კრისტი ყიფშიძე: მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ აღარ მიფიქრია მეორედ გათხოვება
ავტორი: ნონა დათეშიძე 41 წუთის წინ
მოდელი კრისტი ყიფშიძეს ახლახან დაბადების დღე ჰქონდა – ის 49 წლის გახდა და ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საოცარი ფოტოები გამოაქვეყნა ულამაზეს წითელ კაბაში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უყურებ ფოტოებს და ფიქრობ, დაუჯერებელია ადამიანი, ყოველგვარი პლასტიკური თუ ქირუგიული პროცედურების გარეშე ამ ასაკში ასე უზადოდ გამოიყურებოდეს. ამბობს რომ, არ უყვარს წარსულში ყურება. მიიჩნევს, რომ რაც მისი ცხოვრების განვლილ გზაზე მოხდა, ის უნდა მომხდარიყო და არაფერს ნანობს.
კრისტი ყიფშიძე: არ მიყვარს წარსულში დაბრუნება, რაღაცების გახსენება. ისეთი ხასიათი მაქვს, უკან არასდროს ვიყურები. მაგრამ თუ კითხვას დამისვამთ, უკან გავიხედო, გეტყვით, რომ არაფერს ვნანობ, მიყვარს და პატივს ვცემ ჩემს განვლილ 49 წლის ცხოვრებას. ბევრი ეტაპი გავიარე, მათ შორის აღმართ-დაღმართი და ის განვლილი ცხოვრება რომ არა, დღეს ასე არ ვისაუბრებდი. მადლიერი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც იყო და არის ჩემს ცხოვრებაში, მათ შორის საქმიან სფეროში, იმ ურთიერთობების, რაც იყო და არის, ამან თავისი კვალი დატოვა, მომცა უდიდესი გამოცდილება. ზოგადად, ცხოვრება ხომ გამოცდილებაა და წინ კიდევ ბევრი საინტერესო მელის. ოცი წლის წინ ვიყავი ადამიანი, ვისაც აინტერესებდა, რა იქნება მომავალში, ახლა კი არ მაინტერესებს, ვინაიდან ვცხოვრობ დღეს და ახლა. რასაც დღეს ვაკეთებ, ამით მინდა, ვისიამოვნო, ვიცხოვრო დღევანდელი დღით, რადგან ზუსტად ვიცი, როგორც დღეს ვიცხოვრებ, ეს ჩემს მომავალზე აისახება. მთავარია, ჩემს თავთან ვიყო მართალი. ყველას ვურჩევ, გაითავისოს, რომ თავის თავთან იყოს მართალი. ხომ არის ისეთი ურთიერთობები – მეგობრობ ადამიანთან, ძალიან ახლოს ხარ, არც გიკამათია, არც გიჩხუბია, არც წყენა ყოფილა, მაგრამ რაღაცნაირად არ ეკონტაქტები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ შორის ცუდი მოხდა. თითქოს, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ამოიწურება დრო და ურთიერთობაც სრულდება. საქმეშიც ასეა, არის გარკვეული ეტაპები. მაგალითად, ჩემს საქმეში, რომელიც ძალიან მიყვარს, ისეთი აქტიური აღარ ვარ, როგორც ოცი წლის წინ, როცა ყოველდღე ჩვენებები იყო. ახლაც ჩართული ვარ ამ საქმეში და თავად საქმეც არ მიშვებს, დიდი სიყვარული გვაქვს ერთმანეთის მიმართ – არც მე მივდივარ და არც ის მეუბნება წადიო (იცინის). ისე წელი არ ჩაივლის, რომ ერთ ჩვენებაზე მაინც არ გამოვიდე. ასე რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ჩემი ცხოვრება, ძალიან ვაფასებ. დღეს ვინც ვარ, იმ ყველაფრის დამსახურებაა, მათ შორის, კარგი და ცუდი ამბების, ყველანაირი გრძნობების, გამოცდილებების, მოგზაურობის, რაც თავისთავად აისახება ხასიათზე, სახესა და გამომეტყველებაზე.
– ბოლო პერიოდია, აქტიურად არ ჩანხარ საზოგადოებაში. ესეც ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპია?
– ძალიან მიყვარს ხალხი და საკმაოდ კომუნიკაბელურიც ვარ, მაგრამ ბოლო პერიოდია, არ მინდა ყველგან სიარული, ხშირად ტელევიზიით გამოჩენა. მირჩევნია, პრესაში დაიბეჭდოს ჩემი ინტერვიუ. სხვათა შორის, ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა სულ მალე საუკუნის ნახევარს მივუახლოვდები.
– ეს უნდა მეკითხა. ახლახან 49 წლის გახდი, გრანდიოზული დაბადების დღე არ გადაგიხდია, მაგრამ საოცარი ფოტოები დადე სოციალურ ქსელში. ეს დაგეგმილი ფოტოსესია იყო თუ სპონტანურად მოინდომე, დაბადების დღე ასე აღგენიშნა?
– არასოდეს ვგეგმავ რამეს, ყველაფერი თავისით ხდება. დაბადების დღეები გადამიხდია და რომ მთავრდებოდა, სულ უკმაყოფილების გრძნობა მქონდა, ზედმეტად ვნერვიულობდი. მაგალითად, ყოფილა მომენტი, დავპატიჟე ხალხი და ვიღაც გამომრჩა. ამიტომ, წლებია, აღარ ვიხდი დიდ დაბადების დღეს, სხვის დაბადების დღეზე და ქორწილში კი, ძალიან კარგად ვერთობი (იცინის). მოკლედ, 2013 წელს გადავიხადე დიდი დაბადების დღე, 2014 წლიდან 2025 წლამდე, ტრადიცია შეიქმნა – რადგან არ ვიხდი, სხვა ქალაქში, ძირითადად, უცხოეთში შევხვდები ჩემს დაბადების დღეს-მეთქი და, ასეც ვიქცეოდი. წელს აგვისტოში დავგეგმე, როგორ აღვნიშნავდი ჩემს 49 წლის დაბადების დღეს, მაგრამ მამას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და ამის გამო არ მომინდა გადახდა. არც სტუმრიანობა მქონდა, არც სადილი და არც ვახშამი. დაბადების დღის მეორე დღეს კი მივხვდი, რომ ის თორმეტი წელი იყო ციკლივით შეიკრა, მეცამეტე წელს არ გამოვიდა დაგეგმილი დაბადების დღის აღნიშვნა და ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. ზოგადად, მე ასე ვუდგები ყველა მოვლენას – ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორც უნდა იყოს, თავისით ხდება ყველაფერი. დაგეგმილი ცხოვრება არ მიყვარს. რამდენჯერაც წინასწარ დავგეგმე, არ გამოვიდა. რაც შეეხება სპონტანურობას, მე უნდა მინდოდეს, მე უნდა მომწონდეს, სხვას ვერ ავყვები. მოკლედ, მე მაქვს ასეთი ხელწერა: დაბადების დღის მოლოცვისთვის, ლამაზი ფოტოთი ვუხდი მადლობას სოციალური ქსელით ჩემს გამომწერებს. და წელს სპონტანურად უცებ მოვიფიქრე – მოვირგე ულამაზესი წითელი კაბა, გადავიღე სურათები, დავდე სოციალურ ქსელში და ჩემს გამომწერებს მილოცვაზე ასე ვუპასუხე. ერთ-ერთმა საკონდიტრომ გამომიგზავნა ულამაზესი ტორტი, ვარდები და სანთლები და ისიც, რა თქმა უნდა, ამ ფოტოსესიისთვის გამოვიყენე. ასეთ დეტალებს ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას, როცა რაღაცა ძალის ჩარევით, უჩემოდ, დაუგეგმავად ხდება. ადრე რომ ვღელავდი დაბადების დღეებზე, ორი წელია, მშვიდად ვხვდები ამ დღეს. რაც ასაკში შევდივარ, სხვანაირად ვუყურებ მოვლენებს.
– ეს ღელვა წლების მატების შიშით ხომ არ იყო გამოწვეული?
– არა, არავითარ შემთხვევაში. რაც თავი მახსოვს, რომ მეკითხებოდნენ ასაკს და ვპასუხობდი, გაოგნებულები მიბრუნებდნენ პასუხს: რა? არ არსებობს! 25 წლის ასაკშიც უკვირდათ, 35 წლის ასაკშიც და 49-ის რომ ვარ, ხომ უკვირთ და უკვირთ (იცინის). ასაკი არასდროს დამიმალავს და ვერც ვხვდები, რატომ მალავენ, პირიქით პატივს ვცემ იმ განვლილ წლებს. მე ისეთი ურთიერთობა მაქვს საკუთარ თავთან და ისეთ ჰარმონიაში ვარ, არ მაწუხებს ასაკის მატება.
ჩემზე კარგად არავინ იცნობს ჩემს თავს, ძალიან მაქსიმალისტი და პერფექციონისტი ვარ, მინდა, ყველაფერი იდეალურად იყოს. თუმცა, არც იმას ვმალავ, ჩემს ხასიათში რაც არ მომწონს. მაგალითად, მომწონს, რომ ძალიან თვითკრიტიკული ვარ, რადგან ვხედავ ჩემს მინუსებს და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. არ ვიცი, სხვისი გადმოსახედიდან როგორ ჩანს, მაგრამ მე ვიცი, რომ კარგი ხასიათი არ მაქვს. სარკეში რომ ვიყურები, თავდაჯერებულ ქალს ვხედავ. ზოგადად, ვფიქრობ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და უნდა შექმნას საკუთარი თავის უკეთესი ვერსია და არა მიბაძოს სხვას. ისე უნდა იცხოვრო ადამიანმა, უნდა იყო პიროვნება და სხვა არ უნდა შეაწუხო შენი არსებობით.
– ამ 49 წლის განმავლობაში იყო შანსი, რომელიც ხელიდან გაუშვი და ნანობ? მაგალითად, თუ იყო შემოთავაზება უცხოეთიდან, რომელსაც არ დათანხმდი?
– იმ ადამიანებს მივეკუთვნები, ვინც ფიქრობს: როგორც არის საჭირო ისე იქნება! რა თქმა უნდა, ვიყავი ისეთ სიტუაციებში, ბევრს გაუკვირდა, რატომ არ დარჩი და რატომ არ მიიღე ეს შანსიო. 1994 წელს დავიწყე მოდელობა, მერე გავთხოვდი, არც მიფიქრია უცხოეთში წასვლაზე და იქ კარიერის გაგრძელებაზე. შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ უცხო ქვეყანაში კარიერის გაგრძელება არ მიფიქრია, უბრალოდ, მივემგზავრებოდი ჩვენებებზე და შემდეგ უკან ვბრუნდებოდი. კიდევ ვამბობ, ბედისწერის არ მჯერა, მჯერა იმის, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა იყოს. რაღაცას რომ მივეჩვევი, მიჭირს გადაჩვევა. ასე რომ, მე იმდენად მიყვარს თბილისი, სხვაგან დიდხნიან ცხოვრებაზე არც მიფიქრია, მიყვარს და მირჩევნია, ხშირად ვიმოგზაურო და ისევ უკან დავბრუნდე.
– უამრავი თაყვანისმცემელი გყავდა, ვიცი ცოლობაზეც გქონდა შემოთავაზება და არა ერთი. რის გამო თქვი უარი მეორედ გათხოვებაზე და ოჯახის შექმნაზე?
– მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ მეორედ გათხოვება აღარ მიფიქრია. წლები რომ გემატება, უფრო მეტად ფიქრობ, რამდენად გიღირს, გაჰყვე ცოლად კონკრეტულ ადამიანს ან არ გაჰყვე. იყო ურთიერთობები, მაგრამ საქმე ბეჭდამდე არ მიდიოდა. არ მინდა, ეგოისტურად გამომივიდეს, მაგრამ მე ჩემი სამყარო მაქვს, სადაც თავს მშვენივრად ვგრძნობ და იქ მეორე ადამიანი ვერ წარმომიდგენია. ასე რომ, არც იმას ვნანობ, რომ გავთხოვდი, არც იმას, რომ დავშორდი და არც იმას, მეორედ რომ არ შევქმენი ოჯახი. სიტყვა „ვნანობ“ ჩემთვის არ არსებობს, დიდი ხანია, ჩემი ლექსიკიდან ამოღებულია. არასდროს არაფერს ვნანობ, ყველა ეტაპზე საინტერესო ცხოვრება მქონდა და წინ კიდევ ბევრი საინტერესო წელი მელის.
P.S. გამოყენებული სურათების ავტორია გიგა ინაძე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





