შოუბიზნესი

სად გაუხსნეს ვარსკვლავი ქართველ მომღერალ ნანა ბაიდაურს და რაში შველის მას მოხევის გენეტიკა

№17

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 03.05, 2021 წელი

ნანა ბაიდაური
დაკოპირებულია

22 წლის ქართველი მომღერალი ნანა ბაიდაური, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში დაიბადა და გაიზარდა, თავის ქვეყანაზე უზომოდაა შეყვარებული. მართალია, რუსეთში საკმაოდ წარმატებულია, თუმცა, ოცნებობს, თავის სამშობლოშიც იცნობდნენ, ჩაატაროს სოლო კონცერტი და ამას უახლოეს მომავალში გეგმავს. ის ახლა რუსეთში, პრესტიჟული კონკურსის მონაწილეა და საკმაოდ წარმატებული გამოსვლები აქვს.

ნანა ბაიდაური: წარმოშობით ქართველი ვარ, მოხევე, თუმცა, მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე. სიმღერა ოთხი წლის ასაკიდან დავიწყე. ეს ნიჭი მამისგან დამყვა. ის საქართვლოში მღეროდა და ახალგაზრდობაში ანსამბლიც ჰქონდა – „ფესვები“. მამა ასირიელია, ნუკრი პიტრაშო. მე დედის გვარზე ვარ. მოკლედ, ვოკალში ვემზადებოდი და პირველი გამარჯვებაც საკმაოდ პატარა ასაკში მოვიპოვე. გავედი კონკურსზე და პირველი გრანპრი ხუთი წლის ასაკში ავიღე. ეს იყო საკმაოდ რთული ფესტივალი და ბევრი კონკურსანტი გამოდიოდა. მეორედ საერთაშორისო კონკურსზე გავედი და იქაც გრანპრი მხვდა წილად. ამის გარდა, უამრავ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ყველგან წარმატება მოვიპოვე. ასე რომ, ბავშვობიდან წარმატებულად ვდგავარ სცენაზე და ამით ვცხოვრობ დღესაც. ჩემი გენეტიკიდან გამომდინარე, ცოტა ხისტი ხასიათი მაქვს, ზოდიაქოთი – „ვერძი“ ვარ და ამიტომ მებრძოლი გოგო ვარ. დავამთავრე თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტი საარტისტო-საესტრადო ჟანრის განხრით და დღეს ვოკალის კვალიფიცირებული პედაგოგი ვარ.

– როგორც ვიცი, ქალაქში, სადაც ახლა ცხოვრობ, ვარსკვლავიც კი გაგიხსნეს. ხომ არ ფიქრობ, რომ ასეთ პატარა ასაკში ეს ჯერ ადრეა?

– დიახ, ქალაქ დიმიტროვში, სადაც ახლა ვცხოვრობ, ყველამ იცის, როგორი შრომისმოყვარე ვარ, როგორ ვმღერი და რა წარმატებებიც მაქვს, ძალიან მაფასებენ. მათთვის საამაყო ადამიანი გავხდი და ამიტომ, 18 წლის ასაკში, ქალაქის ცენტრში ვარსკვლავი გამიხსნეს, რომელზეც დიდი ასოებითაა ამოტვიფრული „ნანა ბაიდაური“. არ დამავიწყდება ვარსკვლავის გახსნის დღის განცდა – ნამდვილი შოკი იყო ჩემთვის. სტიმული და შრომისმოყვარეობა არ მაკლდა, მაგრამ ამ დღის მერე გამიასმაგდა.

– მართალია, რუსეთში საკმაოდ ცნობილი მომღერალი ხარ და საყვარელ ქალაქშიც ვარსკვლავი გაგიხსნეს, თუმცა მშობლიურ ქვეყანაში არ გიცნობენ. საქართველოში ჩამოსვლასა და კონცერტის გამართვაზეც ხომ არ ფიქრობ?

– როგორ არა! ძალიან, ძალიან მინდა საქართველოში ჩამოსვლა და სოლო კონცერტის გაკეთება. ეს ჩემი სამშობლოა და მინდა, ჩემმა ქართველებმაც გამიცნონ და შემიყვარონ. ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ. ძალიან მწყდება გული – ქართველი ვარ, მიყვარს ჩემი სამშობლო და რუსეთში უფრო მცნობენ და მაფასებენ, ვიდრე საქართველოში. მინდა ჩემი ნიჭითა და სიმღერებით გაგაცნოთ თავი და ამიტომაც, გეგმაში მაქვს, მალე ჩამოვიდე. ძალიან მინდა, ხშირად ჩამოვიდე, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი საქმის გამო ვერ ვახერხებ.

– რუსეთში, შოუში – „აბა, ყველა ერთად“ – გამოდიხარ. რის გამო გადაწყვიტე წარმატებულმა და ვარსკვლავოსანმა მომღერალმა კონკურსზე კიდევ ერთხელ გეცადა ბედი?

– კონკურსზე გამოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მიყვარს ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნება, კიდევ უფრო მეტი გამოცდილების მიღება და დაგროვება. თან, შოუ ტელევიზიით გადაიცემა და ამით, უფრო მეტ ხალხთან გაქვს კომუნიკაცია და შანსი, რომ მეტმა გაგიცნოს. სხვათა შორის, ეს ჩემი პირველი სატელევიზიო კონკურსია. წარმატებული გამოსვლა მქონდა და საკმაო ქულებიც დავაგროვე. ეს კონკურსი ბევრ რამეს მომცემს და გამარჯვებისთვისაც მზად ვარ. საკმაოდ ცოტა დრო მქონდა, რომ კონკურსისთვის მოვმზადებულიყავი, თუმცა, მაინც კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ ასე მიმიღეს. სოციალურ ქსელში არა მარტო რუსეთიდან, არამედ საქართველოდანაც მწერენ.

– რას გწერენ?

– ძალიან გგულშემატკივრობთო. ქართველები მწერენ: ამდენ ხანს რატომ არ გიცნობდით, რა კარგი გოგო ხარო (იცინის). ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.

– ამ კონკურსზე უკვე მეორედ გამოდის ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე და ის შენი კონკურენტია. მას თუ იცნობ და რა ურთიერთობა გაქვს?

– დიახ, ნუცა ჩემთვის საკმაოდ ძლიერი კონკურენტია, თუმცა ძალიან მაგარი გოგოა და მასაც ვგულშემატკივრობ. როცა სხვა ქვეყანაში ხარ და შენს თანამემამულეს ხედავ, მით უმეტეს ასეთ ლამაზს და ნიჭიერს, იქ კონკურენტობაზე საუბარი ზედმეტია. კიდევ ვამბობ, მე მას მთელი გულით ვგულშემატკივრობ. ამ სეზონზე საკმაოდ ძლიერი კონკურსანტები მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნიდან და ბრძოლა რთული იქნება. თუმცა, ქართველები მაინც გამოვირჩევით – ყველაზე ბრჭყვიალა, მკვეთრი, ძლიერი ხმით, დასამახსოვრებელი და ლამაზები ვართ. ამას ბევრი აღნიშნავს, ჟიურის წევრებიც და დამსწრე საზოგადოებაც. ამ კონკურსზე შენს წარმოშობას ყურადღებას არ აქცევენ, მთავარია, როგორ მღერი. ასე რომ, როგორც ყოველთვის, ამ სეზონზეც ქართველი კონკურსანტები გამორჩეულები ვართ. როცა პირველად გამოვედი სცენაზე, იყო შეძახილები ჟიურიდან: ვაუ, ქართველი, რა მაგარია! (იცინის). სხვათა შორის, ჟიურიში საკმაოდ ბევრი წევრია და მათ შორის რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლებიც.

– როგორ ფიქრობ, მოგება რას შეცვლის?

– ეს იქნება ჩემი კიდევ ერთი აღიარება. დაიწყება ახალი ეტაპი ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში. ამიტომ არ მოვეშვები, ვიბრძოლებ და თუ მოვიგე, პირველი, რასაც გავაკეთებ, საქართველოში ჩამოვალ და სოლო კონცერტს გავმართავ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი