ანანო სამხარაძე: გიორგის ვეუბნებოდი, ოღონდ გონება არ დაკარგო, თუ თავს ცუდად იგრძნობ, მაშინვე თქვი-მეთქი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 46 წუთის წინ
მომღერალი ანანო სამხარაძე და ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. როგორ უმკლავდებიან მშობლის ამპლუას, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება და როგორი გოგონაა პატარა მაშო – ამ ყველაფერზე ანანო მოგვიყვება.
ანანო სამხარაძე: ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. ქალისთვის ორსულობა და დედობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რასაც სულ სხვა სამყაროში გადაჰყავხარ. ახლა სრულიად ახალ რეალობაში ვცხოვრობ – მხოლოდ მაშოსთვის. ის ჩემთვის ნომერ პირველი ადამიანია, ვისზეც უნდა ვიფიქრო და ვიზრუნო. საკუთარი თავიც კი უკანა პლანზე გადავწიე და ბოლომდე მას მივუძღვენი თავი.
– როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც პატარა დაიბადა?
– რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. ამ პატარა ციცქნამ იმდენი რამ შეძლო, რომ ვერც წარმოვიდგენდი. არა მხოლოდ ჩემი, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლის ცხოვრებაც ძალიან შეცვალა – სულ მაშოზე ვართ გადართული. მოგეხსენებათ, ჩემს მეუღლეს მალე მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან საპასუხისმგებლო ასპარეზობა ელოდება და ცდილობს, დრო ვარჯიშსა და ბავშვს შორის გადაანაწილოს. ჯერ ცოტა არეულები ვართ, მაგრამ აუცილებლად დავლაგდებით. მთავარია, მაშო იყოს კარგად.
– ამბობენ, რომ დედობისთვის ვერცერთ ასაკში ვერ მოემზადები. როგორი იყო შენი მოლოდინები და როგორ უმკლავდები ამ ამპლუას?
– არ მეშინოდა, თავიდან შედარებით მარტივიც მეგონა. თუმცა, გაცილებით რთული ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა. რომ ტირის, ორმაგად განვიცდი, ვფიქრობ, რა აწუხებს... დროსთან ერთად, ნელ-ნელა ყველაფერს სწავლობ, მაგრამ საწყის ეტაპზე ჰორმონებიც მოქმედებს და ყველაფერს უფრო ემოციურად უდგები.
– მაშო როგორი გოგონაა?
– ძალიან კარგი გოგონაა. თავის სახელზე უკვე რეაგირებს და გვიცინის. მისი გაღიმება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც მთელი დღის განმავლობაში ხდება. მართალი ყოფილა, რომ ამბობდნენ: როგორც არ უნდა დაიღალო, ერთს რომ გაგიღიმებს, ყველაფერი გავიწყდებაო.
– დედას ამსგავსებთ თუ მამას?
– ყველა ამბობს, რომ მამას ჰგავს. ხასიათზე ჯერ რთულია თქმა – 22 ივლისს დაიბადა, კირჩხიბის ზოდიაქოს დასასრულს და ლომის დასაწყისში. იმედია, რთული ხასიათი არ ექნება (იცინის).
გარეგნობით კი ნამდვილად მამას ჰგავს. ამას მეც ვამჩნევ, მაგრამ ჯიუტად უარზე ვარ (იცინის). ცხრა თვე მუცლით რომ ატარებ, მშობიარობისას იწვალებ და მერე გეუბნებიან, მამას ჰგავსო, ცოტა გწყინს, მაგრამ ეჩვევი (იცინის).
ჯერჯერობით ღამის გათენება არ გვჭირდება, მშვიდი ბავშვია. ძილი თუ დაუგვიანდა, ცოტას ჭირვეულობს ხოლმე ან მუცლის ტკივილი თუ შეაწუხებს, რაც პირველ თვეებში პატარებს ახასიათებთ. საერთო ჯამში, რთული გასაზრდელი არ არის. მოვლაში დედაც მეხმარება, ჩემი დაც და დედამთილიც, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია – ჩემი მეუღლე მიდგას გვერდით.
– როგორი მამა აღმოჩნდა? მით უმეტეს, რომ კარიერის გამო ასეთი დაკავებულია...
– მეც მიკვირს, როგორ უმკლავდება ყველაფერს ერთად. არც ჩვენ გვაკლებს ყურადღებას და არც ვარჯიშს ცდება. როგორ ახერხებს ამდენს 23 წლის ბიჭი, მართლა არ ვიცი. იდეალური მამაა, იდეალური მეუღლე და ადამიანი. ბევრ ქალს აქვს მშობიარობის შემდგომი დეპრესია და ხშირად ვამბობ ხოლმე, ეს პრობლემა რომ არ მქონია, სწორედ ჩემი მეუღლის დამსახურებაა – ის ყოველთვის გვერდით მიდგას.
– ბიჭებს ჩვილებთან ურთიერთობა უჭირთ, გიორგი ყოჩაღი აღმოჩნდა?
– კი, მართლა ძალიან ყოჩაღი აღმოჩნდა. მეორე დღესვე აიყვანა ხელში. მშობიარობასაც დაესწრო, თავიდან ბოლომდე ჩვენ გვერდით იყო და ჭიპლარიც საკუთარი ხელით გადაჭრა. მე თვითონ ისეთ ემოციებში ვიყავი, თან ჩემი მეუღლის მიკვირდა – როგორ ახერხებს-მეთქი.
– მისი სურვილი იყო თუ შენ გინდოდა, ამ დროს გვერდით ყოფილიყო?
– თავიდანვე მისი სურვილი იყო. მე, პირიქით, ვნერვიულობდი, რადგან ვიცოდი, რომ მამაკაცები ასეთ მომენტებში ძალიან განიცდიან და ემოციურად უჭირთ დასწრება. ვეუბნებოდი: გიორგი, ოღონდ გონება არ დაკარგო, თუ თავს ცუდად იგრძნობ, მაშინვე თქვი-მეთქი.
მშობიარობა ნაადრევად დამეწყო – 37 კვირაზე დაიბადა. ღამე იყო, გამიჭირდა მეუღლის გაღვიძება, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა და ვეუბნებოდი: შენ ახლა ვერ იღვიძებ და მშობიარობას როგორ უნდა დაესწრო-მეთქი (იცინის). საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გიორგიმ ექიმებიც კი გააოცა, ისე საოცრად მამხნევებდა. მე კი ვამბობდი, არ ვნერვიულობ-მეთქი, მაგრამ სახეზე ყველაფერი მეტყობოდა. გვერდით რომ მეუღლე მყავდა, ეს ჩემთვის უდიდესი ძალა იყო. თავიდან ვერ ვიაზრებდი ამის მნიშვნელობას, რადგან ჩემი ფიქრები ბოლომდე ბავშვისკენ იყო მიმართული, მერე კი გავაცნობიერე. საოცარი გრძნობა იყო, როცა გვერდით მეუღლე მყავდა და გულზე ჩვენი შვილი მეწვინა.
– პატარას სახელი როგორ შეურჩიეთ?
– მართა ან მაშო – ეს ორი ვარიანტი გვქონდა. ძალიან მიყვარს ძველი სახელები, რომლებიც დროს უძლებს და მოდიდან არ გადადის. ნაკლებად მომწონს თანამედროვე სახელები. ვფიქრობ, იდეალური სახელი შევარჩიეთ – მაშო, ნათლობის სახელი კი მარიამი ექნება.
– ფეხმძიმობის საკმაოდ დიდ ვადამდე აქტიური იყავი. როგორ გრძნობდი თავს?
– მაისის შუა რიცხვებამდე სამსახურში ვიყავი – ფეხზე ვიდექი და ჩვეული რეჟიმით ვაგრძელებდი მუშაობას. როცა მუცელი კარგად დამეტყო, მერე გადავწყვიტეთ პაუზის აღება. ამის შემდეგ, ძირითადად, სახლში ვიყავი და მთელი დრო მაშოს ეთმობოდა. საბედნიეროდ, ორსულობამ ძალიან კარგად, გართულებების გარეშე ჩაიარა.
– ხასიათი შეგეცვალა?
– განსაკუთრებული სურვილები, მაგალითად, კერძების მიმართ, არ მქონია. ერთადერთი შიში ის იყო, რომ წონაში ბევრს მოვიმატებდი, თუმცა, ასე არ მოხდა. იმდენი არ მომიმატებია, რომ დაკლება გამჭირვებოდა. უკვე დავუბრუნდი იმ წონას, რაც ორსულობამდე მქონდა. ყველას უკვირს, მაგრამ დიეტისთვის არ მიმიმართავს – მხოლოდ სწორი კვებით მოვახერხე. ცომეულს იშვიათად ვჭამ და ვცდილობ, დილა ბოსტნეულით დავიწყო.
ბავშვი ლაქტაციაზე მყავს და ვიცი, რომ ამ დროს განსაკუთრებით უნდებათ ტკბილი. ადრე არ მჯეროდა, მაგრამ პირველ თვეს მეც ისე ძალიან მინდებოდა, რომ ვერ აღგიწერთ. შიშიც მქონდა, არ გამასუქოს-მეთქი, თუმცა, საბოლოოდ მარტივად დავუბრუნდი ფორმას, რაც ძალიან მიხარია. ბუნებრივია, მუცელი ჯერ კიდევ მეტყობა, მაგრამ ამას მეტი დრო სჭირდება.
– ბუნებრივია, ცხოვრების წესი შეგეცვალა. მანამდე ძალიან აქტიური იყავი და გაგიჭირდა სახლში ყოფნასთან შეგუება?
– კი, ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო. რაც თავი მახსოვს, სულ აქტიური ვარ. 4 თვე გადაბმულად სახლში არასდროს ვყოფილვარ – ეს ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა. მეშინოდა, რომ ვერ დავუბრუნებოდი ჩვეულ ტემპს. ჩემი მეუღლის დიდი დამსახურებაა, რომ უარყოფით ემოციებს არ ავყევი – სულ მიმეორებდა, რომ ყველაფერს შევძლებდი. თავიდან თითქოს დეპრესიისკენ წავედი, მაგრამ მისმა სიტყვებმა და მხარდაჭერამ გადამარჩინა.
– ეკრანზე დაბრუნების გადაწყვეტილება მარტივად მიიღე?
– თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ, სექტემბრიდან აუცილებლად უნდა დავბრუნებოდი სამსახურს, სხვა შემთხვევაში თავს კარგად ვერ ვიგრძნობდი. ძალიან მეხმარებიან დედა, და და დედამთილი. ბავშვს ისინი იტოვებენ და მაშოსაც არ უჭირს ოჯახის წევრებთან გაჩერება.
– სახლიდან პირველი გამოსვლა ემოციურად გახსენდება?
– პირველად რომ დავტოვე, ეს დღე არასდროს დამავიწყდება. 3-4 საათით წავედით მე და ჩემი მეუღლე მეგობრის დაბადების დღეზე. მთელი ეს დრო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი – სხეულით იქ ვიყავი, გონებით კი სახლში, მაშოსთან. სულ იმაზე ვფიქრობდი, ვაითუ იტიროს-მეთქი. დედაჩემს დავუტოვე და არ ვნერვიულობდი იმის გამო, რომ რამეს ვერ გაუკეთებდა, თუმცა დანაშაულის შეგრძნება მაინც მაწუხებდა – მეფიქრებოდა, ჩემი სიამოვნების გამო ხომ არ დავტოვე-მეთქი.
საბედნიეროდ, როგორც დავაძინე, ისევ ისე დამხვდა – არც გაუგია, დედა რომ გასული იყო. ამ დროს მე ნერვიულობისგან ლამის გული წამივიდა (იცინის). ნელ-ნელა ვეჩვევი. ჩაწერაზეც რომ მივდივარ, ვგრძნობ ხოლმე, როდის შია და დედას ვწერ, ის კი მამშვიდებს, რომ მშიერი არ არის და ჭამს (იცინის). არ ვიცი, ეს რა გრძნობაა, მაგრამ ზუსტად ვხვდები, როდის შივდება. მერე დედამ მითხრა: შენ რომ დაიბადე, მეც ასე ვიყავი, ეს ნორმალურიაო. დედების ცხოვრება ასეთია, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





