შოუბიზნესი

ბექა ჩხაიძე: გამარჯვებაა, რომ აღარ ვქეიფობ, ერთი წელი ისე გავიდა, ორი წვეთი არ დამილევია

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 13:00

ბექა ჩხაიძე
დაკოპირებულია

ბექა ჩხაიძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ბექა ჩხაიძე?

ბექა ჩხაიძე: ჩემს სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი ვარ, ჩემი წინაპრების მიერ დატოვებული ადათ-წესების გამგრძელებელი. უზომოდ მიყვარს ჩვენი დედა ეკლესია, ჩვენი სარწმუნოება და ვცხოვრობ ტრადიციულად და ქართულად, რაც ვფიქრობ, ყველა ქართველის მოვალეობაა. ვარ კარგი მეგობარი და ერთგული ადამიანი.

– როგორია შენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ჩემი საოცნებო ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორიც ღმერთმა მარგუნა და როგორც ახლა ვცხოვრობ. ერთი თვის წინ მესამე შვილი – ბიჭი – შემეძინა, რომელსაც დემეტრე დავარქვით და უბედნიერესი ვარ. ადრე ვთქვი, ჩემს შვილებს ქართველი წმიდანებისა და მეფეების სახელები უნდა დავარქვა-მეთქი. ერეკლე და დემეტრე უკვე მყავს. იმის გამო, რაც ჩემს თავს ხდება, უფლის ძალიან მადლიერი ვარ.

– რამდენად გულჩვილი და ემოციური ადამიანი ხარ?

– ძალიან ემოციური ვარ. ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო ემოციური ვხდები. რაც შეეხება გულჩვილობას, ასეთიც ვარ – კარგიც და ცუდიც გულთან ძალიან ახლოს მიმაქვს. მხოლოდ ჩემი არა, სხვისიც ძალიან მიხარია და ძალიან მტკივა. კარგ გამარჯობასაც ვუმახსოვრებ ადამიანს.

– ორი განსაკუთრებით ემოციური მომენტის გახსენება მინდა, გთხოვო – როდის იტირე ბედნიერების და მწუხარების ცრემლით?

– ბედნიერების ცრემლი შვილის დაბადებასთან ასოცირდება. ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება რა უნდა იყოს?! ეს სიხარულის ცრემლის გარეშე არ ხდება.

ტკივილისგან ვიტირე მაშინ, როდესაც მეგობარი დამეღუპა. სამწუხაროდ, ერთხელ არა, რამდენჯერმე. ეს ყველაზე რთულია. სხვათა შორის, ღალატის დროსაც წამომსვლია ცრემლი. რომ გამიგია, მეგობარი მღალატობს, სიმწრისგან მართლა წამომსვლია ცრემლი.

– რას მიიჩნევ შენს მცდარ ნაბიჯად?

– ძალიან ბევრ რამეს. უპირველესად იმას, რომ ჰარი-ჰარალეს გადავაყოლე ნახევარი ცხოვრება. ბევრ რამეს არ მივაქციე ყურადღება. ალბათ, ასაკი მქონდა ასეთი და თან პროფესიაც ხელს მიწყობდა. 24 საათი სუფრა, ქეიფი, დროსტარება იყო. ცოტა ჭკუა რომ მეხმარა და ადრე დავფიქრებულიყავი გარკვეულ საკითხებზე, დღეს ბევრად უფრო წინ ვიქნებოდი. ასევე, ვისურვებდი, რომ წარსულში ნაკლები ადამიანის მიმართ გამომეხატა ნდობა და ცოტა მეტად ვიფიქრებდი მომავალზე. საბედნიეროდ, საკუთარი თავისთვის დიდი ზიანი არ მიმიყენებია. საბოლოო ჯამში, ღმერთისგან რაც გიწერია, ეგაა. კი, შეიძლებოდა, უფრო ადრე დავფიქრებულიყავი ამაზე, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ საბოლოო ჯამში, მაინც ასე მოვიქეცი და ჩემი ცხოვრება შეიცვალა. შეცდომები ყოველთვის არის, მაგრამ ჩემი რწმენით, მთავარია, ადამიანს არ უღალატო. დანარჩენი ყველაფერი გამოსწორებადია.

– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდა...

– ჩემი და ჩემი მეუღლის პაემნები რომ გავიხსენო, სულ კარგ სიტუაციებსა და სიცილ-ხითხითში ვიყავით. გამორჩეულად სახალისოდ ერთ მომენტს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ყველა შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით. მართლა რომ ბედი იყო – ექსპრომტად და ძალიან სწრაფად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა. ყველა დღე ძალიან ბედნიერი იყო და უფლის წყალობით, დღემდე ასეა.

– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ადამიანმა ბოლომდე გამარჯვებულად თავი არასდროს უნდა იგრძნო. არასდროს ვიფიქრებ, რომ გავიმარჯვე და დამთავრდა, რომ აღარაფრის გაკეთება აღარ მჭირდება. ადამიანს ნებისმიერ დროს უნდა გქონდეს მიზანი. ამ დროისთვის კი ვიტყოდი, გამარჯვებაა ის, რომ აღარ ვქეიფობ. ისე გავიდა ერთი წელი, რომ ორი წვეთი არ დამილევია. გამარჯვებაა, რომ აღარ ვსვამ და დილიდან საღამომდე ჭიქა არ მიჭირავს ხელში. უკვე ოთხი წელია, ასე ვარ. სულ რაღაც 5-6-ჯერ დავლიე ამ დროის განმავლობაში. ერთს რომ დავლევ, მერე ერთი ხუთი დღე, იცოცხლე, მოქნეული მაქვს ყაბალახი, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად. ეს მართლა გამარჯვებაა.

მარცხი არაერთხელ ყოფილა. ბევრჯერ განვიცადე ასეთი რამ, მაგრამ არასდროს შევგუებულვარ, არ გავჩერებულვარ და არასდროს დამიკლია მცდელობა იმ იმედით, რომ უკეთესი შედეგი იქნებოდა. მადლობა ღმერთს, ისეთი მარცხი, რომ ყველაფერი თავზე ჩამომქცეოდა არ მქონია. რაც იყო, იმას ღმერთის წყალობით მოვრევივარ და ლელო დამიდია.

– რა გსმენია საკუთარ თავზე განსაკუთრებით სასიამოვნო და ისეთიც, რამაც გული გატკინა?

– ეს ამბავი ახლახან მოხდა. ჩემი მეგობარი სტუმრად ელოდა ძალიან ცნობილ და წარმატებულ ქართველ ბიზნესმენს, რომელიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და მასთან ერთად, ვახშამზე ოჯახით დამპატიჟა. მივედი და ცოტა ხანში მოვიდა ეს ბიზნესმენი მეუღლესთან ერთად. ეს გოგო გამოიქცა ჩემკენ, ვაიმე, ბექა ხარო და გადამეხვია. ქმარი ეკითხება, ეს ის არისო?! და გაიხარე, ძალიან მინდოდა შენი გაცნობაო, მეუბნება ეს ადამიანი. ვერ ვიცანი ვერცერთი და ვერ მივხვდი რა ხდებოდა... მერე ამ გოგომ მითხრა, დაახლოებით, 15 წლის წინ სტუდენტი ვიყავი, სამსახურს ვეძებდი თავის სარჩენად და როგორც გურულმა გურულს მოგწერე, დახმარება ხომ არ შეგიძლია-მეთქი. შენ შენი ერთი შინაურის მარკეტების ქსელში მენეჯერად დამასაქმეო. ერთ დღესაც, ეს ბიზნესმენი (მისი მეუღლე) რაღაცის საყიდლად შესულა ამ მაღაზიაში, მოეწონა ეს გოგო და მათი ურთიერთობა დაიწყო. კონკიას ზღაპარივით ისტორია მიამბეს. ახლა ძალიან კარგი ოჯახი აქვთ, ორი შვილი ჰყავთ, ძალიან წარმატებულები არიან. სიმართლე რომ ვთქვა, ეს ამბავი საერთოდ არ მახსოვდა და ამ გოგომ რომ მოყვა დეტალები, მერე გამახსენდა. ეს ბიჭი ქართველი ებრაელია, საოცარი ადამიანები არიან. დიდებულად ცხოვრობენ. მართლა საოცარი ამბავია, რომელმაც ძალიან გამახარა.

რაც შეეხება გულის ტკენას, ასეთიც – რამდენიც გინდა. ასეთი ამბები, ძირითადად, „ბალამუტი“ ადამიანების ენებს მოჰყვება. არ არსებობს, დაიმალოს. წლები გასულა და მერე ამოტივტივებულა დაბოღმილი ადამიანებისგან გაკეთებული ასეთი ამბები. ამით ცხოვრობენ ბოღმა და შურიანი ადამიანები უბედურად და უბედურადვე ამთავრებენ ცხოვრებას. კაცი რომ შენიანი გგონია და დაბოღმილი აღმოჩნდება, ძალიან რთულია. სამწუხაროდ, ასეთი გულისტკივილი ხშირია. ადამიანი რომ გიყვარს და სიკეთეს უკეთებ, მერე ისეთ რამეს იტყვის, რასაც ადრე თუ გვიან გაიგებ, რომ მიხვდები, სინამდვილეში, თურმე, როგორ იბოღმებოდა შენზე. სამწუხაროდ, ვერ ხვდება, რომ ბოღმისა და ბოროტების გამო ერთ დღეს ყველაფერი თავზე ჩამოექცევა.

– პროფესიული საქმიანობის მიღმა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რისი გაკეთება გსიამოვნებს?

– უკვე რამდენი წელია, ჩემთვის ოჯახთან ერთად ყოფნა არის ძალიან დიდი ბედნიერება. იმხელა სამეგობრო აღარ მყავს, რამხელაც მყავდა. რომ გავხედავდი, არმია მეგონა. ახლა ვინც მყავს, რამდენიმე უახლოესი ადამიანი, მათთან ერთად დროის გატარება, ძალიან მიყვარს. ოჯახი, შვილები და ახლო მეგობრები, მათთან გატარებული ყოველი წუთი მაბედნიერებს.

– რა გამოსცადე ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?

– სამი შვილის მამობა და ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მე თუ მკითხავ, ოჯახში პატარა სულ უნდა იყოს. ყოველი წამი გიხარია, ეს სასწაულია. უფალს დიდება ყველაფრისთვის. არ არსებობს, გაღვიძებისას და ძილის წინ მე ამ ყველაფრისთვის ღმერთს მადლობა არ ვუთხრა. ვიმედოვნებ, რომ კიდევ მაჩუქებს ღმერთი შვილს. უნდა გავამრავლო ერი.

ამ ბოლო დროს ძალიან ჩართული მამა ვარ. ძალიან მომწონს ჩემი თავი ამ მდგომაროებაში და ხანდახან შევიქებ ხოლმე. მართლა სასიამოვნო აღმოჩენებს ვაკეთებ. პატარასთან მიმართებაში ყველაფერი კარგად ვისწავლე და მეუღლეს დიდი სიამოვნებით ვეხმარები. ადამიანი ამაზე უკეთესს ვერაფერს იზამ.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადე?

– რამდენჯერმე მოვყევი ავარიაში და ყველაზე საშინელი წამებია, როცა სიკვდილს თვალებში უყურებ.

– ყველაზე დიდი სულიერი და ფიზიკური ტკივილი?

– სულიერ ტკივილზე ღალატი მახსენდება. გვერდში რომ მოღალატე გყავს და არ იცი, საშინელებაა. რომ იგებ, გული ძალიან გტკივა.

ფიზიკურ ტკივილს რაც შეეხება, ბავშვობაში რამდენჯერმე დამჭრეს...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი