როგორ გახდა მარიამ მირიანაშვილი ორი კონტინენტის კონკურსის გამარჯვებული
ავტორი: ანკა რობაქიძე 21:00
მარიამ მირიანაშვილს ახლახან თავბრუდამხვევი წარმატება ჰქონდა. მარიამი თავის საინტერესო ცხოვრებაზე გვესაუბრა.
– მარიამ, სად დაიბადეთ და აღიზარდეთ, გვიამბეთ ოჯახზე, თქვენს მიზნებზე...
– დავიბადე თბილისში, 2004 წლის სუსხიან ზამთარში, 29 თებერვალს, გაზაფხულის შემობრძანების ხანს... 29 თებერვალი, მოგეხსენებათ, 4 წელიწადში ერთხელ არის და ამის გამო ყოველთვის გამომარჩევდნენ. ვიზრდებოდი და ვვითარდებოდი დიდ მოსიყვარულე ოჯახში. არ შემიძლია, არ გამოვყო ბებია – ნანა ყველაშვილი. სწორედ მისი დამსახურებით მივაღწიე უდიდეს წარმატებებს სამოდელო კარიერაში. არ მახსენდება არცერთი დღე, არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მის გარეშე... და ჩემი ძმა, რომელიც ყოველთვის მახსენებს, თუ როგორი ამაყია ჩემით...
11 წლის ვიყავი სამოდელო სფეროში პირველად რომ შევდგი ფეხი, მას მერე 11 წელი გავიდა და მარცხის მიუხედავად, არასდროს მინანია. ულამაზეს წლებს ვითვლი სამოდელო სააგენტო „კატრინთან“ ერთად და სამოდელო პროფესია უკვე ჩემს ცხოვრებაშია. ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი ჟურნალის გარეკანზე – ცნობილი და მისაბაძი ადამიანი, წარმატებული ცხოვრებით, ვფიქრობ, წინ კიდევ ბევრი მაქვს გასავლელი, თუმცა ეს მაინც შევძელი.
მრავალი მისწარფება მქონდა და საკუთარი თავის გამოცდაც ყოველთვის მიყვარდა: დავდიოდი ცეკვაზე, ხატვაზე, სიმღერაზე, ფორტეპიანოს შვიდწლედიც დავასრულე. მინდოდა, რამდენიმე სფეროში ერთად მეპოვნა ჩემი თავი. 2021 წელს სკოლა დავამთავრე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი, საერთაშორისო ურთიერთობების განხით. ხატვა და ცეკვა კი კვლავ არსებობს ჩემს ცხოვრებაში.
– როგორც ვიცი, უკვე ქორწინებაში იმყოფებით...
– რაც შეეხება ოჯახს, მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში მხარდამხარ მომყვება. ოთხწლიანი გულწრფელი სიყვარულის შემდეგ, ზუსტად 4 წლის თავზე, 7 ივლისს, ხელი მთხოვა, 13 სექტემბერს კი ულამაზესი ქორწილი გვქონდა. მიხარია და ვამაყობ, ასეთი ოჯახი რომ მაქვს.
– როდის გადაწყვიტეთ მოდელობა და როგორი იყო პირველი ნაბიჯები?
– წლების წინ, სკოლაში შემამჩნიეს და მიმიწვიეს სამოდელო სააგენტოში. მაშინ ჯერ კიდევ 8 წლის ვიყავი და ოჯახის გადაწყვეტილებით, საკმაოდ პატარა ასაკი იყო ამ ყველაფრისთვის. 11 წლის ასაკში კვლავ იგივე სააგენტო დაინტერესდა ჩემით და ქასთინგზე ნანა ბებოს დაჟინებული თხოვნით მივედით. მივიღე მონაწილეობა საბავშვო სილამაზის კონკურსზე, სადაც ავიღე მეორე საპრიზო ადგილი. მოულოდნელი იყო, რადგან არ მქონდა გამოცდილება. თუმცა, იმის მერე უამრავ სააგენტოსთან მქონდა მცირე თუ გრძელვადიანი ხელშეკრულებები, უამრავი ქასთინგები. ამასობაში გადიოდა წლები, შევიძინე ბევრი მეგობარი და რასაკვირველია, გამოცდილება, წარუშლელი მოგონებები, რომლებიც სულ ჩემს გონებაში დარჩება.
– როგორი იყო სკოლის პერიოდი და პარალელურად მოდელობა, როგორც მოდელი თუ იღებდით კონკურსებში მონაწილეობას?
– როგორც უკვე გითხარით, 11 წლიდან სამოდელო სფეროს ფეხდაფეხ მივსდევ. ამ ასაკში უკარგესი სპეციალისტის ხელში აღმოვჩდი. შემასწავლეს ყველა სასცენო მოძრაობა როგორც კონკურსებისთვის, ასევე, მოდის კვირეულებისათვის... ორი წლის შემდეგ ვხდები „მის თბილისი“ პატარა ასაკობრივ კატეგორიაში და აქედან იწყება ჩემი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით. ვატარებდით კონკურსებს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. აქედან უკვე იწყება ჩემი პედაგოგად ჩამოყალიბება – სასცენო მიმართულებების განხრით. ამ ყველაფერს ვუთავსებდი სკოლასაც და ეს წლები ფერად მოგონებებად ჩაილექა ჩემს გონებაში.
არც შეზღუდვები გვაშინებდა. სწორედ ერთ-ერთი რეგიონული კონკურსის დროს, სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად გახლდათ თორნიკე მარუაშვილი. ადამიანი, რომელიც წლების შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა.
– ფოტოსესიებზე რას გვეტყვით...
– ფოტოსესიები, კამერებთან მუშაობა ჩემთვის განტვირთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. უამრავ ფოტოსესიაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ პირველი არ მავიწყდება – საქართველოში ძალიან ცნობილი ბრენდი რომ შემოვიდა და მისი სახე გავხდი. ეს საკმაოდ პატარა ასაკში იყო. მას შემდეგ წლები გავიდა, იყო უამრავი გადაღება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ასევე, რეალიზებაში ვეხმარები ქართულ სტარტაპ ბრენდებს და მათი პრეზენტაციის სახით ჩემს პირად სოციალურ ქსელებში მაქვს მიმართულება. მაგალითად, სულ ბოლო ფოტოსესია მილანში იყო – Vogue, Bazaar და სხვა ცნობილი ჟურნალებისთვის. ფოტოსესია, სადაც luxury brand Anastasia-ს სამოსი მამშვენებდა, 15 წლის უნიჭიერეს ქართველ გოგონას ეკუთვნის. ამ მასშტაბზე გასვლა უდიდესი წარმატებაა ჩემთვის, როგორც ქართველისთვის და რასაკვირველია, ეს ყველაფერი ქალბატონი ეკას დამსახურების და ჩემი შრომის გარეშე ვერ შედგებოდა.
– გვიამბეთ სამოდელო სფეროში თქვენი მიღწევების შესახებ.
– 2022 წელს თურქეთში, სტამბოლში, კონკურსზე – Est model of world, 40 ქვეყანა მონაწილეობდა, საიდანაც დავბრუნდი ნომინაციით – Best Catwalk. ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ფოტოსესიები, ჩვენებები, ადგილობრივ პრესასთან თანამშრომლობა და უამრავი საინტერესო აქტივობა.
2023 წელს ისევ თურქეთში, სტამბოლში, Top model of universe, 70 ქვეყნის მონაწილეთა შორის გამომარჩიეს, საიდანაც ჩამოვიტანე უამრავი ნომინაცია და Grand priz. ამ დღისთვის ერთი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით, მოვინახულეთ ქალაქი, იყო ინტერვიუები და სხვა აქტივობები...
2024 წელს 65 ქვეყნის კონკურსანტებს შორის მივიღე მონაწილეობა კონკურსზე – World rising star – ქალბატონი ეკატერინე მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, სადაც ავიღე Best national costume, Grand Priz – international, Queen of the year. საკმაოდ დატვირთული 8 დღე გვქონდა, შეხვედრები, მეგობრობის საღამო, უამრავი ლამაზი აქტივობა საქართველოს მასშტაბით.
2024 წელს გავემგზავრე ალბანეთში კონკურსზე – Miss summer World. 60 ქვეყანას შორის გავხდი რამდენიმე კომპანიის რჩეული და მოვხვდი ტოპ-სამეულში. მთელი ერთი კვირის განმავლობაში ვიყავით აქტიურად დავტვირთულები – ალბანეთის 3 ქალაქს ვესტუმრეთ, იყო ფოტოსესიები, პრესასთან შეხვედრები და ასე შემდეგ.
2024 წელს გავემგზავრე ესპანეთში. კოსტა ბრავაში გამართულ კონკურსზე 70 ქვეყანა მონაწილეობდა, სადაც იყო როგორც მოდის კვირეული, ასევე კონკურსი სახელწოდებით – The best model of universe. მოვხვდი ტოპ-ხუთეულში და გავხდი რამდენიმე ნომიმაციის მფლობელი, მათ შორის – Best popularity. პარალელურად, ქალბატონ ეკა მგალობლიშვილთან ერთად, რამდენიმე კონკურსზე მიმიწვიეს, როგორც ჟიურის წევრი.
2024 წლის 31 დეკემბერს გავფრინდი ჩინეთში, შანხაიში. 90 ქვეყანა მონაწილეობდა კონკურსში – Miss tourism world, საიდანაც დავბრუნდი ნომინაციით – Best Bikini. 2 კვირის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, მემოგზაურა 3 სხვადასხვა ქალაქში და შევხვედროდი ჩინეთის მთავრობის დელეგაციას.
– გვიამბეთ ახლანდელი, უმნიშვნელოვანესი წარმატების შესახებ.
– სულ ახლახან თურქეთიდან დავბრუნდი. ვიმყოფებოდი ანტალიაში, სადაც 45 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა კატეგორიაში კონკურსზე Future fashion face world. ძალიან სასიამოვნო დღეები გავატარეთ სასტუმრო Club sera hotel. გვქონდა უამრავი სახის აქტივობები, ფოტოსესიები ნაციონალურ კოსტიუმებში, სტუმრობა Feron leather and fur, რომელიც ბეწვეულისა და ტყავის ერთ-ერთი ცნობილი ქარხანა გახლავთ. იყო მოდის კვირეული, სადაც ჩამოსული იყვნენ დიზაინერები მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის გახლდათ ქართველი წარმატებული გოგონა, მოდელი-დიზაინერი ანასტასია ბაკურაძე, რომლის კოლექციამაც – luxury brand Anastasia – დიდი მოწონება დაიმსახურა. შევიძინე ახალი მეგობრები და ჩემს გამოცდილებას კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება დაემატა, ახლა უკვე გათხოვილი ქალბატონის სახელით და Eurasia – ორი კონტინენტის გამარჯვებული გავხდი, რისთვისაც მადლობა ქალბატონ ეკა მგალობლიშვილს – საქართველოდან, ორგანიზატორებს ირინა შოპოვასა და ჯესიკა დო ბონფიმს. ბედნიერი და ამაყი ვარ, კიდევ ერთხელ რომ ვასახელე საქართველო.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ივნისში ქალბატონ ეკატერინე მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, იტალიელ პარტნიორ როზარიო სტანგოსთან ერთად, მივფრინავთ იტალიაში, მოდის დედაქალაქ რომში. ტარდება მოდის ფესტივალი, სახელწოდებით – International Fashion Festival Rome, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მოდელები და დიზაინერები, როგორც ქართველები, ასევე მსოფლიოს მაშტაბით. Palazzo Brancaccio – ულამაზესი და ცნობილი სასახლეა, სადაც წელსაც სიამაყით შევაბიჯებ... დანარჩენს კი თქვენ და თქვენს ერთულ მკითხველს დროთა განმავლობაში გაგაცნობთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





