ნანი ბრეგვაძე: ერთი წელი არ ვმღეროდი მეუღლის გამო და იმდენად ვნერვიულობდი, თითქოს ხმა დავკარგე
ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00
ნანი – ეს სახელი გვარის გარეშეც საკმარისია ქართული და რუსული საზოგადოებისათვის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების იმ ადამინებისთვისაც, რომლებიც დღემდე ვერ გამოდიან მისი ხიბლიდან. 21 ივლისს ქართული სცენისა და სრულიად საქართველოს მშვენებას, ლეგენდას, ნანი ბრეგვაძეს 90 წელი შეუსრულდა.
– ქალბატონო ნანი, საიდან იწყება თქვენი ასეთი ბრწყინვალე ცხოვრება, რომელიც თქვენ შეუქმენით საკუთარ თავს. გასახსენებელი ნამდვილად ბევრი გექნებათ.
– ეს იყო ძალიან საინტერესო ცხოვრება და დღემდე გრძელდება. შემოქმედებითი მხრიდან რომ დავიწყო, ძალიან დიდი როლი ითამაშა „ორერამ“. ვიდრე „ორერაში“ მოვხვდებოდი, იცით, რომ ვმღეროდი სახელმწიფო ორკესტრში – „რეროში“, რომელსაც კონსტანტინე პევზნერი ხელმძღვანელობდა, ეს შესანიშნავი პიროვნება და კომპოზიტორი. მანამდე კი, ისე, ჩემთვის ვმღეროდი. ყოველთვის სერიოზულად ვუყურებდი ჩემს საქმეს და არა სიმღერას. მიმაჩნდა, რომ სიმღერა არ იყო ჩემი საქმე. მე დავამთავრე მუსიკალური ტექნიკუმი ფორტეპიანოს კლასით და მერე – კონსერვატორია. სიმღერაზე მართლა არასოდეს მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრე, ორი წლის ასაკიდან დავიწყე, მაგრამ მე ჩემი თავი უფრო ექვსი წლიდან მახსოვს – აი, სტუმრები როცა გვყავდა სახლში, მაშინ გამოვდიოდი და ვმღეროდი. საერთოდ, ჩემი ოჯახი ძალიან მუსიკალური იყო – დაწყებული დიდი ბებიით, დამთავრებული დედაჩემით და დეიდაჩემებით. დეიდაშვილებიც – 11 დეიდაშვილი მყავდა და ყველა მღეროდა. ადრე სიმღერისადმი სხვა დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენს ხალხს – სცენისკენ სერიოზულად არავინ ილტვოდა. ჩვენ ვმღეროდით ჩვენთვის სახლში, ის იყო ჩვენი სცენა. რაც თავი მახსოვს, სულ გვყავდნენ სტუმრები და როგორც გითხარით, ყველა ვმღეროდით. ერთ-ერთი დეიდა – ქეთუნია მიქელაძე კი, პროფესიონალი მომღერალი იყო. პირველ სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა. სტალინთან ერთად გამოვიდა დეკადაზე 1937 წელს, 18 წლის რომ იყო. ერთად იმღერეს. მის მერე დეიდა და დედაჩემიც, სანამ გათხოვდებოდნენ, პროფესიონალურ სცენაზე მღეროდნენ.
– საინტერესოა. რატომ ჰქონდათ სხვა დამოკიდებულება სიმღერისადმი. საქართველოში ხომ ყოველთვის ყველა მღეროდა?
– უხერხულობას გრძნობდა ყველა, როდესაც სცენაზე გამოდიოდი და საესტრადო სიმღერებს მღეროდი, იმიტომ რომ ამას არ იღებდა ხალხი სერიოზულად. მეუღლემაც უთხრა დედას – დაანებე ახლა თავი სიმღერას და ოჯახს მიხედეო, მაგრამ დედაჩემმა იმარჯვა, არავის დაუჯერა – არც დეიდებს, არც ქმარს. სერიოზული კამათი ჰქონდათ ამაზე.
– „ორერას“ როგორ გაიხსენებთ?
– ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში „ორერამ“. მე აქ ჩამოვყალიბდი, როგორც მომღერალი. ყველაფერს, რასაც მე ვაკეთებდი სცენაზე, „ორერასთან“ იყო დაკავშირებული. სცენაზე და კულისებში რომ გამოვდიოდი, საოცრად მხვდებოდნენ... გენო ნადირაშვილი მუხლებზე იჩოქებოდა და ხელზე მკოცნიდა. მეც ვთამაშობდი, რომ ასეთი ვარ, ასეთ პატივს მცემენ და ეს მსიამოვნებდა. ძალიან საინტერესო რეპერტუარიც იყო. ეს სერიოზული ამბების ნაწილია, ჩამოვყალიბდი, ძალიან ბევრ კარგ სიმღერას ვმღეროდი და სულ რობერტ ბარძიმაშვილის ყურადღების ქვეშ ვიყავით. ის დადიოდა, ის ხელმძღვანელობდა ყველაფერს, მე არაფერზე ვფიქრობდი, გამიმზადებდა ახალ სიმღერას და ვმღეროდი. თან, ვმუშაობდი, თან, საინტერესო ცხოვრება იყო. მოვიარეთ მთელი მსოფლიო. ერთხელ, რუსეთში ვართ, უკვე მეასე, ბოლო, დასკვნითი კონცერტია. მერე იუგოსლავიაში უნდა წავსულიყვავით. ყველამ გადაწყვიტა, მოდი, რაც გვინდა, ის გავაკეთოთ სცენაზეო. რა გამიკეთეს ბუბამ და გენო ნადირაშვილმა, გეტყვით: მე როიალთან ვჯდებოდი და ვმღეროდი. მეასე კონცერტია, რად მინდოდა კარნახი?! დავიწყე სიმღერა. გენო შესანიშნავად უკრავდა კონტრაბასზე და ბუბა – დასარტყამ ინსტრუმენტებზე. რომ დავიწყე სიმღერა, მომესმა კონტრაბასის ხმა არასწორ დროს. გავიხედე, სადაც უნდა იდგეს გენო როიალთან, იქ არ არის. ვფიქრობ სად არის, ვიყურები აქეთ, იქით, არ არის, ამ დროს დავინახე ბუბა რაღაცას აკეთებს ტუჩებით, მკარნახობს სიტყვებს. ზოგჯერ ტექსტი კი მავიწყდებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა არ მჭირდება, ეს მაინც მკარნახობს. მაგიჟებს. ვანიშნებ არ მინდა-მეთქი. მაინც... თან, ვფიქრობ, სად არის გენო, ვეძებ თვალებით, ბიჭები კვდებიან სიცილით, უკვე მეც მეცინება, იმიტომ რომ ვერ გავიგე, რა ხდება, შევიდა სადღაც, ამოძვრა საიდანღაც პიანინოზე, დაწვა... რეები აკეთა, არ იცით...
– ქალბატონო ნანი, მაშინ და ახლა – ვფიქრობ, ნამდვილად არის ეს ვიზუალური განსხვავავება. ამიტომ გკითხავთ. ცხოვრების ეტაპებზე რამდენად აქცევდით ყურადღებას ვიზუალურ მხარეს, მომზადებას, მაკიაჟს, ტანსაცმელს, ვარცხნილობას?
– რა თქმა უნდა, გარეგნობას ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ, აი, ერთხელ, კანადაში ვართ გასტროლებზე, რაღაც ექსპოგამოფენა იყო, საქართველოდანაც იყვნენ წარმომადგენლები ამ გამოფენაზე, მუსიკალური მხარე კი „ორერა“ იყო. ვმღერი: „დაროგუ დლინნუიუ“ – ძალიან პოპულარული იყო რუსული რომანსები. მაშინ პრაქტიკა არ მქონდა, არ ვიცოდი და ძალიან შევიღებე წამწამები შავი ტუშით. მგონია, რომ გადასარევად ვარ. ყველანი იქ არიან, ბიჭები. დავიწყე სიმღერა. ძალიან დიდი პროჟექტორები მომანათეს სახეზე და დადნა ეს ტუში. ვამჩნევ, რომ ცალ თვალზე უკვე ცრემლი მომდის, მაგრამ შავი ცრემლი. მერე ძალიან ვიცინოდით ამაზე, მეორეზეც რომ წამოვიდა, ვიმღერე, მაგრამ ვატყობ ვეღარ ვდგავარ სცენაზე და ბიჭებს ვეუბნები ჩურჩულით, მომეცით ხელი, თორემ დავვადრები ახლა-მეთქი. მადლობა გადავუხადე დარბაზს, შავი ცრემლებით ვტიროდი და ასე გამიყვანეს. დიდი შთაბეჭდილება მოვახდინე: როგორი არაჩვეულებრივი მომღერალია, ისე განიცადა, რომ ტიროდა და ჩვენც აგვატირაო...
– მუდმივად გასტროლები, აქეთ – თქვენი ოჯახი, საყვარელი ადამიანები. რას განიცდიდით ამ დროს?
– გასტროლებზე ორი თვეც ვყოფილვართ გადაბმულად, ერთი თვეც. მაგალითად, ჩრდილოეთ აფრიკაში სამი თვე ვიყავით, ძალიან საინტერესო და კარგი იყო, მაგრამ მოსაწყენიც – მენატრებოდა ყველა და ყველაფერი.
ერთი წელიწადი ჩემი მეუღლის გამო არ ვმღეროდი. გაგიჟდა კაცი, ეს რა ხდებაო – სულ გასტროლებზე ვიყავი. აღარ უნდა მემღერა, დავანებე თავი და ფორტეპიანოს მასწავლებლობა დავიწყე. იმდენად ვნერვიულობდი შინაგანად, რომ მერე თითქმის ხმა დავკარგე. ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა, მაგრამ მერე მოვიდა რობერტი და მერაბს უთხრა, რომ ერთი გასტროლიც აუცილებელია ჩვენთვის მოსკოვში და ნანი ძალიან გვჭირდებაო. დაეთანხმა, ოღონდ თვითონ წამოგვყვა რასაკვირველია, ძალიან კარგი კონცერტები გვქონდა.
– „ორერაში“ მხოლოდ თქვენ იყავით ქალი, თან, სულ გასტროლები. და რა თქმა უნდა, ეს ეჭვიანობა იქნებოდა, მიუხედავად თქვენი ხასიათისა.
– სხვათა შორის, ჩამოდიოდა გასტროლებზე, მაკითხავდა და თან, მაკითხავდა ხოლმე მოულოდნელად და, აი, მოსკოვში რომ წამოვიდა და თავისი თვალით დაინახა ყველაფერი – როგორი მეგობრული ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან და როგორ ვიმღერე, მითხრა: არა, ნანი! არ შეიძლება, რომ შენ არ იმღეროო. აი, ასეთი კეთილშობილი ადამიანი იყო. იმის მაგივრად, რომ გაბრაზებულიყო და უარი ეთქვა. და კიდევ, იცი, რას მეუბნებოდა? სოლო კონცერტი უნდა გააკეთოო. ვფიქრობდი, სულ ნერვიულობს, სულ ჩხუბობს, სულ გაბრაზებულია, ეს კაცი და ვერ ვხვდებოდი, რატომ... თუმცა, მე ეჭვიანობა არასოდეს მიგრძნია, მაგრამ რომ გავიდა დრო, ახლა ვხვდები მისი ამ ნერვიულობის მიზეზს.
– ყველას აინტერესებს, როგორი ხართ ყოფით ცხოვრებაში.
– ყოველდღიურობაში ვარ ჩვეულებრივი, როგორც ყველა უბრალო ადამიანი. ახალგაზრდა როცა ვიყავი, სულ გავდიოდი თბილისის ქუჩებში მეგობრებთან ერთად, სტუმრად მოდიოდნენ ჩემთან, კარს არ ვკეტავდით და ტელეფონიც არ იყო გადატვირთული. არც კი რეკავდნენ, ისე იყო სავსე ჩემი ოჯახი სტუმრებით – ეს სხვა მხარეა და ამ სიბერეში რა უნდა გითხრა, ვერც გავდივარ გარეთ, ლიფტი არ გვაქვს და მეხუთე სართულიდან ძალიან მიჭირს ფეხით. როცა კონცერტია ხოლმე, ვბრაზობ უკვე, ვეუბნები: დამანებეთ თავი, რაღა დროს ჩემი სიმღერაა. ძალიან დიდი ხანი, ალბათ, ორი საათი მაინც მჭირდება მომზადება. ადრე ვიწყებ მომზადებას. რომ მიდიხარ და უცებ წაისვამ რაღაცას, უცებ რაღაცას გადაიცმევ, მე ასეთი რამ ახალგზარდობაშიც არ მქონია. ძალიან ვიღლები, ალბათ, უფრო ემოციებისგან. სცენაზე რომ დგახარ, შენ შენს თავს არ ეკუთვნი. თუ გადაღლილი ვარ, თავი თუ არ მუშაობს, ის კონცერტი ჩემთვის კონცერტი არ არის. გონება მაქვს ჩართული ყველანაირად, კონცენტრირებული ვარ მხოლოდ კონცერტზე და კონცერტიც რომ არ მაქვს, ჩემს სახლში სულ სიმღერაა. დღე არ არის, არ ვიმღერო. რომ წახვალ, მე აუცილებლად მივუჯდები როიალს. აბსოლუტურად არ მივიჩნევ თავს მარტოდ, ამდენი შვილიშვილები და შვილთაშვილი მყავს, ივსება ოჯახი და მათთან ერთად ძალიან კარგ დროს ვატარებ. შენი ოჯახი შენი ოჯახია, შევსებულია, მაგრამ ისეთი ძნელია, როცა შენი მეგობრები მიდიან, ვერ აგიწერ. აი, აქეთა ცხოვრება, რაღაც რომ გინდა გაუზიარო შენს მეგობარს ისეთი, მარტო შენს მეგობარს რომ ეტყვი და არა შენს ოჯახის წვერებს და ეს რომ აღარ გაქვს, ძალიან რთულია. სახლი ჩემთვის ყველაფერია, მთელი ჩემი ცხოვრებაა. კირჩხიბი ვარ, ვგიჟდები ოჯახზე. სოფიკო ჭიაურელს ვეუბნებოდი: რა ვქნა, სულ სახლში მინდა-მეთქი და მეც ასე არ ვარო? მშენებელიც ვარ, ხელოსანიც და ყველაფერი ვარ სახლშიო. მე უფრო სახლის მოწყობა, რაღაცების შეძენა მსიამოვნებს. შეიძლება, რაღაც ტანსაცმელი არ შევიძინო, მაგრამ სახლისთვის რამე დეკორატიული ნივთი ან ისე ნივთი რომ არ ვიყიდო, არ შემიძლია. ავეჯის, ნივთების აქეთ-იქით გადაადგილებები მიყვარს ძალიან და სულ ვუცვლი ადგილმდებარეობას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





