ნანა ლორთქიფანიძე: ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ქეთის მამას გავშორდი, ამას ვერ ვინელებ
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00
ნანა ლორთქიფანიძე ნამდვილად იღბლიანი ადამიანია და ამას თავადაც აღიარებს. გაიზარდა ყველასთვის ცნობილ ოჯახში, სითბოსა და სიყვარულში. მამის, გიგა ლორთქიფანიძის დარიგებებს დღესაც ითვალისწინებს და დედის, უნიჭიერესი და ულამაზესი მსახიობის, ქეთევან კიკნაძის ოჯახურ ტრადიციასაც აგრძელებს. ბედში არ გაუმართლა, რადგან სამჯერ იყო ქორწინებაში, მაგრამ დღეს მაინც მარტოა. თუმცა პირველი ქორწინებიდან ულამაზესი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს, რომლებისთვისაც თბილი, ტკბილი და მზრუნველი ბებიაა.
ნანა ლორთქიფანიძე: ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მომიტანა, რომ თურმე, სისულელეებზე არ უნდა ვიშალოთ ნერვები და არ ვხარჯოთ ამდენი ემოცია. მთავარია, მეგობრებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან მაქსიმალურად ვეცადოთ, არ გავიბრაზოთ თავი. ზუსტად ეს მაჩვენა გამოცდილებამ და ის, რომ ამ ურთიერთობებსა და სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია.
– ხშირად გტკენიათ გული?
– ცხოვრებაში ძალიან ბევრი იმედგაცრუება მიმიღია. ემოციების მართვა ჩვენს ხელშია და ასეთ დროს სულ მამაჩემის დარიგეგებს ვიზიარებ: რაც არ უნდა მოხდეს და ცხოვრებაში რამდენჯერაც არ უნდა დაეცე, შენ თავად უნდა წამოაყენო შენი თავიო – ეს ერთი და მეორე – არასდროს შეგეშინდეს ცხოვრების თავიდან დაწყების. და, სხვათა შორის, ცოტაჯერ არა, ბევრჯერ მომიწია ცხოვრების თავიდან დაწყება.
– რამდენი წლის გათხოვდით და მშობლებმა თუ იცოდნენ თქვენი სიყვარულის ამბები?
– ოცი წლის გავთხოვდი, გავიპარე, მაშინ, ჩემს ახალგაზრდობაში, მოდაში იყო გაპარვა. თან, ჩემი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ ჩემი ადრეულ ასაკში გათხოვების. ზუსტად ვიცოდი, არ დამთანხმდებოდნენ და ამიტომ გავიპარე. დედა დიდხანს არ მელაპარაკებოდა. მამას კი ბრაზი მალე გასდიოდა. ემოციური კაცი იყო, იყვირებდა, აბობოქრდებოდა, მაგრამ როგორც კი მოვეფერებოდი, ყველანაირი წყენა ავიწყდებოდა. ექვსი წელი ვიყავი პირველ მეუღლესთან და მისგან მყავს ჩემი ერთადერთი ქალიშვილი. ოჯახის დანგრევა ძალიან მტკივნეულია, ძალიან დიდ ტრავმასთან არის დაკავშირებული, არ არის იოლი, თუმცა იმის შიში, რომ აღარასოდეს გავთხოვდები, არ ყოფილა. პირველ ქმარს რომ გავშორდი, 26 წლის ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დაშორება და გაყრა ჩემი ინიციატივით მოხდა, ძალიან განვიცადე. თუმცა, ურთიერთობა შევინარჩუნე, არა მარტო მასთან, არამედ მის ოჯახთანაც - დედამთილთან, მულთან. სამწუხაროდ, ქეთი 11 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა და მთელმა ჩემმა ოჯახმა ძალიან განვიცადეთ. სხვა ქვეყანაში გარდაიცვალა, მაშინ, 90-იან წლებში, ჩამოსვენების პროცედურები ძალიან რთული იყო და მამამ ჩამოასვენა. ძალიან მძიმედ დავიტირე, მიუხედვად იმისა, რომ გაშორებულები ვიყავით, ძალიან დიდი სიყვარული გვქონდა. შემდეგ, ჩემი დედამთილი გარდაიცვალა და მულთან მქონდა შენარჩუნებული ურთიერთობა, რომელიც არაჩვეულებრივი მამიდა, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და ჩვენ გარდა არავინ ჰყავდა. ბოლოს მძიმედ იყო, ქეთიმ უპატრონა, სასწაულად მიხედა. შვილი არ უვლის ისე თავის მშობელს, როგორც ქეთიმ მამიდას მიხედა და ამას სულ საამაყოდ ვამბობ. იმსახურებდა, რადგან თბილი და ტკბილი მამიდა იყო. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
– მეორედ დაქორწინება რა ასაკში გადაწყვიტეთ?
– 29 წლის ვიყავი, როცა მეორედ გავთხოვდი, ათი წელი ვიცხოვრეთ ერთად და გავშორდით. შემდეგ იყო მესამე ქორწინება, 42 წლის ასაკში და მასაც დავშორდი. ახლა ქმარი არ მყავს. ზოგადად, სულ ვამბობ, სიყვარულის თემას გააზრებები და სიჭკვიანე არ ჰყოფნის, მამა ამბობდა: გინდა, პროფესორი იყავი და გინდა, აკადემიკოსი, ქალის ჭკუა მაინც თხამ შეჭამაო (იცინის). რომ მკითხოთ, პირად ცხოვრებაში ვნანობ თუ არა რაღაცებს, გიპასუხებთ, რომ რასაკვირველია, ვნანობ. ერთადერთი, ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ მე ქეთის მამას გავშორდი, ამას ვერ ვინელებ. ცოტა უფრო დიდი გოგო რომ ვყოფილიყავი, იქნებ ეს შეცდომა არ დამეშვა.
– იმას არ ნანობთ, რომ ერთი შვილი გააჩინეთ და მეტი არა?
– ერთი შვილის მეტი რომ არ გავაჩინე, ეს აბსოლუტურად შეგნებული საქციელი იყო. მე თუ შვილს გავაჩენდი, გავაჩენდი ისევ ჩემი პირველი ქმრისგან. არ მოვინდომე და ვნანობ, ნეტავ ბევრი შვილი გამეჩინა. ქეთი დედისერთაა, სამაგიეროდ, ვარ სამი ბიჭის ბებია. სულ ვამბობ: მესამე, ყველაზე პატარა შვილიშვილი დავჩაგრე-მეთქი (იცინის).
– ასე რატომ ფიქრობთ?
– იმიტომ, რომ არ ვარ ისეთი აქტიური ბებია მისთვის, როგორიც უფროს შვილიშვილებთან ვიყავი. ქეთი მალე გაეყარა თავის პირველ მეუღლეს, ჩვენ ერთად ვცხოვრობდით და მაშინ მეტი ენერგიაც მქონდა. მე და ქეთიმ, ფაქტობრივად, ერთად გავზარდეთ უფროსი ვაჟები, ახლაც მეტწილად ჩემთან არიან, არ მშორდებიან. ეხვეწებიან, ქეთიც, მისი მეუღლეც, ყველაფერი გააკეთეს მათთვის, ოთახებიც კი მოუწყვეს... მიდიან, რჩებიან, მაგრამ მაინც აქეთ უწევთ გული, სადაც გაიზარდნენ. ვეხუმრები ხოლმე: ვერ მოგიშორეთ თავიდან, დამასვენეთ ცოტა ხანი-მეთქი (იცინის). თუმცა, როცა იქით არიან, დედასთან, მე ვერ ვძლებ მათ გარეშე. უფროსი 17 წლისაა, მეორე – 14-ის, რეზი კი 6 თვისაა. ქეთისა და მის მეუღლეს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და ძალიან მიხარია. სულ მენატრება ჩემი პატარა შვილიშვილი, მაგრამ ორი სამსახური, სახლის საქმეები და ფიზიკურად ვეღარ ვასწრებ, აღარ მყოფნის დრო. გული მწყდება, რომ ისე აქტიურად, როგორც უფროს შვილიშვილებთნ ვიყავი, მესამესთან ვერ ვარ.
– ახლა რომ ფიქრობთ, როგორი დედა ხართ – მეგობრული, დამთმობი თუ მკაცრი?
– მეგობრული, დამთმობი, მკაცრი – ეს ნაკრები იყო ჩემში, როგორც დედაში, შვილის მიმართ. როცა საჭირო იყო ვიყავი მკაცრი, სადაც საჭირო იყო – დამთმობი. თუმცა, თბილი და მეგობრული დედა, რასაკვირველია, ვიყავი, თუმცა იყო რაღაც საკითხები, რაშიც ქეთის მიმართ მკაცრი ვიყავი. სწავლას რაც შეეხება, ჩემს შვილთან მკაცრი ვიყავი და შვილიშვილებთანაც მკაცრი ვარ.
– დედა და ბებია გასაგებია, მაგრამ სიძისთვის როგორი სიდედრი ხართ?
– ძალიან კარგი და კომფორტული ურთიერთობა მაქვს სიძესთან, ძალიან კარგი, თბილი ადამიანია. ვხედავ, რომ ჩემს სიძეს, ნიკას, უყვარს ჩემი შვილი და შვილიშვილები. ჩემთვის, ესაა მთავარი. ახლა რომ ვფიქრობ, ყველაზე მეტად ჩემს ოჯახში გამიმართლა. პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა მიუხედავად იმისა, რომ ამისგან ტრაგედია არ შემიქმნია. თუმცა, გამიმართლა შვილში, შვილიშვილებში, სიძეში, მეგობრებში. ჩემი მეგობრები ჩემი სიმდიდრეა, ყველა რთულ სიტუაციაში მათთან მიმიწევს გული, მათთან მინდა ლაპარაკი, სიცილიც და ტირილიც. მათთან ურთიერთობის შემდეგ ახალი ენერგიით ვბრუნდები სახლში. ეს ბედნიერებაა.
– მეგობრის დაკარგვით თუ გტკენიათ გული?
– პოლიტიკური შეხედულებების გამო რამდენიმე მეგობარმა დამკარგა. არც კონფლიქტში შევსულვარ მათთან, არც დავპირისპირებივარ, ასე, უბრალოდ, გაქრნენ ჩემი ცხოვრებიდან. ამაზე ძალიან ვინერვიულე, მთელი ღამეები არ მეძინა, მიტირია კიდეც. დრო რომ გავიდა, დავფიქრდი და მივხვდი: ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. ეტყობა, ასე იყო საჭირო, მენანება, მაგრამ ალბათ, ოდესღაც ჩვენი გზები უნდა გაყრილიყო. მიუხედავად ამისა, მაინც მაქვს მათ მიმართ სიყვარული, მენატრება მათთან ურთიერთობა, ბავშვობის მეგობრები იყვნენ და მათთან ბევრი რამ მაკავშირებს. მიმაჩნია, რომ არ ვარ ადვილად დასაკარგი ადამიანი და თუ ისინი ჩემ გვერდი არ არიან, აღარც მენანება. ზოგადად, ვერ ვიქნები უმადური და ვერ ვიტყვი, უიღბლო ადამიანი ვარ-მეთქი, რადგან მქონდა არაჩვეულებრივი ბავშვობა, უბედნიერესი, ძალიან ლაღი ცხოვრება ძალიან საინტერესო ადამიანებისა და ოჯახის წევრების გვერდით. ჩვენს სახლში სულ სტუმრები მოდიოდნენ და ყოველი დღე დღესასწაული იყო. ამას გარდა, იყო დედობის სიხარული, ბებიობის სიხარულის განცდა, ხალხის სიყვარული და აქედან გამომდინარე, ნამდვილად იღბლიანი ვარ. პროფესიას რაც შეეხება, თეატრში უფრო მეტ წარმატებას ვისურვებდი, თორემ სერიალებსა და ტელევიზიებში ნამდვილად გამიმართლა. თუმცა ,არავის ვაბრალებ, იქაც ჩემი შეცდომები იყო. მქონდა შანსები, რომელიც ხელიდან გავუშვი. პროფესიული თვალსაზრისით არასწორი ნაბიჯებიც გადავდგი, რასაც აღარ გავიმეორებდი. საერთო ჯამში კი, ჩემი ცხოვრების მადლიერი ვარ და თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





