შოუბიზნესი

დალი ჩიტალაძე: 45 წლის შვილი რომ მყავს, ჩემი ასაკი როგორ შეიძლება, დავმალო

№15

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:01

დალი ჩიტალაძე
დაკოპირებულია

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ახლახან დალი ჩიტალაძე 63 წლის გახდა. მას ძალიან უყვარს ამ დღის პომპეზურად გადახდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს წელიწადი სევდიანად დაიწყო და ამის გამო წელს ეს დღე ახლო წრეში აღნიშნა.

დალი ჩიტალაძე: ჩემი დაბადების დღის გადახდა პომპეზურად მჩვევია, როცა ყველა მეგობარს ვეპატიჟები და მათთან ერთად სასიამოვნოდ ვატარებ დროს. თუმცა, წელს ძალიან ვიწრო წრით შემოვიფარგლე, რადგან დედა რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, ახლახან კი – პატრიარქი. პირველი დაბადების დღე იყო, როცა დედამ დილას, ყველაზე ადრე არ მომილოცა. ნამდვილად არ იყო სიტუაცია, მაგრამ დაბადების დღე არ აღვნიშნო, არ შემიძლია. ჩემი დაბადების დღეები ყოველთვის პატარა კონცერტს ჰგავს, პომპეზურია და საოცარი ჟრიამულია, თუმცა წელს ასეთი არ გადამიხდია, უბრალოდ, ძალიან ახლო მეგობრებში აღვნიშნე. კიდევ ვამბობ, ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე და ვფიქრობ, სანამ ადამიანი ცოცხალია, უნდა უხაროდეს დაბადების დღის აღნიშვნა, რადგან ეს ის დღეა, როცა ჩვენ სამოგზაუროდ დედამიწაზე ჩამოვედით. განვლილი გზები ჩემთვის დიდი გამოცდილებაა, დიდი გაკვეთილები, დიდი მოგზაურობა ამ ქვეყანაზე და ღმერთი რომ გაძლევს საშუალებას, ამ ულამაზეს დედამიწაზე მოხვიდე და შეიგრძნო ყველაფერი, რასაც ადამიანი გრძნობს, ძალიან მიხარია და ამიტომ, ჩემს დაბადების დღეს ყოველთვის აღვნიშნავ.

– რამდენი წლის გახდით, თუ საიდუმლო არ არის?

– წლოვანებას არასოდეს ვმალავ, 63 წლის გავხდი. 45 წლის შვილი რომ მყავს, ჩემი ასაკი როგორ შეიძლება დავმალო? წლების მატება არ მაშინებს, მთავარია, ადამიანი ჯანმრთელი იყო, ყოველ წელს პროგრესირდე და გაიზარდო. მიხარია, რომ სხვებზე მეტი ვიცი წლებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე და ის, რაც მე მიყვარს, პროფესიული და ცხოვრებისეული თვალსაზრისით, კიდევ უფრო ვიღრმავებ. ეს, ყველაფერი ერთად, გაძლევს დიდ თავდაჯერებულობას, სიბრძნეს. ჩვენს ციფრულ სამყაროში და აჩქარებულ დროში ახალგაზრდობა დიდხანს გრძელდება. ახალგაზრდა ხარ ადამიანი, სანამ ხარ ჯანმრთელი, პროფესიონალურადაც და ცხოვრებისეულადაც შემდგარი პიროვნება და მოხუცებულობა იწყება მაშინ, როცა გიჭირს გადაადგილება და ადამიანებთან ურთიერთობა გღლის. ასე რომ, მეც მქონდა სერიოზული პრობლემები, მაგრამ არ დავნებდი და დღეს კარგად ვარ.

– ვინც არ გიცნობთ, არ იცის, რომ ძალიან დიდი პრობლემები, განცდები და ტკივილები გქონდათ ცხოვრებაში, თუმცა საზოგადოებაში რომ ჩნდებით, ხალისიანი ხართ, თქვენგან მუდამ დადებითი აურა და განწყობა მოდის. როგორ ახერხებთ ემოციების მართვას და რა ასაკში მოგაყენათ ცხოვრებამ პირველი ტკივილი?

– ზუსტად ეს არის ადამიანის სიძლიერე, როცა შეგიძლია, მართო ემოციები. თავად ვარ ძალიან ოპტიმისტი და ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა მშველის პრობლემების და ტკივილების გამკლავებაში. შენს ცხოვრებაში ყოველი ტკივილი, ყოველი არასწორი ადამიანის გამოჩენა, არის ის გაკვეთილები, რაც უნდა მიიღო, როგორიც არის, გამოიტანო დასკვნა და გააგრძელო ცხოვრება, რომ ერთი და იგივე შეცდომა არ დაუშვა, ერთი და იგივე წრეზე არ იარო. თუ ამას ისწავლი და ადამიანს მისი მართვა შეგეძლება, ეს დიდი პრივილეგიაა. ჩემთან ეს წლებმა მოიტანა, ხასიათი კი სულ ასეთი პოზიტიური მქონდა. ცხოვრებამ პირველი ტკივილი მაშინ მომაყენა, როცა ჩემი საყვარელი, ჩემი და ჩემი შვილის გამზრდელი ბებია გარდაიცვალა. 23 წლის ვიყავი და მისი გარდაცვალება ძალიან მეტკინა. შემდეგ, 32 წლის ვიყავი, როცა 31 წლის ძმა, დათო, გარდამეცვალა, იარაღი გაუვარდა. მაშინ საქართველოში არ ვიყავი, ამერიკაში ვცხოვრობდი და ჩემი ძმა გარდაცვლილი არ მინახავს. მისი გარდაცვალება დასაფლავების დღემდე დამიმალეს. ახალი წასული ვიყავი, 90-იანი წლები იყო, დარეკვაც ჭირდა, მობილურები არ არსებობდა, საბუთები ჯერ არ მქონდა წესრიგში და მამამ იფიქრა, გამოვიქცეოდი, გავაფუჭებდი ყველაფერს და ამიტომ დამიმალეს. რადგან დათო გარდაცვლილი არ მინახავს, ზღაპარივით აღვიქვამ, როგორც იყო და არა იყო რა, თითქოს სადღაც არის წასული და ამიტომ ვერ ვხედავ. ჩემი დის, დიანას 43 წლის ასაკში გარდაცვალება კი ასმაგად გაუსაძლისი ტკივილი იყო. წინა საღამოს ველაპარაკე, ყველაფერი კარგად იყო და დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. დამიმალეს მისი გარდაცვალებაც, მითხრეს, ცუდად არისო, სასწრაფოდ მივედი და გარდაცვლილი დამხვდა. ისეთი შოკი მივიღე, ადამიანს წარმოდგენა გაუჭირდება. ყველაზე მწარეა დედმამიშვილის გარდაცვალება, ისეთი სიმწარეა, თითქოს სხეულის ნაწილი ამომგლიჯეს და გადააგდეს. ჩემმა და-ძმამ, დათომ და დიანამ, მარტო დამტოვეს და ჩემს მშობლებზე ვიყავი ჩაბღაუჭებული, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ დიდხანს ეცოცხლათ და ჩემს გვერდით ყოფილიყვნენ, მათთვის ტკივილი შემემსუბუქებინა. მამა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, დედა კი – 85 წლის. დედა ყველაზე მთავარი ადამიანი იყო ჩემთვის და მისი გარდაცვალებით კიდევ უფრო გავიზარდე, ძალიან მიჭირს მის გარეშე.

– სასაფლაოზე მისვლა გიჭირთ თუ პირიქით ეს თქვენთვის შვებაა?

– ძალიან მიჭირს სასაფლაოზე სიარული, ლოცვებში ვიხსენიებ. თუმცა, ის დღეები, როცა აუცილებელია მათ საფლავზე გავიდე, მივდივარ. სხვათა შორის, გარდაცვლილი ოჯახის წევრებისგან განცდილი ტკივილების დაძლევაში ჩემი მამაო, მამა გიორგი, დამეხმარა. რომ არა ის, ალბათ, ვერ შევძლებდი, რადგან ზუსტად მაშინ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. მეტად ვირწმუნე და დავიჯერე, ეს ყველაფერი რომ უფლის ნებაა, ამქვეყნად ჩვენ, ყველა სტუმარი ვართ და როცა დრო მოვა, ჩვენც წავალთ. დიანა თითქმის ჩემი გაზრდილი იყო, ჩვენ შორის ათი წელი იყო სხვაობა. ჩემი შვილი და ჩემი და ერთად იზრდებოდნენ და ამიტომ, მისი გარდაცვალება უფრო სხვა ტკივილი იყო. დათო რომ გარდაიცვალა და აქ არ ვიყავი, იქ დავდიოდი ეკლესიაში და ვლოცულობდი მისი სულისთვის, ხოლო, დიანა რომ გარდაიცვალა, ყოველდღე დავდიოდი ვერის სასაფლაოზე, მის საფლავზე. მამა გიორგი წმიდა პანტელეიმონის ეკლესიის წინამძღვარია და რომ დამინახა, ყოველდღე საფლავზე მივდიოდი, დიდხანს ვრჩებოდი და მიჭირდა იმ ადგილის დატოვება, დამიძახა და მითხრა: ყოველდღე რომ მოდიხარ, შენ გგონია, იქ შენს დას იპოვი? ნუ ტირი, ნუ ეძებ სასაფლაოზე შენს დას, ახლა სჭირდება მას შენგან ლოცვა და დახმარება, რომ ამ ორმოცი დღის განმავლობაში გზა გაუნათო სხვა სამყაროში გადასასვლელადო.

ორმოცი დღეც არ იყო გასული, როცა დიანა პირველად ვნახე სიზმარში და მითხრა: გხედავდი, როგორ მოდიოდი, ყველაფერი მესმოდა, როგორ ტიროდიო... ახლაც რომ მესიზმრება, თითქოს ცხადად მოდის და უფრო მტკივა. დათოც მესიზმრება, თუმცა იშვიათად. ჩემი დედმამიშვილები სულ ახალგაზრდები და ლამაზები დარჩნენ ჩემს გონებაში და მოგონებებში. სხვათა შორის, დედა და მამა ერთად ვნახე სიზმარში, ჩუმად ისხდნენ, საყვარლად, არაფერი უთქვამთ.

– რომ ამბობენ, გარდაცვლილი ადამიანები სიზმრად გვამცნობენ ახლობელი ადამიანის გარდაცვალებასო, მსგავსი რამ ხომ არ მოხმდარა?

– ჩემი ძმის გარდაცვალება, ჩემმა გარდაცვლილმა ბებიამ სიზმრად გამაგებინა, თუმცა ვერ მივხვდი. დამესიზმრა: მე და ჩემი და ვიჯექით ბებიის პანაშვიდზე, მივედი, მოფერება დავუწყე, წამოჯდა და მითხრა: შენ აქ რა გინდა, წადი, მე სხვას ველოდებიო. გავბრაზდი, ვის ელოდები-მეთქი და გარეთ გამოვედი. რუსთაველზე, ძველ სამებაში აღმოვჩნდი, სადაც დავდიოდი და მყავდა მამა პავლე, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო. ეკლესიაში ბევრი ხალხი შედიოდა და გამოდიოდა. ვიფიქრე, რა ხდება-მეთქი და უცებ სამსახურში აღმოვჩნდი. ვისთანაც ვმუშაობდი, მან მითხრა: დალი, ცუდი ამბავი უნდა გითხრაო... და, გამეღვიძა. სიზმრის მერე ცუდი შეგრძნება მქონდა, დაძაბული ვიყავი და სწორედ იმ დღეს გარდაიცვალა ჩემი ძმა, მე კი არ ვიცოდი. ჩემს დაზე კი წინასწარ არანაირი განცდა არ მქონდა და არც ცუდი სიზმარი მინახავს, თუმცა წინა დღეს, ვშფოთავდი. ორგანიზმი შფოთავდა, ვნერვიულობდი, მეტირებოდა კიდეც, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ. ზოგადად, ცუდი ამბის მოახლოებას, შინაგანად ყოველთვის ვგრძნობ. სულ ვამბობ, ყველა ჩემი ოჯახის წევრი იმქვეყნადაა და სიკვდილის როგორ უნდა მეშინოდეს-მეთქი. შიში იმას აქვს, ვისაც არაფრის სწამს, მორწმუნე და უფლის მოყვარულ ადამიანს არასდროს უნდა ეშინოდეს. წელს პირველი აღდგომაა ჩემი დედიკოსთვის. ძალიან სევდიანად დაიწყო ეს წელი. სხვათა შორის, ჩემი მეგობრის, ანრი ჯოხაძის დედა და დედაჩემი ერთად იწვვნენ საავადმყოფოში. ძალიან ცუდად იყვნენ, დედამ ცოტა მოიხედა. რუსიკო რომ გარდაიცვალა, შოკი იყო ჩემთვის, მეგონა, დასძლევდა და გამოძვრებოდა, მაგრამ სამ კვირაში დედმაც დამტოვა და ორივეს იმქვეყნად წასვლა ძალიან მტკივნეული იყო. ანრის დედა დეკემბრის ბოლოს გარდაიცვალა, დედაჩემი – 13 იანვარს. ამას მოჰყვა პატრიარქის გარდაცვალება. ეს წელი საკმაოდ სევდიანად დაიწყო ჩემთვის. პატრიარქის გარდაცვალება რომ გავიგე, ყოველდღე ვტიროდი, პანაშვიდზეც გახლდით და დღემდე ყოველდღე ვუსმენ მის საგალობლებს, ეს მამშვიდებს. უდიდესი ძალა ჰქონდა, უფლის ადამიანი იყო, უნიჭიერესი. მისი უმარტივესი ლოგიკით დაწერილი მუსიკა უდიადესია. მისი დაწერილი ყოველი ნოტი, ფრაზა და სიტყვა იმდენად ჰარმონიულია, სიმშვიდით მავსებს.

– მიუხედავად ტკივილისა და განცდებისა, რომელი პერიოდია თქვენთვის ყველაზე კარგად გასახსენებელი?

– ალბათ, ბავშვობის პერიოდია ჩემთვის ყველაზე კარგად გასახსენებელი, როცა ერთ დიდ ოჯახში, ყველანი ვიყავით ჯანმრთელები და ცოცხლები. ახლა უფრო მეტად ვაფასებ იმ დროს და მტკივა. ხშირად მეფიქრება, რა კარგი იყო, როცა ყველანი ერთად ვიყავით და დიდი ოჯახი გვერქვა. ახლა კი, მარტო დავრჩი, დედის, მამის, დისა და ძმის გარეშე. სტუმართმოყვარე ოჯახი ვიყავით. საჭმელი ყოველდღე დიდი ქვაბით მზადდებოდა, რადგან იცოდნენ, აუცილებლად მოვიდოდა ვიღაც. მერე კი მოხდა ტრაგედია, ნელ-ნელა გამოაკლდა ჩვენს ოჯახს წევრები და იმ სიხალისემ და ყოველდღიურმა გაშლილმა სუფრებმაც იკლო. ახლა მთავარია, ჯანმრთელად ვიყო, რომ დიდხანს მოვიგონო ჩემები და მათი სულებისთვის ვილოცო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი