როგორი შეყვარებულია ქალთა გულთამპყრობელი ნიკოლოზ ხაჩიძე და როგორ მიიღო მაია ასათიანმა მისი გადაწყვეტილება წასვლის შესახებ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 01.02, 2022 წელი
ნიკოლოზ ხაჩიძე წლების განმავლობაში „პროფილის“ პროდიუსერი იყო. თუმცა, ოდესღაც ყველაფერი სრულდება. ახლა მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ „რუსთავი 2-ის“ ახალი გადაცემაა, რომელსაც ის უძღვება და თვითონვე მოგვიყვება, რას უნდა ველოდოთ ამ სიახლისგან.
ნიკოლოზ ხაჩიძე: „პროფილიდან“ წამოსვლის შემდეგ რამდენიმე შემოთავაზება მივიღე. მათ შორის, ერთ-ერთი – თაკო ფხაკაძისგან. მას უნდოდა, „რუსთავი 2-ზე“ წამყვანის ან პროდიუსერის ამპლუით დავბრუნებულიყავი. რამდენიმე ვარიანტი იყო და საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა გადაცემა „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“, რომლის წამყვანიც მე ვიქნებოდი. მსგავსი გადაცემა წარსულშიც მქონდა და ეს ფორმატი ჩემთვის ძალიან კომფორტულია, რადგან მიყვარს რესპონდენტებთან პირისპირ საუბარი. კიდევ ერთ ახალ გადაცემას ვიწყებთ, სახელწოდებით – „ღამის პრაიმტაიმი“, რომელსაც ექვსი წამყვანი ეყოლება და მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიქნები.
– „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“, ალბათ, ერთგვარი რისკია, რადგან ბოლო პერიოდში მსგავსი ფორმატის გადაცემები მომრავლდა.
– ცოტა ქედმაღლურად გამომდის, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა მსგავსი გადაცემისგან განსხვავებული გადაცემა გამოგვივიდოდა. სამწუხაროდ, პატარა ქვეყანა ვართ და საინტერესო ცხოვრების მქონე რესპონდენტი ბევრი არ გვყავს. თუმცა, შეიძლება, ყველასთვის კარგად ნაცნობი ადამიანი აქამდე უცნობი კუთხით დაგანახვოთ, ვასაუბროთ იმაზე, რაზედაც მანამდე არ საუბრობდნენ ან, უბრალოდ, ვკითხოთ ის, რასაც აქამდე არ ეკითხებოდნენ. შესაძლოა, ეს ამბები ოდესმე სადღაც მოყოლილიც ჰქონდეთ, მაგრამ განვლილი წლებიდან გამომდინარე, ახლა სხვანაირ გადაფასებას აკეთებდნენ. კი, რისკი არის, მაგრამ ეს არასდროს მაშინებს. მაშინ უფრო ვინანებ, თუ ნაბიჯს არ გადავდგამ, ვიდრე მაშინ თუ გადავდგამ და არ გაამართლებს. თუმცა, ეს სწორი „რისკია“, რადგან ჩანს, რომ გაამართლა.
– წლების განმავლობაში „პროფილის“ პროდიუსერი იყავი და ბუნებრივია, რომ მასთან ასოცირდები. ჯერ არ ვიცით, გაგრძელდება თუ არა ეს გადაცემა, მაგრამ თუ ასე მოხდება, ნიკოლოზის ახალი ეტაპი ნიშნავს „პროფილთან“ კონტაქტის გაწყვეტას?
– ყველაზე დიდხანს ამ გადაცემაზე ვმუშაობდი, რვა წელი და ბუნებრივია, რომ ასეა. ახალი ეტაპი „პროფილთან“ მეგობრობის გაწყვეტას არ ნიშნავს. ამდენი წლის განმავლობაში სახლში არ ვატარებდი იმდენ დროს, რამდენსაც მასზე მუშაობაში და იმ გუნდიდან, ვისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებდა, მათთან მეგობრობას აუცილებლად გავაგრძელებ. მაიამ ადეკვატურად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება. დიდი ხნით ადრე მქონდა ნათქვამი, რომ რაღაც ეტაპის შემდეგ მე წასვლას ვაპირებდი. შესაბამისად, ჩემი წამოსვლა მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ოდესღაც ყველაფერი მთავრდება და ახალი იწყება. 16 წლიდან ვმუშაობ. სტუდენტი რომ გავხდი უკვე ჩემი შემოსავალი მქონდა. მალე კი, პარალელურად, იყო პრესა, ტელევიზია, რადიო – ერთდროულად ორ-სამ ადგილზე ვმუშაობდი. ძალიან იშვიათად მქონდა ერთი სამსახური.
– ასე ადრე რატომ გადაწყვიტე მუშაობის დაწყება?
– დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი, მინდოდა, ჩემი შემოსავალი მქონოდა. სკოლა დამთავრებული არ მქონდა, ექსტერნად ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე და უნივერსიტეტის გაზეთში ვწერდი სტატიებს, უნივერსიტეტის რადიოში წამყვანი ვიყავი და ამასთან, სტიპენდიანტიც, რაც ძალიან მეამაყებოდა. ოჯახს ცალკე თავისუფალი ბინა ჰქონდა. გადავწყვიტე, იქ გადავსულიყავი და ჩემი შემოსავლით დამოუკიდებელი ცხოვრება დამეწყო. მერე ის ბინა ჩემს დას მივეცით და 26 წლის ასაკში ჩემთვის ახალი ბინა შევიძინე. იმ პერიოდში დილემის წინაშე ვიდექი: მინდოდა ამერიკაში გამეგრძელებინა ცხოვრება ან დავრჩენილიყავი და საკუთარი ბინა შემეძინა. სამსახურებიდან წამოსული ვიყავი, რადგან ამერიკისთვის ვემზადებოდი და ამ დროს მივიღე ორი ძალიან კარგი შემოთავაზება, ვარჩიე დავრჩენილიყავი და ბინაც შევიძინე.
– რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტიკა?
– ოჯახს უნდოდა, ექიმი ვყოფილიყავი. მე სამედიცინო სფეროს მიმართ არანაირი ინტერესი არ მქონდა. დედაჩემი ყავას არ სვამს, მაგრამ ერთხელ მეუბნება, ჩემს დაქალთან მკითხავი იყო მოსული, ყავა დავლიე და მიმკითხავა, მითხრა, შენს პატარა შვილს თეთრ ხალათში ვხედავო (იცინის). მაშინვე მივხვდი, რომ ტყუილს მეუბნებოდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მე მაშინ მსახიობობა მინდოდა. მშობლებმა მომცეს საშუალება, პრაქტიკულად გავცნობოდი ამ პროფესიას და მივხვდი, რომ ისე ძალიანაც არ მინდოდა. იმ პერიოდში ქართული შოუბიზნესი პირველ ნაბიჯებს დგამდა და ეს ბრჭყვიალა სამყარო ძალიან მომწონდა. გადავწყვიტე ჟურნალისტი გავმხდარიყავი და ამ სამყაროსთან მქონოდა შეხება.
– მანამდელი ნიკოლოზი როგორ გახსენდება, ქუჩა იქნებოდა თუ სკოლა – სად როგორი იყავი?
– ქუჩაში ფიზიკურად ძლიერ ტიპებთან ვძმაკაცობდი, ეს ჩემი თავდაცვის მეთოდი იყო. მე არ ვიყავი ძლიერი, ვინმეს რომ ერთი შემოერტყა, მაშინვე დამაგდებდა, ყველაზე არასპორტული ბავშვი ვიყავი. სამაგიეროდ, ეტყობა, ცოტა ჭკუა მქონდა და ძლიერებთან ვმეგობრობდი (იცინის). შესაბამისად, ქუჩაში დაჩაგრული არ ვყოფილვარ. სწავლას რაც შეეხება, გარკვეულ ასაკამდე კარგად ვსწავლობდი, მერე – აღარ, მაგრამ მასწავლებლები რომ მეკითხებოდნენ, ვიცოდი თუ არა გაკვეთილი, თავდაჯერებული ვპასუხობდი, რომ ვიცოდი. იმდენად სჯეროდათ, ტყუილს არ ვიტყოდი, აღარ მამოწმებდნენ და ამის ხარჯზე აღარ ვსწავლობდი (იცინის).
– საკმაოდ ცუღლუტი და თან რომანტიკული ბავშვი ყოფილხარ. დედის ძვირფასეულობა საყვარელი გოგოსთვის გიჩუქებია.
– ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული (იცინის). მე თვითონ კარგად არ მახსოვს ეს ისტორია, უფრო მონაყოლი ვიცი. მახსოვს, რომ ამ გოგოს სახელად ქრისტინე ერქვა. ეს ხდებოდა ბორჯომში, სასტუმროში ვისვენებდი დედასთან და და-ძმასთან ერთად. ქრისტინე ბებიას ჰყავდა დასასვენებლად ჩამოყვანილი. გავიცანი და ეტყობა, შემიყვარდა. როგორც ჩანს, გადავწყვიტე, ასე გამომეხატა სიყვარული. ოთახიდან დედაჩემის სამკაულები ავიღე და ქრისტინეს ვაჩუქე. ალბათ, ვხვდებოდი, რომ ამის გამო დამსჯიდნენ და ვთხოვე, ბებიასთვის არაფერი ეთქვა, ჩვენი საიდუმლო იყოს-მეთქი, შევუთანხმდი. გადავწყვიტეთ მეორე დღეს სადმე ჩაგვეფლო (იცინის). თუმცა ვერ მოუთმენია და საღამოს ბებოსთვის უთქვამს. ამასობაში დედაჩემს ჰგონია, რომ გაქურდეს, პოლიცია გამოიძახა და მთელი ამბავი ატყდა. მე ხმას არ ვიღებ. ცოტა ხანში შემოდის ქრისტინეს ბებია და სამკაულები შემოაქვს. დედაჩემის ერთი გამოხედვით მივხვდი, რომ კარგი ნოტაციები მელოდა და ასეც მოხდა (იცინის). სამაგიეროდ, ქრისტინესგან ჯილდოდ მიღებული კოცნა დამრჩა და ეს იყო ჩემი პირველი კოცნა (იცინის). მგონი, რომანტიზმი და გადარევამდე აჟიტირება იქ დავტოვე (იცინის). არა. ვხუმრობ, მერეც ჩამიდენია სიგიჟეები და მგონია, რომ თუ სიყვარულს სიგიჟეები არ ახლავს, ის სიყვარული არ არის.
– შოუბიზნესიდან მეგობრები ვახსენეთ. „პროფილშიც“ იყავით ერთად სამეგობრო: შენ, ნოდიკო ტატიშვილი და დათუნა მგელაძე, როგორც ქალთა გულთამპყრობელები. დათუნა დაოჯახდა. შენთან რა მოხდა პირველი სიყვარულის შემდეგ?
– „ქალთა გულთამპყრობელი“ ცოტა გადაჭარბებული შეფასებაა (იცინის). კი, დათუნა დავაოჯახეთ, ჩვენ მეჯვარეები ვართ. მე ორჯერ მიყვარდა ძალიან. ერთხელ თინეიჯერობის პერიოდში, 17 წლის ვიყავი, რომ გავიცანი და 4-5 წელი ვიყავით ერთად. ამ ურთიერთობის დასრულებიდან, რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ შემიყვარდა და ეს ურთიერთობა სამი წელი გაგრძელდა. ძალიან მომწონს, როცა შეყვარებული ვარ. ცოტა საქმეს ვეთიშები ხოლმე, მაგრამ სიყვარული იმდენად მაბედნიერებს, რომ ღირს.
– რატომ გამოვიდა ისე, რომ არცერთი ურთიერთობა ოჯახის შექმნით არ დამთავრდა?
– ერთ-ერთი უნდა დასრულებულიყო ოჯახით, ასე ვფიქრობდით, მაგრამ მერე ბევრი რამ მოხდა და ბავშვური შეცდომების გამო დავიშალეთ. დღეს მას ოჯახი აქვს და როგორც ვიცი, ძალიან ბედნიერია. დღემდე იმდენად მაგარი გოგოა, რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ მაგარი შეყვარებული მყავდა (იცინის). ოჯახს რაც შეეხება, მგონია, რომ მისი შექმნა ასაკზე არ არის დამოკიდებული. თუ გრძნობა არ მოვიდა, რომელიც მიგახვედრებს, რომ ის ადამიანი იპოვე, ვისთან ერთადაც გინდა ცხოვრების გატარება, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ. როცა შეყვარებული ვარ, ფეხის თითიდან თმის ღერამდე იმ ადამიანით ვარ გაჟღენთილი და ამ გრძნობის გარეშე ოჯახი აზრს მოკლებული მგონია. იმაზეც მიფიქრია, რომ შეიძლება, ასეთი სიყვარული აღარც მოვიდეს. მყავს ბევრად უფროსი დაუოჯახებელი მეგობრები, რომლებიც საერთოდ არ არიან უბედურები. პესიმისტურად არ ვუყურებ ამ საკითხს, მჯერა, რომ სიყვარულს ვიპოვი. არ მინდა, მათ რიცხვში ვიყო, ვისაც სიყვარულში არ გაუმართლა, მაგრამ თუ მაინც იქ აღმოვჩნდები, ამასაც არა უშავს (იცინის).
– ხშირად გვესმის ხოლმე ჭორები თუ კითხვები მაიასთან დაკავშირებით, როგორია რეალობა?
– ეს ჭორები, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა, სრული სისულელეა. ამას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. მე და მაია წლები ვმუშაობდით ერთ საქმეზე და ბუნებრივია, რომ დიდ დროს ვატარებდით ერთად. ამაზე აეგო ეს ჭორი, თორემ რეალობასთან არანაირ კავშირში არ იყო.
– გარეგნობა და ხმა ეკრანზე შენი სავიზიტო ბარათია. ხმაზე არ ვიცი, როგორ უნდა იზრუნო, მაგრამ გარეგნობაზე ზრუნავ?
– ხმა რადიოსთვისაც სავიზიტო ბარათია და მიხარია, როცა ვინმე მეუბნება, რომ ხმით ვახსოვარ. გარეგნობას რაც შეეხება, ერთადერთი, ვცდილობ, წონა ვაკონტროლო. როცა ალკოჰოლსა და კალორიულ საკვებს ვიღებ, ეს წონაზეც აისახება. ერთი პერიოდი ვვარჯიშობდი, მერე თავი დავანებე და ამანაც შეუწყო ხელი წონის მომატებას. ალბათ, ცუდია, მაგრამ გარეგნობაზე ზრუნვა არ გამომდის. შეიძლება, განსაკუთრებულად არც დამჭირვებია. წონის კონტროლიც ხან გამომდის, ხან არა. გულწრფელად რომ ვთქვა, წონას მაშინ ვაკონტროლებ, თუ ეკრანზე ვჩანვარ ან შეყვარებული ვარ. თუ წონაში მომატებული მნახეთ, ესე იგი, ჩემს ცხოვრებაში არავინ არის და იმ პერიოდში არც ეკრანზე ვჩანვარ (იცინის).
P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის ნიკოლოზ ურუშაძეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან