შოუბიზნესი

რუსუდან მუმლაძე: ჩემში ცხოვრობს მეორე რუსიკო, რომელიც წყენას არ ივიწყებს

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 12:08 03.07

რუსუდან მუმლაძე
დაკოპირებულია

რუსუდან მუმლაძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის რუსუდან მუმლაძე?

რუსუდან მუმლაძე: ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელსაც უყვარს სიცოცხლე, ადამიანებთან ურთიერთობა, მუსიკა, სიცილი, სილაღე, იუმორი, სილამაზე.

ფრთიანი ანგელოზი კი არ გეგონოთ. ნაკლის მეტი რა მაქვს?! თუმცა წლებმა და ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მოიტანა ის, რომ ვცდილობ, ყველას და ყველაფერს პოზიტიური თვალით შევხედო. ამასთანავე, ჩემში ცხოვრობს მეორე რუსიკო, რომელიც წყენას ძალიან ძნელად ან თითქმის არ ივიწყებს, უკომპრომისოა უსამართლობასთან ბრძოლაში. პირდაპირია, მაგრამ გულწრფელი.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– მყარად რეალისტი ადამიანი ვარ და რეალური სურვილები მაქვს. უპირველესად ღმერთის დახმარებით შემდეგ კი ჩემი მონდომებითა და მიზანდასახული ხასიათის წყალობით, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ჩემი სურვილები საბოლოოდ მაინც სრულდება.

აი, საქართველოს სიძლიერე და ქართველი ხალხის კეთილდღეობა კი ნამდვილად საოცნებოა ჩემთვის. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ხალხი!

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ჩემმა შვილმა და რძალმა შემატყობინეს, რომ ბებო უნდა გავხდე, თან, ეს ძალიან ლამაზად გააკეთეს. ჩემი ცრემლები მოულოდნელმა სიხარულმა და ბედნიერებამ გამოიწვია.

– გულჩვილი ხართ?

– საკმაოდ ლმობიერი და გულჩვილი ვარ. ვცდილობ, გავითვალისწინო სხვა ადამიანის მდგომარეობა. მორიდებულ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად მინდა, დავეხმარო. თუ ვხედავ, ძლიერი სუსტს ჩაგრავს, მაშინვე იქ გავჩნდები და გამოვესარჩლები. ოჯახის წევრები და ახლობლები, ხუმრობით, ყველას მამიდას მეძახიან. ვერაფრით ვიქნები ლმობიერი ქედმაღალი, ცინიკოსი ადამიანის მიმართ, რომელიც სუსტს ჩაგრავს, დასცინის, აკნინებს, რათა საკუთარი უპირატესობა წარმოაჩინოს.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში ფული მოიგოთ?

– გააჩნია რამდენს მოვიგებდი. თუ ერთ დღეში მილიარდს მოვიგებ, სამოქმედო გეგმას პრიორიტეტების მიხედვით დავალაგებდი. პირველ რიგში, ოჯახსა და გარშემო მყოფებს გადავუჭრიდი ყველა პრობლემას! აუცილებლად დავეხმარებოდი მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და თანხა სასიცოცხლოდ სჭირდება. შემდეგ კი, ჩრდილში მყოფ ნიჭიერებს გავუკვალავდი გზას და ბოლოს… ძალიან ბევრს ვიმოგზაურებდი.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

– თქვენ წარმოიდგინეთ, არ მიფიქრია ამაზე…

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ?

– რამდენიმე ყოფილა, თუმცა ერთ-ერთი მწარედ მახსენდება: კონცერტზე, სიმღერის დროს, უხერხულად მოვტრიალდი და სცენის იატაკში, ფეხსაცმლის ქუსლი ჩაიჭედა. ხუთი სანტიმეტრით ჩავედი ქვემოთ (იცინის). თითქმის სტატიკურად მდგომმა ჩავამთავრე სიმღერა „ვარდები არ არიან“. შევემზადე, სიმღერას რომ დავამთავრებდი, იუმორით რაღაც მეთქვა და ფეხშიშველი გავსულიყავი სცენიდან, მაგრამ ჩემმა მეგობარმა, თამაზ ქარაულმა გადამარჩინა. რომელიც იმავე თეატრის თანამშრომელია და დარბაზში იყო. სიმღერის დამთავრებისთანავე, ამოვარდა სცენაზე თეთრი ვარდების თაიგულით და ხელების მაგივრად, ვარდები ფეხებში მომაყარა… ამასობაში კი ოსტატურად ამოაძრო ქუსლი იატაკიდან. ყველას სცენარის ნაწილი ეგონა (იცინის).

– ბოლოს, როდის მოიტყუეთ და რა?

– ცოტა ხნის წინ. ისეთი სასიამოვნო ტყუილი გამომივიდა, მეც ვინატრებდი, ვინმემ ასე „მომატყუოს“. 15 მაისს, ჩემი მეუღლის, ზურა ლალიაშვილის დაბადების დღე იყო. წინასწარ დავჯავშნე რესტორანი და სტუმრად დავპატიჟე, ვისი ნახვაც ძალიან გაუხარდებოდა. ათასი ტყუილი მოვიგონე, რომ რესტორანში მიმეყვანა. გამომივიდა! სტუმრები იქ დაგვხვდნენ „მრავალჟამიერითა“ და შუშხუნებით. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. დღემდე სასიამოვნოდ გაოგნებულია.

– სახალისო შემთხვევა პაემანზე.

– პაემანზე არ ვიცი, მაგრამ სხვადასხვა ფეხსაცმლით სახლიდან გავსულვარ, ერთხელ კი, მობილურის მაგივრად, ჩანთაში ტელევიზორის პულტი აღმოვაჩინე (იცინის).

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– მე ვიტყოდი, სასტიკად პირდაპირი! როდესაც ვინმე სათავისოდ ცდილობს ჩემს გამოყენებას და ცდილობს, თვალსა და ხელს შუა მომატყუოს. წითელი მენთება ამ დროს.

– რა მოგისმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებულად ცუდიც და კარგიც?

– ენას ძვალი არა აქვს... ჩემზე უამრავი ჭორ-მართალი მსმენია, დადებითიც და უარყოფითიც, რომელსაც დიდი ხანია, იუმორით ვხვდები. სოციალურ ქსელში, ხომ, რას არ ამოიკითხავ. ამას წინათ, ერთი ქალბატონის კომენტარი შემხვდა ჩემს ვიდეოზე. „ცალფეხაა?“ – სერიოზულად იკითხა. მე კი პასუხი მივაწერე: „დიახ“. „არადა, რა კარგი გოგოა. აფსუს…” ვიცინეთ მეც და ჩემმა გამომწერებმაც.

რაც შეეხება კარგს, ბევრი მსმენია და უთქვამთ კიდეც. საზოგადოებისგან განსაკუთრებით მახარებს ის, რომ უმეტესობა დადებით, სამართლიან, პოზიტიურ ადამიანად მომიხსენიებს და სიამოვნებას ანიჭებთ ჩემი შემოქმედება.

– რას ამბობენ მეგობრები და ახლობლები თქვენზე – რის გამო გაკრიტიკებენ და რის გამო გაქებენ?

– ზოგადად, ყველას მიმართ მზრუნველი ადამიანი ვარ. ზემოთაც აღვნიშნე, ოჯახის წევრები და ახლობლები „ყველას მამიდას“ მეძახიან და მიაჩნიათ, რომ ამაში, ზედმეტ ემოციასა და ენერგიას ვხარჯავ.

მაქებენ: ჩემი სამართლიანობის, დაუზარლობის, მიზანდასახულობის გამო. და რაც მთავარია, მახარებს ფრაზა, რომელიც ხშირად მსმენია ჩემი მისამართით: „სადაც შედიხარ, სიცოცხლე შეგაქვს“.

– ბევრი წლის შემდეგ როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– არ ვიცი, ღმერთს მივანდობ!

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– როდესაც დედა რეანიმაციაში მიკვდებოდა და ვგრძნობდი, ფეხქვეშ დედამიწა როგორ მეცლებოდა. საშინლად მეშინია საყვარელი ადამიანების დაკარგვის!

– ყველაზე დიდ უსამართლობას როდის შეჯახებიხართ?

– როდესაც ჩემი მზრუნველობა და სიკეთე საპირისპიროდ მომბრუნებია. ჩემგან გამორიცხულია, ვისმეს უსამართლოდ შევეხო. ეს იცის ყველამ, ვინც კარგად მიცნობს. მაგრამ, თუ ვინმემ ჩემ მიმართ ეს განიზრახა, ოოო… აქაც უკომპრომისო ვარ და ყოველთვის გავცემ საკადრის პასუხს, ვინც არ უნდა იყოს ის!

– რაშია ძალა?

– ღმერთის რწმენაში, სიყვარულში, თანადგომაში და ისევ და ისევ სამართლიანობაში!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა