შოუბიზნესი

როგორია კეტრინ ზეტა ჯონსის ქართველი ორეულის წარმატების ფორმულა და როდის არ მიიჩნევდა სილამაზის კონკურსების გამარჯვებული ლარა იანი საკუთარ გარეგნობას გამორჩეულად

№18

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 10.05, 2023 წელი

ლარა იანი
დაკოპირებულია

ლარა იანი უამრავი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული, გამორჩეული გარეგნობის მოდელია, თუმცა, მისი მთავარი პროფესია მომღერლობაა და ამ საქმეშიც ძალიან აქტიურად მიიწევს წინ. საკუთარი ოცნებების ასახდენად ბევრს შრომობს და მიზანსაც ყოველთვის აღწევს.

– ლარა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პირველი პროფესია მომღერლობაა, უფრო მეტად მოდელის ამპლუაში გიცნობენ. ამიტომ სიმღერაზე მოვყვეთ უფრო მეტი – რა ასაკიდან დაიწყეთ და რა წარმატებები გქონდათ?

– ზუსტად მაგას ვამბობ ყოველთვის, რომ საზოგადოება როგორც მოდელს, ისე მიცნობს, თუმცა მუსიკა ჩემი პირველი და ყველაზე ერთგული მეგობარია. ვმღერი იმ ასაკიდან, როდესაც ბავშვები ლაპარაკს იწყებენ (იცინის). თუმცა 12 წლიდან სერიოზულად დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. ძალიან ბევრი მუსიკალური კონკურსისა და შოუს მონაწილე ვიყავი, ასევე, გამარჯვებულიც სხვადასხვა ქვეყანაში. მიზანი მქონდა, საქართველოში გავეცანი ხალხს და გადავწყვიტე, ქართულ პროექტებში მიმეღო მონაწილეობა, თუმცა ჩემი ეს გადაწყვეტილება წარუმატებელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ტელეპროექტებში აღარ ვიღებ მონაწილეობას და აღარც სურვილი მაქვს. შოუც ამიტომ ჰქვია, რომ ეს არის შოუ. თუმცა, მუსიკალური თვალსაზრისით, ჩემი გეგმები და მიზნები დიდია. ადამიანი, რომელიც არ ეშვება საკუთარ ოცნებას, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას, მე კი მეოცნებე ვარ. ეს თვისება მეხმარება კარგი ურთიერთობა მქონდეს რეალობასთან. 30 წელი დამჭირდა, რომ მუსიკალურ სამყაროში საკუთარი თავი მეპოვა, ახლა ვმუშაობ სრულიად ახალ ალბომზე, რომელსაც მალე იხილავთ.

– საქართველოში დაიბადეთ, მაგრამ რუსეთში გაიზარდეთ. რომელი ქვეყნის შოუ-ბიზნესისთვის აპირებთ მომავლის დაკავშირებას?

– არ ვაპირებ რომელიმე ერთ ქვეყანას დავუკავშირო ცხოვრება ან კარიერა. მე ვქმნი მუსიკას, რომელსაც ნებისმიერი ეროვნების ადამიანი მოუსმენს. ჩემს მუსიკას არ აქვს საზღვრები.

– სამოდელო სფეროს გარდა, გამორჩეული გარეგნობა სხვაგან თუ გეხმარებათ წარმატებების მიღწევაში?

– რა თქმა უნდა, გარეგნობა ბევრ სფეროში არის ადამიანის სავიზიტო ბარათი, თუმცა ეს არ არის მთავარი წარმატების ფაქტორი. გარკვეულ ასაკამდე საერთოდაც არ ვთვლიდი ჩემს თავს გამორჩეულად. შემდეგ, როცა სამოდელო სფეროში მიმიწვიეს, უფრო დავიხვეწე და დავაფასე საკუთარი თავი.

– რისი დამსახურებაა ის, რომ ქართული ასე კარგად იცით?

– ქართული ენის ცოდნა ჩემი მშობლების დამსახურებაა. 23 წელი ვიცხოვრე საზღვარგარეთ, სკოლაც იქ დავამთავრე და მუსიკალური განათლებაც იქ მივიღე. უშუალოდ წერა და კითხვა ჩემით ვისწავლე ერთ-ერთ მშვენიერ ზაფხულს, როდესაც საქართველოში ვისვენებდი. სხვათა შორის, დიდხანს მქონდა აქცენტი საუბრისას და ბოლო წლებია გამოვასწორე.

– როგორი იყო ბავშვობა, საქართველოსში ხშირად ატარებდით დროს? რა გახსენდებათ იმ წლებიდან განსაკუთრებით?

– ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ამისთვის მადლობა ჩემს მშობლებს, ჩემს დას და ძმას. ყოველთვის ერთად ვატარებდით დროს, ხშირად ვმოგზაურობდით მანქანით შორ გზებზე. განსაკუთრებით საქართველოსკენ მომავალი გზა მაბედნიერებდა. მახარებდა სოფელში ჩასვლა, სადაც მეგობრები წლიდან წლამდე მელოდებოდნენ. ახლაც თბილად მეღიმება იმ წლების გახსენებაზე. ბავშვობა არის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი პერიოდი და ძალიან მენატრება. საერთოდ, კარგი ბავშვი ვიყავი, ყველაზე მაღალი და ძალიან გამხდარი (იცინის). ისე, არაფერი შეცვლილა, ასაკის გარდა (იცინის).

– როგორ ვიცი, ცოტა ხნის წინ დაქორწინდით. ქართველი მეუღლე გყავთ? თუ ჰქონდა თქვენთვის მნიშვნელობა საყვარელი ადამიანის ეროვნებას?

– კი, რამდენიმე თვეა, რაც გავთხოვდი, მეუღლე ქართველია. არავინ იცის რომელი ეროვნების ადამიანი შეგიყვარდება, თუმცა, ყოველთვის მინდოდა, რომ ქართველი მეუღლე მყოლოდა და მყავს. უზომოდ მიყვარს და ბედნიერი ვარ.

– ქორწილი ესპანეთში მოგზაურობისას გქონდათ? როგორი იყო ეს დღე და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით მოგზაურობიდან?

– ხელი რომ მთხოვა, ცოტა ხნის მერე ესპანეთში გავემგზავრეთ, ქორწილი ჯერ არ გვქონია, თუმცა, ჩემი სურვილი იყო, იქ თეთრი კაბა ჩამეცვა და სამახსოვროდ ფოტოგადაღება მოგვეწყო. ჩემი მეუღლის დაბადების დღეც ესპანეთში აღვნიშნეთ მეგობრებთან ერთად, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ყველაზე სახალისო იყო, როდესაც უცებ გადავწყვიტეთ მანქანით პარიზში წავსულიყავით. ჩავყარეთ მანქანაში ჩვენი ჩანთები და წავედით ერთი დღით, რადგან მეორე ღამეს უკვე საქართველოში ვბრუნდებოდით (იცინის). ჩემი კიდევ ერთი ოცნებაც ახდა, ძალიან ტკბილად მახსენდება ყველა დღე. მადლობა ჩემს მეუღლეს, რომ ცხოვრება უფრო გამილამაზა.

– ოჯახური ცხოვრება და კარიერა – როგორ ახერხებთ ამ ორის შეთავსებას?

– რთული არაფერია, როდესაც გვერდით საყვარელი ადამიანები, გყავს, იცი, რომ მარტო არ ხარ. „ოჯახი და კარიერა“ – ეს თემა ყოველთვის აქტუალურია, თითქოს რაღაც შეუძლებელზე ვსაუბრობთ. ზოგი არჩევანის წინაშეც დგება და ეს არ მიმაჩნია სწორად. პირადად მე ვარ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ ოცნებაზე არასდროს იტყვის უარს. მე ოჯახსაც მივხედავ და კარიერასაც. მხოლოდ მუსიკით არ ვარ დაკავებული, ასევე, ვმუშაობ ახალ ბიზნესპროექტზე, მაგრამ ყველაფერი გამომდის.

– ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებათ. საინტერესოა, რით დაიმსახურა თქვენი ყურადღება თქვენმა მეუღლემ ურთიერთობის დასაწყისში?

– ეს კიდევ ერთი კითხვა რომელზედაც ღიმილით გპასუხობთ. რით დაიმსახურა ჩემი ყურადღება? ყველასგან განსხვავებული თავდაჯერებულობით, ენერგეტიკით, ინტელექტით, ხმის ტემბრით. ყოველ წუთს იმაზე ფიქრით, რით შეეძლო გავებედნიერებინე. ჩვენ გვყავს საერთო მეგობრები, რომლებიც იმ დროს საზღვარგარეთ იყვნენ და ჩვენი პირველი შეხვედრის დღეს, ვიმეორებ – პირველი შეხვედრის დღეს, გადავწყვიტეთ, ვიდეო გადაგვეღო. გვაინტერესებდა მათი რეაქცია. ვიდეოს რომ ვიღებდი, მაგ დროს მომმართა კითხვით, უთხარი ამათ, რომ გიყვარვარო? (იცინის). დღეს ეს ადამიანი ჩემი მეუღლეა.

– მოდელობა და მომღერლობა – ორივე პროფესია დიდ ძალისხმევას და ბევრ შრომას მოითხოვს. რამდენად ძლიერი გოგოა ლარა, შეგიძლიათ სირთულეებთან გამკლავება?

– ლარა ძალიან ძლიერი გოგოა. ჩემი საყვარელი ადამიანები კიდევ უფრო მაძლიერებენ! არ მაშინებს სირთულეები, თუმცა უმჯობესია, სირთულეები არ იყოს (იცინის). არ მიყვარს, როდესაც ცხოვრებას ართულებენ, ყველაფერი ძალიან მარტივია, ამისათვის კი ადამიანს სჭირდება დრო, რომ თვითონ მივიდეს ამ დასკვნამდე. მე კი უკვე მანდ ვარ.

– ახლა სად ცხოვრობთ და როგორია თქვენი ყოველდღიური აქტივობები?

– თბილისში ვცხოვრობთ. ახლა, ძირითადად, სილამაზის ცენტრის გახსნით ვართ დაკავებული. როდესაც თავისუფალი დრო გვაქვს, ვცდილობთ, მეგობრებთან ერთად გავატაროთ, თუმცა, ძალიან მიყვარს, როდესაც სახლში ვარ და დროს საკუთარ თავს ვუთმობ. ხშირად ვერ ვახერხებ სამზარეულოში ტრიალს. როდესაც დრო მაქვს, საკმაოდ გემრიელ კერძებს ვამზადებ.

– რა თვისებები დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?

– ჩემი ზოდიაქოს ნიშანია თხის რქა. ვინც ერკვევა ზოდიაქოში, კი იცის, რა თვისებები ახასიათებს მამლის წელში დაბადებულ თხის რქას (იცინის). სიჯიუტე – პირველ რიგში. ყოველთვის უნდა მიმეღწია იმ მიზნისთვის, რაც მქონდა დასახული. ბავშვიც ძალიან მომთხოვნი ვიყავი და დღესაც ასეთი ვარ. პირველ რიცხვში ვარ დაბადებული და პირველობა და ლიდერობა მახასიათებს. მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, რა ვქნა? ასეთი ვარ და ალბათ, ეს თვისებები დამეხმარა წარმატების მიღწევაში.

– კეტრინ ზეტა ჯონსს გამსგავსებენ, როგორი შეგრძნებაა ასეთ მსახიობთან შედარება და თვითონაც თუ ხედავ მსგავსებას?

– იმდენად ხშირად მესმის ეს კითხვა, უკვე რეაქცია აღარ მაქვს (იცინის). რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ასეთ ლამაზ და ცნობილ მსახიობს გამსგავსებენ, თუმცა დღეს დიდ მსგავსებას ვერ ვხედავ. ალბათ, მის პერსონაჟი უფრო მგავს ფილმ „ზოროში“, ვიდრე თვითონ პიროვნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი