გიორგი სუხიტაშვილი: სათვალავი ამერია, იმდენჯერ ვარ სიკვდილს გადარჩენილი
ავტორი: ნონა დათეშიძე 17:00
მართალია, გიორგი სუხიტაშვილი ძალიან ცელქი და ინტერესიანი ბავშვი იყო, თუმცა არა უზრდელი. უამრავი ხიფათის მიუხედავად, სერიოზული დაზიანება არ მიუღია, ბევრჯერ გადაურჩა სიკვდილს. ბუნებით რისკიანია და ბევრჯერ გაურისკავს კიდეც.
გიორგი სუხიტაშვილი: ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. მახსოვს, როგორ ვმორცხვობდი, როცა რამეს მთავაზობდნენ, როგორ უხერხულად ვიყავი, როცა უფროსი მესაუბრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ და სითამამე არ მაკლდა. მოკლედ, ვიყავი ძალიან ცელქი, მოძრავი და ინტერესიანი, ყველაფერი მაინტერესებდა, ყველაფრის დათვალიერება მინდოდა, ყველაფრის კეთება. სოფელში ვცხოვრობდი, კარალეთში და ხან ნაჭარმაგევის ტბაზე დავდიოდით საბანაოდ, ხან ლიახვზე. ერთხელ, ღამით წავედით კიბორჩხალების დასაჭერად, რომლებიც გვიან ღამით გამოდიან ტბის ნაპირზე. დროის შეგრძნება დავკარგეთ და მშობლებმა იქ ჩამოგვაკითხეს. საყვედური მივიღეთ და დავისაჯეთ. უამრავი ტრავმა მაქვს მიღებული, თავისი ამოვარდნილობით, ნაღრძობით, ღრმა ჭრილობებით, გადმოვარდნებით, დენის დარტყმით, ტრაქტორსაც კი გადაუვლია ჩემზე, მაგრამ არასოდეს არაფერი მომიტეხავს.
– ტრაქტორმა როგორ გადაგიარა?
– შეშით დატვირთულმა ტრაქტორმა გადამიარა და დაჟეჟილობა მივიღე, მეტი არაფერი. ჩემი ბრალი იყო, მოძრავ ტრაქტორზე ასვლა მოვინდომე. ზოგადად, სათვალავი არ მაქვს, რამდენჯერ ვარ სიკვდილს გადარჩენილი. უამრავჯერ. თუმცა, მძიმე ტრავმები არ მიმიღია. ერთხელ, გაქროლებულ მანქანის მისაბმელს შევახტი, მერე ჩამოვხტი და მხრებით ვიხოხიალე. მეზობელთან იყო მოსული ის მანქანა, რიყიანი გზა იყო და მანქანები ნელა დადიოდნენ. ვიფიქრე, მეც გავყვები-მეთქი და რომ დაიძრა, შევახტი. ვიფიქრე, ამ გზაზე ნელა წავა და იმ ადგილს რომ მივუახლოვდები, ჩამოვხტები-მეთქი. არ ვიცი, ისე ჩქარა რატომ წავიდა, სხვა გზა არ მქონდა, ჩამოვხტი და მხრებით ვიხოხიალე. მთელს სხეულზე კანი გადამძვრალი მქონდა.
– დამოუკიდებლად ცხოვრება ადრეულ ასაკში დაიწყე. არ გაგიჭირდა?
– ადრეულ ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებამ, ბევრი რამ გამომიმუშავა, პირველ რიგში, შრომის ფასი ვიცი. მე ჩემს გაღებულ რესურსსაც და სხვის გაღებულსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ. ჩემთან მარტივად არაფერი მოსულა, ყველაფერი მოვიდა საკმაოდ რთულად, ამიტომ ყოველთვის ვაკეთებ ანალიზს და პირდაპირ გადამაქვს ჩემს საქმიანობებში, ზედაპირულობა კი გამორთული მაქვს. ყველაფერი ჩემი კისრისტეხვითა და შეცდომებით ვისწავლე. შესაძლოა, ვიღაცამ გამკიცხოს, მაგრამ არასოდეს სხვისი მაგალითებით სერიოზული გადაწყვეტილება არ მიმიღია. ყოველთვის მე უნდა გამოვცადო, მე უნდა მეტკინოს, მე უნდა გამიხარდეს, მე უნდა ვიშოვო ფული, მე უნდა გავფლანგო, სხვის მაგალითზე ვერ ვიცხოვრებ. მუდმივად მქონდა გამოწვევების ინტერესი და დღემდე ასე ვარ. ჩემი საქმიანობები, გარდა სიმღერისა, ყოველთვის არის მუდმივი გამოწვევა, მუდმივი ადრენალინი. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ბევრს ჰგონია, ექსტრემალური სპორტი მიყვარს, მაგრამ ასე არაა, არ მიყვარს გაუმართლებელი რისკი. თუმცა, როცა მნიშვნელოვანი საკითხია, უყოყმანოდ ვრისკავ. ვერასოდეს გავრისკავ, თუ ჩემთან ერთად სხვა ადამიანია. თუ ჩემს რისკს შესაძლოა, ვინმეს ზიანი მოჰყვეს, რისკი ნულ პროცენტამდე დამყავს. ამ რისკის ვერ გამართლების შემთხვევაში უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ჩემ გარდა არავინ დაზიანდება.
– ბევრჯერ გაგირისკავს და არასოდეს წაგიგია?
– გამირისკავს და ბევრჯერ წამიგია. ადამიანებმა რისკის ფასი უნდა იცოდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ადამიანი მონეტას აგდებს მაღლა, გონებაში უნდა დაუშვას, რომ შესაძლოა, მონეტამ მათთვის არასასურველი მხარე დასვას. ჩემი ყველა რისკი იყო მნიშვნელოვან საკითხზე. უპრაგონოდ არასოდეს ვრისკავ. არასოდეს მითამაშია კაზინოში, არასოდეს გამირბის ხელი სათამაშო აპარატზე, ანუ ეს ჩემთვის უაზრობაა და მე უაზრობაში არ ვრისკავ. ჩემი რისკები მნიშვნელოვანს უკავშირდება და თუ ასეთი არ არის, არ გავრისკავ.
– სოფელში გაიზარდე, შემდეგ დედაქალაქში გააგრძელე ცხოვრება, მუშაობა და მღერა. თუმცა, გული ისევ სოფლისკენ გიწევდა. დამოუკიდებლად ააშენე პატარა კოტეჯი და ხშირად დებ ვიდეოებს ამ ულამაზესი ადგილიდან. საიდან გაგიჩნდა იდეა, სოფლად, საკუთარ ეზოში, სახლის გვერდით აგეშენებინა კოტეჯი და იქ გაგეტარებინა დიდი დრო?
– დიახ, ერთ ეზოში დგას ჩემი მშობლების სახლი და ჩემი კოტეჯი. ბევრმა არ იცის ჩემი საქმიანობები, რომელიც სიმღერას არ უკავშირდება, არადა ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურში ვმუშაობ, კერძო სექტორში, რომელიც მოითხოვს ბევრ სამუშაოს, კონცენტრაციას, ბევრ შრომას, წერას და ასე შემდეგ. ამიტომ, მჭირდება სიმშვიდე, ბევრი რამის ანალიზი, სამუშაოდ – ბევრი სივრცე და აქედან გამომდინარე, ადგილი, სადაც მე ჩემთვის უნდა ვიყო. ესეც რომ არა, ისედაც გეგმაში მქონდა ამეშენებინა კოტეჯი, რადგან მე ყოველთვის მიყვარდა და მიყვარს სიწყნარე. მიყვარს სიმშვიდე, ფიქრი, ბევრი ინფორმაციის მიღება, კითხვა, მოსმენა, რასაც ბევრ ადამიანთან და ხმაურში ვერ მოახერხებ. ბევრ ადამიანს ჰგონია, მთლიანად აქ გადმოვედი, მაგრამ ასე არ არის. კნინობითი ფორმითაც წამიკითხავს ჩემი მისამართით უკმეხი და უტაქტო დამოკიდებულება სოფლელობასთან დაკავშირებით – თავისი ადგილი იცოდეს ყველამ... სიმღერაში ვერაფერი გააკეთა და ისევ იქ წავიდა საიდანაც წამოვიდაო... ვცდილობ, ასეთი არაადეკვატური შეფასებები და კომენტარები არ დარჩეს საჯარო სივრცეში, არ გაიხსნას ლანძღვის პოლიგონი, რადგან ჩემს გვერდს ჰყავს უამრავი გამომწერი. როცა შენ მიმართ ბევრი ადამიანი დადებითადაა განწყობილი, რთულია, ვისაც პატივს სცემ და გიყვარს, მასზე მსგავს რამეს რომ კითხულობ ან ისმენ. ამას მოჰყვება საპასუხო რეაქცია და იწყება საკმაოდ არასასიამოვნო საუბრები. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ, გავცხრილო. ხშირად არის ხოლმე სპეციალურად ჩადებული ინტრიგა, რომელსაც თუ ჩანასახშივე არ უპასუხე და აღმოფხვერი, შეიძლება, უმართვი პროცესები მოჰყვეს, რაც მოჰყვა სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანის მიერ დაწერილ კომენტარს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანია მოწოდებული, რაღაც „ყურით მოთრეული“ დაიხვიოს ხელზე და მერე დიდი სიამოვნებითა და ენთუზიაზმით ათრიოს წინ და უკან, მიუხედავად იმისა, შეიძლება, არ იცოდეს ადამიანის პროფესია ან გაკეთებული საქმეები. მე წლებია, ვაკვირდები ქართულ სოციალურ მედიას და არცთუ ისე რთული ამოსაცნობია, როგორი მარტივი ფორმულებით ხდება ადამიანების წინააღმდეგ გაშავების, ლანძღვის ან ჩირქის მოცხების ოპერაცია. ნიშნები ყოველთვის ერთნაირია და მისი ამოცნობა – მარტივი. ამიტომ, როგორც კი ამას ვიგრძნობ, არ ვაქრობ, პირიქით, პასუხს ვცემ, რომ სხვა ადამიანებმაც, ვისაც შეიძლება, თავში მსგავსი რამ მოუვიდეს, იცოდეს არასწორ მისამრთზე მოხვდა.
– რაც წლები გადის, რა მოგიტანა იმ ცხოვრებისეულმა გამოცდილებებმა?
– ძალიან ყურადღებით ვაკვირდები მოვლენებს, ადამიანების ქმედებას, მათი ხასიათისა და მიმართულებების ცვლილებას, მათ მერყეობას, ადამიანურ შეცდომებს, გადაცდენებს, სისუსტეებს და ასე შემდეგ. მე ძალიან ბევრი კარგი მომცა ჩემმა ცხოვრებამ და ასევე, ძალიან ბევრი ცუდი, რაც საბოლოო ჯამში, შემიძლია, მაინც დადებითად შევაფასო, რადგან გამოცდილების ნაწილი გახდა. მე გავხდი უფრო ფრთხილი, პრაგმატული ან პირიქით, ბევრი ადამიანისა და ბევრი მოვლენის მიმართ – უფრო ემოციური და გულახდილი. რა თქმა უნდა, რაც წლები გადის, მეტად იკეტება ადამიანი და გამოცდილებებიდან გამომდინარე, უფრო მეტი თავდაცვის მექანიზმები უმუშავდება. თუ გული ეტკინა ან ფიზიკური ტკივილი განიცადა, მოერიდოს იმ მოცემულობებს, მაქსიმალური პრევენცია მოახდინოს, რომ ის აღარ განმეორდეს. ზოგადად, რაც არ უნდა პოეტურად ჟღერდეს, ადამიანს სევდა და ტკივილი უფრო მეტად ამახსოვრდება, ვიდრე სიხარული. რაც წლები გადის, მით მეტად აფასებს შეცდომებს და თუ სხვა ადამიანებთან აქვს დაშვებული შეცდომები, ეს ძალიან, ძალიან ცუდი ტკივილია. სულ ვამბობ, ნუ დაელოდებიან ადამიანები დიდ სიხარულს, სიამოვნებასა და ბედნიერებას, ყოველთვის დაელოდონ ყოველ დღეს. დღე რომ თენდება, სიამოვნება იწყება და თუ ეს არ გავითავისეთ, ვერ მოვუძებნით შესაბამის სიამოვნებას იმ ტკივილს, რასაც ადამიანი ყოველდღიურად განიცდის. ნურავის იმედზე ნუ იქნებით, ტკივილს ისედაც არ გვაკლებენ სხვა ადამიანები, მაგრამ სიხარული და სიამოვნება, ძირითადად, ჩვენზეა დამოკიდებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





