როგორია ლინდა კიკოლაშვილისა და გიორგი გველესიანის ოჯახური ჰარმონია და რა პრინციპით ზრდის წყვილი შვილებს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 30.04

ლინდა კიკოლაშვილი წარმატებული ქართველი ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მეუღლე გახლავთ. ის საქართველოში „ჰოლივუდ ფილმ აკადემიის“ თანადამფუძნებელია და ამ სფეროში წარმატებულ პროექტებს ახორციელებს. გარდა ბიზნესსაქმიანობისა, ლინდა აქტიურად ზრუნავს დიდ ოჯახზე.
– ლინდა, მოდი, თქვენს საქმიან ცხოვრებაზე საუბრით დავიწყოთ. ბიზნესვუმენი ხართ, რას საქმიანობთ, რით არის განსაკუთრებული თქვენი სფერო?
ლინდა კიკოლაშვილი: ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა ძალიან მომწონს, ვინაიდან ბავშვობიდან მაინტერესებდა კინოინდუსტრია და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, ამ კუთხით წარმოვაჩინო საკუთარი თავი და ვიყო ამ სფეროსთვის სასარგებლო. მე გახლავართ „ჰოლივუდ ფილმ აკადემიის“ თანადამფუძვნებელი. ეს არის ამერიკული ბრენდი, რომელიც ლოს-ანჯელესში საქმიანობს და დაკავებულია, როგორც საგანმანათლებლო სფეროთი, ასევე, ფროდაქშენითა და ფილმების დისტრიბუციით. ჩვენ საქართველოში გავხსენით მისი ფილიალი და მე ვარ როგორც პრეზიდენტი, ასევე მისი თანადამფუძნებელი, უნივერსტეტ „სეუსთან“ ერთად. ძალიან საინტერესო პროექტებზე ვმუშაობთ. ვცდილობთ, საქართველოში სხვადასხვა ფილმი შემოვიტანოთ, მათ შორის, ვმუშაობთ „ჰოლივუდური“ ფილმების მოწვევასა და გადაღებაზე.
– დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმეს ქართული კულტურის პოპულარიზებისთვისაც, ასევე, „ჰოლივუდთან“ კავშირის დასამყარებლად...
– დიახ, ჩვენი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში სწორედ ამ მიზნით ვმუშაობთ. პოპულარიზება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საიმიჯო კუთხით, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან ქვეყანაში დიდბიუჯეტიანი ფილმის შემოსვლა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ამ საქმეში ჩვენს პატარა აგურს ვდებთ.
– პროფესიით ვინ ხართ და როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება კინოინდუსტრიას?
– პირველადი პროფესიით იურისტი ვარ, შემდგომ კი მარკეტერი, მაგისტრის ხარისხიც მარკეტინგის დარგში დავიცავი. პანდემიის პერიოდში გავიცანი არაჩვეულებრივი ქალბატონი, ჯია ნურტასი, რომელიც „ჰოლოვუდ ფილმ აკადემიის“ დამფუძნებელია და გაგვიჩნდა სურვილი, იმავე ფორმატის კომპანია საქართველოშიც გაგვეკეთებინა.
– რა ადგილი ეკავა თქვენს ცხოვრებაში სამოდელო საქმიანობას?
– სამოდელო საქმიანობა უფრო ბავშვობას უკავშირდება. ამ საქმით 17 წლამდე ვიყავი დაკავებული. ლიკა ყაზბეგის სამოდელო სააგენტოში დავდიოდი, ვმონაწილეობდი სხვადასხვა სარეკლამო რგოლებსა და ჩვენებებში. ალბათ, როგორც ყველა ამ ასაკის გოგონას, მაშინ ეს მეც ძალიან მიხაროდა.
– რისი დამსახურებაა, ყოველთვის რომ საოცარ ფორმაში ხართ, როგორ ზრუნავთ გარეგნობაზე?
– არ ვიცი, ალბათ, როგორც ყველა პრანჭია გოგო, მეც ვცდილობ, ფორმაში ვიყო. უნდა ვაღიარო, მეუღლისგან განსხვავებით, ვარჯიში ძალიან მეზარება. სამწუხაროდ, ბევრი დრო არ მაქვს, თუმცა მომწონს თავის მოვლა და მიმაჩნია, რომ ყველა ქალი ღირსია, იყოს მოვლილი და მოწესრიგებული. სამწუხაროდ, ბევრ ქალბატონს აქვს ამის ფუფუნება, რაზეც პირადად მე გული მწყდება, რადგან საამისოდ დროის გამონახვა მიჭირს.
– დიდი ოჯახი გაქვთ, თქვენ და გიორგი 5 შვილის მშობლები ხართ და მინდა, ჩვენს მკითხველს ძალიან პრაქტიკული გამოცდილებები გავუზიაროთ – როგორ ათავსებთ საქმეს და ოჯახურ პასუხისმგებლობებს?
– დიახ, ჯამში, 5 შვილი გვყავს. პირველი ქორწინებებიდან ორივეს გვყავს შვილები და ერთი საერთო ბიჭი გვყავს. ჩვენ ხუთივე ბავშვს ერთნაირ ყურადღებას და სიყვარულს ვაძლევთ. გიორგი ფანტასტიკური მამაა, მუდამ ჩართული შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვცდილობთ, კარგი ადამიანური მაგალითი მივცეთ ბავშვებს და ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს და პატივს სცემს.
– გამომდინარე იქიდან, რომ მეუღლე ირანში თამაშობს, ფიზიკურადაც ვერ იქნებით მუდმივად ერთ ქვეყანაში, როგორია თქვენი ცხოვრების გეოგრაფია, სად რა დროს ატარებთ?
– მე, ძირითადად, საქართველოში ვარ, თუმცა ყოველთვე ჩავდივარ გიორგისთან, ხან – 1 კვირით, ხან – 10 დღით. საქართველოში ბავშვები სწავლობენ, მე საქმეები მაქვს. შეუძლებელია, მუდმივად ირანში ვიცხოვროთ, რთულად საცხოვრებელი ქვეყანაა ბავშვებისთვის და მათი განვითარებისთვის.
– ალბათ, ამას ყველა ინტერვიუში გეკითხებიან, მაგრამ არც მე გავუშვებ შანსს ხელიდან. მინდა, იმ საამაყო მომენტების გახსენება გთხოვოთ, რაც ირანში თქვენი თვალით გინახავთ და რაშიც კარგად ჩანს ირანელების პატივისცემა და სიყვარული გიორგის მიმართ.
– მართლაც მუდმივად ვგრძნობთ საოცარ სიყვარულსა და პატივისცემას. არ ნელდება ეს სიყვარული. ირანში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ფეხბურთელები ნამდვილ კერპებად ჰყავთ. გიორგი ძალიან უყვართ და დიდ პატივს სცემენ, რაც ყოველდღე იგრძნობა. არ არსებობს, ქუჩაში გავიდეთ და ეს არ გამოხატონ. სავახშმოდ რომ შევდივართ რესტორანში ან მაღაზიაში – საყიდლებზე, გამორიცხულია, არ მოვიდნენ, სიყვარული და პატივისცემა არ დააფიქსირონ, ფოტოები არ გადაიღონ და გიორგის ხელმოწერები არ სთხოვონ. ძალიან უხერხულ მდგომარეობაშიც ვვარდებით ხოლმე, მაგალითად, მაღაზიაში რომ შევდივართ, რაღაცას გვჩუქნიან; სავახშმოდ მისულებს, თანხას არ გვახდევინებენ და ასე შემდეგ. ძალიან კეთილგანწყობილები არიან ჩემ მიმართაც. ეს სოციალურ ქსელშიც იგრძნობა და ადგილზე – განსაკუთრებით. ირანში ჩასულ ბევრ ქართველს უთქვამს, ყველამ გვიხსენა გიორგი, გვეუბენებიან, ეს ფეხბურთელი თქვენი ქვეყნიდან არის და ძალიან გვიყვარსო. საერთოდ, ირანში ძალიან უყვართ საქართველო და ქართველები, პატივს სცემენ ჩვენს ქვეყანას.
– როგორი მეუღლეა თავად გიორგი და რამდენად აქტიურია ოჯახურ თემებთან დაკავშირებით?
– ძალიან ყურადღებიანი მეუღლეა, მუდმივად ინტერესდება ყველა საოჯახო დეტალით და სულ ჩართულია როგორც ჩემს, ასევე, ბავშვების ცხოვრებაში.
– გამოდის, ასეთი კარიერის მიუხედავად, ძალიან აქტიური მამაა.
– კი, ძალიან ჩართულია ყველა დეტალში. მეტსაც გეტყვით, პედაგოგებთან ურთიერთობაშიც კი ჩართულია. სულ ხაზზეა. ყველა დეტალი იცის თავის ყველა შვილზე. რა მიღწევები აქვთ, რაში სჭირდებათ დახმარება და ასე შემდეგ. ფანტასტიკური მამაა და ძალიან დიდი სიამოვნებაა ამის ნახვა.
– ყველა ბავშვი ამაყობს მამით, გიორგის შვილებს კი განსაკუთრებული მიზეზი აქვთ საამისოდ. როგორია მათი დამოკიდებულება, როცა მამის მიმართ ასეთ სიყვარულსა და პატივისცემას ხედავენ?
– ჩვენი უმცროსი ბიჭი პატარაა, ჯერ ხუთი წლის არის და ნაკლებად ხვდება ასეთ რამეებს. მისთვის მამაა ყველაზე ძლიერი და მაგარი. ფეხბურთს რომ უყურებს, ჰგონია, რომ ყველა გოლი მამამისს გააქვს, ყველგან მამამისი თამაშობს. უფროსებს ძალიან უხარიათ, ამაყობენ, თავს იწონებენ ამით და ვხედავ, რომ მათთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაც არის.
– თვითონ ძალიან კარგად იცის შრომის ფასი და რამდენად მომთხოვნია შვილებთან, მკაცრია?
– სხვათა შორის, კი. ბავშვებს ყველანაირ შესაძლებლობას აძლევს განვითარებისთვის, თუმცა, ეს მათ წილ პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს. ზოგადად, ოჯახში ეს მიდგომა გვაქვს, ვცდილობთ, ბავშვს ძალიან მარტივად არ მივცეთ ყველაფერი, ზედმეტად არ გავათამამოთ. თავისი წილი პასუხისმგებლობა პატარა ბავშვსაც უნდა ჰქონდეს და მოზარდსაც, რომ ისეთ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, როგორებადაც გვინდა, ჩვენი შვილები ვნახოთ.
გიორგი საკმაოდ მკაცრიც არის. ბავშვებთან ძალიან თბილი და ყურადღებიანია, მაგრამ თან, წესრიგის მოყვარული. ცდილობს, საკუთარი ცხოვრებაშიც ყველაფერი მოწესრიგებული იყოს და მის გარშემო მყოფებთანაც. ამაში კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მეც ყველაფერი გაწერილი მაქვს. წინასწარ ზუსტად ვიცი, რას როდის და როგორ ვაკეთებ. ამ საკითხში პედანტი ვარ. ყველაფერს დამენეჯმენტება სჭირდება, თორემ ხუთი ბავშვი, სახლი, კარიერა – ამ ყველაფერთან გამკლავება მარტივი ნამდვილად არ არის.
P.S. გამოყენებული ფოტოების ავტორია ნათია ღაჭავა
სიახლეები ამავე კატეგორიიდან