შოუბიზნესი

როგორ „ზრდის“ კაკული გურიელაშვილს მეუღლე შვილიშვილებთან ერთად და როგორ შეცვალა მან საკუთარი ცხოვრება ჯანმრთელობისთვის

№51

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 29.12, 2021 წელი

კაკული გურიელაშვილი
დაკოპირებულია

ყველასთვის საყვარელი მომღერალი კაკული გურიელაშვილი ძალიან პატარა იყო, როდესაც საქართველოდან საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა, თუმცა ქართული სული და ამ ქვეყნის სიყვარული არასდროს დაუკარგავს. მასთან საუბარი ოჯახით დავიწყეთ, რომელიც მისთვის განსაკუთრებით ძვირფასია.

კაკული გურიელაშვილი: ჩვენ მთელი კვირა ვმუშაობთ, შაბათს ვისვენებთ და ეს დღე იმისთვის არის, რომ ოჯახთან ერთად გაატარო. შენი პირველი ნახევარი, უსაყვარლესი ქალბატონი შენს ნაშოვნს ისე აკვალიანებს, როგორც საჭიროა და ამ დღეს ყველა ერთად ვზივართ და ღმერთს მადლობას ვეუბნებით ყველაფრისთვის. ამას ჩვენი რელიგია გვასწავლის. რაც უფრო მეტ სიყვარულს გასცემ, მით უფრო მეტი მოგიბრუნდება. ყველაფერი რომ კარგად არის, ზოგჯერ უნდა აურიო კიდეც, რომ მერე ისევ ყვავილები მიართვა მეუღლეს და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინო.

– გაიზარდა თქვენი ოჯახი, შვილიშვილები შემოგემატნენ...

– ოთხი შვილიშვილი მყავს – ოთხივე ბიჭი. სამმა მოასწრო საქართველოს მონახულება და მითხრეს, ხომ არ გადავიდეთ საცხოვრებლადო?! ქართული ესმით და კარგადაც ლაპარაკობენ. ქართულ მენტალიტეტსაც კარგად იცნობენ და მოეწონათ საქართველოში ყოფნა. ვუთხარი, ბებია და ბაბუა სიბერეში რომ წავლენ, მერე, ალბათ, ხშირად მოგიწევთ აქ ჩვენთან ჩამოსვლა-მეთქი.

– ძალიან პატარა წახვედით, თუმცა ქართველობა შეინარჩუნეთ, შვილებსაც გადაეცით და უკვე შვილიშვილებსაც. რა ქართული ტრადიციები გაქვთ ოჯახში?

– უპირველეს ყოვლისა, ოჯახში ქართულად ვსაუბრობთ. ქართულ კერძებს ვამზადებთ, ქართულ სადღეგრძელოებს ვამბობთ, ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს ვასრულებთ. ქართულ სტუმართმოყვარეობას ვასწავლი შვილიშვილებს. ებრაელებს კაცობის დღე გვაქვს და ამ დღეს შვილიშვილებს ჩოხით ვაცეკვებთ. მეფე-დედოფალი დაისით იწყებს ცეკვას. ეს ქართული ტრადიციებია. თუმცა, მგონია, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ენის, ქართული სითბოსა და სიყვარულის შენარჩუნებაა. ჩემმა შვილებმაც ქართული ოჯახები შექმნეს, ქართველი რძლები მყავს.

– მეუღლე როგორი ადამიანია და როგორია დღეს თქვენი სიყვარული?

– ჩვენი ურთიერთობა ბავშვობიდან დაიწყო და ორმოც წელზე მეტია, სიყვარულით გრძელდება. ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა გგონია, რომ სიყვარული ცივდება. ახალგაზრდობაში უფრო მეტად კარიერაზე ხარ გადართული და ფიქრობ, რომ გრძნობა გაცივდა. ზუსტად ამ დროს უნდა დაანთო ცეცხლი. თუ ცოლ-ქმარს შორის სიყვარული არსებობს, ის არასდროს გაქრება, ბოლომდე შეინარჩუნებ. მაგრამ სადაც სიყვარული არ არის, იქ არ ღირს ყოფნა. ჩვენ ბევრი სიყვარული გვაქვს ერთად: ერთმანეთის, შვილების, შვილიშვილების. ბებია რომ არის, ახლა უფრო მეტად მიყვარს. ჩემსა და მის მონაგარს ის ყველაზე მაგრად ზრდის – დიდ სითბოსა და სიყვარულში. შვილიშვილებთან ერთად მეც მზრდის – ბაბუას. ბაბუა ყველაზე რთულად აღსაზრდელი აღმოჩნდა. მეგონა, წლებთან ერთად ჭკუაც მომემატებოდა და უფრო მეტად ბრძენი ვიქნებოდი, მაგრამ დრო რომ გადის, ვხედავ, რომ ბებია მეტად ბრძენდება და ბაბუა სულელდება (იცინის). მე ბიჭებს ხან ფეხბურთს ვეთამაშები, ხან მაიმუნის როლში ვარ და ხან – ჟირაფის, როგორც მათ გაუხარდებათ. მეუღლე მეუბნება ხოლმე, შენც ბავშვივით ხარ, მოსავლელი გახდიო. მეც შევიფერე ეს მდგომარეობა და მსიამოვნებს.

– მეუღლეს თუ ანებივრებთ თქვენი სიმღერით?

– ჩემი ყველაზე დიდი შემფასებელი მეუღლეა. თუ მას მოეწონა, ის სიმღერა გამართლებულია. თუ მას არ მოეწონა, გამორიცხულია მე ის ვიმღერო. შეიძლება, გასაკვირია, მაგრამ ამ დროს ის ცოლქმრობას გვერდზე დებს და ჩემს კარიერას ცივი გონებით უდგება.

ჩვენთვის ოჯახი ყველაფერია. დილით რომ ვიღვიძებთ, გამოვდივართ ოთახებიდან და ერთმანეთს ვკოცნით. დასაძინებლად რომ მივდივართ, ერთმანეთს ვკოცნით. გარეთ რომ გავდივართ და უკან ვბრუნდებით, მაშინაც ერთმანეთს ვკოცნით. კარგი ენერგიები ტრიალებს ჩვენს ოჯახში. ცხოვრება ისეთია, რომ გაუგებრობებიც ხდება, მაგრამ როცა სიყვარულია, იქ ესეც გვარდება. როცა ორმოცი წელი ადამიანთან ცხოვრობ და მის სუნთქვასაც კი იცნობ, საყვარელ ადამიანთან ერთად შვილები გააჩინე, მათ კიდევ შვილიშვილები გაჩუქეს და ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს. მილიარდები ოჯახივით ვერ აბედნიერებს ადამიანს.

– შვილებიც მღერიან?

– ორს მუსიკალური კარიერა აქვს. ბიჭი ჩემთან ერთად მღერის ანსამბლში, გასტროლებზეც ერთად დავდივართ. მაგრამ ჩემი გოგო, დამატებით, პედაგოგია. ისინი ისრაელში გაჭირვებულ ბავშვებს ეხმარებიან და ის ამ ორგანიზაციის დირექტორია მთელი ისრაელის მასშტაბით. მესამე მოჭიდავე იყო, თუმცა, სპორტულ კარიერას პროფესიონალურ დონეზე ასრულებს და ახლა სხვა პროფესიას ეუფლება.

– დაქორწინებულები ბიჭები არიან?

– კი, გოგო – ჯერ არა. ახლა დაამთავრა კიდევ ერთი სასწავლებელი.

– ეუბნებით, აღარ გინდა ამდენი სწავლა, ოჯახი შექმენიო?

– არა, ეს არცერთი შვილისთვის არ მითქვამს. მე სიყვარულით მყავს მოყვანილი ცოლი და ახლაც ძალიან მიყვარს. ნეტა შემეძლოს, მთელი მსოფლიოს წინაშე გულის გახსნა, რომ ნახონ, რამდენად მიყვარს ჩემი მეუღლე. მე ყოველთვის მინდოდა, ჩემს შვილებს ოჯახი იმასთან შეექმნათ, ვინც ეყვარებოდათ, ასე ბევრი რამე ადვილდება. ცხოვრების რაღაც პერიოდები, ასეც და ისეც, მაინც რთულია, ჩავარდნები ყველას გვაქვს, ოქროს აკვანში არავინ დავბადებულვართ, მაგრამ როცა ადამიანი გიყვარს, მასთან ერთად ყველაფერს შექმნი. მე და ჩემს მეუღლეს თითო-თითო აგური გვაქვს დადებული, ბევრჯერ გვქონია, ბევრჯერ არა, მაგრამ ერთმანეთი გვყავდა და ამან გაგვაძლებინა. ეს გადავეცით ჩვენს შვილებსაც. დღეს შეიძლება, შვილს სახლიც აჩუქო, მანქანაც, მაგრამ ჭკუა და განათლება არ მისცე, გზა არ გაუკაფო და შენ რომ აღარ იქნები, ის შენს ნაშრომს წყალს გაატანს. ჩვენი რელიგიაც იმას გვეუბნება, რომ მამას შვილისთვის ხუთი რამის მიცემის ვალდებულება აქვს: ნათლობა, კაცობისა და ქალობის დღე, ქორწილი, განათლება და ცურვის სწავლა. ცურვა იმიტომ, რომ ვინც წყლის ძალისგან დაიხსნის თავს, ის ყველა სიტუაციიდან გამოძვრება. ჩვენ მორწმუნე ხალხი ვართ და მივყვებით მისი წესებით ამ ცხოვრებას.

– ქალების დღეს ანებივრებთ მეუღლეს?

– უფ, ჰოლივუდური საღამოა (იცინის). 800-1 000 კაცია დაპატიჟებული და მიდის ქეიფი და დროსტარება თავის ყველაფრით დილის ხუთ-ექვს საათამდე. ჩემი მეუღლეა მთავარი. მე ასე ვუყურებ ჩემს ცხოვრებას – თუ ყვავილს წყალი არ დაუსხი, დაჭკნება. ამიტომ მე მას ვუფრთხილდები, ის – მე. ვცდილობთ, ჩვენი მონაგარი წინ წავწიოთ.

– რამდენად ერთგული მეუღლე ხართ?

– ღალატი ძალიან მტკივნეულია. რელიგიურად ბევრი განსხვავებაა ქალსა და კაცს შორის. ჩვენი რელიგიით, ქალი ქმრის დამხმარე ძალად არის გაჩენილი. მაგრამ მე ჩემს მეუღლეს ვუყურებ, როგორც ჩვენი ოჯახის წამყვან ძალას. წლების განმავლობაში მე მაინც კარიერით ვიყავი დაკავებული, ოჯახის ბურჯი დედა არის. ერთგულებას მოდი ასე შევხედოთ, შენ რომ გიღალატონ, როგორ იგრძნობ თავს? ემოციები ქალსაც აქვს და კაცსაც. ქალში ერთი რამ განსხვავდება, ის შეიძლება, ფეხმძიმედ დარჩეს, მე არაფერი – ვითომ ამაში აძლევს რელიგია მამაკაცს უპირატესობას. მაგრამ ტკივილი ორივესთვის ტკივილია. უბრალოდ, მამაკაცი უფრო ემოციურია და შეიძლება, რამე საშინელება ჩაიდინოს, მაგრამ ქალს რა, ემოციები არ აქვს?! ამიტომ, ჯობს, ყველამ საკუთარ ოჯახში ჩადოს მაქსიმალური ენერგია. ჩვენთან ქალი ანთებს სანთელს და თუ სანთელს ცრემლიანი თვალით დაანთებინებ, ვერ გაიხარებ. თუ ის ღიმილიანი სახით ილოცება, შენზე ბედნიერი არავინ იარსებებს. ღალატი მარტო ღალატი არ არის, ეს უკვე ცხოველური ცხოვრებაა. მე ასე არ შემიძლია. ვინც მიყვარს, იმასთან ვცხოვრობ. ასე ლამაზად ვცხოვრობ.

– საკმაოდ ბევრი კილოგრამი დაიკელით, რატომ გადაწყვიტეთ, რადიკალურად შეცვლილიყავით?

– ბაბუა რომ გავხდი, სიმსუქნის გამო ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო – დიაბეტი, არითმია, თირკმელების პრობლემები და მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ყველაფერს სიმსუქნე იწვევდა. ამას ემატებოდა ჩემი ცხოვრების რეჟიმი, ღამის თევა, კონცერტები, ბანკეტები. გადავწყვიტე, დროულად მიმეხედა თავისთვის. დიაბეტიც გაქრა და ბევრი პრობლემაც, მანეკენობაზე მე არ ვოცნებობდი, ეს იყო ჩემი მიზანი და ახლა ვიქნები ბედნიერად ჩემს ოჯახთან ერთად. ბარიატრიული ჩარევის შედეგად სამოცი კილოგრამი დავიკელი. კუჭი დავიპატარავე, ჩემი რეჟიმით სხვანაირად გამიჭირდებოდა. დღეში რომ ხუთ ბანკეტზე ხარ სადღეგრძელოებით, სხვანაირად წონაში ვერ დაიკლებ. ახალ წონას კი თავის წესები შემოაქვს. იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდები, როცა ახალგაზრდული ტანსაცმლის ჩაცმა მინდოდა, მაგრამ წონა არ მიწყობდა ხელს. ახლა წონა მიწყობს ხელს, მაგრამ სიბერეს აღარ შეფერის (იცინის). თუმცა, მთავარი ჯანმრთელობაა და მეც მას ვუფრთხილდები. მივხვდი, რომ ქეიფი და სადღეგრძელოები ლიმონათითაც შეიძლება. სავალდებულო არ არის ჩემი სიყვარული სმით გამოვხატო, ამას გულით ვაკეთებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი