოდის, მიზეზს საკუთარ თავში ვეძებ

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 20.06, 2022 წელი

სალომე კაპანაძე
დაკოპირებულია

იღბალი თუ შრომისმოყვარეობა, რომელს უფრო დიდი წვლილი მიუძღვის სალომე ბაკურაძის ოჯახურ და პროფესიულ წარმატებაში, ამაზე მომღერალი თავად გვესაუბრება.

სალომე ბაკურაძე: ასიდან ასი პროცენტით მგონია, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. ამისთვის ყოველთვის მადლობელი ვარ ღმერთის, სამყაროსა და იმ ადამიანების, ვინც ჩემს ცხოვრებაშია. სულ ვაკვირდები, შეიძლება, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდე, არ ვიყო სხვებისგან გამორჩეული, მაგრამ თუნდაც ის რად ღირს, რომ ამდენი ადამიანის სიყვარული მოვიპოვე ან ის, რომ ასეთი ოჯახი და მეგობრები მყავს?!

– თუ შევადარებთ, პროფესიაში უფრო იღბლიანი ხარ თუ პირად ცხოვრებაში?

– მე მგონია, რომ თუ ადამიანი იღბლიანი ხარ, ხარ ყველაფერში. თუმცა, არ ვიქნები მთლად თავმდაბალი და ვიტყვი, რომ საკუთარ იღბალს თვითონ ვუწყობთ ხელს ჩვენივე კეთილგანწყობით. საერთოდ, მგონია, რომ ცხოვრებაში ბუმერანგის პრინციპი ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა ბევრს გასცემ, სხვებს ხელს უმართავ ან, უბრალოდ, კეთილგანწყობას გამოხატავ და არ ფიქრობ ბოროტებასა და ცუდი ამბების ხლართვაზე, უკანაც იგივე გიბრუნდება.

– მომხდარა ისე, რომ ძალიან ბევრი გიშრომია, მაგრამ საქმე მაინც არ გამოსულა?

– თუ რამეს ვცდილობ და იმ შედეგს ვერ ვაღწევ, რომელიც გამიზნული მაქვს, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. არასდროს ვაბრალებ სხვას ან გარემო პირობებს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ მოინდომებ, დასახულ მიზნამდე აუცილებლად მიხვალ. ასე რომ, თუ რამე არ გამომივიდა, ეს იმიტომ, რომ მე მოვდუნდი და არა იმიტომ, რომ მთელი სამყარო წინ გადამიდგა. არ ვთვლი, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მაინც არ გამოდის. ალბათ, ასეც ხდება, მხოლოდ ჩემი მაგალითით ვერ განვაზოგადებ, მაგრამ მაინც იშვიათი მგონია. ყოველ შემთხვევაში, მე არ მიმაჩნია, რომ სამყარო მეწინააღმდეგება და თუკი რამე არ გამოდის, მიზეზს საკუთარ თავში ვეძებ.

– შრომისმოყვარე ხარ? შეგიძლია, მიზნისთვის თავდაუზოგავად იბრძოლო?

– სამწუხაროდ, ეგ თვისება ჩემში არ არის (იცინის). არ ვფიქრობ, რომ ზარმაცი ვარ, მაგრამ მიზნამდე ნელ-ნელა მივყვები გზას. არასდროს ვარ გაგიჟებული და გადარეული. ყველას თავისი წარმატება და მწვერვალები აქვს. „მოდი, ყველა ჩავქოლოთ და მე მუხლჩაუხრელი შრომით საოცრებებს მივაღწევ“ – ეს მომენტი არ მაქვს. ცოტა შენელებული ტემპით მივდივარ, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს მიზნამდე მაინც მივალ. შეიძლება, უბრალოდ ზარმაცს არ ვუწოდებ თავს და სინამდვილეში, ხშირ შემთხვევაში, სიზარმაცე მერევა ხოლმე, გულწრფელი რომ ვიყო, არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც რაღაც მიზნისთვის თავგამოდებით იბრძვიან და გვერდით ვერაფერს ამჩნევენ. მე გვერდით რაც ხდება, იმითაც ვერთობი ხოლმე და სხვა სიამოვნებებს ყოველდღიურობასა და ოჯახშიც არ ვიკლებ. მხოლოდ ერთ მიზანზე გაგიჟებული და ორიენტირეული არ ვარ.

– ალბათ, ყველაზე დიდი იღბალი სანტია – შვილი, რომელიც ყველაზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს, ვისაც ის სოციალურ ქსელში, ლაივში თუ ეკრანზე უნახავს.

– შვილი ყველაზე დიდი ბედნიერება და საჩუქარია ცხოვრებისგან. სანამ დედობას საკუთარ თავზე გამოვცდით, ვიღაცები გვიყვებიან და ჩვენც რაღაც დონეზე გვჯერა, მაგრამ ამ შეგრძნების წარმოდგენა არ შეგვიძლია. როდესაც საკუთარ თავზე გამოცდი, მერე ხვდები, თურმე, რაზე გესაუბრებოდნენ. ყველას ცხოვრებაში ყველაზე დიდი მონაპოვარი და ჯილდო შვილი და ტკბილი ოჯახია. მეც მანებივრებდა დედაჩემი კომპლიმენტებით, მაგრამ მერე, სოციალურ ქსელებში დედები რომ შვილებზე თამამად წერდნენ საქებარ სიტყვებს, მიკვირდა ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ გააზრებული მქონდა, რომ ყველა დედას საოცრად უყვარს საკუთარი შვილი. დღეს მეც მგონია, რომ ყველაზე მაგარი შვილი მყავს და მინდა, მან ეს იცოდეს. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ თავდაჯერებულობა მოემატოს, მართლა ვგრძნობ, რომ სუპერ შვილი მყავს თავის ხასიათით, სიკეთით, იუმორით, გამბედაობით, თავისუფლებითა და სილაღით, რაც ექვსი წლის ასაკში უკვე ჩანს.

– რამდენად იღბლიანი ხარ ადამიანებში?

– ძალიან იღბლიანი ვარ ამ კუთხითაც. შევხვედრივარ ურჩი ხასიათის ადამიანებს, მაგრამ ჩემი კეთილგანწყობით მათთანაც კარგ ურთიერთობას ვალაგებ. ყველაფერში კარგს ვეძებ და ვპოულობ კიდეც. „არ ველოდი, ფეხი დამიდეს და ცხოვრება ამომიყირავეს“ – ასეთი რამ არასდროს დამმართნია. შეცდომებიც ყოფილა, მაგრამ თუკი ვინმემ რამეში ვერ გამიმართლა, ეს მხოლოდ მათი ბრალი არ მგონია. ალბათ, მეც ვერ ავარჩიე სწორად ან მეტი მოლოდინი გავიჩინე. თუ კი ვხედავ, რომ ადამიანი ჩემთვის მისაღები არ არის, ვცდილობ, მასთან ურთიერთობა არ მქონდეს და მხოლოდ ღიმილიანი და კეთილი სალმით შემოვიფარგლო.

– კარგი ინტუიცია გაქვს?

– კი, ინტუიცია ძალიან მძაფრად მაქვს გამოხატული. ბევრი წლის განმავლობაში არ ვენდობოდი საკუთარ ინტუიციას. მერე ვხვდებოდი, რომ არ ვიქცეოდი სწორად და გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის ნდობა გამომეცხადებინა და ამან გაამართლა. ახლა, თუკი ის რაღაცას მკარნახობს, ყოველთვის ვცდილობ, გონება და ანალიტიკა არ ჩავრთო, უბრალოდ, მივენდო ჩემს ინტუიციას, რომელიც არ მღალატობს.

– რამდენად ძლიერი გოგო ხარ სირთულეების წინაშე?

– ძალიან ძლიერი და მყარი ფსიქიკის ადამიანი ვარ. ბევრჯერ მიმიღია კომპლიმენტი ამის გამო. ჩემი მსუბუქი და ლაღი ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება, ბევრს მოეჩვენოს, რომ ასე არ არის, მაგრამ საკვანძო მომენტებში ვგრძნობ, რომ სუპერმყარი ფსიქიკა მაქვს და შინაგანად ძალიან ძლიერი ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი