შოუბიზნესი

ლიზა ვადაჭკორია: ბევრ შეცდომას ვხედავ, რასაც გამოვასწორებდი, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან კარგი ადამიანი ვარ

№31

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00

ლიზა ვადაჭკორია
დაკოპირებულია

ლიზა ვადაჭკორიას "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ლიზა ვადაჭკორია?

ლიზა ვადაჭკორია: პირველ რიგში – ქართველი ადამიანი საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციით, მეოჯახე, შვილი, დედა, ბებია, ჟურნალისტი. ძირითადად, მიცნობენ, როგორც ტელეწამყვანსა და პროდიუსერს.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ადამიანის ბუნება ასეთია: რა ოცნებაც არ უნდა აიხდინოს, ყოველთვის უფრო მეტი უნდა. ამბობენ, რომ სუიციდის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მილიონერებსა და მილიარდერებშია. როდესაც ყველაფერი გაქვს, მიზნისა და ოცნების გარეშე რჩები და, ალბათ, ამიტომ კარგავენ ცხოვრების აზრს. ადამიანი ყოველთვის უნდა მიისწრაფვოდეს რაღაცისკენ.

ჩემთვის საოცნებო ცხოვრება სტაბილურობასთან ასოცირდება. ვისურვებდი, რომ მსოფლიოში ნაკლები ომი და მეტი მშვიდობა იყოს, ნაკლები აგრესია და მეტი მეგობრული დამოკიდებულება არსებობდეს.

აგრესია, რომელიც ყოველდღიურობაში ძალიან მძაფრად და დიდი დოზით ვლინდება, ძალიან მთრგუნავს – მინდება, სადღაც შევიკუჭო და არ გამოვიდე.

სულიერი სიმშვიდე, წონასწორობა – ეს გაგვაჩნდეს ამ სამყაროში, ასე გამოიყურება ჩემი ოცნება.

– რამდენად ემოციური ხართ და გულჩვილობაც თუ გახასიათებთ?

– კი, ორივე. იმ დონემდე გულჩვილი ვარ, რომ ფილმებისა და ანიმეების ყურებისასაც მეტირება (იცინის). როდესაც ვკითხულობ ისტორიებს რეალურ ადამიანებზე, რომლებსაც მძიმე სენთან უწევთ ბრძოლა, მათი დახმარების სურვილი მიჩნდება და ბევრსაც დავხმარებივარ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე და ისტორია რეალურია, რადგან მსგავსი საკითხების მიმართ ძალიან მგრძნობიარე ვარ. არ ვეხმარები მას, ვინც ქუჩაში ყალბი ბანერებით დგას, რადგან ვიცი, რომ ეს ქუჩის მაფიაა. ასევე, არ ვეხმარები ბავშვებს ქუჩაში, რადგან მათაც მაფიოზები ამუშავებენ. მიმაჩნია, რომ ეს დანაშაულია.

რაც შეეხება ემოციურობას, ეს, ხშირ შემთხვევაში, ცუდიც არის. მაგალითად, რამე რომ შეგემთხვევა, ზოგჯერ სჯობს მოითმინო. მე ჩემი გურული, ფეთქებადი ხასიათი არ მაძლევს ამის საშუალებას. ამას წინათ ჩემ წინ მამაკაცი მიდიოდა და ძირს ნაგავი დააგდო. ვთხოვე, თუ შეიძლება, აიღეთ-მეთქი. გაიარე მშვიდად, ხომ შეიძლება? მაგრამ არა, ვერ გავივლი ურეაქციოდ. სადმე რამე არასწორს თუ წავაწყდები, აუცილებლად ჩავერევი. ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე, რა ჩემი საქმეა-მეთქი, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ცხოვრების მეტი წილი უკვე გავიარე. მას რომ გადავხედავ, ბევრ შეცდომას ვხედავ და ბევრ რამეს გამოვასწორებდი, მაგრამ, იმავდროულად, ვიცი, რომ ძალიან კარგი ადამიანი ვარ. ერთხელ ერთ– ერთი ონლაინგამოცემის გამოკითხვას გავეცანი პირველი სამსახურისა და დამსაქმებლის შესახებ. ადამიანები საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ. ამ გამოკითხვაში ძალიან ბევრი ჩემი ჟურნალისტი შემხვდა – ამ ბავშვებს უკვე თავიანთი საქმე აქვთ, ზოგი ჩემზე სახელოვანია, ზოგი სხვა ქვეყნებში აგრძელებს კარიერას – ძალიან წარმატებული და მაგარი ადამიანები არიან, ზოგი უკვე საკმაოდ დიდია. ის, რომ მათ ძალიან კარგად ვახსოვარ, თან 2 და 3 ადამიანი კი არ ყოფილა იმ გამოკითხვაში – ეს ჩემთვის სრული შოკი იყო.

ვიცი, რომ მე იმ ბავშვებთანაც მეშლებოდა რაღაცები, იდეალური არ ვარ, მაგრამ, ალბათ, მაინც უფრო მეტად სამართლიანი და გულიანი ადამიანი ვიყავი, რადგან ასე გულიანად მიხსენებდნენ პირველ სამსახურთან დაკავშირებით. მაშინ განსაკუთრებული სიამაყე ვიგრძენი.

ვიცი, რომ ბევრი კარგი პროექტი მაქვს გაკეთებული და ამითაც ვამაყობ.

ასევე, ვამაყობ იმით, რომ კარგი შვილი გავზარდე.

რაც შეეხება მარცხს, მეტი შემეძლო გამეკეთებინა პროფესიული თვალსაზრისით. მაგალითად, დისერტაცია დამეცვა, უცხოეთში წავსულიყავი სასწავლებლად და ასე შემდეგ. შეიძლება, ვაწყენინე ვინმეს, ისე არა, რომ სამუდამოდ მისი მტერი გავმხდარიყავი – ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ გული დავწყვიტე. შეიძლება, ჩემი ემოციურობის გამო დავუშვი შეცდომა, მაგრამ გლობალური მარცხი, ვფიქრობ, არ განმიცდია. მე არ ვარ იმდენად ამბიციური ადამიანი, რომ გრანდიოზული გეგმები მქონდეს, შესაბამისად, დიდი მარცხებიც არ მაქვს. რასაც მივაღწიე, ეს არის ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. დანარჩენი შეცდომებია და არა მარცხი – უფრო ასე ვიტყოდი.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებით კარგი და ისეთიც, რამაც გული გატკინათ?

– სოციალურ ქსელებში ბევრ რამეს და, მათ შორის, გულდასაწყვეტსაც წაიკითხავ. ეს მხოლოდ ჩემი ტკივილი არ არის. არ მესმის ეს აგრესია. ყველას ვეუბნები, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, უფრო მეტად სქელკანიანები იყავით-მეთქი. თუმცა ადამიანი მგრძნობიარე არსებაა და რთულია სრული იგნორი.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ კახეთის ინციდენტთან დაკავშირებით დავწერე: ჩემთვის ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც მამაკაცი ქალს ურტყამს, ის ჩემთვის დამნაშავეა-მეთქი. ისევე, როგორც დამნაშავეა ის, ვინც იუმორისტი ბიჭი სცემა. აგრესორი ყოველთვის პოულობს გამართლებას. ასე შეიძლება, ვიღაცამ მეც მცემოს და მასაც ჰქონდეს „მიზეზი“. ყველაფერზე შეიძლება, თქვა „მაგრამ“. ის ბიჭი ქორწილიდან გულწრფელად შემეცოდა და დარწმუნებული ვარ, ნანობს კიდეც, მაგრამ არ მესმის ხალხის, ვინც ძალადობას ამართლებს. როცა ამის შესახებ დავწერე ჩემს სოციალურ ქსელში, ზოგმა კულტურულად გამლანძღა – კი ბატონო, განსხვავებული აზრი აქვთ, გასაგებია, მაგრამ ერთი ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მლიქვნელი იყო ჩემ მიმართ, როდესაც მე „მუზიკ ბოქსის“ დირექტორი ვიყავი და აღარ იცოდა, რა ქათინაური ეთქვა, ოღონდ მისი ღონისძიება გამეშუქებინა – დღეს ეს ადამიანი უცხოეთში ცხოვრობს და ისეთი შეურაცხყოფა მომწერა ამის გამო, თვალებს ვერ ვუჯერებდი. რისთვის მლანძღავს? იმისთვის, რომ ჩემი აზრი დავწერე? რომ დამნაშავეზე ვთქვი, დამნაშავეაო?! რა თქმა უნდა, ამ დროს უსამართლობის განცდა გიჩნდება, მაგრამ, ალბათ, ისევ და ისევ ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ადამიანებისგან მართლა აღარაფერი მიკვირს.

რაც შეეხება დადებითს, უამრავი ასეთი მხვდება. თუნდაც, დაბადების დღეზე უამრავ შეტყობინებას რომ იღებ ნაცნობებისგან თუ უცნობებისგან, ეს სულის მალამოა. ქუჩაშიც უამრავი ადამიანი მოსულა და მადლობა უთქვამს „სახალხო კონტროლის“ გამო – ეს მაძლევს ძალას, თორემ ეს იმდენად რთული და სტრესული საქმეა, სულ ნეგატივი რომ ყოფილიყო, ალბათ, გავტყდებოდი და ვეღარ გავაკეთებდი.

– რა გამოსცადეთ ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?

– კრუიზში მოვხვდი, ხმელთაშუა ზღვაში, უზარმაზარ გემზე. ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი ბათუმის სანაპიროზე საკრუიზო გემებს, იქიდან გადმოსულ მხიარულ და ლამაზ ხალხს. ვოცნებობდი, ოდესმე ასეთი დიდი გემით გამეცურა ზღვაში. აქამდე სრულყოფილ კრუიზში არ ვყოფილვარ. ეს წელს პირველად მოხდა და რაღაც მომენტში ცოტა შემეშინდა კიდეც, როცა მცირე შტორმში მოვხვდით, მაგრამ ეს იყო ერთკვირიანი ზღაპარი, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

ადამიანი რაღაც თანხას რომ შეაკოწიწებ, მაშინვე რემონტსა თუ სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობ, რაც არასდროს სრულდება, შენი სიამოვნებისთვის კი არასდროს გემეტება. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ მერე იყიდით ახალ მანქანას, მერე გააკეთებთ რემონტს, მაგრამ არ დაინანოთ ფული თქვენი სიამოვნებისთვის, როცა ძალიან ბევრს მუშაობთ. თუ საშუალება გაქვთ, გარკვეული ტიპის განტვირთვაზე უარი არ უნდა თქვათ. დამიჯერეთ, ეს არ არის ფუჭად დახარჯული ფული.

– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ...

– ცოტა არაქართული გარეგნობა მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სისხლში ქართველის გარდა არავინ მყავს, ბევრს უცხოელი, განსაკუთრებით რუსი ვგონივარ. სტუდენტობისას ქუჩაში ბიჭი მოვიდა გასაცნობად. ასეთი შემთხვევები ხშირი იყო ხოლმე და როგორც წესი, თავიდანვე ვამბობდი, რომ ქართველი ვიყავი, თავი რომ დაენებებინათ, მაგრამ ამჯერად, რატომღაც, ასე არ მოვიქეცი – შევიფერე, თითქოს ჩამოსული ვიყავი. ძალიან ბევრი მელაპარაკა, ალბათ „რუსის ნაშოჩკა“ ვეგონე და გულში ძალიან ვხალისობდი (იცინის). ბოლოს უკვე კაფეში დაპატიჟება რომ დაიწყო, ქართული სტუმართმოყვარეობა უნდა გაჩვენოო, ქართულად ვუთხარი: ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ სახლში მაგვიანდება-მეთქი. ისე გაშრა, რომ ცოტა ხანში უკან რომ მოვიხედე, ისევ ისე, გაშეშებული იდგა (იცინის). ალბათ, ფიქრობდა, რატომ დავაკარგინე ამდენი დრო (იცინის).

– რით ამაყობთ ყველაზე მეტად?

– ვამაყობ ჩემი ოჯახით, ვამაყობ, რომ არ ვარ „ურაპატრიოტი“, რომელიც განსხვავებული აზრის ადამიანს მოღალატეს ეძახის. მოღალატე, ნაცი, ქოცი – ეს იმდენად ხშირად მესმის, რომ დავიღალე. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრია ჩემს მსგავსად ამ ორის დაპირისპირებით დაღლილი და ჩვენ ვართ ადამიანები, ვისაც ევროკავშირი გვინდა, ოკუპაციას ვგმობთ, არც პუტინი გვიყვარს, არც ომი გვინდა, არც სტუმართმოყვარეობა გვეშლება და რაც მთავარია, საქართველო ძალიან გვიყვარს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი