ნინო მუმლაძე: ისე მივედი 38 წლამდე, რომ ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს ვერ შევხვდი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00
იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის მსახიობ ნინო მუმლაძის წარმატებაში და როგრორია მისი ფორმულა, რაც წინსვლაში ეხმარება, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნინო მუმლაძე: თავს ნამდვილად იღბლიან ადამიანად მივიჩნევ. მარტივ მაგალითს მოვიყვან, ჩემს კურსზე უამრავი ადამიანი სწავლობდა, მაგრამ ბევრმა ვერ მოახერხა ამ პროფესიაში თავის შენარჩუნება. გამართლების საკითხია, შეძლებ თუ არა ამ საქმეში დარჩენას და მე ნამდვილად გამიმართლა.
იღბლიანი ვარ პროფესიის მიღმაც. მე ვფიქრობ, თვითრწმენის ამბავიცაა. როდესაც იცი, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როდესაც ამის ბოლომდე გჯერა, ნებისმიერ სიტუაციაში იპოვი მას. თუ ცხოვრების მიმართ პესიმისტურად ხარ განწყობილი, მაშინ შეიძლება, ცხოვრებაში წაგებების დაუსრულებელი ციკლი გქონდეს. შესაბამისად, სულ წუწუნებდე, ყველაფერს ბედისწერას აბრალებდე.
მე ვფიქრობ, რომ ამ განწყობას თავად ვქმნით. გამოგონილი არ არის ის ამბავი, რომ როგორ ენერგიას და ფიქრებსაც უშვებ კოსმოსში, იგივე გიბრუნდება უკან და შესაბამისად მიდის შენი ცხოვრება.
– იღბალთან ერთად, შრომისმოყვარეობა რამდენად დიდი დოზით არის თქვენში?
– ჩემი ნატურიდან გამომდინარე, ზარმაცი ადამიანი ვარ. ვფიქრობ, რომ თუ სტიმული და ინტერესი არ აქვთ, ადამიანების უმრავლესობა ზარმაცია, ისევე, როგორც მე. მგონია, რომ ნებისმიერი ადამიანის ფსიქოლოგია ასეა მომართული. თუ მიზანი არ გამოძრავებს და განსაკუთრებული ინტერესი არ გაქვს, მხოლოდ „უნდაზე“ძალიან გაგიჭირდება რამის კეთება.
მაგალითისთვის – მე ძალიან არ მიყვარს სახლის დალაგება. ეს ჩემთვის ძალიან რთული რუტინაა და სულ ვცდილობ, ვინმეს ვთხოვო დახმარება. აქ არსებობს „უნდას“ ფაქტორი – რადგან ეს აუცილებლობას წარმოადგენს. მაგრამ, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. არადა, ამ დროს შეიძლება, გაცილებით მეტი ენერგია მოვახმარო რომელიმე სხვა საქმეს, განსაკუთრებული შრომისმოყვარეობაც გამოვიჩინო ყოველგვარი სიზარმაცის გარეშე, იმიტომ, რომ ის ჩემთვის საინტერესოა. მაგალითად, მსგავსი საქმეებიდან ასეთია მზარეულობა. ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და კერძების მომზადება – ეს არასდროს მეზარება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სტიმულს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და როცა ის გაქვს, შრომისმოყვარეობაც თავისთავად მოდის.
– ის, რასაც მიაღწიეთ და რაც გაქვთ, შრომისმოყვარეობის დამსახურება უფროა თუ იღბლის?
– ერთმანეთის გარეშე გამორიცხულია. როგორც არ უნდა გაგიღიმოს იღბალმა, თუ შენ შანსებს არ გამოიყენებ, არაფერი გამოვა. ცხოვრებაში შანსი ყველას გვეძლევა, მას, პირველ რიგში, შემჩნევა უნდა. შეიძლება, ბევრი საინტერესო წინადადება ვერ გამოვიყენე, რადგან თავის დროზე ვერ შევამჩნიე მასში პოტენციალი ან იმ მომენტში სხვა პრიორიტეტი მქონდა, არადა, სამომავლოდ შეიძლებოდა, უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო. ამას ვერ გათვლი, მაგრამ თუ ხვდები, რომ შანსი გეძლევა, მას უნდა მოეჭიდო.
საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მივდიოდი სამოგზაუროდ, გზაში ერთი ქალბატონი გავიცანი. გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ ეს ქალაბტონი რადიოში მუშაობდა, უცებ წამყვანი დასჭირდათ, მე გავახსენდი და ასე ვიშოვე სამსახური. ხომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის მოგზაურობა ჩემს ცხოვრებას ამდენად განსაზღვრავდა. ეს ხომ არის საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრა და გამართლება?! ასეთი რამეები ყველას ცხოვრებაში ხდება და მერე მისი სწორად გამოყენებაა საჭირო. მე რომ პოზიტიური ურთიერთობა არ დამემყარებინა ამ ადამიანთან, ხომ არ გავახსენდებოდი? ხანდახან შეიძლება, იმავე გარემოებაში რაღაც პრობლემებით მოხვდე, ვერ გამოასხივო პოზიტივი, რაც მერე შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამიტომაც ვამბობ, რომ იღბალი მნიშვნელოვანია, ისევე, როგორ მოცემული შანსის გამოყენება და შენი მდგომარეობა. ინტერესი, შრომისმოყვარეობა, გამართლება – ყველაფრის ერთიანობა იძლევა შედეგს, ასე მგონია. შანსები კი ყველას გვაქვს, მაგრამ პესიმისტი ადამიანი მას ნაკლებად ამჩნევს.
– არის რამე, რაშიც თავს უიღბლოდ მიიჩნევთ?
– პირადი ცხოვრება. ეს არის ის, რაშიც თავს უიღბლოდ მივიჩნევ. ისე მოვედი 38 წლამდე, რომ ვერ შევხვდი ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს, რომელთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარების სურვილი გამიჩნდებოდა. 38 წლის ასაკში მეგონა, რომ ასეთი ადამიანი შემხვდა, ოჯახი შევქმენი, მაგრამ ეს ურთიერთობა მალევე დასრულდა. ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ამის მიუხედავად, მე თავს ბედნიერ ადამიანად ვთვლი, მადლობა ღმერთს, ძალიან კარგი შვილი მყავს, არაჩვეულებრივი ოჯახის წევრები, მეგობრები... ბევრი ბედნიერი მომენტია ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა.
– თითქოს ორივე ერთად არ გამოდის?
– არა მგონია. უამრავი ადამიანია ჩემ გარშემო, რომლებიც კარიერაშიც წარმატებულები არიან და კარგი ოჯახიც აქვთ. შეიძლება, ჩემი ხასიათია მიზეზი? არა მგონია, როცა გვერდით ადამიანი მყავს, ყველანაირად ვცდილობ, ხასიათი შევუწყო. არ ვიცი, რისი ბრალია. რომ ვიცოდე, გამოვასწორებდი (იცინის).
– რთულ, წარუმატებელ პერიოდებში რა გეხმარებათ გზის გაგრძელებაში?
– როგორც დასაწყისში აღვნიშნე, როდესაც გაქვს რწმენა, რომ ყველა სიტუაციაში არსებობს გამოსავალი, მას ყოველთვის იპოვი. რაც არ უნდა რთული პერიოდი იყოს ჩემს ცხოვრებაში, ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ამ მდგომარეობაში სამუდამოდ არ დავრჩები. დრო ყველაფერს ცვლის, აუცილებლად გაპოვნინებს გამოსავალს. ეს ნებისმიერ ადამიანს გონებაში უნდა ჰქონდეს გამჯდარი. ძალიან მწყდება გული, როცა სუიციდის შესახებ ვიგებ. ალბათ, ამ მდგომარეობამდე ადამიანი მაშინ მიდის, როცა ჰგონია გამოუვალ სიტუაციაშია. არადა, სულ უნდა გედოს თავში ეს აზრი – რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. ემოციებმა ანალიზის უნარს არ უნდა აჯობოს. ცხოვრება მართლა თამაშია. დღეს თუ ცუდად წავიდა თამაში, ხვალ კარგად წავა. დღეს თუ ბედი მეთამაშება, მოდი, ხვალ მე სხვანაირად ვითამაშებ ან დაველოდები რა კარტები მომივა და იქნებ მათგან უკეთესი ვარიანტი შევქმნა. ცოტა მარტივად თუ შევხედავთ ამ საკითხს, ყველაზე რთულ და უფსკრულის პირას მყოფებიც კი ვიპოვით გამოსავალს. თუ ცხოვრება არ დასრულდა ან ძალით არ დაასრულე, გაგრძელებასთან ერთად ვარიანტები აუცილებლად გამოჩნდება. როგორც ამბობენ, სიკვდილის გარდა ყველაფერს ეშველება, ეს ყველაზე დიდი ჭეშმარიტებაა.
– რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე – სახელი, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება თუ სხვა რამ?
– ჩემს პროფესიაში ჩემთვის მთავარი მისდამი დამოკიდებულებაა. მე მართლა მიყვარს ჩემი საქმე. არასდროს მიფიქრია სახელის მოპოვებასა და პოპულარობაზე. ეს ჩემთვის ყოველთვის მეასეხარისხოვანი იყო. უბრალოდ, სერიალებმა თავისთავად მომიტანა პოპულარობა. ფინანსებს რაც შეეხება, ჩვენს პროფესიაში რა ფულია, ეს რომ იყოს ჩემი მთავარი ინტერესი, ამ პროფესიას, უბრალოდ, არ გავყვებოდი, აუცილებლად მოვძებნიდი ალტერნატიულ გზას. ასე რომ, მხოლოდ ჩემი საქმის სიყვარული და პროფესიული განვითარება – ეს არის ჩემთვის მთავარი.
– რამდენად ზრუნავთ საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე?
– რაც შვილი მყავს, საკუთარ თავზე ზრუნვა უკანა პლანზე გადავიდა. რასაც დღეს ვაკეთებ, აბსოლუტურად მისი კეთილდღეობისთვის. თუმცა, თუ ძალიან გავჭედავ ხოლმე, ვცდილობ, მეგობარი ვნახო ათასში ერთხელ მაინც, თან, უდროობის გამო უკვე ყველა მემდურის (იცინის). როცა სხვა გამოსავალი არ არის, ვცდილობ, გავნიავდე (იცინის). სულ სამსახური, საქმე, მართლა ძალიან რთულია და ჩემი სტრესის დონე პიკს აღწევს. ასეთ დროს მეგობრების მონახულება ყველაზე კარგი თერაპიაა.
ზოგადად, მე ისეთი პროფესიის წარმომადგენელი ვარ, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის კუთხითაც ხელს მიწყობს. ჩემი აზრით, იცით, როდის ყალიბდება მენტალური პრობლემები? როცა ადამიანი ემოციებისგან დაცლას ვერ ახერხებს. შეიძლება, ვცდები, მაგრამ მე ასე მესმის, რადგან სტრესისგან გათავისუფლების გზა ემოციების გარეთ გამოშვებაა. ამიტომ როცა გაქვს როლი, რომელიც საშუალებას გაძლევს ემოციები გამოუშვა, ეს დიდი დახმარებაა. რეალურად, არტთერაპიაც ხომ ამას ემსახურება?! ქართველებს კიდევ ერთი თერაპია გვაქვს – ერთმანეთთან ურთიერთობა.
– ბავშვობაში როგორ წარმოგედგინათ საოცნებო მომავალი და რაც საკუთარი თავისთვის შექმენით, რამდენად ჰგავს თქვენს ბავშვურ ოცნებებს?
– ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი, ამისრულდა. 4 წლიდან მინდოდა მსახიობობა და გავხდი. მინდოდა, ვყოფილიყავი ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, რადგან ამის მაგალითი დედაჩემია ჩემთვის. 12 წლის ასაკში მამა გარდამეცვალა და დედა, ოჯახის დახმარებით, მარტო გვზრდიდა მე და ჩემს დას. ვუყურებდი მას და ჩემი ოჯახის სხვა ძლიერი ქალების მაგალითს და ვფიქრობდი, რომ ფეხზე იმდენად მყარად უნდა დავმდგარიყავი, რომ არასდროს არავის იმედად არ ვყოფილიყავი. ვხვდებოდი, რომ ამ ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეიძლება, გქონდეს. როგორღაც ვართმევ თავს ამ როლს. მიმაჩნია, რომ ბევრ რამეს ვახერხებ. თავზე გადამდის-მეთქი, არ ვამბობ, მაგრამ ჩემსა და ჩემი შვილის საჭიროებებს ვუმკლავდები. საკუთარი თავის იმედი ნებისმიერ სიტუაციაში მაქვს. ასე რომ, ვფიქრობ, ძლიერი ქალი ვარ. მინდოდა, დედა ვყოფილიყავი, ვარ; მანქანა მინდოდა და მყავს... ერთი მილიონრობაზე არ მიოცნებია და ახლა ვნანობ (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





