შოუბიზნესი

სალომე ბაკურაძე: ოჯახში ნამდვილი დედოფალი ვარ

№16

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 22.04

სალომე ბაკურაძე
დაკოპირებულია

მომღერალი სალომე ბაკურაძე ის ადამიანია, რომელიც ყველგან და ყოველთვის, დადებით ენერგეტიკას, სითბოსა და სიხალისეს ასხივებს. სიმართლე გითხრათ, შო-ბიზნესის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მასზე ჭორები არ გამიგია და ეს თავადაც უკვირს. ფაქტია, სალომეს არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს, სიმპათიური ქმარი – ლაშა ბასლანძე და უსაყვარლესი შვილი – სანტი, რომლებიც მას ანებივრებენ და თავს ნამდვილ დედოფლად აგრძობინებენ.

სალომე ბაკურაძე: უკვე, მეათე წელია, რაც მე და ლაშა ცოლ-ქმარი ვართ. სულ მახსოვს მასთან პირველი შეხვედრა და არასოდეს დამავიწყდება. ცხოვრება ხომ საინტერესო მომენტებისგან და ემოციებისგან შედგება, ჰოდა, მე ვცდილობ, ის მომენტი ხშირად გავიხსენო, დავიჭირო და სულ მახსოვდეს. ეს ის შეხვედრა იყო, როცა მივხვდი, ვისაც ვეძებდი, მას შევხვდი. არც ლაშას უჭირს ადამიანებთან კომუნიკაცია და არც მე. ძალიან სწრაფად დავმეგობრდით და გავხდით ერთმანეთისთვის ძვირფასი ადამიანები. თავიდანვე მზრუნველობით, სილაღით, იუმორითა და თავისუფლებით გამოირჩეოდა. მასში ბევრი დადებითი ემოცია და კომფორტი დავიჭირე. მივხვდი, მისი სახით, განსხვავებულად კარგი ადამიანი ვიპოვე. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს და ულამაზესი დღეები გვაქვს გატარებული მეგობრობისა და მერე, შეყვარებულობის პერიოდში, აღარაფერი რომ არ ვთქვა, დაქორწინების შემდეგ წლებზე.

– როგორც წესი, საზოგადოებაში ცნობილ ადამიანებზე ბევრი ჭორ-მართალი ვრცელდება ხოლმე. თქვენს წყვილზე კი ჭორი ან ვინმესგან ნეგატიური დამოკიდებულება არ გამიგია.

– წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ ვრცელდება ჩემზე ჭორები (იცინის). ზოგადად, ჭორაობა უსაქმური ადამიანების ამბავია, უსაქმურები კი, მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში ბევრია და ალბათ, ჯერ ჩემთვის ვერ მოიცალეს. უამრავი უსაფუძვლო ჭორი გამიგია სხვაზე, მაგრამ ჩემზე – არა. ახლა მახსენდება, რაღაც ჭორი კი გავიგე ადრე, მაგრამ არ აიტაცა საზოგადოებამ. ადამიანებს არასდროს ვაძლევ ჭორაობის საბაბს და თუ ვინმეს ჩემი რამე არ მოსწონს, სჯობს, პირადად მითხრას. თუ გული შესტკივათ ჩემზე, ასე მოიქცევიან. ისე, თუ ვინმე ჭორაობს ჩემზე, არც ვკითხულობ, კვამლი რომ დაინახეს, სად ნახეს ცეცხლი. რასაკვირველია, გულზე გხვდება, შენზე რომ გესმის ჭორი, მაგრამ ამას არ ავყვები. ლაშაზე გავიგე თითიდან გამოწოვილი, არარეალური ჭორი, რომელიც გულსატკენი იყო. არადა, ნამდვილად არ არის ლაშა ის ადამიანი, ვისზეც უნდა ჭორაობდნენ. გულღიაა, კეთილი, კაცთმოყვარე და ვფიქრობ, არ იმსახურებს გამოგონილ ჭორებს. ის ჩემზე მეტად ღიზიანდება ჭორებზე, ცხარდება, მე კი იმუნიტეტი გამოვიმუშავე, არც ველოდები და რომც გავიგო, არ მესიამოვნება, მაგრამ არც გადავირევი. ბევრი რამე არ უნდა გავატაროთ ცხოვრებაში, მაგრამ ჭორების „დაკიდება“ და „გატარება“, ყველაზე კარგი საშუალებაა, გული რომ არ გვეტკინოს.

– ხშირად ამბობენ, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისი ჩნდება, სიყვარული უფერულდება და ყოველდღიურ მოვალეობებში გადადისო. რა არის შენი ბედნიერი თანაცხოვრების საიდუმლო?

– რასაკვირველია, ყველა ოჯახშია სირთულე, პრობლემები და კრიზისი წყვილს შორის, მაგრამ ეს დროებითია. თუ როგორც ცოლის, ისე ქმრის, ანუ ორივეს სურვილია, ის, რაც გამოიარეს, ერთი ხელის აქნევით ნაგავში არ მოისროლონ, აუცილებლად მოგვარდება. ორივე უნდა უფრთხილდებოდეს ურთიერთობას, თორემ წყვილი ყოველთვის ერთ აზრზე ვერ იქნება. პრობლემა და უკმაყოფილება იქნება, მაგრამ საერთო ენის გამონახვა და ამის ისე გადაწყვეტა, რომ ურთიერთობაში კრიზისი არ წარმოიქმნას, რასაკვირველია, შეიძლება.

– იმის გამო, რომ კამათი ან კონფლიქტი ჩიხში არ შესულიყო, მეუღლესთან დათმობაზე ხშირად წასულხარ?

– რა თქმა უნდა, ქმართან დათმობაზეც ხშირად წავსულვარ და ამის აღიარების არ მრცხვენია. ლაშაც წასულა დათმობაზე. თუ რომელიმემ არ დათმო, წყვილს შორის რქებით შეჯახებას კარგი არაფერი მოაქვს. არა მარტო ცოლქმრულ ურთიერთობაში, არამედ მეგობართან, დედმამიშვილთან და მშობლებთანაც კი მივდივართ ხანდახან დათმობაზე და ეს ნორმალურია. ჩემს შვილსაც სჭირდება ხასიათის შეწყობა და მეც – მისი მხრიდან. უნდა დათმოს ქალმაც და მამაკაცმაც, თუ ეს სიტუაციას დაალაგებს და ამის სურვილი, ერთსაც აქვს და მეორესაც. ანუ, ურთიერთობაში ცალი მხარე არ არსებობს, ორი ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული, რამდენად იდილიური და მშვიდი ცხოვრება ექნებათ. ამა თუ იმ თემაზე მე და ლაშას განსხვავებული შეხედულება გვაქვს, მაგრამ ეს არასოდეს გამხდარა ჩვენ შორის კამათის მიზეზი. ჩვენ ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ. რასაკვირველია, ყველა ოჯახში დგება კრიზისული მომენტი, ჩვენც გავიარეთ ეს, მაგრამ ეს ყველა წყვილს შორისაა. თუ ადამიანი გიყვარს, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, მთავარია, სურვილი ორივეს მხრიდან. რომ ხვდები, ურთიერთობა ჩიხში შედის, როგორც ცოლის, ისე ქმრის მხრიდან მობილიზებაა საჭირო, რომ გამოსავალი გამონახონ და სურვილი, ურთიერთობა ჩიხიდან გამოიყვანონ. რომ ამბობენ, სიყვარული ხუნდება და ფერს იცვლისო, ამის არ მჯერა. შეიძლება, ურთიერთობა, უბრალოდ, სხვა ეტაპზე გადავიდეს, ერთ წამში გადაყვარება არ ხდება. თუ პატივისცემა გაქრა, რასაკვირველია, იქ სიყვარულიც ქრება. სიყვარულის ყველა ეტაპი საინტერესოა, ურთიერთობაში სხვა ფერები ჩნდება და ამ ეტაპებითა და ფერებით ტკბები.

– ამბობენ, ყველა წარმატებული ქალის უკან, ძლიერი მამაკაცი დგასო. ამ აზრს ეთანხმები?

– არ მომწონს, როცა დიფერენცირებას ახდენენ, ქალს სჭირდება მამაკაციო... მამაკაცსაც ისევე სჭირდება ქალის იმედად და კედლად ყოფნა, როგორც ქალს მამაკაცის. ქალიცა და მამაკაციც უნდა ცდილობდნენ, ერთმანეთის საყრდენი იყვნენ.

– მოულოდნელი სიურპრიზებით თუ განებივრებს ლაშა?

– ლაშიკოს ძალიან უყვარს საჩუქრების გაკეთება. უყვარს ადამიანების გახარება და ამისთვის მას კონკრეტული თარიღები არ სჭირდება. არ დამავიწყდება, საყურე, რომელზეც ვთქვი: რა ლამაზია-მეთქი, მეორე დღესვე მომიტანა. მითხრა: რა დაელოდებოდა შენს დაბადების დღეს, ახლა მოგეწონა და ახლა გიყიდეო. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში არის ორი მთავარი მამაკაცი, ქმარიც და შვილიც ძალიან მანებივრებენ, ოჯახში ნამდვილი დედოფალი ვარ! (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა