შოუბიზნესი

ნინო კურატაშვილი: იმდენად შემიყვარდა ტელევიზია, არ ვნანობ, თეთრი ხალათი რომ გავიხადე

№39

ავტორი: ნონა დათეშიძე 39 წუთის წინ

ნინო კურატაშვილი
დაკოპირებულია

ახლახან ტელეწამყვან ნინო კურატაშვილს დაბადების დღე ჰქონდა, 51 წლის გახდა. ის არც ასაკს მალავს და არც წლების მატების ეშინია. ამბობს, რომ თავისი ცხოვრების მადლიერია და მისთვის ყველა განსაცდელი თუ წინაღობა ერთგვარი გაკვეთილი იყო სამყაროსგან – ასწავლა ბევრი რამ, მისცა გამოცდილება და წინ სავალი სწორი გზა დაანახვა.

ნინო კურატაშვილი: ვარდისფერი სათვალით დიდხანს ვიყავი. ბევრი რაღაცების, რაც რეალურ ცხოვრებაში ხდება, მათ შორის, ადამიანებში გარკვეული თვისებების აღმოჩენაც, საკმაო ასაკში დავიწყე. საბედნიეროდ, გამიმართლა და ჩემ გარშემო, ისეთი სამეგობრო, ოჯახი და საახლობლოა, რომ ნამდვილი სამყაროს საჩუქარია. მოკლედ, დიდხანს მეგონა, რომ სამყარო ვარდისფერი და ბრჭყვიალა იყო და იმ ვარდისფერმა სათვალემ 20 წლის მერე ნელ-ნელა იცვალა ფერი. ამ გადასახედიდან, საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრების გზა გამოვიარე, სადაც იყო ცუდიც და კარგიც, რამაც დიდი გამოცდილება მომცა და მერე გამომადგა. შეიძლება, იმწუთას კონკრეტული მომენტი მტკივნეულია, ვერ აცნობიერებ, რატომ ხდება, მაგრამ მერე ხვდები, ყველა მომენტი რაღაცის სასწავლებელია, უკეთესი გამოცდილებისთვის და წინსვლისთვის. ამის გარეშე ადამიანი ვერ იზრდება და ვერ ვითარდება, ამიტომ ვამბობ, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ ხდება, რომ კანონზომიერია. წლებთან ერთად, ბევრი რამის გადაფასებაც მოხდა. რაც დრო გადის, ჩვენ გარშემო ბევრი რამ იცვლება, ბევრი რამ ჩნდება ისეთი, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი და ეს ეხება როგორც მოვლენებს, ისე ადამიანებს. გულიც მტკენია, როგორც ყველას, მაგრამ ვცდილობ, არ დამრჩეს გულში წყენა. არ არის პატიება მარტივი, მაგრამ ვცდილობ. პატიებაში ვგულისხმობ საკუთარ თავში იმ ძალის მოძებნას, გულში წყენა არ დავიტოვო და საკუთარი თავი არ დავიზიანო. გულისტკივილიც ჩვენი ცხოვრების ნაწილია.

– ახლახან გქონდა დაბადების დღე, რამდენად გიყვარს დაბადების დღის აღნიშვნა?

– 51 წლის გავხდი, ასაკს არ ვმალავ და არც წლების მატება მაშინებს. ასაკის დამალვის შინაარსს ვერ ვხედავ, პირიქით, მადლობა ღმერთს ყველა წლისთვის და დღისთვის. ის უფრო სასიამოვნოა, როცა გეტყვიან, წლები არ გეტყობა, კარგად გამოიყურებიო, ვიდრე პირიქით (იცინის). ამ 51 წლის განმავლობაში ცხოვრების ძალიან ბევრი ეტაპი გავიარე და გადავლახე. ერთფეროვანი ცხოვრება არ არსებობს, ხან ისეა, ხან – ასე, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებელია განვითარებისთვის. ყველა ეტაპს ჰქონდა თავისი სირთულეები, ბევრი გამოწვევაც ყოფილა, მაგრამ ადამიანი სანამ ცოცხალი ხარ, ყველაფრის მოგვარება შეგიძლია. არც რადიკალური ცვლილებები მიყვარს, მაგრამ თუ გარემოება იცვლება, ადაპტაციას ვახდენ. კიდევ ვამბობ, თუ რამე ხდება, ვფიქრობ: ასე იყო საჭირო, რომ მომხდარიყო, ეს ცვლილებაც უკეთესობისთვისაა. სხვათა შორის, ბავშვობაში დაბადების დღეების გადახდა ძალიან მიყვარდა და ყოველთვის ვიხდიდი. 20 რიცხვი რომ მთავრდებოდა, 21-ში შემდგომი დაბადების დღის სიას ვწერდი (იცინის). მერე, წლები რომ გავიდა, ნელ-ნელა გავზარმაცდი და აღარ ვიხდიდი.

– კოლეგებმა პირდაპირ ეთერშიც გაგიკეთეს სიურპრიზი.

– საბედნიეროდ, სასწაული კოლეგები და მეგობრები მყავს და ღმერთს მადლობა ამისთვის. ზოგადად, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, სადაც ვმუშაობ და იმ კოლეგებს, ვის გვრდითაც მიწევს მუშაობა. ისეთი ყურადღებიანი და არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს სამსახურში, დილიდან ზრუნავენ ჩემს განწყობაზე და არც ჩემს დაბადების დღეს ჩაუვლია სიურპრიზის გარეშე (იცინის). არაჩვეულებრივი და ემოციური დილა მომიწყვეს, მომართვეს ულამაზესი ყვავილები და ულამაზესი ტორტი.

– დილის ეთერში მუშაობ და ვიცი, საკმაოდ ადრიანად გიწევს ადგომა, რომ გაემზადო, მიხვიდე სამსახურში და მხიარული განწყობით მიესალმო ახალგაღვიძებულ საზოგადოებას, რომელიც ეკრანიდან გიყურებს. დილით ადგომა არ გიჭირს?

– ზოგადად, გვიან ვიძინებ და დილით ადგომა მიჭირს. დილით, 6 საათზე გაღვიძება ნამდვილად არ იყო ჩემი ყოველდღიურობა და ვფიქრობდი, დილის გადაცემაზე ვერ ვიმუშავებდი. თუმცა, ჩვენმა პროდიუსერმა, ლიკა მენაღარიშვილმა მოახერხა ჩემი დარწმუნება (იცინის). ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ვიწყებდით გადაცემას და ვისთან ერთადაც უნდა მემუშავა, ყველა ძალიან საყვარელი ადამიანია, პროფესიონალები და მათთან ერთად მუშაობა ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. მეოთხე სეზონია ეთერში ვარ. კვირაში ერთხელ ვარ ეთერში და როცა ასეთი გარემო და კოლეგები გხვდებიან სამსახურში, დილის 6 საათზე გაღვიძება ნამდვილად ღირს.

– ვფიქრობ, ფართო საზოგადოებამ, რეკლამით გაგიცნო და დღემდე ახსოვთ „მაგთის“ ის რეკლამა, სადაც ულამაზესი ხუჭუჭა გოგონა ჩანს კლიპში.

– მაშინ, სოციალური ქსელები არ არსებობდა და რეკლამა ტელევიზიით კარგად მუშობდა. გეთანხმებით, ის კონკრეტული ორი „მაგთის“ რეკლამა დღესაც ბევრს ახსოვს. ერთი, ინფორმაციული ხასიათის იყო და თან, მობილური ტელეფონი ახალი შემოსული იყო ჩვენს ცხოვრებაში. სხვათა შორის, სარეკლამო ბანერიც იყო გამოკრული ახლანდელი მერიის შენობაზე და მახსოვს, როცა თვალს მოვკრავდი, თავს უხერხულად ვგრძნობდი (იცინის). ვხუმრობდი: საინფორმაციო გადაცემა „მოამბეს“ ყველა უყურებს და მაინც რეკლამიდან მცნობს ხალხი ქუჩაში-მეთქი (იცინის).

– როგორც ვიცი, პროფესიით ექიმი ხარ. ტელევიზიაში როგორ მოხვდი?

– დიახ, სამედიცინო მაქვს დამთავრებული, თუმცა ჩემი პროფილით არ მიმუშავია. სტუდენტობის დროს, შემთხვევით მოვხვდი ტელევიზიაში. ახლობელი და არაჩვეულებრივი ჟურნალისტი აკეთებდა „მეორე არხზე“ გადაცემას და გადაცემის წაყვანა შემომთავაზა. კამერასთან ურთიერთობის გამოცდილება არ მქონია. მითხრა, ვცადოთ, როგორ გამოვაო, გადავიღეთ, დამონტაჟდა და მაშინვე გავიდა ეთერში. ასე აღმოვჩნდი და ვიმუშავე ერთი წელი „შავი ყუთის“ წამყვანად. დიდი სატელევიზიო პაუზებიც მქონდა, მეგონა, დავანებე თავი კამერების წინ ყოფნას. აღარც ვფიქრობდი იმ რეჟიმში დაბრუნებას შვილის გაჩენის შემდეგ რომ დავტოვე „მოამბე“ და ოდესმე მუშაობის გაგრძელებას, რადგან ფაქტობრივად, ტელევიზიაში ცხოვრობ და ოჯახის წევრებს ნაკლებად ხედავ, მაგრამ, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ დამითანხმეს ჩემმა პროდიუსერმა და მეგობარმა – რეზიკომ და გოგამ და ისევ აღმოვჩნდი კამერების წინ „პირველ არხზე“, გადაცემა „სამოთხის ვაშლებში“. ამის შემდეგ, ისევ იგივე იყო – ექვსწლიანი პაუზა, ისევ მეგონა, სამუდამოდ დავანებე თავი, მაგრამ კვლავ აღმოვჩნდი კამერების პირისპირ – „იმედის“ დილის გადაცემაში. მოკლედ, ორჯერ დავიწყე სატელევიზიო ცხოვრება დიდი პაუზის შემდეგ და ვაღიარებ, იმ ექვს-ექვსწლიან პაუზებში, ნამდვილად იყო კამერების მონატრების მომენტები. კიდევ ვამბობ, ჩემი პროფესიით არცერთი დღე არ მიმუშვია, რადგან სტუდენტობიდან უკვე ტელევიზიაში ვმუშაობდი, გამოცდებს კი ვაბარებდი, მაგრამ დიპლომის ასაღებად დედაჩემი გავუშვი.

– არასდროს გინანია, თეთრი ხალათი რომ კამერებში გაცვალე და, როგორ ფიქრობ, შენი პროფესიით რომ წასულიყავი, როგორი ექიმი იქნებოდი?

– სამედიცინოზე, სამკურნალო ფაკულტეტზე ჩავაბარე, მესამე კურსიდან სტომატოლოგიურზე გადავედი. დიდად სერიალების მოყვარული არ ვარ, სატელევიზიო პაუზა რომ მქონდა, იმ პერიოდში, ექიმებზე გადიოდა სერიალი, ვუყურებდი და უცბად მომინდა თეთრი ხალათის ჩაცმა (იცინის). ზოგადად, ძალიან ემოციური ვარ და მიყვარს სკურპულოზურად ყველაფრის კეთება. მეგობრები მეუბნებიან: შენ პროფესიას რომ გაჰყოლოდი, საწყალი შენი პაციენტები, სულ ანალიზებით ხელში ივლიდნენო (იცინის). პასუხიმგებლობის გრძნობა მაღალ ხარისხში მაქვს და მგონია, ცუდი ექიმი არ ვიქნებოდი. თუმცა, იმდენად შემიყვარდა ტელევიზია, არ ვნანობ, თეთრი ხალათი რომ გავიხადე. სხვათა შორის, ჩემი სამსახური ყოველთვის დაკავშირებული იყო სიურპრიზებთან, არასოდეს მიფიქრია, რომ კამერების წინ მოვხვდებოდი, წამყვანობაზე არც ბავშვობაში მიოცნებია. თუმცა, აქ სრულიად შემთხვევით მოვხვდი და რომ ვფიქრობდი, ცოტა ხანი ვიმუშვებ წამყვანად და მერე დავუბრუნდები ჩემს პროფესიას-მეთქი, ვერ შევძელი, იმდენად შემიყვარდა ის საქმე, რასაც ვაკეთებდი და ვაკეთებ.

– ნინო, მიგაჩნია, რომ კარიერულად და პირადშიც გაგიმართლა და ბედნიერი ქალი ხარ?

– რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. ალბათ, კარგი იქნებოდა მედიცინას გავყოლოდი, მაგრამ ასე განვითარდა მოვლენები, შემთხვევით აღმოვჩნდი საოცარ გარემოში – ტელევიზიაში და დღემდე ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, ჩემთვის ეს ნამდვილად საჩუქარია სამყაროსგან. როგორ შემიძლია, ვთქვა, არ ვარ ბედნიერი-მეთქი, როცა დედა ვარ, ოცი წლის გოგონა მყავს და ჩემი შვილის სახით, ღმერთმა, უდიდესი საჩუქარი გამიკეთა?! როგორ დავიწუწუნო? პირიქით, ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრის, რაც მაქვს და იმ ადამიანების, ვინც მყავს გარშემო. რთული პერიოდები ყველას გვაქვს, მაგრამ თუ ცხოვრებაში სირთულე არ შეგხვდა, ვერც მის გადალახვას ისწავლი, წინ ვერასდროს წახვალ. ამიტომ ვამბობ, ის სირთულეც, ბარიერიც და წინაღობაც, რაც ცხოვრების გზაზე გვხვდება, ერთგვარი ცხოვებისეული გაკვეთილებია, რომელიც უნდა გაიარო და მეც გავიარე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი