შოუბიზნესი

როგორ უმზადებდა ელარჯსა და მჭადებს ხატია წერეთელი პატიმარ ქალებს და რა ჯოჯოხეთი გამოიარა მან ექვსი თვის განმავლობაში

№10

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00

ხატია წერეთელი
დაკოპირებულია

ექვსი თვის წინ სოციალური ქსელი აჭრელდა ამბით, რომ ხატია წერეთელი დაიჭირეს. რამდენიმე კვირის წინ, გირაოს გადახდის შემდეგ, ის სასამართლოდან პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს და როგორც თავად ამბობს, ექვსთვიანი ჯოჯოხეთი მისთვის დასრულდა. ჩვენ ხატიას დავუკავშირდით და საკანში ჯდომის ამბები გამოვკითხეთ, რაზეც ჩვეული ხალისით დაგვთანხმდა და გულახდილი ინტერვიუ მოგვცა.

ხატია წერეთელი: ექვსი დღის ჩასული ვიყავი დასასვენებლად ანაკლიაში, სადაც პატარა კოტეჯი მაქვს. წინა დღეს ჩემი შვილი და და წამოვიდნენ, მე დავრჩი. მეორე დღეს, ზღვაზე ვიყავი, დავბრუნდი კოტეჯში და სამართალდამცველები დამადგნენ თავზე. თავიდან ვიფიქრე, გაუგებრობაა-მეთქი, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. ზოგადად, ისეთი დანაშაული წამიყენეს ბრალად, რომელიც შეიძლება, შენი თანამშრომლის შეცდომა იყოს. მოკლედ, დამაკავეს და გადამიყვანეს ჯერ მცხეთის იზოლატორში, შემდეგ კი სასამართლოში აღმოვჩნდი. ალბათ, ეს ტვინის დამცველობითი ფუნქციაა, რომ ბევრი რამ დამავიწყდა და ნერვიულობისგან რაღაც მომენტები არ მახსოვს, ამოვარდნილი მაქვს. წამიყენეს ბრალი და პირველი ინსტანციის სასამართლომ 2 წელი ციხე მომისაჯა, მეორე სასამართლომ კი, ექვსი თვის მერე, ჯარიმით გამომიშვა.

– როცა ბრალი წაგიყენეს და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მოგისაჯეს, გაიაზრე ეს ყველაფერი და მიხვდი, ოთხ კედელში მოგიწევდა ამ დროის გატარება, რა რეაქცია გქონდა?

– მე ველოდი, რომ მომისჯიდნენ, მაგრამ ძალიან ცუდი მომენტი იყო, როცა განაჩენი გამოაცხადეს. მქონდა ძლიერი ტკივილი და საშინელებების განცდა. ადვოკატი მაიმედებდა, მსგავსი პრეცენდენტების შემთხვევაში, ძირითადად, სააპელაციო სასამართლო უშვებს, არსებობს „უდო“, „ბრასლეტი“ და ეს არის ყველაზე მსუბუქი დანაშაული და ამ დანაშაულს ეხება აბსოლუტურად ყველა შეღავათი, რაც კი არსებობს და არ მოგიწევს ორი წელი ციხეში ჯდომაო.

– როცა ქალთა პენიტენციარულ დაწესებულებაში გადაგიყვანეს, საკანში შეხვედი და კარი მიიხურა, ამ დროს რა მოხდა შენში? ბევრმა არ იცის, რომ შენ კლაუსტროფობია გჭირს და მსგავსი დაავადების მქონე ადამიანს, საშინლად ეშინია დახურულ სივრცეში ყოფნის.

– საკანში რომ შევედი, სამი ქალბატონი დამხვდა. მათგან ერთი სამჯერ იყო ნასამართლევი9, მეორე – ორჯერ. ეს ადამიანები ცდილობდნენ, გაეიოლებინათ ჩემთვის სიტუაცია. ანუ თანამესაკნეები ჩემი იქ მისვლის პირველივე წუთიდან გვერდით დამიდგნენ და ოთხ კედელს შორის ყოფნა შემიმსუბუქეს. ექვსი თვიდან ოთხი თვე ვიყავი ციხის საპატიმროში და სასჯელი რომ გამომიცხადეს, მერე გადამიყვანეს ზონაში. ციხის საპატიმროსა და ზონაში სხვადასხვა პირობებია. თავიდან არ ვიცოდი, რა განსხვავება იყო და ციხე და ზონა ერთი და იგივე მეგონა. ციხეს თავისი რეჟიმი აქვს, მათ შორის გაქვს დღეში ერთხელ გასეირნების უფლება და ეს არის ადგილი 15-დან 18 კვადრატამდე ოთახი, რომელიც ზემოდან არის ღია და იქაც გაკრულია ცხაურა ანუ „რეშოტკა“. დანარჩენ დროს კი ატარებ საკანში. თვეში სამჯერ მქონდა ტელეფონზე დარეკვის უფლება და კომუნიკაცია მქონდა დედასთან, მამასთან და შვილთან. ვინც მიცნობს, იცის დეპრესიული ადამიანი არ ვარ, მიყვარს თავისუფლება და მხიარულება. წარმოიდგინეთ, ასეთი ადამიანი რომ აღმოჩნდები საკანში, რამდენად რთული იქნებოდა. მე, რომელსაც ქვეყანაში ვერავინ მკეტავდა, ორი თვე არ გასულა ისე, რომ ქვეყნიდან არ გავსულიყავი, უცებ საკანში აღმოვჩნდი გამოკეტილი. საკანში ჩაკეტვა და არაფრის კეთება ჩემი ხასიათისა და ენერგიის მქონე ადამიანისთვის მომაკვდინებელი იყო. ყველაზე მეტად კი ის მტკიოდა, რომ ჩემს შვილს ვერ ვხედავდი. ძალიან ცოტაა, როცა, პაემანზე ორი საათით, თვეში ორჯერ ან სამჯერ ხედავ შვილს, რომლის გარეშეც ერთი წამითაც ვერ ძლებდი. დარდი, ჩემ გამო რამდენს ინერვიულებდნენ – ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემა იყო.

– პაემნებზე, ძირითადად, ვის ნახულობდი?

– პაემნებზე შვილი და ბოიფრენდი მოდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფართო სამეგობრო წრე მყავს, მხოლოდ ორი გადგა გვერდზე. სხვები დაჭერის წუთიდან ჩემი და ჩემი შვილის გვერდით იდგნენ. თუმცა, ბრალი რომ წამიყენეს, მეგონა, ბევრი მეგობარი ჩემ მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდა, მაგრამ არა, პირიქით, ყველა გვერდით მედგა და ამან გამაძლიერა. ძალიან ცუდად ვიყავი და რომ არა ციხის ფსიქოლოგი, რომელიც დამეხმარა, შესაძლოა, ჩემი დეპრესია უფრო ღრმა პრობლემებში გადაზრდილიყო. ღმერთს მადლობა, ციხეში არის ეს ფუფუნება, რომ გყავდეს კარგი, სპეციალიზებული ფსიქოლოგი. ასევე, არ შემიძლია, არ ვახსენო ქალბატონი ნესტან ვერულაშვილი, მეხუთე ქალთა პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ პატიმარმა ქალმა თავი კარგად იგრძნოს. დედასავით ზრუნავს პატიმრებზე, ეხმარება მათ და ყველა დღესასწაულს მათ გვერდითაა. ახალი წელი, ძველით ახალი წელი, შობა, ნათლისღება – ეს ყველა დღესასწაული იქ გავატარე და როგორც წესი, ამ დღეებში დირექტორები „გულაობენ“, ქალბატონი ნესტანი კი ჩვენ გვერდით იყო და ჩვენ ვიყავით მისი ოჯახი. ის არასოდეს განიხილავს, რა მსჯავრით შედიხარ პენიტენციურ დაწესებულებაში, მისთვის ყველა ქალი პატივსაცემია. თვეში ორჯერ ამანათებსაც ვიღებდი. ჩემს შვილს მოჰქონდა, არ მიკითხავს ვისგან იყო, თუმცა, ვიცი, ბევრი მიგზავნიდა. თანხასაც მირიცხავდნენ, რომ მეყიდა რამე. იციან, ძალიან მაგარი გურმანი ვარ, მაგრამ – პრეტენზიული მჭამელი. სასწაული ხელი მაქვს და იცოდნენ, ყველაფერს ვერ შევჭამდი და თავად გავიკეთებდი ჩემი გემოვნებით. ციხეში იყო მაღაზიაც და შეძლებისდაგვარად ვყიდულობდით რაღაც-რაღაცებს. ციხე არ არის კომფორტის ზონა, რაც გინდა, გქონდეს.

– თქვი, ჩემით ვამზადებდი საჭმელებსო და როგორ ახერხებდი ამას საკანში?

– ელექტროჩაიდანი და ყავის პატარა მადუღარა გვქონდა და იმაში ვამზადებდი საჭმელებს. თან, არ დაგავიწყდეთ, ციხეში მხოლოდ პლასტმასის დანა, ჩანგალი, ჭიქა და თეფშია. აი, ამ ინვენტარით ვამზადებდი ელარჯსაც, მჭადსაც, თაშმიჯაბსაც, ერბოკვერცხსაც და ლობიოსაც (იცინის). მართალია, ხელებს ხშირად ვითუთქავდი ხოლმე, მაგრამ სასწაულად გემრიელი გამოდიოდა ელექტრომადუღარაში ამოზელილი ელარჯი და შემწვარი მჭადი. ბევრისთვის ეს წარმოუდგენელი და შეუძლებელია, მაგრამ მერე ვიდეოს ჩავწერ და დავდებ სოციალურ ქსელში და დარწმუნდებით, რომ მართალს ვამბობ (იცინის). ჩემი თანამესაკნეები განებივრებული მყავდა ჩემი ნამზადით და მელოდებოდნენ, რას გავუმზადებდი ელექტროჩაიდნით (იცინის). რომ აცივდა, ჩემს ბიჭს შემოვაგზავნინე ფერადი ძაფები და მსჯავრდებულ გოგონებს მოვუქსოვე ქუდები, ჭრელაჭრულა ფერებში, რომ მათთვის ცოტა მაინც გამელამაზებინა ყოფა. მოკლედ, ვქსოვდი ქუდებს და ვჩუქნიდი, დაახლოებით 25 ქუდი მაინც მოვქსოვე. სასეირნოდ რომ გავდიოდით, ყველა ჩემი მოქსოვილი ფერად-ფერადი ქუდებით დადიოდა და ძალიან მიხაროდა. ჩემებურად შევეცადე, სიკაშკაშე და სიფერადე შემეტანა ნაცრისფერ კედლებში. თან, რომ ვქსოვდი, ვლოცულობდი: ღმერთო, მიეცი თავისუფლება! ქუდებში ჩემს ენერგეტიკასა და სიხალისეს ვდებდი.

– თავის მოვლას როგორ ახერხებდი?

– ქალისთვის ციხეში თავის მოვლა ძალიან დიდი კოშმარია. მაღაზიაში ძალიან მწირი რამ იყიდება და მიწევდა ექსპერიმენტების ჩატარება. მთელი ოთხი თვე ვიყავი ჩინურ, გაურკვეველი წარმოშობის კრემებზე, რამაც კანი გამიღიზიანა. ზონაზე რომ გადმოვედი, მერე შევუკვეთე და მომიტანეს ნორმალური კრემები. თმის შეღებვაზე კი ვწვალობდი, ორი სახეობის საღებავს ვურევდი და ისე ვიღებავდი.

– როდესაც ჯარიმის თანხა გადაიხადე, ელოდებოდი, რომ პირდაპირ სასამართლოდან გაგათავისუფლებდნენ ერთწლიანი პირობითი ბრალით?

– თავიდანვე მქონდა მოთხოვნილი, რომ ჩემი სასამართლო პროცესები დახურული ყოფილიყო. არა იმიტომ, რომ რამე მქონდა დასამალი, არამედ იმდენად დეპრესიულად და ცუდად ვიყავი, არ მინდოდა, ასე დავენახე ახლობლებს და ეს ტელევიზიას ან პრესას გაეშუქებინა. სასამართლოზე ისე ცუდად ვხდებოდი, შევუტანივართ, დავუდივართ სკამზე და გამოვუტანივართ, არ მინდოდა, ეს ვინმეს გადაეღო და მისულიყო ჩემი ოჯახის წევრებამდე ან ახლობლებამდე. როცა წინასწარი პატიმრობა შემიფარდეს, იმდენად ცუდად გავხდი, ორჯერ დასჭირდათ სასწრაფოს გამოძახება. სხვათა შორის, საერთო ბრალით გაგვასამართლეს მე და 11 ჩინელი ქალბატონი, რომლებთანაც საერთოდ არ ვიყავი შემხებლობაში. შვილი და საყვარელი ადამიანი მაკითხავდა ციხეში, მაგრამ მშობლები ძალიან მენატრებოდნენ. სასამართლოზე მოსამართლემ რომ გამოაცხადა, გილოცავთ თავისუფლებასო, ეგრევე გამოვიქეცი, გამოსასვლელიც არ ვიცოდი, სად იყო და ვყვიროდი, მასწავლეთ, როგორ გავიდე-მეთქი. ვიცოდი, წინა კართან ჩემები უნდა ყოფილიყვნენ და სანამ ისინი გამოვიდნენ, მე უკანა კარიდან უკვე გარეთ, შლაგბაუმთან ვიყავი გასული (იცინის). ჩემი და და მამიდაშვილი ცუდად გახდნენ. სახლში არც მივსულვარ, მაშინვე მცხეთაში, სვეტიცხოველში წავედი, სადაც ყველაზე მეტად მენატრებოდა მისვლა. გზიდან დავურეკე დედიკოს და მამიკოს, თავისუფალი ვარ-მეთქი. მათთან შეხვედრა ისეთი ემოციური იყო, ვერ გადმოვცემ. ახლა რომ ვაკვირდები, ციხეში გატარებულმა იმ ექვსმა თვემ დამანახვა, რომ სწორად ამირჩევია მეგობრები, საყვარელი ადამიანი, გაშლილი რომ მქონდა ხელი და ბევრს ვეხმარებოდი, არასოდეს მინანია და არც ვინანებ. ციხემ ვერ შემცვალა, უბრალოდ, სხვა შესაძლებლობები ვიპოვე ჩემს თავში, რაზეც ადრე ყურადღება არ მიმიქცევია. მაგალითად, ვისწავლე, როგორ გადავრჩე არასტანდარტულ გარემოში, როგორ ვიყო ასეთ გარემოში გარკვეულწილად ისევ პროდუქტიული. ისეთი ხატია გამოვედი ციხიდან, როგორიც შევედი. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემს საყვარელ მამაკაცს და მის ოჯახს, ერთი წამითაც არ მივუტოვებივარ, სულ გვერდით მედგნენ და ახლაც ასეა – არ ვშორდებით ერთმანეთს, ვცდილობთ, ავინაზღაუროთ ის წამები, რაც ერთმანეთის გარეშე გავატარეთ. არც ის ექვსი თვე მიგრძნია თავი საყვარელი ადამიანის გარეშე, სულ ვიცოდი, რომ იყო ჩემი შვილის გვერდით, სულ ვკონტაქტობდით, მხოლოდ ფიზიკურად ვიყავით შორს. ის ექვსი თვე ციხეში დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. თუმცა, ჩემნაირი აქტიური ადამიანისთვის ჯოჯოხეთური იყო ის შეზღუდვა, რომელსაც ციხეში, ოთხ კედელს შორის ვიწრო ზონაში ჩაკეტილი ვგრძნობდი. ასე რომ, ახლა აღარავინ დამაშინოს ჯოჯოხეთით, მე ის უკვე ვნახე და აღარ მეშინია. თუმცა, ისეთი კარგი ხალხი გავიცანი და მათ შორის იქ მომუშავე პერსონალი, რომლებიც თან გვყვებოდნენ, რომ ისინი უკვე მენატრებიან. ასე რომ, ყველა მიყვარს, გარე სივრცეში ყველას შევხვდები, მაგრამ იქ აღარ მინდა მისვლა (იცინის). არავის ვუსურვებ კლაუსტროფობიის ფონზე გამოკეტვას, რადგან ეს საშინელი განცდაა და საკუთარი ემოციის მართვა მიწევდა. ეს არ გამჭირვებია, მაგრამ ახლა რომ მახსენდება, სრული კოშმარი და საშინელება გამოვიარე. არ ვარ კონფლიქტური და კანონდამრღვევი პირი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მე ერთ დღეს ციხეში აღმოვჩნდებოდი. ჩემნაირი ადამიანისთვის ციხე ნამდვილი ჯოჯოხეთია. იქიდან გათავისუფლებული კი, ყველამ ტაშით გამომაცილა, 300 ადამიანი მიკრავდა ტაშს და მეუბნებოდნენ, აქ აღარ დაბრუნდეო.

– როგორც ვიცი, საკანში სიმღერაც დაწერე, წიგნიც და ორი ფილმის სცენარიც, რომლის სინათლეზე გამოტანასაც სულ მალე გეგმავ. ასეა?

– დიახ, წიგნს გაციფრულება აკლია. საკმაოდ საინტერესო, უჩვეულო წიგნია, რომელიც ბევრს მოეწონება. რეალურ ფაქტებზეა, მათგან ზოგი მანამდე ვიცოდი, ზოგიც ციხეში მომიყვნენ და ლამაზად, ლიტერატურულად შევფუთე. წიგნს ჰქვია „არაფერი არარეალური“, რომელიც ციხეში ყოფნის ექვს თვეში დაიბადა. ასევე, დაიბადა ერთი სიმღერა და ორი ფილმის სცენარი – ერთი მერლინ მონროს განსხვავებულ ცხოვრებაზე (ცოტა ფანტასტიკაში გადავიყვანე), მეორე კი – ადამიანზე, რომელმაც ბევრი იცის, მაგრამ დუმს, არ აპირებს გაამხილოს და სოციუმის მხრიდან დაცინვისა და ბულინგის მსხვერპლი ხდება.

– წიგნი და სცენარი გასაგებია, მაგრამ ინსტრუმენტის გარეშე როგორ დაწერე სიმღერა?

– რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სიმღერას ყოველთვის ინსტრუმენტის გარეშე ვწერ (იცინის). ზონაზე მქონდა დიდხნიანი ზარის ფუფუნება. ჩემმა მეგობარმა გურამ არუთინაშვილმა მთხოვა, მხიარული სიმღერა მინდა და თუ შეძლებ, დამიწეროო. მეც დავუწერე, ციხის ტელეფონიდან ვუმღერე, მან კი დიქტოფონზე ჩაიწერა, წაიღო ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში და იქ ააწყვეს და ჩაწერეს სიმღერა. გაგიმხელთ, რომ, დიდი ხანია, მინდა ბიზნესის დაწყება და დრო არასდროს მქონდა, რადგან მასაჟის სალონს ძალიან ბევრი დრო სჭირდებოდა. წლებია, ყველა მეუბნება, რით უვლი კანს, რომ არ ბერდებიო და ამ კოსმეტიკის შემოტანა მინდა, ჩემი ბიზნესით ხალხისთვის იმ საიდუმლოს გამხელა, რითაც წლებია, ჩემს კანს ვუვლი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი