შოუბიზნესი

როგორია ბექა ბროლაძის სიყვარულის ამბავი და რა გზით შეცვალა მან თავისი რთული ცხოვრება

№1

ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 12.01

ბექა ბროლაძე
დაკოპირებულია

ბექა ბროლაძის შემოქმედებით ცხოვრებაში ძალიან კარგი სიახლეებია, თუმცა არა მხოლოდ – მომღერლის ცხოვრება ბოლო პერიოდში ძალიან სასიამოვნოდ შეიცვალა და შეიძლება ითქვას, რომ ოცნებების ახდენის დრო მოვიდა.

ბექა ბროლაძე: როგორც ყოველთვის, მაიკო კაჭკაჭიშვილი არის ის კომპოზიტორი, რომელიც გულით მუშაობს ჩემთან და მეც მაქსიმალურად ვცდილობ, მაიკოს მიერ შექმნილი სიმღერა ისე შევასრულო, როგორც ის ხედავს. სპეციალურად ჩემთვის დაწერა სიმღერა, რომელსაც „სიყვარულის ისტორია“ ჰქვია და რაღაც კუთხით, მისი ტექსტიც და მელოდიაც ჩემთან ახლოსაა, კონკრეტულ ადრესატთან ასოცირდება. სიმღერა „ბრავო რეკორდსში“ ჩავწერეთ, არანჟირების ავტორია ბორიკო შხიანი, ხმის რეჟისორი – ალეკო ბერძენიშვილი და არ შემიძლია, არ აღვნიშნო ბექვოკალი – დათუნა ლაზარიშვილი და თამთა ჭელიძე. მათ სასწაული გააკეთეს. ჩემი სიმღერებისგან ცოტა განსხვავებულია, მინორული სიმღერაა, რომელმაც კლიპიც მოითხოვა და ახლა გადაღებები მიმდინარეობს. ფაქტობრივად, კინოფილმს ვიღებ, რადგან სიმღერა ძალიან მაგარი ხარისხისაა, გვინდოდა, კლიპიც შესაბამისი ყოფილიყო. საახალწლოდ, ერთი თვით, ამერიკაში მივფრინავ და რომ ჩამოვალ, კინოთეატრში გვექნება პრემიერა. მსმენელის წინაშე აბსოლუტურად განსხვავებული იმიჯით წარვდგები და მიხარია, რადგან ძალიან მომწონს.

– გამოდის, შენთვის 2025 წელი ნაყოფიერი იყო?

– დიახ. ახალ წელს ბომბა პროდუქტით შევხვდები, მართალია, ამერიკაში, მაგრამ სიმღერა უკვე გაშვებულია რადიოსივრცეში და როგორც მითხრეს, უკვე ძალიან აქტიურად ითხოვენ.

– ახლა მინდა, სიყვარულზე გკითხო, რადგან კონკრეტული ადრესატი ვახსენეთ.

– კი, ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად არსებობს ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნაც ძალიან მსიამოვნებს და კომფორტულად ვგრძნობ თავს. ისიც მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენი ემოციები გავცვალოთ, რომ ორივემ კარგად ვიგრძნოთ თავი. აქამდე არ მინდოდა ხოლმე ამაზე საუბარი, მაგრამ რადგან ჩემი ახალი სიმღერა ზუსტად ასახავს ჩემს ამჟამინდელ რეალობას, ამიტომაც ვამბობ. უკვე ორი წელია, ერთად ვართ, ბედნიერი ვარ და ეს აისახება კიდეც ჩემს ნამღერში.

– როგორია შეყვარებული ბექა?

– ისედაც ემოციური ვარ და შეყვარებული – კიდევ უფრო მეტად. დილით რომ იღვიძებ და ყველაფერს ხალისით აკეთებ, ტელეფონს ხშირად უყურებ, რომ მის შეტყობინებას ელოდები, გამოხედვაც სხვანაირი ხდება. კარგად ვარ, ეს სიტყვა ძალიან მიყვარს. როცა კარგად ვგრძნობ თავს, ესე იგი, ბალანსია ჩემს ცხოვრებაში.

– ვინ არის, ხომ არ ვიცნობთ?

– არა, მუსიკალურ სფეროში არ მოღვაწეობს, არც უყვარს აფიშირება და მოდი, იდუმალ პერსონად დავტოვოთ (იცინის). მგონი, არც არის საჭირო ყველაფრის თქმა, საერთოდ, ადამიანებს ბევრი არაკეთილისმსურველები გვყავს. ჩემზე ისედაც განსაკუთრებული აქცენტია ხოლმე. თურმე, მილიონერი ვყოფილვარ.

– ამაზე მართლა ბევრი საუბრობს, საკუთარი იახტა და თვითმფრინავი ჰყავსო.

– კი, პირადი ჯეტი იყიდაო (იცინის). სინამდვილეში არც იახტა მყავს და არც თვითმფრინავი, უბრალოდ, კარგად ვცხოვრობ, კარგი სამეგობრო მყავს, კარგ კომპანიაში ვმუშაობ და ჩემი შრომით შესაბამის თანხას გამოვიმუშავებ.

– წლების წინ დალხენილი ცხოვრება არ გქონდა, რაც ჩვენს ქვეყანაში არავის გაუკვირდება. თუმცა, ახლა ყველაფერი შეიცვალა.

– კი, შეიცვალა დიდი შრომის შედეგად. კი, ჩვენს ქვეყანაში მატერიალური პრობლემები არავის უკვირდა. დგება მომენტი, როცა გაჭირვების გამო დენს ჩაგიჭრიან, გაზს ჩაგიჭრიან, რადგან გადასახადებს ვერ იხდი. სამწუხაროდ, ეს ბევრს გამოგვიცდია, მაგრამ მე ამაზე საუბარი არ მერიდება. ისეთი დიდი ტკივილი დატოვა ჩემში იმან, რაც გამოვიარეთ, დღეს ნამდვილად არ მეზარება შრომა უკეთესი მომავლისთვის. როცა ორი ხელი და ფეხი გაქვს, გონება გაქვს, განათლებას იღებ, მინიმუმ, არ უნდა გშიოდეს. მე ავდექი და ჩემს თავს ასე დავუსვი საკითხი: ბექა, შენ რადგან ზოდიაქოთი სასწორი ხარ, გიყვარს კარგი ცხოვრება, კარგი ჩაცმა, მით უმეტეს, მომავალს სცენას უკავშირებ, მომღერლობა გინდა, ნორმალური შემოსავალი გჭირდება. ღამეებს ვათენებდი მეცადინეობაში, ძალიან მაგრად ვსწავლობდი. მე და ჩემი ოჯახი ძალიან პატარა სახლში ვცხოვრობდით და შუქი რომ ჩაქრებოდა ხოლმე, სამკვადრატულიან საკუჭნაოში სანთელს ან ფანარს შევიტანდი, დავჯდებოდი და იქ ვმეცადინეობდი. მე არაფერს ვფუთავ, არც ვმალავ, მართლა ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში და არა მარტო ჩემთვის, ალბათ, მთელი საქართველოსთვის. მაგრამ, ალბათ, ზუსტად იმ გამოცდილებებმა შექმნა დღევანდელი ბექა. აქ მართლა პირად ჯეტებსა და იახტებზე არ არის საუბარი, არამედ ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ვფიქრობ, რომ რაღაცები სწორად დავამენეჯმენტე. ბიზნესის კუთხით სერიოზული განათლება მივიღე, რთული ეტაპები გამოვიარე. მერე იყო „რუსთავი 2-ის“ პროექტი, რომელმაც ბექა ბროლაძე, როგორც საჯარო პერსონა, შექმნა. „ვარსკვლავების აკადემიაში“ ძალიან ნიჭიერი ადამიანები იყვნენ, მაგრამ დღეს აქტიურად აღარ ჩანან. მე არ გავჩერდი. სამომხმარებლო სესხებს ვიღებდი, როცა ფინანსურად ნორმალური მდგომარეობა არ მქონდა და სიმღერას ვწერდი, კლიპს ვიღებდი. ყველაფერი დიდი შრომის ფასად მოდის. მე ბანკში ათწლიანმა მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა ფინანსების კუთხით. პლუს, ინგლისურიც ძალიან მაღალ დონეზე ვიცი და ალბათ, ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი. ბევრი ადამიანია განათლებულიც, მშრომელიც და ნიჭიერიც, მაგრამ რაღაც ვერ ეწყობა, მე გამიმართლა და ისეთი ადამიანების გარემოცვაში მოვხვდი, სადაც ზუსტად ჩემნაირი ადამიანი სჭირდებოდათ. დღეს ერთ-ერთ ძალიან მაგარ საერთაშორისო კომპანიაში ვმუშაობ პატიოსნად, არც ისე დიდი ხელფასით, მაგრამ ვცხოვრობ ისე, როგორც ყოველთვის მინდოდა მეცხოვრა. ყველას წარმატებას ვუსურვებ და ვეტყვი, რომ შრომა არასდროს დაიკარგება.

– ფილმის სცენარივით გამოვიდა, რაზეც ბავშვობაში ოცნებობდი, შეძელი რეალობად გექცია.

– ვამბობ ხოლმე, ჩემს ცხოვრებაზე რომ ფილმი გადაიღონ, ძალიან ემოციური გამოვა-მეთქი. თუნდაც, ჩემი მუსიკალური კარიერა ავიღოთ. დიდ პიანისტობას მიწინასწარმეტყველებდნენ, რადგან საოცარი ტექნიკა მქონდა, მაგრამ სცენაზე დგომა და პოპმომღერლობა ძალიან მინდოდა და ფორტეპიანოს მიმართულებას დავემშვიდობე, თუმცა, სრული მუსიკალური განათლება მივიღე. ეს დღეს ძალიან მეხმარება. თუ ვაკეთებ, აუცილებლად – ხარისხიანად.

– კიდევ ერთ კარგი ამბავი გაქვს, მაიკო კაჭკაჭიშვილთან ერთად სტუდია გააკეთე.

– ახალი სახლი შევიძინე და ჩემთან ვისხედით მე, თამთა ჭელიძე, მაიკო კაჭკაჭიშვილი, ბორიკო შხიანი, ოჯახურად. ვთქვი, ძალიან მინდა, კარგი ბიზნესი გავაკეთო, დიდი ფართია და მინდა გამოვიყენო-მეთქი. მაიკომ შემომხედა და მითხრა: არ გინდა, მუსიკალური სკოლა გავაკეთოთო?! მან ადრე შესაბამისი გამოცდილება მიიღო. გავხედე და ვიგრძენი, რომ სწორი მომენტი და სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩემმა გონებამ მაშინვე ამ საკითხის დამენეჯმენტება დაიწყო. მადლობა ღმერთს, უკვე მესამე თვე დაიწყო და ჩვენი აკადემია ბაზარზე ნომერ პირველი გახდა, ყველა ჩვენზე საუბრობს, რადგან ყველაფერი მართლა ძალიან მაღალ დონეზე და ხარისხიანი გავაკეთეთ. ჩვენს აკადემიაში ისეთი სიყვარული და ბედნიერება ტრიალებს, რომ წარმოუდგენელი იყო წარმატებული არ გამხდარიყო. ძალიან მიხარია, რომ მე და მაიკომ საერთო ბიზნესიც გავაკეთეთ.

– და ბოლოს, ახალი სახლი, ალბათ, ეს კიდევ ერთი ახდენილი ოცნებაა?

– წეღან ვახსენე, რომ ძალიან პატარა სახლში ვცხოვრობდით, სასახლეში არც ახლა ვცხოვრობ, მაგრამ ძალიან კარგ უბანში, ძალიან კარგ კომპანიაში კარგი ბინა შევიძინე და დედა და მამაც ჩემთან ერთად გადავიყვანე. ეს ჩემი მორიგი ახდენილი ოცნებაა. ეტყობა, რაც ძალიან გინდა, აუცილებლად აგიხდება, ოღონდ შესაბამისი შრომის ფასად. მე ვარ ადამიანი, ვისაც არასოდეს არავისი შურს. ვფიქრობ, რომ არც ცუდი და არც კარგი არ იკარგება და რადგან სამყაროში მხოლოდ დადებით ენერგიებს ვუშვებ, უკანაც იგივე მიბრუნდება. ამისთვის მადლობელი ვარ სამყაროსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი