შოუბიზნესი

როდის მიიღო ირაკლი ბილისეიშვილმა გერმანიაში პირველი მასშტაბური აღიარება და როგორ ირეკლავს მისი ნამუშევრები რეალობას

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:39

ირაკლი ბილისეიშვილი
დაკოპირებულია

როდესაც ბავშვური გატაცება ბუნებრივად გადადის პროფესიაში, ხელოვნება ცხოვრების წესად იქცევა. გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა მოქანდაკესა და მხატვართან – ირაკლი ბილისეიშვილთან, რომელიც საკუთარ შემოქმედებით გზაზე გვესაუბრა.

ირაკლი ბილისეიშვილი: მახსოვს, დაახლოებით, 6-7 წლის ვიყავი, სკოლაში ხატვის კონკურსი გამოაცხადეს ჩვეულებრივი, ერთ-ერთი იმ ბავშვური აქტივობათაგანი, სადაც ყველა ერთვება და შედეგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არავინ ანიჭებს. მეც, უბრალოდ, დავხატე პეიზაჟი ისე, როგორც ჩემთვის იყო ბუნებრივი. ჩემი ნახატი გამოარჩიეს და მოეწონათ. მაშინ სამახსოვრო დიპლომი მომცეს. მალევე შემომთავაზეს სამხატვრო სკოლაში სიარული და სწორედ იქიდან დაიწყო ჩემი გზა ამ სამყაროში. ეს არ იყო რაღაც დრამატული გაცნობიერება, უფრო ბუნებრივი, თითქმის შემთხვევითი აღმოჩენა იყო, რომელმაც მაინც მთელი ჩემი შემდგომი ცხოვრება განსაზღვრა.

– ოჯახში თუ გყავდათ ვინმე, ვინც ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული, თუ ეს სრულიად დამოუკიდებლად აღმოჩენილი ნიჭი და ინტერესი იყო?

– ჩემს ოჯახში პროფესიონალი მხატვარი თუ მოქანდაკე არავინ ყოფილა, თუმცა მამაჩემს აქვს განსაკუთრებული ნიჭი – ყველაფერი გამოსდის, რასაც არ უნდა შეეხოს. ვფიქრობ, თავის დროზე რომ ყურადღება მიექცია ამ ნიჭისთვის, მისგან ძალიან კარგი მოქანდაკე გამოვიდოდა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ჩემს ნიჭში არის რაღაც გენეტიკურიც.

– საიდან დაიწყო თქვენი გზა – ჯერ ტილოზე ხატავდით და შემდეგ გადახვედით ფორმების ძიებაზე თუ ეს ორი სფერი ერთდროულად შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?

– სამხატვრო სკოლაში სწავლა მრავალფეროვანი იყო: ქანდაკება, ხელოვნების ისტორია, გრაფიკა, ფერწერა. რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა – ეს არ იყო კონკრეტული ტექნიკები თუ პროპორციები, ეს იყვნენ ჩემი პედაგოგები, რომლებმაც პირველ რიგში შემაყვარეს ეს საქმე. კარგად მახსოვს ის შეგრძნება და როცა ქანდაკებაზე ნამუშევარს მასწავლებელს ვაჩვენებდი და ის გულწრფელი ღიმილით მიწონებდა და მაქებდა, მაშინ უბრალო სიხარული იყო, ახლა კი ვხვდები, რომ ეს შეგნებულად კეთდებოდა, საქმის შესაყვარებლად. დღეს, როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რომ ეს არის ყველაზე მთავარი, ასეთ ასაკში ბავშვს არ სჭირდება პროპორციების ან კომპოზიციის სწავლება, სჭირდება მხოლოდ ერთი რამ – სიყვარული საქმის მიმართ. ეს სიყვარული კი აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.

– როდის იგრძენით პირველად, რომ თქვენმა ნამუშევარმა მაყურებელში ემოცია გამოიწვია, როგორ გახსენდებათ პირველი წარმატების გემო?

– პირველ წარმატებად, ალბათ, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას დავასახელებდი – ქანდაკების ფაკულტეტზე 100-პროცენტიანი დაფინანსებით ჩავირიცხე, რაც უკვე დიდი დადასტურება იყო იმისა, რომ სწორ გზაზე ვიდექი. სტუდენტობის წლებში იყო მცირე-მცირე გამოფენები და პატარა წარმატებებიც, მაგრამ ის მომენტი, რომელიც ნამდვილად დამამახსოვრდა, როგორც პირველი დიდი წარმატება, იყო ქალაქ აახენში. რამდენიმე ქართველი მხატვარი შეგვარჩიეს და ჯგუფური გამოფენა გაგვიკეთეს. მთელი ერთი თვე გავატარეთ იქ, დაუვიწყარი, ისეთი, რომლის დეტალებიც დღემდე ცოცხლად მახსოვს. იყო ტაში, ოვაციები, ნამუშევრების გაყიდვები. პირველად ვიგრძენი, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, ნამდვილად მასშტაბური იყო – სულ სხვა კულტურის, სულ სხვა ენის მქონე ადამიანებში ბადებდა ემოციას. ეს იყო ის მომენტი, როცა მივხვდი, რომ ხელოვნება საზღვრებს არ იცნობს.

– რა აზრის მატარებლები არიან თქვენი ნამუშევრები, რა არის მათი „სათქმელი“?

– ჩემი ნამუშევრები არ ატარებენ ერთ ფიქსირებულ, წინასწარ განსაზღვრულ სათქმელს. ის, რასაც ჩემი ნამუშევრებით ვამბობ, დამოკიდებულია დროზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, იმაზე, რაც ჩემ გარშემო ხდება, რაც ხალხში ხდება. ჩვენი ხელოვნება, გარკვეულწილად, ანარეკლია იმ რეალობის, რომელშიც ვცხოვრობთ.

– გაიხსენეთ განსაკუთრებული შეფასება ან ფრაზა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?

– ეს მომენტი დღემდე ცოცხლად მახსოვს. აახენში, გამოფენის შემდეგ, ვახშამზე ვსაუბრობდით რამდენიმე ადგილობრივ, უკვე წარმატებულ მხატვართან. მე ქალაქ აახენში გამოფენის დროსაც სულ რაღაცას ვფუსფუსებდი. ერთმა მათგანმა ასაკი მკითხა. ვუთხარი, 22 წლის ვარ-მეთქი. მან ცრემლი მოიწმინდა და მითხრა, რამდენი რამ გაქვს უკვე ამ ასაკში შექმნილიო. ეს სიტყვები დღემდე მახსოვს. ერთი მხრივ, უსაზღვროდ გამახარა, რომ ჩემი შრომა ასეთი გამოცდილი ადამიანის თვალშიც შესამჩნევი და ღირებული აღმოჩნდა. მეორე მხრივ კი, კარგად ვიცოდი, რომ ეს თავისთავად საკმარისი არ იყო.

– რამდენად ადვილად ასხვისებთ საკუთარ ნამუშევრებს? ხომ არ არის მათთან განშორება გარკვეულწილად მტკივნეული პროცესი?

– სიმართლე რომ ვთქვა, ნამუშევრებთან განშორება არასდროს გამჭირვებია. ეს, ალბათ, ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ჩემთვის ეს პროცესი უფრო ბუნებრივია, ვიდრე მტკივნეული. ერთი მხრივ, მატერიალური კეთილდღეობა ყველა ჩვენგანს სჭირდება – ეს რეალობაა და მისი უარყოფა არ ღირს. მეორე მხრივ კი, ამაში კიდევ ერთ დადებით მხარეს ვხედავ: რაც უფრო მეტს ყიდი, მით უფრო მეტად ხარ იძულებული, ახალი შექმნა. ეს გარკვეულწილად მაძლევს ენერგიას და მოტივაციას, არ გავჩერდე, არ ჩავეჭიდო ერთ ნამუშევარს, არამედ სულ წინ წავიდე. ნამუშევრის გაყიდვა ჩემთვის განშორება კი არა, უფრო ახალი ეტაპისთვის ადგილის გათავისუფლებაა.

– იყო დრო, როცა მხატვრობა ან მოქანდაკეობა ფინანსურად ნაკლებად სტაბილურ საქმიანობად მიიჩნეოდა. თქვენი დაკვირვებით, იცვლება თუ არა ეს დამოკიდებულება დღეს და რამდენად შესაძლებელია ხელოვნებით ცხოვრება?

– დღეს სიტუაცია გარკვეულწილად იცვლება, თუმცა არათანაბრად. ერთი მხრივ, არსებობს სხვადასხვა ონლაინ პლატფორმები, რომლებიც ნახატის საზღვარგარეთ გაყიდვას მნიშვნელოვნად აადვილებს. ეს ახალი შესაძლებლობაა, რომელიც ადრე, უბრალოდ, არ არსებობდა. ქვეყნის შიგნით კი, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ხალხს ძვირად ღირებული ნახატების შეძენისკენ უბიძგებდა. ქანდაკების მხრივაც იგივეა. მაგრამ რადგან ხალხმა აგარაკებისა და ეზოების მოწყობა მასობრივად დაიწყო, ძირითადად, ფუნქციურ, დეკორატიულ ნაწარმზეა მოთხოვნა – შადრევნები, წყაროები, საყვავილეები. სწორედ ეს არის ამჟამად ჩემი მთავარი საქმიანობაც – ეზოების დეკორაციაზე ვმუშაობ. ასე რომ, ჩემი დაკვირვებით, ხელოვნებით ცხოვრება შესაძლებელია, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს ხშირად ნიშნავს ბალანსის პოვნას წმინდა შემოქმედებით თვითგამოხატვასა და ბაზრის რეალურ მოთხოვნებს შორის.

– როგორია თქვენი ინტერესები ხელოვნების მიღმა ან ხელოვნების სხვა მიმართულებებითაც ხომ არ ხართ დაინტერესებული?

– ხელოვნების ერთი მიმართულება, რომელმაც ჩემი ცხოვრების საკმაოდ საინტერესო ეტაპი დაიკავა, არის თეატრის მხატვრობა და სცენოგრაფია. 2-3 წლის განმავლობაში „ახმეტელის თეატრში“ ვმუშაობდი. ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება, სულ სხვა ტიპის აზროვნებას მოითხოვდა, სივრცის, განათებისა და მოძრაობის ერთობლივი ხედვა. დღესაც სიამოვნებით ვეხები სცენოგრაფიას, თუმცა ამჟამად შედარებით ნაკლებ დროს ვუთმობ, ვიდრე ადრე. ჩემი ძირითადი ყურადღება ამჟამად სხვა მიმართულებებზეა გადატანილი. მაგრამ ეს გამოცდილება ჩემი შემოქმედებითი ხედვის ნაწილად რჩება და, ვფიქრობ, გავლენას ახდენს იმაზეც, თუ როგორ ვხედავ ფორმას და სივრცეს ჩემს სხვა ნამუშევრებში.

– როგორია თქვენი ჩვეულებრივი დღე, როცა ხელში ფუნჯი ან თიხა არ გიჭირავთ? მოგვიყევით თქვენს ოჯახსა და ყოველდღიურობაზე...

– როცა სახელოსნოში არ ვარ, ძირითადად, დროს სახლში ვატარებ – მეუღლესთან და ჩემს ორი წლის შვილთან, დემეტრესთან ერთად. ჩემი მეუღლეც მხატვარია – ანა ქობულაშვილი და ძალიან გამიმართლა: მას ზუსტად ესმის ჩემი საქმიანობის და ეს არის ჩემი ცხოვრების ის ნაწილი, სადაც ყველაზე მეტ ბედნიერებას ვგრძნობ. მათთან გატარებული დრო შეუდარებელია. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს თევზაობა. ეს ჩემთვის საუკეთესო საშუალებაა განტვირთვისთვის. ბუნებაში გასვლა, სიმშვიდე, წყლის ხმა – ეს არის ის, რაც მაძლევს შესაძლებლობას, დავისვენო როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. ვფიქრობ, ბავშვობაში იდეალური არჩევანი გავაკეთე, როცა ჩემს საქმიანობად მხატვრობა ავირჩიე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი