შოუბიზნესი

როგორ უბიძგებდა თაკო ფოფხაძეს მოდელობისკენ ბებო და რატომ არ სცალია მას სიყვარულისთვის

№38

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 20:00 24.09

თაკო ფოფხაძე
დაკოპირებულია

თაკო ფოფხაძე დამწყები მოდელია, რომელმაც განსაკუთრებული გარეგნობის წყალობით, მალევე მოახერხა ყურადღების მიპყრობა.

თაკო ფოფხაძე: მოდელობა ბავშვობიდან მინდოდა. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, „ვიქტორია სეკრეტის“ მოდელებს რომ ვუყურებდი ჩვენებებზე და ვოცნებობდი, მეც მათსავით გამევლო პოდიუმზე. ზოგადად, ძალიან მომწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. მსიამოვნებს, როცა ფოტოებსა და ვიდეოებს მიღებენ. ამ სურვილის დაკმაყოფილებაში მოდელობა მიწყობს ხელს.

სამოდელო საქმიანობა ლიკა ყაზბეგის სამოდელო სააგენტოდან დავიწყე და დღემდე აქ ვარ. „ჯორჯიან ფეშენ-ვიქის“ ქასთინგზე ვმონაწილეობდი და რამდენიმე დიზაინერს მოვეწონე, ასევე, ორგანიზატორსაც და პირველად პოდიუმზე მაისში გამოვედი. ყველაფერი აქედან დაიწყო. ამ ჩვენების შემდეგ არაერთი ფოტოგრაფი დამიკავშირდა და გადაღებებში მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს. სულ რამდენიმე თვეა, რაც ამ საქმიანობით ვარ დაკავებული და ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ახლა 20 წლის ვარ, თუმცა, როცა პირველი ნაბიჯები გადავდგი 19-ის ვიყავი.

– მოგწონს საკუთარი არჩევანი?

– მართლა ძალიან მომწონს. ეს ხომ ჩემი ბავშვობის ოცნებაა?! გადაღების შემდეგ როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, მაინც მადლიერი და ბედნიერი ვარ. უფრო სწორად, როცა საყვარელ საქმეს ვაკეთებ, დაღლილობის გრძნობა არც მაწუხებს. მგონი, დაღლაზე წუწუნი, მაშინ როცა ოცნების საქმეს ვაკეთებ, ჩემი მხრიდან, ძალიან დიდი დაუნახაობა იქნება. შეიძლება, ამაზე ბევრი ოცნებობს, მაგრამ რეალიზებას ვერ ახერხებს, სწორ ადგილას ვერ მოხვდნენ და ასე შემდეგ. მე გამიმართლა, რომ სწორ დროს სწორ ადგილას მოვხვდი და ამის გამო ძალიან კმაყოფილი ვარ.

– მშობლები როგორ შეხვდნენ შენს არჩევანს? სამწუხაროდ, დღეს კიდევ ბევრისგან მოვისმენთ „არ გინდა ეს პროფესია, იქნებ რამე უფრო სერიოზული აირჩიო“ და მსგავსი ტიპის კომენტარებს და შენ თუ გაქვს მათგან მხარდაჭერა?

– მე ამაში ძალიან გამიმართლა. ბებიაჩემის ოცნება იყო, მოდელი გავმხდარიყავი. ძალიან პატარა ვიყავი, როცა უკვე ამაზე მელაპარაკებოდა. მთელი ჩემი ოჯახი მგულშემატკივრობს, მაგრამ ბებიასნაირი მხარდამჭერი მეორე არ მყავს. ყოველთვის ცდილობდა, ჩემი ცხოვრება სამოდელო საქმიანობისთვის დამეკავშირებინა. არ მახსოვს, რამეზე ეთქვას, არ ჩაიცვაო. პირიქით, მეტყვის ხოლმე, გამოაჩინე ლამაზი ფეხები რომ გაქვსო. სამწუხაროდ, დედა ამ ეტაპზე საქართველოში არ არის და ჩემს პირველ ჩვენებას ვერ დაესწრო, მაგრამ ოჯახის დანარჩენი წევრები გვერდით მყავდნენ და მალე დედაც ჩემთან ერთად იქნება. ყველა ძალიან ბედნიერი იყო. ბებიამ სიხარულისგან ტირილიც დაიწყო – საკუთარ ოცნებასთან ერთად, მისი ოცნება შევასრულე.

– უნივერსიტეტში რა მიმართულებაზე სწავლობ?

– ახლა მესამე კურსზე ვარ. ინგლისური ფილოლოგია ავირჩიე, მაგრამ ამ კუთხით წასვლა არ მინდა. სამომავლოდ ისევ და ისევ მოდელობასა და მსახიობობაზე ვფიქრობ. ძალიან მინდა, სამსახიობო კუთხითაც გავაქტიურდე. ზოგადად, რაც სცენასა და კამერას უკავშირდება, ყველაფერი ძალიან მომწონს და ვფიქრობ, მსახიობობაც ძალიან კარგად გამომივა. როგორც ვთქვი, ყურადღების ცენტრში ყოფნა ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა და ეს პროფესიებიც ამიტომ მაინტერესებს.

რაც შეეხება ინგლისურ ფილოლოგიაზე სწავლას, მე ახალციხეში ვცხოვრობ. თეატრალურზე მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ საცხოვრებლად აქედან გადასვლა არ მინდოდა. რადგან ახალციხეში თეატრალური ფაკულტეტი არ გვაქვს, სხვა ისეთი პროფესია უნდა ამერჩია, რაც მაინტერესებდა, მომწონდა და რისი სწავლის შესაძლებლობაც აქ მექნებოდა. ინგლისურ ენას ძალიან კარგად ვფლობ. თითქმის ქართულივით ვიცი. ამიტომ, გადავწყვიტე, სიღრმისეულად მესწავლა ინგლისური ლიტერატურაც. ეს – მხოლოდ ჩემი ცოდნის გაღრმავებისთვის, თორემ სამომავლოდ ამ პროფესიით მუშაობას არ ვგეგმავ. ზოგადად, ვფიქრობ, ინგლისური ენა მოდელმა უნდა იცოდეს.

– მოდელის პროფესია ერთგვარ სითამამესაც მოითხოვს, პოდიუმზე სხვადასხვა ტიპის კოსტიუმის წარდგენაა საჭირო, ეს არ გიქმნის დისკომფორტს?

– ყველაფერს აქვს საზღვრები და მე ზღვარს არ გადავაბიჯებ. ზოგადად კი, როცა მოდელობას თანხმდები, გააზრებული უნდა გქონდეს ის საკითხი, რომ შეიძლება, ხანდახან ისეთი რამის ჩაცმაც მოგიწიოს, რაც ყველა ასაკის ადამიანებისთვის მისაღები არ იქნება. მე ეს ყველაფერი კარგად მაქვს გააზრებული და ვაპირებ, რომ ზომიერების ფარგლებში უარი არაფერზე ვთქვა. ჩემი ოჯახი მხარს მიჭერს და რომ არა მათი ასეთი დამოკიდებულება, ალბათ, ბევრ რამეს ვერ შევძლებდი.

– როგორც მოდელი, რაზე ოცნებობ სამომავლოდ?

– არ მინდა, ჩემი საქმიანობა მხოლოდ საქართველოთი შემოიფარგლოს. მინდა, ჩემი პროფესიით სხვადასხვა ქვეყნებში ვიმოგზაურო. მინდა, პარიზისა და მილანის მოდის კვირეულზე გამოვიდე. ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც დიდი ოცნებები არ გააჩნია, ბევრს ვერ მიაღწევს. რამხელა ამბიცია გაქვს, რაებზე ოცნებობო – მომისმენია ასეთი შეფასებები და მინდა, ვთქვა, რომ დიახ, თუ ვოცნებობ, დიდ მიზნებზე ვოცნებობ, მაგრამ არაფერ შეუძლებელზე. რატომ ვერ შევძლებ პარიზის მოდის კვირეულზე გამოსვლას? ეს სრულიად შესაძლებელია, უბრალოდ, ამას მუშაობა სჭირდება და მე ეს არ მაშინებს. შეიძლება, ბევრჯერ მივიღო უარყოფითი პასუხი – მე ამისთვის მზად ვარ და ეს ვერ გამაჩერებს. ვცდი იქამდე, სანამ სასურველ მიზნამდე არ მივალ. ბევრი მოდელი მინახავს პესიმისტური განწყობით იმის გამო, რომ რომელიმე დიზაინერმა არ აირჩია. მე ამ საკითხს ასე არ ვუდგები, ასეთ დროს მეტი ძალა მეძლევა იმისთვის, რომ დავუმტკიცო, თუნდაც, იმ დიზაინერს, ვინც უარი მითხრა, რომ მე შემიძლია! როცა რაღაც ძალიან გინდა, ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეგიშლის ხელს.

– თაყვანისმცემლები როგორ ცდილობენ შენი ყურადღების მიპყრობას?

– ამას არ ვუკვირდები. ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა მხოლოდ წარმატებული კარიერის შექმნაზე ვფიქრობ. მთელი ჩემი კონცენტრაცია სამოდელო საქმიანობისკენ მაქვს მიმართული. როცა ფოტოს სოციალურ ქსელებში ვტვირთავ, რა თქმა უნდა, გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე და პირად შეტყობინებებში მწერენ, მაგრამ პასუხს არავის ვცემ. მსგავს მესიჯებს, ძირითადად, არც ვნახულობ. ყურადღება სასიამოვნოა, მაგრამ ამ ეტაპზე ვერავის ვუპასუხებ. რეალურ ცხოვრებაში – ძალიან ზომიერად, ჩემი ქცევებით ვანიშნებ ადამიანს, რომ მე არ ვარ დაინტერესებული.

– იმიტომ, რომ საქმეზე გაქვს აქცენტი თუ ცოტა პრეტენზიულიც ხარ და ძნელად თუ ვინმე მოგწონს?

– კი, სიმართლე რომ გითხრათ, რთულადაც მომწონს. თან, გვერდით რომ ვინმე მყავდეს, ცოტა გამიჭირდებოდა პროფესიული კუთხით წარმატების მიღწევა. შეიძლება, ვცდები და ასე არ იყოს, გამორიცხული არაფერია, მაგრამ რატომღაც ასე ვფიქრობ – სანამ სასურველ მიზანს არ მივაღწევ, მირჩევნია, რომ სხვა რამეს ყურადღება არ მივაქციო. შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ უცებ შემიყვარდეს – ეს არავინ იცის, თუმცა აქამდე არავინ შემყვარებია. მართლა იმდენად ვარ კონცენტრირებული საქმეზე, რომ გარშემო სხვას ვერაფერს ვამჩნევ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა