რისი სტიმული აღმოჩნდა ქეთი ჩხაიძე მრავალშვილიანი დედებისთვის და რა ოპერაცია გაიკეთა მან ძველი ფორმების დასაბრუნებლად
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 15.06
ყველასთვის განსაკუთრებით საყვარელმა მომღერალმა ქეთი ჩხაიძემ ახლახან მკერდის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და როგორ გრძნობს თავს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ქეთი ჩხაიძე: იქიდან გამომდინარე, რომ ოთხი შვილის დედა ვარ და თითოეული ბავშვი ორი წელი ბუნებრივ კვებაზე მყავდა, ჯამში რვა წელი მქონდა ლაქტაციის პერიოდი, რამაც ჩემი მკერდის ფორმის ცვლილება გამოიწვია. რადგან არაესთეტიკურად მეჩვენებოდა, მე კი ძალიან მომწონს სილამაზე, გადავწყვიტე, მამოპლასტიკა გამეკეთებინა.
– როგორ ჩაიარა ოპერაციამ და როგორ გრძნობ თავს?
– ზოგადად, ძალიან მშიშარა ვარ. სანამ ნაბიჯს გადავდგამ, ყველაფერს წლების განმავლობაში ვიკვლევ. ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონო. ამ შემთხვევაში იმედიანად ვიყავი, რადგან გერმანული ხარისხის იმპლანტი ავირჩიე, რომელიც მრავალწლიანი სანდოობით სარგებლობს. ჯერ კიდევ წლების წინ ვიცოდი, თუკი ოდესმე რამე ჩარევა დამჭირდებოდა, ქირურგი აუცილებლად თენგო ჩიკვაიძე იქნებოდა, რადგან მხოლოდ ამ ადამიანს ვენდობოდი. მისი ერთი უკმაყოფილო პაციენტი არ შემხვედრია. ვიცოდი, რომ ძალიან სანდო ხელში ვიყავი და ამ მხრივ, მშვიდად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ცხოვრებაში პირველად ვიკეთებდი ნარკოზს და ამის შიში მქონდა. მეგონა, რომ ვეღარ გავიღვიძებდი. პოზიტივზე ვკონცენტრირდებოდი, დადებით ჭრილში ვუყურებდი ამ ფაქტს, მაგრამ არაფერმა მიშველა. ადრეც მითქვამს, რომ ზოდიაქოთი მორიელი ვარ და ჩემს ზოდიაქოს ავადმყოფური ეჭვები ახასიათებს, ზოგჯერ ლოგიკას მოკლებული. ვფიქრობდი, ძილში ხომ ვერაფერს აკონტროლებ და შიში მქონდა, იქნებ ისე გავიპარო, ვერაფერი ვიგრძნო-მეთქი.
თურმე, უკვე ყველაფერი ძალიან განვითარებულია, საოპერაციოში შესვლის წინ სპეციალურ დამამშვიდებელს გიკეთებენ, რომელიც ცოტათი გაბრუებს და ძალიან კარგ ხასიათზე გაყენებს. საოპერაციოში შესვლისა და ოპერაციის მოლოდინის სტრესი საერთოდ არ გაქვს.
მე გაღვიძებისაც მეშინოდა, რადგან ვიცი, რომ ნარკოზის შემდეგ ბევრი სისუსტეს გრძნობს, მაგრამ საბედნიეროდ, არანაირი გვერდითი მოვლენა არ მქონია. გავიღვიძე ისე, თითქოს, ძალიან გემრიელად მეძინა. ერთადერთი, რაც პირველ დღეებში დისკომფორტს გიქმნის, მკერდში დაჭიმულობის შეგრძნებაა. თუმცა, მე ოთხი შვილის დედა ვარ და ლაქტაციის პერიოდში რძის გამაგრება უფრო მტკივნეულია, ვიდრე ეს. შესაბამისად, რეაბილიტაცია გამიმარტივდა. ზოგადად, ძალიან აქტიური რეჟიმი მაქვს და რამდენიმე დღე რომ მოვწყდი აქტიურ რიტმს, ამან ლამის დეპრესიაში ჩამაგდო, მაგრამ როგორც კი გავიფიქრებ, რომ ორ კვირაში უკვე კორსეტსაც მოვიხსნი, ძალიან გალამაზებული ვიქნები და შესაბამისად, სარკეში ჩახედვაც გამიხარდება, მამშვიდებს.
ისეთი გიჟი ვარ, რომ ოპერაციის წინა დღეს წავედი და ვიშოპინგე. ორი კვირის შემდეგ რომ ჩავიცვამ და ძალიან მომეწონება, ისეთი სამოსი შევარჩიე. ახლა ცოტა რომ მოვიწყენ, გარდერობისკენ გავიხედავ და მახსენდება, რომ იქ სამოსია, რომელიც ჯერ არ მომირგია და ეს სიამოვნება წინ მაქვს (იცინის).
– თითოეულ შენს ნაბიჯს ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს სოციალურ ქსელში. როგორ შეინახე საიდუმლოდ ეს ამბავი ბოლო წუთამდე?
– ეს იმდენად საიდუმლო იყო, რომ ჩემი და ჩემი მეუღლის გარდა, არავინ იცოდა. მხოლოდ ოპერაციის შემდეგ ვიდეოს გამოქვეყნების შედეგად გაიგო საქართველომაც და ჩვენმა ახლობლებმაც. გარკვეულწილად მქონდა მოლოდინი, რომ ვიღაც მაინც ნეგატიურად მიიღებდა ჩემს ოპერაციას, რადგან საქართველოში იციან „აწყობილის“ იარლიყის მოკვრა. თუმცა, მე გარკვევით ვისაუბრე ვიდეოში იმის შესახებ, რომ ძალიან კარგი ფორმები მქონდა, მაგრამ ოთხი შვილის გაჩენის შემდეგ შემეცვალა და ვცადე, ჩემი პირვანდელი ფორმები დამებრუნებინა – ეს აწყობას არ ნიშნავს. არც გადაკეთების სურვილია, მხოლოდ ჩემი ფორმების აღდგენა მინდოდა. ბევრ ადამიანს გაკეთებული აქვს საკუთარი სურვილისამებრ ჩარევა და ვფიქრობ, რომ ესეც ნორმალურია, მისი თავისუფალი არჩევანია. არავის აქვს უფლება, სხვის პირად გადაწყვეტილებაში ჩაერიოს.
მე ძალიან გულღია ვარ და ხალხს არაფერს ვუმალავ. ბევრი მსგავს ჩარევებზე ხმამაღლა არ საუბრობს. რადგან მე გულწრფელად და დეტალურად მოვყევი, ამას საზოგადოების მხრიდან ნეგატივი საერთოდ არ გამოუწვევია. პირიქით, ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.
– უბრალოდ, თავიდან ბევრს და სიმართლე გითხრა მეც გამიკვირდა, იმიტომ, რომ იმდენად გამორჩეული გარეგნობა გაქვს, სანამ დააკონკრეტებდი, ვერ მივხვდი, საოპერაციო რა გქონდა.
– დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. ბევრმა დამიწერა იგივე, რა გქონდა გასაკეთებელიო. ბევრი კომენტარი იყო, ზოგს ეგონა ცხვირის ოპერაციას ვიკეთებდი, არადა ძალიან პატარა ცხვირი მაქვს და არ ვიცი, ასე რატომ იფიქრეს. რაც შეეხება მკერდს, აქამდე მე მართლა ძალიან ოსტატურად ვმალავდი და მე ვფიქრობ, ესეც ნიჭია.
სხვათა შორის, ჩემი ამ ნაბიჯით თითქოს ახალი ტენდენცია დავამკვიდრე. თუ კი აქამდე ის ქალები, ვისაც შვილები ჰყავთ და თავგადაკლული დედები არიან, ფიქრობდნენ, რომ ეს კონკრეტული ოპერაცია მათი სტილი არ იყო, დღეს ბევრი მწერს, რომ აქამდე ვერ ბედავდა და ახლა ძალიან უნდა, ეს ნაბიჯი გადადგას. მათთვის სტიმული აღმოვჩნდი და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.
როცა საჭიროება არის და სურვილიც გაქვს, უნდა გაიკეთო, რადგან პირველ რიგში, ქალს თავდაჯერებულობა სჭირდება, რომ იყოს რეალიზებული – კარგი მეუღლე, კარგი დედა, მეგობარი და ზოგადად, ადამიანი. ყველაფერი თავდაჯერებულობიდან მოდის. როდესაც თავდაჯერებული ხარ, კარგ ხასიათზე დგები და ეს ყველაფერში გეხმარება.
მე არ მიყვარს ხელოვნურობა და ვულგარულობა. მადლობა ღმერთს, ისეთი აღნაგობა მაქვს, რომ ჩემი არაფერი გამომწვევი არ არის. თხელი და ნაზი ფიგურა მიწყობს ხელს, არ ვიყო გამაღიზიანებელი. მკერდთან დაკავშირებითაც ჩემი პირველი მოთხოვნა იყო, ყოფილიყო მაქსიმალურად ბუნებრივი და ახლოს იმასთან, რაც წლების წინ მქონდა.
– მეუღლე როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას?
– მეუღლე ჩემი ფორმებით კმაყოფილი იყო. ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ, მაგრამ თვითშეფასება მქონდა ცოტა დაქვეითებული. მიუხედავად იმისა, რომ მას თავიდან არ უნდოდა, არ მიაჩნდა, რომ რაიმე ნაკლი მქონდა, დავარწმუნე, რომ ეს ჩემი თვითშეფასებისთვის იყო საჭირო.
ვიცოდი, რომ ცოტა ხელის შევლება და პირვანდელი სახის დაბრუნება ჩემს მეუღლესაც გაახარებდა. ის ბოლომდე გვერდით მედგა. მედპერსონალმა ოპერაციის შემდეგ მითხრა, რომ ძალიან ნერვიულობდა, სანამ მე საოპერაციოში ვიყავი.
– სახალისო ვიდეოებიც არ მოგიკლია, მაგალითად, პალატაში, ფაქტობრივად, სუფრა გქონდა გაშლილი.
– მე გურმანი ვარ და ვერც ოპერაციის შემდეგ მოვითმინე (იცინის). მეუღლემ ჩუმად მომიტანა ყველაფერი, რადგან ოპერაციის შემდეგ თავისუფლად ჭამა მეკრძალებოდა. ვითომ ჩუმად ვაკეთებდი, მაგრამ ვიდეო დავდე და ყველამ ყველაფერი გაიგო (იცინის).
– განწყობაც არაჩვეულებრივი გქონდა და რამდენიმე დღეში სამუშაო გარემოსაც დაუბრუნდი. გამოდის, რთული პოსტოპერაციული პერიოდი არ გქონია...
– ეს მთლად ჩემი ხასიათის დამსახურება არ არის. არ მაქვს საბაბი, რომ რამე მაწუხებდეს. არ ვიცი, ეს ორგანიზმზეა დამოკიდებული თუ რა არის მიზეზი, მაგრამ მეც სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. პირველი-ორი დღე შიში მქონდა, რომ რამე არ დამეზიანებინა და ვფრთხილობდი, თუმცა ტკივილი არ მიგრძნია.
ოპერაციიდან მეხუთე დღეს ჩემს სტუდიას და მოსწავლეებს დავუბრუნდი და გაკვეთილების ჩატარება დავიწყე. ხანდახან ჩემი თავი მეც მაოცებს (იცინის).
– ბავშვები როგორ შეგხვდნენ?
– უფროსებმა იცოდნენ რას ვაპირებდი, პატარებმა – არა. იცოდნენ, რომ ორი დღე სახლში არ ვიქნებოდი და რომ დავბრუნდი, სიბრალულის თვალებით მიყურებდნენ. რომ ვუთხარი რისი ოპერაცია გავიკეთე, სიცილი აუტყდათ (იცინის). ახლა თავზე მევლებიან, ცდილობენ, ზედმეტად არაფერი გავაკეთო. ჩემი ყველაზე დიდი საყრდენი კი ჩემი მეუღლეა. ის რომ არა, ამ ოპერაციას ვერ გავიკეთებდი. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი მპატრონობს. როცა მან გაიკეთა ტონზილექტომია, მე ვუვლიდი და სხვათა შორის, ძალიან ჯიუტი პატიენტი იყო. მე ძალიან დამჯერი ვარ, მხოლოდ ერთი კონკრეტული წამლის მისაღებად უწევს „ძალადობა“. ეს წამალი არ მომწონს, მაგრამ რომ დამიჭერს, ერთი ამოსუნთქვით მასმევს (იცინის).
– ოთხი შვილის დედა ხარ, ოჯახი, პროფესიული საქმეები – ბევრმა ქალმა ამ მდგომარეობაში დიდი სურვილის მიუხედავად შეიძლება, ეს ნაბიჯი ვერ გადადგას თუნდაც იმიტომ, რომ შემდეგ თავის მიხედვა გაუჭირდება და მეუღლის მხარდაჭერა, ალბათ, დიდი იმედია.
– მეუღლის იმედი რომ ამ დოზით გაქვს, ეს ძალიან დიდი ბედნიერება და ფუფუნებაა. ზოგი დედა ვერ მოუვლის შვილს ისე, როგორც გიორგი მივლის მე. ანალოგიურად ვიყავი მეც, როცა მას ეს სჭირდებოდა. ჩვენი ურთიერთობის მთავარი ძალაც ეს არის, ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები და ყველაფერს ვაკეთებთ ერთმანეთისთვის. ყოველთვის ხაზს ვუსვამ ხოლმე, რომ ჩვენ დამხმარე არ გვყავს და არც არასდროს გვყოლია, აბსოლუტურად მარტოები ვართ ჩვენს ოთხ შვილთან ერთად, მაგრამ ერთმანეთის იმედი სრულიად საკმარისია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





