როგორ ცდილობს ნათია თოდუა საქართველოს პოპულარიზებას მთელ მსოფლიოში ყველაფრის ფასად და რით გააოცა ის მეუღლემ საკუთარ ქორწილში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 24.10, 2022 წელი
მუსიკოს ნათია თოდუასა და მისი რჩეულის, დავით ზურაბაშვილის, ულამაზესი ქორწილი ახლახან კახეთში გაიმართა. წყვილმა ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ ეს მეგობრობაზე მეტი იყო და ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ. უფრო მეტს კი მათგან შევიტყობთ.
ნათია თოდუა: ჩემთვის და დათოსთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი დღე იყო და ალბათ, ასეთად დარჩება მთელი ცხოვრება. სამწუხაროდ, ასეთი ემოციები აღარ მეორდება. ჩვენ ჩვენს თანაცხოვრებას ძალიან სახალისოდ ვატარებთ. გვიყვარს მოგზაურობა და თავგადასავლები, ემოციებით დატვირთული ცხოვრება გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ქორწილი ცხოვრებაში ერთხელაა და შესაბამისად, ის ემოციებიც, რომელიც მას ახლავს და რომელსაც იზიარებ ოჯახთან, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად. მიხარია, რომ ეს დღე ერთად აღვნიშნეთ საქართველოში და ჩვენთვის ძალიან ძვირფას ადგილას – კახეთში.
–ქორწილი ისედაც ხომ დაუვიწყარია, მაგრამ დავითმა განსაკუთრებით იზრუნა ნათიასთვის ამ დღის დღესასწაულად ქცევისთვის.
- დავითი ძალიან აქტიური და პოზიტიური ადამიანია, მაგრამ სიურპრიზები და მოულოდნელობები დიდად არ ხიბლავს. ყოველთვის ცდილობს, სხვების მდგომარეობაში შევიდეს და ყველაფერი წინასწარ დაგეგმოს ყველას ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ეს გამონაკლისი იყო (იცინის). ქორწილის ორგანიზებისთვის საკმაოდ ცოტა დრო გვქონდა. ყველაფერი სამ კვირაში უნდა მოგვესწრო. ძირითადი მონახაზი ორივემ ერთად გავაკეთეთ და მერე ცალ-ცალკე გვქონდა ჩვენ-ჩვენი საქმე. მაგალითად, მე ბენდთან ერთად ვემზადებოდი და ვიცოდი, რომ დათო მეგობრებთან ერთად აპირებდა სიურპრიზის მოწყობას. სპეციალურად ამ დღისთვის დგამდნენ საცეკვაო ნომერს, ეს ვიცოდი, მაგრამ თუ ასეთი მასშტაბური ნომერი იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. ადამიანებმა, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონიათ შეხება ცეკვასთან, ძალიან დიდი შრომა ჩადეს და მართლა ულამაზესი სიურპრიზი გამოუვიდათ, რისთვისაც გულითადი მადლობა მათ. მეც და მთელ დარბაზსაც საოცარი ემოციები მოგგვარეს, ეს ყველასთვის შოკი იყო (იცინის).
– იყო სერენადაც. უმღერო ნათიას, რომელიც მთელმა მსოფლიომ აღიარა, არ არის მარტივი ამბავი
დავით ზურაბაშვილი: სიურპრიზები ნამდვილად არ მიყვარს, მაგრამ, როცა ასეთ დიდ დღესასწაულს ეხება საქმე, ეს სულ სხვაა. სერენადა ნამდვილად ბოლომდე გასაიდუმლოებული სიურპრიზი იყო (იცინის).
ნათია: დათო ცეკვის დასადგმელად ყოველღამე რომ მიდიოდა სარეპეტიციოდ, ამას ვერ დამიმალავდა, ფიზიკურად შეუძლებელი იყო, მაგრამ სერენადის ორგანიზება როდის მოასწრო, ნამდვილად არ ვიცი (იცინის).
დავითი: სიმღერით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი. ასეთი მომღერალი ერთი გვეყოფა ოჯახში (იცინის). უბრალოდ, ვცდილობდი, რაღაც მაინც გამომსვლოდა და რეპეტიციის მიღმაც, ნათიასთანაც რომ წამეღიღინებოდა – „გინდ მეძინოს...“ ნათია გაკვირვებული შემომხედავდა ხოლმე (იცინის).
ნათია: ქორწილში ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც გვინდოდა. ერთადერთი, რამაც ცოტა შეცვალა ჩვენი გეგმები, ამინდი იყო. სქესის გაგების ძალიან ლამაზი ცერემონია გარეთ გვქონდა დაგეგმილი, რისი საშუალებაც ამინდმა არ მოგვცა, მაგრამ დათომ შეძლო გადაორგანიზება და შიდა სივრცეშიც ყველაფერი არაჩვეულებრივი გამოვიდა. წვიმამაც ძალიან კარგი როლი ითამაშა რომანტიკულობის თვალსაზრისით.
– ბავშვის სქესი უკვე ორივესთვის სიურპრიზი იყო. როგორია პატარას მოლოდინი?
- ძალიან ბევრ მეგობარს ეგონა, რომ სქესი ვიცოდით, არ ეგონათ თუ ამ ცდუნებას გავუძლებდით. სინამდვილეში ექიმმა კონვერტი გადმოგვცა, რომელშიც ბავშვის სქესი ეწერა და ეს კონვერტი ბოლომდე კარგად გვქონდა „დასტეპლერებული“ (იცინის). მართლა არ ვიცი, როგორ გვეყო ნებისყოფა და ქორწილამდე.
– ნათია, გავაცნოთ მეუღლე ჩვენს მკითხველს და მოვყვეთ, როგორ დაიწყო თქვენი ამბავი.
დავითი: პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ქალბატონ პრეზიდენტთან არანაირი კავშირი არ მაქვს (იცინის). გვარის მსგავსების გამო, ყველას ჰგონია, რომ რამე გვაკავშირებს. რეალურად, პრეზიდენტს ნათიას დამსახურებით ვიცნობ.
ნათია: დავითი 2019 წელს გავიცანი სამეგობრო წრიდან. ის არის ადამიანი, რომელიც თუკი რამე საინტერესო და სათავგადასავლო ხდება, ყველგან დიდი სიამოვნებით იღებს მონაწილეობას. მივხვდი, რომ მასთან ერთად, მეგობრების გარემოცვაში, დროს ძალიან კარგად ვატარებდი. მას არასდროს არაფერი ეზარებოდა, იყო ძალიან ღია და მოტივირებული, უყვარდა ქალაქგარეთ გასვლა და სათავგადასავლო ისტორიების ორგანიზება, რაც მეც ძალიან მიყვარს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია სახლში დიდი დროის გატარება. მინდა, ბევრი ვნახო, ემოციურად დავიხარჯო, ახალი შეგრძნებებით დავიტვირთო და როცა ეს მეგობრების წრეში ხდება, ყველაზე ბედნიერი ვარ. ჩვენი ინტერესები, გემოვნება და ხასიათი ძალიან დაემთხვა ერთმანეთს. პროფესიები კი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული გვაქვს. დავითი ბიზნესის სფეროშია და თავის საქმეში ძალიან წარმატებული. თუმცა, საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე, ისიც ცხოვრობდა ემიგრაციაში. ფეხბურთელი იყო და წლების განმავლობაში საზღვარგარეთ თამაშობდა. ამიტომ ძალიან კარგად ესმის, რას ნიშნავს, როცა უცხო ქვეყანაში იბრძვი წარმატების მისაღწევად, როცა ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისგან შორის ხარ. ბევრი საერთო ვიპოვეთ. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ეს არ იყო მხოლოდ მეგობრობა და ერთმანეთს გამოვუტყდით. ჩვენი სიყვარულის ისტორია პანდემიის დროს დაიწყო. დავითმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ის ჩამოვიდა გერმანიაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანისთვის საკმაოდ რთულია, როდესაც აქ შენი საქმე გაქვს, დატოვო ყველაფერი და წახვიდე გერმანიაში იმისთვის, რომ პანდემიის დროს საყვარელი ადამიანი მარტო არ დატოვო.
– დავით, ნათიაზე შორიდან გექნებოდათ წარმოდგენა, პირადი შთაბეჭდილება როგორი აღმოჩნდა?
დავითი: – პირველივე დღეს აღმოგვაჩნდა საერთო – იმ დღეს მეც დავაგვიანე შეხვედრაზე და მერე აღმოჩნდა, რომ ნათიასაც არ უყვარს დათქმულ დროზე დანიშნულების ადგილას მისვლა (იცინის). მაშინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი ურთიერთობა ასე განვითარდებოდა. ძალიან დავმეგობრდით. ძმაკაცები ვიყავით ყველანაირ სიგიჟეში. ნათია არის გოგო, რომელიც იბრძვის, მას აქვს ზღაპრული ცხოვრება და მე მაქსიმალურად ვცდილობ, გვერდით დავუდგე. თუმცა, მაშინ, პირველი შეხვედრისას, ვერ წარმოვიდგენდი, რომ გოგონა, რომელიც გავიცანი, რომელიც ნაბახუსევზე იყო, ასე ძვირფასი გახდებოდა ჩემთვის. გავიდოდა დრო და მერე ერთად მოგვიწევდა დალევაც და ნაბახუსევზე გამოსვლაც (იცინის). ქორწილში ვუთხარი, რომ ყოველთვის მზად ვარ მასთან ერთად თავგადასავლებისთვის, ამბოხისთვის და თავისუფლებისთვის, რომელიც ურთიერთობის დასაწყისიდან დღემდე არის ჩვენს ურთიერთობაში.
– ნათია, ახლახან ღირსების მედალი მიიღე პრეზიდენტისგან თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, რაც ძალიან საამაყოა.
ნათია: მე და დავითი მიწვეულები ვიყავით აფხაზეთისთვის მიძღვნილ საღამოზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, სადაც პრეზიდენტის სურვილით, სიმღერა „მაგნოლია“ შევასრულე. 27 სექტემბერი ყველა ქართველისთვის ძალიან დიდი ტკივილია, რომლის დავიწყებაც არ შეიძლება. იყო დრო, როცა მე აფხაზეთში ვცხოვრობდი და ქართველები ამ დღეს კი არ ვგლოვობდით, იძულებით უნდა გვეზეიმა. მათთვის ეს საზეიმო დღე იყო, ჩვენთვის კი – გლოვის. აქედან გამომდინარე, ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და ემოციურია. როგორც კი სიმღერის შესრულება დავასრულე, პრეზიდენტის წარმომადგენელი გამოვიდა სცენაზე და დაიწყო სიტყვების წარმოთქმა იმის შესახებ, რომ უნდა დაეჯილდოებინათ გოგონა, რომელსაც ძალიან დიდი კავშირი აქვს აფხაზეთთან და ახლა ევროპაში წარმატებით ახერხებს ქართული მუსიკის პოპულარიზაციასო. როცა გერმანია ახსენეს, გულწრფელად გეუბნებით, დარბაზი მოვათვალიერე, რომ დამენახა, ვინ იყო კიდევ გერმანიიდან. ვერ წარმომედგინა, თუ ეს ჩემს თავს ხდებოდა. გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ ამ ასაკში მერგო ეს პატივი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. ეს თითქოს კიდევ ერთი დავალებაა ჩემთვის და იმ დღესაც ვთქვი – დადგება დღე, როდესაც მე ამ ჯილდოთი დავბრუნდები სახლში.
დავითი: ნათიას ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს. დაიბადა აფხაზეთში, სადაც ქართულად საუბარი უჭირდათ, არამცთუ ინგლისურად და დღეს ინგლისურენოვან სიმღერებს ასრულებს ძალიან დიდი მასშტაბის ფესტივალებზე. ყოველთვის და ყველგან ამბობს, რომ არის ქართველი. იმის მიუხედავად, რომ ეს დიდად არ მოსწონთ მენეჯერებს. რადგან ყველაფერი გერმანიამ გაუკეთა, უნდათ, წინა პლანზე ეს ქვეყანა წამოსწიონ. თუმცა, ჩვენი გოგო ძალიან ჯიუტია და საქართველოს პოპულარიზების შანსს ხელიდან არასდროს უშვებს. ბოლო ფესტივალზე, რომელშიც ნათია მონაწილეობდა, მასთან ერთად გამოდიოდნენ ისეთი დიდი ვარსკვლავები, როგორიცაა სტინგი, ჯესი ჯეი, ჯონ ლეჯენდი და ასე შემდეგ. ბექსთეიჯში რომ ვიდექი, თვალებს ვერ ვუჯერებდი, ისეთ ვარსკვლავებთან იზიარებდა სცენას. ნათიამ საკუთარი პროგრამის დრო რომ ამოწურა, კარგი გაგებით, „თავხედურად“ ხუთი წუთი დაიმატა და „ყვავილების ქვეყანა“ შეასრულა. ამას ორგანიზატორებში აჟიოტაჟი მოჰყვა, ტოპვარსკვლავი ელოდა თავის გამოსვლას და მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ნათიასთვის საქართველოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თავიდან ბოლომდე მას ემსახურება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან