შოუბიზნესი

როგორია ლაშა მძინარაშვილის ჰოლივუდური წარმატება და რა სირთულეების გამკლავება მოუხდა მას დიდებამდე მისაღწევად

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 03.10, 2022 წელი

ლაშა მძინარაშვილი
დაკოპირებულია

ქორეოგრაფმა და ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავემ – ლაშა მძინარაშვილმა მსოფლიოს კასკადიორთა ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული დაჯილდოების ცერემონიალზე – Taurus World Stunt Avards-ზე – გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორია“.

ლაშა მძინარაშვილმა რეჟისორ მეთიუ ვონის ფილმ The King’s Man-ისთვის დადგა მთავარი საბრძოლო სცენა და „ჰოლივუდში“ ქართული ცეკვის ელემენტები წარადგინა.

კასკადიორთა „ოსკარზე“ ქართველმა პირველად გაიმარჯვა. უფრო მეტიც, ამ ნომინაციაზე ქართველი ქორეოგრაფი და მოცეკვავე პირველად წარადგინეს.

ლაშა მძინარაშვილი: მსახიობებისთვის უმაღლესი შეფასება „ოსკარია“, კასკადიორებისთვის – „ტაურუსი“, ანუ, იგივე „ოსკარი“. მე ნომინირებული გახლდით საუკეთესო ბრძოლის კატეგორიაში. შერჩეული ხუთი ჰოლივუდური ფილმიდან ერთ-ერთი The King’s Man ჩემი მონაწილეობით გახლავთ. სწორედ ამ ფილმისთვის დავდგი საბრძოლო სცენები და შევასრულე კიდეც. ის ფაქტი, რომ ნომინაციაზე წარმადგინეს, უკვე ძალიან დიდი წარმატება იყო, რადგან აქამდე საქართველოდან ამ დაჯილდოებაზე ნომინირებულიც კი არავინ ყოფილა. მაგრამ ამ ნომინაციაში გამარჯვება უკვე სრული შოკი იყო. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. საკუთარ თავს კრიტიკულად ვუყურებდი. სხვებს უფრო ჰქონდათ იმედი. მეუბნებოდნენ, აუცილებლად მოიგებო, მაგრამ მე არ მქონია ასეთი განწყობა. მე ჩემს კონკურენტზე ვფიქრობდი, რომ გაიმარჯვებდა, მაგრამ თურმე, უფრო მეტი მოწონება ჩემმა ნამუშევარმა დაიმსახურა.

– აღსანიშნავია ისიც, თუ როგორი მსახიობების შემდეგ მიიღეთ ეს ჯილდო. შთამბეჭდავი ჩამონათვალია: არნოლდ შვარცენეგერი, სილვესტერ სტალონე, კიანუ რივზი და კიდევ ბევრი „ჰოლივუდის“ ლეგენდარული ვარსკვლავი. როგორია ამ ადამიანების ბედის გაზიარება?

– დიახ, ჰარისონ ფორდი და სხვები. კიდევ ვერ ვიაზრებ, რა ხდება ჩემს თავს. თავი მართლა სიზმარში მგონია. ასეთი მსახიობების გვერდით რომ ისტორიაში შენი სახელი და გვარი ჩაიწერება, ეს ძალიან საამაყოა. ისტორია დავწერეთ და მომავალი თაობა რომ ამ ყველაფერს ნახავს, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იქნება.

– გამარჯვება თავისთავად ბევრის მთქმელია, მაგრამ ცოცხალ ემოციებსა და საამაყო შეფასებებზე მინდა გვესაუბროთ, რომელიც იქ მოისმინეთ.

– ეს პროცესი არ დასრულებულა. სანამ აქ ვარ, სანამ შეხვედრები გვაქვს, პირადად თუ სოციალური ქსელების მეშვეობით, ძალიან ბევრ სასიამოვნო შეფასებას ვიღებ. მეუბნებიან, რომ ძალიან მოეწონათ, რომ ყველასგან განსხვავებული და უნიკალური ნამუშევარია, რასაც ჩემს დიდი კოზირად აფასებენ. ჩემთან საუბარში ყველა ამას აღნიშნავს. ქართული ილეთებით ბრძოლა „ჰოლივუდისთვის“ ახალი, ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნდა, რასაც აუცილებლად მოჰყვება განვითარება. ეს ყველაფერი ჩემთვის ორმაგად საამაყოა.

– ერთია ასეთი ნამუშევრის შექმნა და მეორე – ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ბევრი იბრძოლეთ „ჰოლივუდში“ მოსახვედრად, რა გზა გაიარეთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იქ მიგეტანათ?

– ნამდვილად არ იყო ეს გზა ია-ვარდით მოფენილი. აქამდე დიდებით არ მოვსულვარ. რთული გზა გავიარე და წინაც ბევრი სირთულე მელოდება. ჩემს ხასიათში ზის სირთულეებთან შეჭიდება. მათი გადალახვის მცდელობები აზარტს მმატებს. მგონია, რომ ცხოვრების აზრიც ეგ არის. თუ სირთულეებს არ შეეჭიდე, სიმაღლით ტკბობას ვერ შეიგრძნობ. ძალიან დიდი შრომა ჩავდე ამ ყველაფერში. ყველა ნაბიჯზე იყო წაქცევის შანსი. ზოგჯერ ვეცემოდი, მაგრამ ვდგებოდი და სიარულს ვაგრძელებდი. ძალიან უიმედო დღეებიც მქონდა. წამოსვლაც დიდ წინააღმდეგობებთან იყო დაკავშირებული და ვცდილობდი, გამოსავალი მეპოვა. მინდოდა, ეს ვიზიტი შემდგარიყო, რომ ეს დიდი წარმატება მეგემა.

– რამდენადაც ვიცი, იყო ამერიკის ვიზის პრობლემა და ასევე, ამ ვიზიტის ფინანსურად უზრუნველყოფაც არ იყო მარტივი.

– პანდემიის გამო, ვიზებთან დაკავშირებით, ბევრ ქვეყანაში შეიქმნა პრობლემები და მათ შორის, საქართველოშიც. ამერიკის ვიზის მსურველთა რიგი ძალიან დიდი იყო. განსაკუთრებით ბიზნესისა და ტურისტული მიზნით გამოფრენის მსურველთათვის, რომელიც მე მჭირდებოდა. ამ მიმართულებით საერთოდ შეჩერებული იყო ვიზების გაცემა. სტანდარტული წესის მიხედვით, უარს მეუბნებოდნენ. მერე ბევრი ადამიანი ჩაერია. პირადად პრეზიდენტისთვისაც შევძელით ხმის მიწვდენა. რის შემდეგაც, პრეზიდენტი თავად ჩაერთო ამ პროცესში და დიპლომატიური გზებით შეძლო არსებული პრობლემის მოგვარება. რაც შეეხება ფინანსურ პრობლემებს, დიახ, ესეც იყო. როდესაც ლოს-ანჯელესში ასეთი მასშტაბის დაჯილდოებაზე მიდიხარ, რომელიც ძალიან ძვირიანი ქალაქია, ფრენა იქნება თუ ცხოვრება, ყველაფერი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ხელოვანი ადამიანისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა საჭირო თანხის შეგროვება. ამ საკითხის მოგვარებაში ძალიან დაგვეხმარა კულტურის სამინისტრო, ძირითადი ნაწილი მათ აიღეს საკუთარ თავზე, დანარჩენი კი მეგობრების, ნაცნობებისა თუ უცნობების და კერძო კომპანიის დახმარებით შევაგროვეთ და მოკლედ, საერთო ძალებით, მაინც მხრებგაშლილი ჩამოვედი ამერიკაში. ამ პერიოდში ექვსი კილოგრამი დავიკელი. ბევრი შრომა და ბევრი ბრძოლაა საჭირო. დეტალებამდე რომ დავიდეთ, ინტერვიუს ფარგლებში ვერ ჩავეტევით, მაგრამ ღირდა. ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი და როცა რაღაც ძალიან გიყვარს და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებ, შედეგს აუცილებლად მიაღწევ.

– ეს ჯილდო The King’s Man-ის მთავარი საბრძოლო სცენის დადგმისთვის მიიღეთ. როგორ შედგა ეს თანამშრომლობა?

– მათ უნდოდათ ფოლკლორული ცეკვის ელემენტებით დაედგათ ბრძოლის სცენა და დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორის შესწავლა. შესარჩევ პროცესში 15-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ერთ-ერთი იყო საქართველო. კასკადიორების კოორდინატორი დაუკავშირდა ქართველ კასკადიორების ჯგუფის ხელმძღვანელს, დავით ხუბუას და შესარჩევ პროცესში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. დავითთან რამდენიმე წლის წინ ვიმუშავე. ახსოვდა ჩემი მუშაობის სტილი და ისიც, როგორი პიროვნება ვიყავი. ამიტომ, გადაწყვიტა ჩემი კანდიდატურა წარედგინა. გავაგზავნეთ ყველა საჭირო მონაცემი და ძალიან მალე მოგვწერეს, რომ ჩვენით დაინტერესდნენ. ამის შემდეგ იყო სინჯები ბრიტანეთში და დადებითი პასუხი.

– როგორ დაიდგა სცენა, რომელიც მოხვდა ფილმში და ასეთი წარმატებაც მოგიტანათ?

– ესეც ძალიან რთული იყო. მე არ მქონდა კასკადიორებთან და მებრძოლებთან მუშაობის გამოცდილება. თან, ეს ყველაფერი პირადად უნდა შემესრულებინა. ქორეოგრაფის, მსახიობის, მოცეკვავისა და კასკადიორის ამპლუა ერთად უნდა შემეთავსებინა. ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდებოდა. ჩავედი და დამხვდა ჯგუფი, რომელიც ჯეკი ჩანთან მუშაობდა. ეს კიდევ ერთი გასაოცარი ფაქტი იყო ჩემთვის.

– არ დაგაბნიათ ამ მასშტაბებმა და სახელებმა და გვარებმა?

– ძალიან დიდი მოტივაცია მქონდა. მე ჩემი საქმე უნდა გამეკეთებინა და სხვა რამეზე აღარ ვფიქრობდი. ვხვდებოდი, რომ ძალიან მაგარ პროფესიონალებთან ვთანამშრომლობდი და ვიცოდი ისიც, რომ ჩემს საქმეში მეც მაგარი ვარ. მეც ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ და პროფესიონალურადვე მივუდექი ამ პროცესს. უნდა დამემტკიცებინა, რომ საჭირო ვიყავი. საერთო ჯამში, ჩემი ქორეოგრაფიის და მათი საბრძოლო ხელოვნების სინთეზი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

– ხართ ქორეოგრაფი და ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავე. მოკლედ მიმოვიხილოთ თქვენი ისტორია.

– ექვსი წლიდან ვცეკვავ, დავიწყე და არ გავჩერებულვარ. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ანსამბლში ვცეკვავდი. ცეკვა ანსამბლ „თერგში“ დავიწყე, შემდეგ ანსამბლ „როკვაში“ განვაგრძე, შემდეგ გადავედი „სუხიშვილების ნაციონალურ ბალეტში“ და ბოლოს – ანსამბლ „რუსთავში“. დღემდე ამ ანსამბლის წევრი ვარ. რაც შეეხება ქორეოგრაფიას, თეატრალური სასწავლებელი დავამთავრე ქორეოგრაფიული მიმართულებით. მის დამთავრებამდე შევქმენი საკუთარი ანსამბლი ჩემს მეუღლესთან ერთად და დაახლოებით, 12-14 წელია, ქორეოგრაფი ვარ, ისევ და ისევ, მეუღლესთან ერთად.

– წინ კიდევ ბევრი სირთულეაო, აღნიშნეთ. როგორია სამომავლო გეგმები, რა შემოთავაზებები მოჰყვა ამ გამარჯვებას?

– ყოველთვის ვცდილობ, წინ წავიდე და არც ამაზე ვაპირებ გაჩერებას. რომც არ მომეგო, არ გავჩერდებოდი. თუმცა, ცხადია, გამარჯვებას მეტი პერსპექტივა მოჰყვა. ახლაც შეხვედრაზე მივდივარ ჩემი პორტფოლიოთი, რომელსაც 30 კომპანიაში გააგზავნიან. ვნახოთ, მექნება თუ არა კიდევ დიდ ფილმზე მუშაობის ბედნიერება. თუმცა, მე აქ ვხედავ ჩემს მომავალს და თვითონაც იმავეს აღნიშნავენ. დეტალებზე წინასწარ საუბარი არ მინდა, მაგრამ მგონი, თქვენც დარწმუნებული ხართ, რომ ამ გამარჯვებას გაგრძელება მოჰყვება. მე ძალიან ბევრს ვმუშაობ ახალი პროექტებისთვის და ჩემს მომავალ კარიერას „ჰოლივუდს“ ვუკავშირებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა