შოუბიზნესი

როგორ აღმოჩნდა ცნობილი კინოვარსკვლავებისა და სუპერმოდელების გვერდით ზურა ბურჯანაძე და რისთვის უხდიდნენ მადლობას ისინი

№41

ავტორი: ნონა დათეშიძე 54 წუთის წინ

ზურა ბურჯანაძე
დაკოპირებულია

ეს წელი ფოტოგრაფ ზურა ბურჯანაძისთვის საკმაოდ დატვრითული და წარმატებული აღმოჩნდა. კანის კინოფესტივალზე სპეციალური სტატუსით მიწვეულმა ფოტოაპარატით „ჰოლივუდის“ თითქმის ყველა ვარკვლავი გადაიღო და მათთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა დახურულ წვეულებებსა თუ შეხვედრაზე. ახლახან კი ის დაბრუნდა მილანის „ფეშენ-ვიქიდან“, სადაც მის ობიექტივში საოცარი კადრები მოხვდა და ცნობილმა მოდელებმა მის მიერ გადაღებული ვიდეოები საკუთარ სოც-პლატფორმებზე გააზიარეს.

ზურა ბურჯანაძე: მინდიდა, მხატვარი გამოვსულიყავი, ბავშვობიდან ვხატავდი და ჩავაბარე კიდეც სამხატვრო აკადემიაში. ასევე, ბავშვობიდან, სულ მქონდა აპარატი და ხატვის პარალელურად, ფოტოებს ვიღებდი. დაახლოებით, შვიდი-რვა წლის წინ გადავწყვიტე, ამ საკითხს უფრო სერიოზულად მივდგომოდი და პროფესიონალურ კამერაზე გადავედი. შემდეგ სულ ვცდილობდი, მეტად და მეტად განვვითარებულიყავი.

– გახსოვს კადრი, რომელიც ფოტოაპარატით აღბეჭდე და დღემდე თვალიდან არ ამოგდის?

– ძალიან ბევრი კადრი მაქვს ასეთი. ჩემი კადრების უმრავლესობა, ყველა ერთნაირად მიყვარს და ვერცერთს ვერ გამოვყოფ და გამოვარჩევ.

– საკუთარი ნამუშევრების გამოფენის მოწყობას არ აპირებ?

– გამოფენა არ მქონია და უახლოეს მომავალში არც ვგეგმავ. ვფიქრობ, ჯერ ცოტა ადრეა.

– ცნობილი ადამიანები როდის დაინტერესდნენ შენი შემოქმედებით, როდის მოხდა შენი პირველი გასვლა კამერით ხელში უცხოეთის მაღალი დონის საზოგადოებაში და რა იყო შენი პირველი წარმატება ამ სფეროში?

– პირველად სამი წლის წინ მილანის „ფეშენ-ვიქიდან“ დამიკავშირდნენ ორგანიზატორები, მიმიწვიეს, ჩავედი და მხოლოდ ერთ ორგანიზატორთან არ მქონია შეხება, აღმოჩნდა ისე, მთელს „ფეშენ-ვიქს“ მოვედე და ბევრ ბრენდთან მომიწია თანამშრომლობა. სიმართლე გითხრათ, იმ დროს ვერ აცნობიერებ, რა გარემოში ხარ, ვის გვერდით ტრიალებ და როცა ეს ყველაფერი სრულდება, ბრუნდები საქართველოში და მერე იხსენებ იმ დღეებსა და მომენტებს, მაშინ უფრო ხვდები, რასთან გქონდა შემხებლობა. მას შემდეგ წელიწადში ორჯერ ვსტუმრობ მილანს – როცა ქალის კოლექციის ჩვენებაა. ასევე, წელს ოფიციალურად გახლდით მიწვეული კანის კინოფესტივალზე, თან, დელეგატის სტატუსით, რაც მაძლევდა სრულფასოვან უფლებას, კანის კინოფესტივალის ქვეშ დაქვემდებარებულ ყველა ღონისძიებას დავსწრებოდი, მაგალითად, როგორიცაა დახურული პავილიონები, ბექსტეიჯები, ივენთები და საღამოები, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები იკრიბებიან და მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ბევრი მსოფლიო დონის „ჰოლივუდის“ ვარსკვლავი მოხვდა ჩემს ობიექტივში. ყველასთან მქონდა შემხებლობა, თუმცა გამოვარჩევდი ტილდა სვინტონს, რადგან რომ გაიგო, საქართველოდან ვიყავი, დიდი სითბოთი და სიყვარულით გაიხსენა ჩვენი ქვეყანა. განსაკუთრებით კეთილგანწყბილი აღმოჩნდა საქართველოს მიმართ. მას ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა და მოკითხვაც კი დამაბარა, ყველასათვის საყვარელ რეჟისორთან, ქალბატონ ლანა ღოღობერიძესთან. სამწუხაროდ, პირადად ვერ მოვახერხე, თუმცა ეს მოკითხვა ქალბატონ ლანას სხვა ადამიანების დახმარებით შევუთვალე. მიუხედავად იმისა, პირისპირ ვხედავდი დემი მურს და ანჯელინა ჯოლის, განსხვავებული გრძნობა მქონდა, როცა ანა ვინტურთან მომიწია შეხვედრა. მასთან ყოფნის დროს ძალიან უცნაური შეგრძნებები დამეუფლა – ეს იყო თავშეკავებულობა, მორიდებულობა, ეიფორიაც, ყველაფერი ერთიანად. ძალიან ძლიერი ენერგეტიკა მოდიოდა მისგან. მთავარი არ არის ის, რომ მე ეს ადამიანები ვნახე და გადავიღე, ამ ყველაფერში მთავარია ის, რომ უშუალოდ მათ მოსწონთ ჩემი გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა და თითქმის 90 პროცენტი, ვისთვისაც „ჰოლივუდში“ გადამიღია, ყველანი აზიარებენ. ასე რომ, „ჰოლივუდის“ ვარსკვლავები არა მარტო წითელ ხალიჩაზე მოხვდნენ ჩემს ობიექტივში, ასევე სხვადასხვა პრესტიჟულ ჩვენებაზე და მათ შორის დახურულ შეხვედრებზეც. ცნობილი ამერიკელი მოდელი კენდალ ჯენერი „გუჩის“ ჩვენებასა და სხვადასხვა ელიტარულ ივენთებზე დავაფიქსირე. მსახიობი კამერონ დიასი და კრისტენ სტიუარტი კი ფესტივალის ფარგლებში არაერთხელ მოხვდნენ ჩემი ფოტოაპარატისა და კამერის ობიექტივში.

– ახლახან მილანის მოდის კვირეულიდან დაბრუნდი. სოციალურ ქსელში მოდელმა ნაომი კემპბელმა თავის ინსტაგრამ-გვერდზე გააზიარა შენ მიერ გადაღებული ვიდეო, რასაც საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. ალბათ, ეს შენთვის მოულოდნელი იყო?

– ზოგადად, მილანის მოდის კვირეული გრანდიოზული მოვლენებით არის დახუნძლული და არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. ბევრი ისეთი რამ მოხდა, რასაც არც ველოდი და არ დაგეგმილი მქონდა. მაგალითად, მოვხვდი ისეთ ღონისძიებებზე, სადაც წასვლა არ მქონდა დაგეგმილი. სრულად გაწერილი გრაფიკით რთულია, იქ იძენ უამრავ ადამიანს, ამყარებ კონტატებს, ხვდები სასწაულ გარემოში, ღონისძიებაზე, სადაც მოხვედრაზე არც კი გიფიქრია. ამის შემდეგ კი გეხსნება გზები მომავალი წარმატებული კარიერისთვის. სწორედ ასეთ ღონისძიებებზე მოვხვდი, სადაც მქონდა შესაძლებლობა, არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გადამეღო და შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულს, ჩემი გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა მათ პირად გვერდებზე მენახა და მათგან პირადად მიმეღო მადლობა. მილანიდან სასწაული ემოციებით დავბრუნდი. ლეგენდარულმა სუპერმოდელმა, ნაომი კემპბელმა ჩემ მიერ გადაღებული ვიდეო „ინსტაგრამზე“, თავის პირად გვერდზე გააზიარა. ეს ჩემთვის უდიდესი აღიარებაა, თუმცა ჩემი შრომის ტემპიდან გამომდინარე, სრულიად მოულოდნელი არ ყოფილა. სხვათა შორის, დამიკავშირდა ჰაიდი კლუმის, გერმანელი სუპერმოდელისა და ტელევარსკვლავის აგენტი, ჩემი გადაღებული მასალის გაგზავნა მთხოვა და კონტაქტები გავცვალეთ. გავუგზავნე და იმ საღამოს ჰაიდიმ პირადად მომწერა მადლობა. ვაპირებთ, სამომავლოდ სხვადასხვა პროექტში ვითანამშრომლოთ. უკვე ბევრი კარგი კონტრაქტი მაქვს. მილანის მოდის კვირეულზე, ერთი ოცნებაც ამიხდა – ჩემს ობიექტივში ჯენიფერ ლოპესი მოხვდა, სასწაული ფოტო და ვიდეო გადავუღე. ამ ყველაფერმა ჩემი პროფესიის კუთხით საკმაოდ ფართო გზები გამიხსნა. მათ პროფაილებზე გაზიარებულ ჩემს ვიდეოზე ეწერა, რომ ეს ვიდეო ეკუთვნის ზურა ბურჯანაძეს და ეს ქართველი ფოტოგრაფისთვის საკმაოდ დიდი აღიარებაა.

მახსოვს, ჰეიდის აგენტი რომ დამიკავშირდა, ძალიან ადრე იყო – დილის ექვსის ნახევარი. „ვოთსაფზე“ შემომდიოდა მესიჯები, გამეღვიძა, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და რომ გადავიკითხე, მაშინვე გამოვფხიზლდი, გონს მოვედი (იცინის).

– ქართველი მოდელებისგან ვის გამოარჩევდი, ვინ უფრო კარგად იცის კამერასთან მუშაობა?

– ქართველი მოდელებიდან გამოვარჩევდი ალექსანდრა პაიჭაძეს, რომელმაც სასწაული მანერებით იცის კამერასთან მუშაობა და სასწაული გარეგნობა აქვს. არ მაწვალებს, ზუსტად 15-20 წუთი სჭირდება, რომ რამდენიმე ლუქი გადავიღოთ (იცინის). ვამბობ ხოლმე: ალექსანდრასთან მუშობით გადაღების დროის რეკორდი მოხსნილი მაქვს-მეთქი (იცინის). მასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, მეგობრები ვართ და ხშირად ვთანამშრომლობთ.

– და ბოლო კითხვა: რომელ მსოფლიო ვარსკვლავთან ისურვებდი თანამშრომლობას?

– რამდენიმეა ასეთი, ვისთანაც თანამშრომლობას ვისურვებდი, მაგრამ ალბათ, ანჯელინა ჯოლის გამოვყოფ. გადაღებული მყავს, მაგრამ სტუდიაში მის ფოტოსესიას სიამოვნებით გავმართავდი. კარგი იქნება, ერთ დღესაც აღმომაჩინოს და მისი ფოტოსესია ინდივიდუალურად მქონდეს. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ ამ მიმართულებით მიდის საქმე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი