შოუბიზნესი

როგორ აბედნიერებს ადამიანებს ნათია ფოტინეს ნახატები და რა გავლენა მოახდინა პატრიარქმა მის შემოქმედებაზე

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 19:00

ნათია ფოტინე
დაკოპირებულია

ნათია ფოტინე ის მხატვარია, რომლის ნახატებიც საოცარ განწყობაზე აყენებს ადამიანს და დადებით განცდებს აღუძრავს. ალბათ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მან ეს გზა აირჩია. თუ – რატომ, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ნათია, პირველ რიგში, თქვენს ოჯახზე მოგვიყევით – რა პროფესიის ადამიანების გარემოცვაში გაიზარდეთ და როგორი იყო თქვენი გარემო?

– დავიბადე სიყვარულის ქალაქში – თბილისში, ხელოვანთა ოჯახში. მამა მუსიკოსი და ფერმწერი იყო, დედა – „სუხიშვილების“ კურსდამთავრებული. გამოცდაზე თავად დიდ ილიკოს უთქვამს: დიდ ხუთიანს გიწერო. ზოგადად, გენეტიკაში მაქვს ხელოვნების სიყვარული. დიდი ბაბუა თეატრის სცენის მხატვარი იყო. მეორე ბაბუა, ანზორ ამირანაშვილი – ყველასთვის ცნობილი პერსონაჟი მხატვრული ფილმ „ქაჯანაში“. ბებია თეატრმცოდნე – რეჟისორი ლამარა ამირანაშვილი, მსახიობი და მწერალია. ალბათ, აქედან მოდის ჩემი დიდი სიყვარული თეატრისადმი. დარბაზში რომ შევადგამ ფეხს, ვგრძნობ, რომ თეატრის სცენის მტვრის სუნიც კი მიყვარს.

– როდის გამოავლინეთ მხატვრობის ნიჭი და როგორ გახსენდებათ პირველი ნაბიჯები?

– ბავშვობიდანვე ვხატავდი. შემდეგ უკვე ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ხატწერა, რამაც იმაზე მეტად გამახარა, ვიდრე მეგონა. უფლის გზა მეტად საინტერესო და მადლიანი აღმოჩნდა, რისთვისაც მადლობელი ვარ.

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა. სკოლაში, დაწყებით კლასში, როცა რამე იყო გასაფორმებელი და მოსახატი, ყოველთვის ვეხმარებოდი მასწავლებელს. რაც კი სახვით ხელოვნებაში შედის, მგონი, ყველაფერი გამომდიოდა. ჯერ კიდევ მეორე კლასში ვიყავი, როდესაც თბილისში სკოლებს შორის ჩატარდა კონკურსი ხელით ნაკერი საუკეთესო თოჯინების გამოსავლენად, სადაც საპატიო ადგილი ავიღე.

– მხატვრობის პროფესიად არჩევა უალტერნატივო იყო თუ სხვა ვარიანტებსაც განიხილავდით?

– ყოველთვის ვიცოდი, რომ უნდა მეხატა. ისე ბავშვობაში ძალიან მიყვარდა პატარებთან თამაში და ვამბობდი, ბავშვების ექიმი უნდა გამოვიდე-მეთქი. სინამდვილეში მიმაჩნია, რომ ზუსტადაც, მხატვრობაში უნდა ვყოფილიყავი. ის ავირჩიე, რაც ჩემთვის უმთავრესია. ეს ის საქმეა, რაც უფლებას გაძლევს, იყო უფრო თავისუფალი და შემოქმედი.

– როდის შეხვდით პატრიარქ ილია მეორეს და როგორი გავლენა მოახდინა მან თქვენს ცხოვრებაზე?

– სასულიერო სემინარიაში სწავლისას ყოველი წელი პატრიარქის დალოცვით იწყებოდა – ეს იყო მადლი და ძალა, რითაც ყველა სტუდენტი აღვივსებოდით ხოლმე. მადლობა და დიდება პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას...

– ალბათ, ბევრი კომპლიმენტი მიგიღიათ შემოქმედებასთან დაკავშირებით და რისი მოსმენაა თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო?

– ხშირად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენაში, სადაც ბევრი დამთვალიერებელი და ხელოვნების მოყვარული მოდის. მიხარია, როცა უცხო ადამიანი ნახატების დასათვალიერებლად მოვა და შენი ხელოვნების მიმართ მოწონებას, სიყვარულს გამოხატავს, გაფასებს. ამით უფრო დიდ შთაგონებას იღებ, რადგან გიხარია. ხვდები, რომ შენი შემოქმედება სხვას გულს უთბობს კარგ ემოციას ჰგვრის, რაც მხატვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– რისი ხატვა გიყვართ ყველაზე მეტად, რომელი ფერები და რა სათქმელს გადმოსცემენ თქვენი ნახატები?

– ძალიან მიყვარს ანგელოზების ხატვა. ვფიქრობ, რომ ზღურბლთან, ყველა სახლში უნდა ეკიდოს ნახატი – „სახლის ანგელოზი“. მიყვარს ფერადი ტილოები, რადგან ზუსტად ეს ფერები მოქმედებს კარგად ადამიანის განწყობაზე. მინდა, გადმოვცე ის ემოცია ის გრძნობა, რაც ყველა სულს სიყვარულსა და სითბოს მოჰფენს.

– როგორია ხატვის პროცესი, რას გრძნობთ ამ დროს?

– ხატვა არის პროცესი, როცა გარეთ გამოგაქვს შენი სულიერი მე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ მომენტში განცდილი ემოცია. ყოველთვის ვცდილობ, დავხატო ის, რაც ჩემს ფიქრსა და განცდაშია, გამოვხატო სამყარო ისეთი, როგორიც რეალურად არის – ლამაზი და ფერადი, რადგან ღმერთის შექმნილი ყველაფერი მშვენიერია.

– გაქვთ ნახატები, რომლებიც განსაკუთრებულ ისტორიას უკავშირდება?

– ჩემი ყველა ნამუშევარი მიყვარს. ვერცერთს ვერ გამოვყოფდი, ალბათ, ისე, როგორც დედა – შვილებს. მაგრამ, მაინც განსაკუთრებულია ის ნამუშევარი, რომელიც პირველ გამოფენაზე გამოვფინე. ეს იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მხსნელად წოდებული, რომლის გამოწვდილი ხელები ადამიანებს იმედის სხივს ჰგვრიდა და ეს ნამუშევარი, უფლის ნებით, მონასტერშია შეწირული.

– როგორ ხვდებით, რომ იდეა მზად არის ტილოზე გადასასვლელად? არის ეს უცაბედი იმპულსი თუ ხანგრძლივი ფიქრის შედეგი?

– როცა იდეა მოდის, იმ მომენტში ზუსტად ის გადმომაქვს ხოლმე ტილოზე, რაც სულშია; ის, რასაც ქვეცნობიერი განიცდის.

– რა ადგილი უჭირავს ხატწერას თქვენს ცხოვრებაში?

– ხატწერას ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ყოველი დაწერელი ხატი ჩემთვის დიდი ძალის მომტანია. მიხარია, როცა ხატის შეკვეთას ვიღებ, რადგან მგონია, რომ ჩემ მიერ გამოსახული ყოველი წმიდანი მიფარავს და მადლს მმატებს. ჩემ მიერ დაწერილი ხატები ბევრ მონასტერსა და სახლში იმკვიდრებს ადგილს. პირველი შეკვეთილი ხატი მამა ვიტალი სიდორენკოს დედათა მონასტრისთვის დაიწერა, რაც ძალიან მახარებს და მაბედნიერებს. ამისთვის კი, ისევ და ისევ, მადლობელი ვარ უფლისა და ჩვენი პატრიარქი ილია მეორის, რადგან მისი კურთხევით ვისწავლეთ ხატწერა უსასყიდლოდ.

– და ბოლოს – ფოტინე, ალბათ, ეს არ არის რეალური გვარი და გარკვეულ ისტორიასაც ატარებს…

– ფოტინე ჩემი ფსევდონიმია – ეს ჩემი მოსახელე წმიდანია, ნათიას მფარველი, რაც ძალიან დიდ მადლს მანიჭებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი