შოუბიზნესი

როგორ შეიცვალა გათხოვების შემდეგ თაკო ბოგველი და რა სიურპრიზებს უწყობს მეუღლე მას

№11

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 26.03

თაკო ბოგველი
დაკოპირებულია

ერთი წელი გავიდა, რაც „ახალი შაბათის შოუს“ მსახიობმა, თაკო ბოგველმა ბედი საყვარელ მამაკაცს დაუკავშირა და ახალი, ოჯახური ცხოვრება მის გვერდით დაიწყო. თაკო თავის რჩეულს, ლუკას, ბავშვობიდან იცნობდა, მეგობრობდა და ეს გრძნობა წლების შემდეგ, დიდ სიყვარულში გადაიზარდა. როგორც თავად ამბობს, მეუღლე დღემდე მისი საუკეთესო მეგობარი და საუკეთესო მრჩეველია.

– თაკო, ერთი წელი გავიდა, რაც ოჯახი შექმენი. რა შეცვალა შენში საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოფნამ?

– ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა ჩემში და მიმაჩნია, ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაა. თუ ადრე შეიძლებოდა, რაიმე სიზარმაცის გამო არ გამეკეთებინა ან იმედი არ მქონდა, რომ რაიმე გამომივიდოდა, ახლა პირიქითაა, ეს ადამიანი ყოველთვის გვერდში მიდგას და სტიმულს მაძლევს. ასევე, ჩემი საუკეთესო მრჩეველია. არა მარტო მეუღლე, ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა.

– ამბობენ, როცა წყვილი ერთად იწყებს ცხოვრებას, ყოველდღიური მოვალეობები და რუტინა სიყვარულს აუფერულებსო. ეთანხმები ამ აზრს?

– ჩემს შემთხვევაში, ვერ ვიტყვი, რომ თანაცხოვრება სიყვარულს აუფერულებს. პირიქით, რაც უფრო მეტ სირთულეს ვეჯახებით, მით უფრო ძლიერდება ჩვენი სიყვარული. ჩვენი თანაცხოვრება არ არის ერთფეროვანი, მოსაწყენი და არ უფერულდება. იმავდროულად, ლუკას დედასთან ერთად ვცხოვრობთ, რომელიც იმდენად მიმსუბუქებს ყოველდღიურ რუტინას, რომ სირთულეებს საერთოდ ვერ ვგრძნობ.

– როგორ ფიქრობ, რა არის ოჯახური იდილიის მთავარი საიდუმლო და გიწევს თუ არა დათმობაზე წასვლა საყვარელ ადამიანთან?

– ჩემი აზრით, კარგად უნდა იცნობდე შენს საყვარელ ადამიანს და უსიტყვოდ ხვდებოდე, რა სიტუაციაში რა ესიამოვნება ან არ ესიამოვნება. რა თქმა უნდა, მეც დამითმია და ლუკასაც, ორი განსხვავებული ადამიანი ვართ და განსხვავებული ცხოვრების წესი გვაქვს. მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია და ამისთვის, საჭიროა პატარა დათმობებზე წასვლა. დათმობაში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ადამიანის გადაკეთებას ან მის შეცვლას, ვგულისხმობ თანაცხოვრების წვრილმანებს.

– როგორც ვიცი, ბინა შეიძინეთ. როდის გადადიხართ ცალკე საცხოვრებლად?

– ჩვენი ბინა რემონტის პროცესშია, ერთ თვეში დავასრულებთ და გადავალთ. იმ ბინის გარემონტება ჩვენთვის, დამღლელთან ერთად, ძალიან სასიამოვნო პროცესია. მალე იმ სახლში ვიცხოვრებთ, რომელშიც დიდი შრომა ჩავდეთ. აქვე მადლობას გადავუხდი ჩემი და ლუკას ოჯახის წევრებს, დაუღალავად გვერდში დგომისა და დახმარებისთვის.

– ყველა გოგო ოცნებობს, თეთრი კაბის მორგებაზე. შენ თუ ოცნებობდი და როგორი წარმოგედგინა შენი ქორწილის დღე?

– ოცნებად არასდროს მქონია ქორწილი და თეთრი კაბა, ამიტომაც გადავწყვიტე 27 წლის ასაკში ოჯახის შექმნა, როცა გავიაზრე, რომ მზად ვიყავი. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს თეთრი კაბისა და ქორწილის და, ალბათ სადა და მოკრძალებული პატარძალი ვიქნები. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე წარმომიდგენია.

– ვიცი, რომანტიკული გოგო ხარ. მეუღლე თუ გგავს ამაში და თუ გიწყობს რომანტიკულ დღეებს?

– ჩემი მეუღლე ჩემზე რომანტიკული ადამიანი აღმოჩნდა. იმდენად კარგად მიცნობს, რომ ყოველთვის იცის, რაც ყველაზე მეტად მომწონს. არ მეგონა, ასე კარგად თუ შეეძლო საჩუქრების შერჩევა. იცის, როგორ გამახაროს. ძალიან ხშირად მახვედრებს ბალიშის ქვეშ ყვავილებსა და სხვადასხვა პატარა საჩუქარს.

– რაც დრო გადის და ვიზრდებით, გემოვნება და ხასიათი გვეცვლება, ცხოვრებისეული გამოცდილება ბევრ რამეზე გვაფიქრებს, ხდება რაღაც-რაღაცების გადაფასებები. შენ რას მიხვდი და რა გადააფასე დროსთან ერთად?

– რაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ყოველდღიური პატარ-პატარა სიკეთეები მაბედნიერებს. თუნდაც, უცხო ადამიანი რომ თავაზიანად მომექცევა ან კარს გამიღებს, გზას დამითმობს, კომპლიმენტს მეტყვის, გამიღიმებს და კიდევ სხვა ბევრი რამ. ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი ჩემი მთელი დღის განწყობაზე დადებითად მოქმედებს და დიდად ვაფასებ. რა თქმა უნდა, მეც ვცდილობ, ნეგატივი არ გადავცე სხვებს. დედაჩემმა მასწავლა ბავშვობაში ეს ფრაზა, რომელიც ჩემი ცხოვრების დევიზი გახდა: „მოექეცი ადამიანებს ისე, როგორც შენ გინდა მოგექცნენ”.

– როგორც შენი მეგობრები ამბობენ და სოციალურ ქსელში შენს მიერ დადებული ვიდეოებიდანაც ჩანს, საკმაოდ კარგი კულინარი ხარ და ამ მხრივ, ექსპერიმენტებსაც არ ერიდები.

– ბავშვობიდან მომწონდა სამზარეულოში ყოფნა, ოღონდ, როცა მარტო ვიყავი და არავინ მაძლევდა შენიშვნას (იცინის). რაც გავიზარდე, კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა, რადგან აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგი განტვირთვაა ჩემთვის, თან, თუ კერძი გემრიელიც გამომივა, მით უფრო მეტად ვდგები პოზიტიურ განწყობაზე. გამიტაცა მურაბების კეთებამ, ვიდეოც მიდევს სოციალურ ქსელში, სადაც მანდარინის მურაბას ვაკეთებ. ბევრმა მომწერა რეცეპტზე, ვისარგებლებ და გავუზიარებ თქვენს მკითხველს: მოკლედ, დაგჭირდებათ 1 კილოგრამი მანდარინი, 1 ლიტრი წყალი, 1 კილოგრამი შაქარი, 1 ლიმონი. მომზადების წესი კი ასეთია: მანდარინი გარეცხეთ, მოაცალეთ ყუნწები და რამდენიმე ადგილას ჩანგლით დაჩხვლიტეთ. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ მანდარინი. ადუღეთ 15-20 წუთით, შემდეგ ეს წყალი გადაღვარეთ, რომ სიმწარე დაკარგოს. გააკეთეთ სიროფი და დაასხით მანდარინს, ჩააწურეთ 1 ცალი ლიმონი. აადუღეთ ნახევარი საათი და გადმოდგით ცეცხლიდან. როდესაც შეგრილდება, ისევ ახლიდან დადგით ცეცხლზე და ადუღეთ. ასე გაიმეორეთ 3-4-ჯერ. ბოლოს, ქილებში გადაიტანეთ. სულ ესაა.

– თაკო, გაქვს ოცნება, რომელიც ჯერ არ აგიხდა და, ზოგადად, თუ ხარ მეოცნებე ადამიანი?

– ჩემი ოცნებები და სურვილები, ძირითადად, ერთნაირია, რადგან არ ვოცნებობ იმაზე, რაც შეუძლებელია სამყაროსთვის. ვოცნებობ იმაზე, რის შესრულებასაც შევძლებ საკუთარი თავისთვის. ჩემს სურვილებზე ყოველთვის დადებითად ვფიქრობ და უმეტესი ნაწილი უკვე ამისრულდა კიდეც, მაგრამ, ამასთანავე, დიდ შრომასაც ვდებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა