როგორ გახდა მაკო რატიანი საკუთარი შვილის პროდიუსერი და რატომ გადაწყვიტა მან მეექვსე შვილის აყვანა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 15:18
„ღიმილის ბიჭები“ ახალი კვარტეტია, რომლის პროდიუსერიც ტელეწამყვანი მაკო რატიანი გახლავთ. კვარტეტის ერთ-ერთი წევრი – ბუბუ გურგენიძე – მისი შვილია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში შვილის მომღერლობის წინააღმდეგი იყო, დღეს პირიქით, ამ გზაზე მას და მის მეგობრებს გვერდით უდგას და მათი წინსვლისთვის ბევრს აკეთებს.
მაკო რატიანი: ეს ბიჭები ტექნიკური უნივერსიტეტის კაპელაში მღერიან, ქალბატონი ციცი ფალავანდიშვილის ხელმძღვანელობით. საოცარი გუნდია კაპელა, ციცი მათში უდიდეს ენერგიასა და სიყვარულს დებს და შედეგიც სახეზეა. შარშან პირველად დავესწარი მათ კონცერტს და ძალიან ვისიამოვნე. მიხარია, რომ ჩემი შვილიც ამ გუნდის ნაწილია. ისე მოხდა, რომ ოთხი მათგანი განსაკუთრებულად დამეგობრდა და მათი კვარტეტი ძალიან ბუნებრივად ჩამოყალიბდა. ეს ბიჭები ხან ერთის სახლში იკრიბებოდნენ, ხან – მეორესთან და ამასობაში აღმოაჩინეს, რომ ხმებში ძალიან კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს. მათი ერთად მოსმენა იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ქალბატონ ციცის გავუმხილეთ აზრი კვარტეტის შესახებ და ძალიან მოგვიწონა. მეც რამდენჯერმე რომ მოვუსმინე ამ ბიჭებს, დავინახე, რომ სერიოზული მიზნები ჰქონდათ და შევთავაზე, თუ მათი სურვილიც იქნებოდა, მათი პროდიუსერი გავხდებოდი. სიმართლე გითხრათ, გაუხარდათ. ამიტომ ძალიან სერიოზულად მოვკიდე ხელი ამ საქმეს და გეგმაც შევადგინე კვარტეტის განვითარებისთვის. როგორც გითხარით, ციცისაც დავეკითხე აზრი და მარიკა ოსიტაშვილსაც, რომელსაც ჩემი შვილის – ბუბუს სიმღერის პირველი პედაგოგია. ორივემ მითხრა, რომ ამ ბიჭების კვარტეტს ხალხი ძალიან შეიყვარებს, რადგან საოცრად კარგები და ნიჭიერები არიანო...
– ბუბუს ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა სიმღერის მიმართ?
– კი, ბუბუ ჩემი მეოთხე შვილია. სიმღერა მთელ ოჯახს ძალიან გვიყვარს და ის ჩვენთან სულ ისმის, მაგრამ ბუბუს კიდევ განსაკუთრებული ნიჭი აქვს. სულ პატარა იყო, როცა თავისთვის ღიღინებდა ხოლმე. სიმღერაზე სიარული უნდოდა, მაგრამ მე უფრო სპორტისკენ მიმყავდა. სიმართლე რომ ვთქვა, არ მინდოდა, მომღერალი გამხდარიყო. მომღერლები, სუფრა, ქეიფი, დალევა, სულ ასეთ ასოცირებას ვაკეთებდი ხოლმე და ამიტომ ძალიან მინდოდა, მისი მომავალი მუსიკასთან კი არა, სპორტთან ყოფილიყო დაკავშირებული. კალათბურთს თამაშობდა, დიდი წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ საკუთარი სურვილებიც არასდროს დაუვიწყებია, ამიტომ ბავშვობიდან მოყოლებული 17 წლამდე ბრძოლა გვქონდა – კალათბურთი თუ სიმღერა. პანდემიის დროს საოპერო არიებს ამუშავებდა, ძალიან უნდოდა ამ მიმართულებით სწავლა. მეშვიდე კლასში რომ იყო, სკოლის მუსიკის მასწავლებელს დაურეკა და უთხრა, მე ძალიან მინდა, მაგრამ მშობლებს არ მივყავარ მუსიკაზეო (იცინის). შემდეგ გიტარის სწავლა დაიწყო და სულ გიტარა ჰქონდა ხელში. ბუბუ არის ადამიანი, რომელიც გამუდმებით ღიღინებს. როცა დავრწმუნდი, რომ ეს მართლა მისი ცხოვრების ნაწილია, ზურა მანჯავიძეს ვთხოვე რჩევა და სწორედ მისი რეკომენდაციით მივედით მარიკა ოსიტაშვილთან. ამ არაჩვეულებრივმა ადამიანმა ბუბუში ეს ნიჭი ბოლომდე გახსნა და ჩემი შვილის მონდომებას რომ ვხედავდი, სპორტზე საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი (იცინის).
– როგორია თქვენი დედაშვილობა. პროდიუსერები საკმაოდ მომთხოვნები არიან და ეს დედისთვის რთული არ არის?
– საქმეში ვერ აღვიქვამ, რომ ბუბუ ჩემი შვილია. ოთხივე შვილივით მყავს, მაგრამ საქმეში ოთხივესთან ძალიან მომთხოვნი ვარ. შევთანხმდით, რომ ზედმეტი გართობა, თუნდაც დალევა, წასვლა-წამოსვლა და სხვა მიზეზები ხელს არ უნდა გვიშლიდეს. საქმესთან დაკავშირებით ბუბუსთვის ცალკე არასდროს არაფერი მითქვამს, ერთი სიტყვაც კი, შენიშვნა იქნება, რჩევა თუ მოწონების გამოხატვა, ყველასთან ერთად ვამბობ. ჩვენ ერთ ოჯახად ვიქეცით. ბიჭები ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ საკითხს და ეს მე დიდ სტიმულს მაძლევს. უკვე გვქონდა რამდენიმე კონცერტი და საოცრად ჩაიარა, ბიჭებმა დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურეს. ყველაფერში ბრმად მომყვებიან. საოცარი ადამიანები არიან. მათ მშობლებს დიდ მადლობას ვუხდი ასეთი ვაჟკაცი ბიჭების გაზრდისთვის. ხუთივე შვილს ვფიცავ, არ ვამეტებ, ამ ასაკის ბიჭებს სიმღერისა და ლექსის მეტი თემა არ გააჩნიათ. საოცარი ღირებულებები აქვთ, რაც საკუთარი ქვეყნის სიყვარულით იწყება. მათთან სიმკაცრე არ მჭირდება.
ბუბუ გურგენიძე, ნუკრი მაჭარაშვილი, გიორგი ფოჩხიძე, ლუკა ცეკვაშვილი – დაიმახსოვეთ, ეს ბიჭები აუცილებლად ასახელებნ ჩვენს ქვეყანას!
ჯერ ფიზიკურად არიან საოცარი ბიჭები, მათი საშუალო სიმაღლე 197 სანტიმეტრია. ჩვენ საქართველოს სიყვარული უნდა გავიტანოთ ფარგლებს გარეთ, ჩვენი სამშობლო მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთო, ამბობენ და დარწმუნებული ვარ, ეროვნული სამოსით ყველას წინაშე ამაყად წარადგნენენ საქართველოს.
– კოლორიტულ ოჯახში ხართ გაზრდილი, გამორჩეული სტუმარმასპინძლობის სიყვარულით. თქვენი ოჯახური შეკრებები და დღესასწაულები როგორია?
– ჩვენ ოჯახში გვაქვს ასეთი ტრადიცია - ორ-სამ თვეში ერთხელ ახლობლებს ვეპატიჟებით. ხალხი ისე მიეჩვია სოციალურ ქსელში ამ ყველაფრის ამსახველ ვიდეოებს, თუ დაგვიგვიანდა მთხოვენ ხოლმე, (იცინის).
სტუმარმასპინძლობა და ოჯახური შეკრებები ჩემთვისაც და ამ ბიჭებისთვისაც ნამდვილად ძალიან ღირებული ტრადიციაა. თითქოს ამ პროექტით ძველ თბილისურ ტრადიციებს ვუბრუნდებით. მათთვის განსაკუთრებით პატივსაცემია ბებია-ბაბუები, რომელთაგანაც ამ ქალაქის სიყვარული ისწავლეს. ძალიან უნდათ, ბაბუები შეკრიბონ და ერთი გემრიელი საღამო ყველამ ერთად გაატაროს. უფროსი თაობის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული აქვთ და ძველ სიმღერებს ეძებენ. ამბობენ, ძალიან გვინდა უფროსი თაობა თავიანთ ახალგაზრდობაში ვამოგზაუროთ ძველი სიმღერების გაცოცხლებითო.
– 5 შვილის დედა ხართ და როგორ გამოგდით სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების შვილებზე დროის გადანაწილება?
– როცა მეგობრებთან ერთად ვარ, ვაფიქსირებ ხოლმე, რომ მე ყველაზე მეტ დროს ვატარებ ტელეფონთან, შვილების მოკითხვაში. ერთხელ ახლობელმა მითხრა, მარტო იმას რამხელა ენერგია სჭრიდება, დილით რომ გაიღვიძებ, ხუთივეს ჩამოურეკო მოსაკითხადო. არ ვიცი, ალბათ, უკვე მივეჩვიე. ზოგჯერ მართლა მიკვირს ჩემი თავის. ამას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება. თან, მე უკვე მეექვსე შვილიც მყავს – არაჩვეულებრივი გოგონა ვიშვილე, რომელსაც სალომე ჰქვია. მაშინ ის 27 წლის იყო. სამწუხაროდ, მშობლები არ ჰყავს, მხოლოდ ორი და ჰყავს მამის მხრიდან. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა. ჩვენ სამსახურში აღმოვჩნდით ერთად და ის სულ დეს მეძახდა. ერთ დღეს გადაწყვეტილება მივიღე და გამოვუცხადე, უნდა გიშვილო-მეთქი. მას შემდეგ სალომე ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრია და ყველა სიხარულსა თუ პრობლემას, ერთად ვიზიარებთ.
– რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, რომ ხუთი ბიოლოგიური შვილი გყავთ. შვილების რეაქცია როგორი იყო?
– არაერთხელ დავფიქრებულვარ ჩემი მოძღვრის მიერ ქადაგების დროს ნათქვამ სიტყვებზე: ჩვენ ვალდებული ვართ, შვილებსა თუ მეგობრებს გვერდში დავუდგეთ და ხელი გავუმართოთ, მაგრამ ეცადეთ ყველა დაფიქრდეთ პატრიარქის კურთხევაზე, ანუ, იპოვოთ ისეთი ადამიანი, რომელსაც ძალიან სჭირდებით, ვისაც თქვენი გვერდში დგომა სჭირდება, მაგრამ არ არის თქვენი ახლობელიო. ეს აზრი თავში მიტრიალებდა და უფალს ვთხოვდი, ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩენილიყო ასეთი ადამიანი. ეს მართლაც მოხდა, მაგრამ იმდენად ბუნებრივად, რომ როცა ეს ნაბიჯი გადავდგი, მაშინ ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. მოგვიანებით გამახსენდა, რომ მე ამას უფალს ვთხოვდი. სალომესგან მე დიდი ნდობა და ერთგულება ვიგრძენი. მას ძალიან რთული ბავშვობა აქვს გამოვლილი და გულში ჩავიხუტე. ბევრი არ მიფიქრია, წინასწარ არც შვილებთან შევთანხმებულვარ. სალომეს რომ ვუთარი, მინდა, გიშვილო-მეთქი, ორივეს ცრემლებით აგვევსო თვალები, ძალიან გაბედნიერდა. ჩემმა ოჯახმაც დიდი სიყვარულით მიიღო. ჩემი შვილები ძალიან თბილები არიან. მრავალშვილიან ოჯახებში სხვანაირად თბილი ბავშვები იზრდებიან. როცა ოჯახი ერთად ვიკრიბებით, სალომეც ჩვენთან ერთადაა. ვეხუმრებით ხოლმე, ახლა შენი გათხოვება არ იქნება მარტივი ამდენი ძმების შემხედვარე-მეთქი (იცინის).
ის 9 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. მამა დიდ ასაკში გაიცნო, მაგრამ მალე ისიც გარდაეცვალა. ერთხელ ექიმთან ჩავწერე და ვუთხარი, ამა და ამ საათზე მივდივართ-მეთქი. გაბრწინებული თვალებით მკითხა, შენც წამომყვებიო? მგონი, შენ არ გჯერა ან ვერ აღიქვამ, რომ ჩემი შვილი ხარ-მეთქი, ვუთხარი და ამდენი წელი დედა არ მყოლია, არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეო, მიპასუხა. დღეს უკვე ჩემი შვილია ყოველგვარი მორიდების გარეშე და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. სალომე არაჩვეულებრივი ადამიანია – ძალიან თბილი და მზრუნველი. დიახ, ეს ყველაფერი არ არის ადვილი, მაგრამ ძალიან დიდი ბედნიერებაა.
– და ბოლოს, შვილიშვილის შესახებაც მოვყვეთ...
– არაჩვეულებრივი შვილიშვილი მყავს –10 წლის ნინა გურგენიძე. ცოტა ძნელი აღსაქმელია. რომ მიყურებენ, ყველას შვილი ჰგონია და რომ ვამბობ, შვილიშვილია-მეთქი, უკვირთ. ბებიობა კიდევ სხვა გრძნობაა. მარტო საფერებლად გყავს, იმისთვის, რომ ასიამოვნო. მეცადინეობა, ძილის რეჟიმი, კვება და მსგავსი პასუხისმგებლობები მშობლებს აკისრიათ, მე ვცდილობ, მოვეფერო, დავატკბო და მისი ბედნიერებით ვიხარო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





