შოუბიზნესი

როგორ მოხვდა მისტიკურ სამყაროში თაკო კაკალაშვილი საყვარელ მამაკაცთან ერთად და რით დაგვირგვინდა მათი თერთმეტწლიანი სიყვარულის ისტორია

№15

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 23.04

თაკო კაკალაშვილი
დაკოპირებულია

5 აპრილს 27 წლის მომღერალ თაკო კაკალაშვილს რჩეულმა მამაკაცმა, გიგა სამადალაშვილმა, ხელი სთხოვა. გიგა ავიაციაში ფრენის უსაფრთხოების მენეჯერია, თაკო კი მუსიკალური ოჯახიდანაა, ის ბავშვობიდან დგას სცენაზე. ფართო აუდიტორიამ, მისი გამორჩეული ხმითა და სიმღერის გამორჩეული შესრულებით, სატელევიზიო მუსიკალური კონკურსიდან შეიყვარა.

თაკო კაკალაშვილი: ისეთ ემოციებში ვარ, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, ჩემს თავს რა ხდება. ჩემი სიხარული სოციალურ ქსელში ბევრმა გადააზიარა და მიხარია, რომ უამრავი მოლოცვა მომდის. ძალიან მოულოდნელი იყო ხელის თხოვნა და ეს ვიდეოშიც ჩანს. ზოგადად, ისეთი ტიპი ვარ, ყველაფერს წინასწარ, ინტუიციით ვხვდები, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩემმა ინტუიციამ მიმტყუნა. გამოგიტყდებით და, თან, მინდოდა მოულოდნელი ყოფილიყო ეს ამბავი, თან – ისეთი, როგორიც მე მინდოდა და წარმომედგინა (იცინის). თუმცა, ვაღაირებ, არანაირი წინასწარ ცოდნა და ყველაზე მაღალი ეფექტი მოულოდნელობას ჰქონია. ამიტომ, გოგონებო, არ ჩაერიოთ საყვარელი ადამიანის ხელის თხოვნის დაგეგმვაში. მე ეს წუთები და წამები არასდროს დამავიწყდება. მოკლედ, გიგას ძალიან ბევრ მინიშნებებსაც ვაძლევდი, ვაზიარებდი ფოტოებს, როგორ წარმომედგინა ხელის თხოვნა. გადაწყვეტილი კი გვქონდა ერთმანეთისთვის დაგვეკავშირებინა ბედი, მაგრამ გიგა თუ ასე მალე გეგმავდა ამ ყველაფერს, ეს არ ვიცოდი და ვერც წარმომედგინა. ჩემს მეგობრებთან ერთად დაგეგმა და დააორგანიზა და მე, რომელიც ყველაფერს ვხვდები და ყველაფერი წინასწარ ვიცი, როგორ ვერ მივხვდი, ახლაც ვერ მოვდივარ აზრზე (იცინის). თან, გიგას ბეჭედი მოუპარია სახლიდან და მერე დამირეკა: მანქანაში ვიპოვე დაგვარდნიაო. ამ ბეჭდით გაიგო ჩემი თითის ზომა, რომ ხელის თხოვნისთვის ბეჭედი შეერჩია. მოკლედ, გიგამ ყველაფერს საოცრად და ლამაზად გაუკეთა ორგანიზება, იმაზე უკეთესად, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. მე ჩემს ემოციაზე ახლაც მეცინება. ვამბობდი: ეს არ მინდოდა, მცმოდა, თმა ასე არ მინდოდა, რა შეკრებაა-მეთქი, ჩემს მეგობრებს ვეუბნები... ბევრი ფიქრი რომ ერთად მოგაწვება და ხმამაღლა აჟღერებ, ეგ დამემართა (იცინის). ჩემმა ერთმა მეგობარმა დადო ვიდეო და სიგიჟე გამოხმაურება ჰქონდა. მერე, მე დავდე „ტიკ-ტოკზე“ და ზუსტად ერთ საათში აფეთქდა სოციალური ქსელი. მერე, სხვა გვერდებმა გადააზიარეს და ამხელა ამბავს და ამხელა საჯაროობას, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ჩვენ ძალიან სასაცილო სიყვარულის ისტორია გვაკავშირებს. ერთმანეთი სკოლის ბოლო კლასში გავიცანით, აბიტურიენტები რომ ვიყავით. მათემატიკაში ერთად ვემზადებოდით. მე ძალიან აქტიური და ენერგიული ვარ და ყველას ვაწუხებდი, გიგა მშვიდად იჯდა და მასთან გადამსვეს, რომ არ მელაპარაკა. იმდენი ვქენი, გიგა ავალაპარაკე, მალევე სიყვარულიც ამიხსნა და უნარებში ლამის ჩავიჭერით (იცინის). 9 წელია, ერთმანეთი გვიყვარს, თუმცა, დიდი პაუზაც გვქონდა, დაშორებულებიც ვიყავით. შეყვარებულობიდან ორი წლის შემდეგ დავშორდით და შემდეგ შევრიგდით.

– რატომ იყავით დაშორებულები, მიზეზი რა იყო?

– მიზნებში გვქონდა აცდენა, მე ამბიციური ვიყავი, ისიც – ზედმეტად ამბიციური და ეს ძალიან სასაცილო მიზეზი იყო დაშორების. სამი-ოთხი წელი ვიყავით დაშორებულები, საკმაოდ დიდი პაუზა გვქონდა. და, დამიჯერეთ, ერთი მესიჯიც კი არ მიგვიწერია ერთმანეთისთვის და არც კი შევხვედრივართ, ვერსად გადავიკვეთეთ. თუმცა, ამ დროში ორივე ჩამოვყალიბდით, გავიზარდეთ, ბევრი ვიმოგზაურეთ და ამდენი წლის მერე რომ დავინახე, მივხვდი, ის გრძნობა განელებული არ იყო.

– შერიგების პირველი ნაბიჯი ვინ გადადგა?

– გიგამ გადმოდგა შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი. და, ოთხი წლის შემდეგ როცა შევხვდით, ყველა წყენა დამავიწყდა და ისე ვიკონტაქტეთ, თითქოს ის განშორების დიდი პაუზა არც ყოფილა.

– სანამ ხელს გთხოვდა, შენ და გიგა ლონდონში ერთად იყავით სამოგზაუროდ. იქ მაინც ვერ მიხვდი, რომ გიგა ხელის სათხოვნელად ემზადებოდა?

– სხვათა შორის, ერთი თვის წინ, ლონდონში რომ ვიყავით, მეგონა, იქ მთხოვდა ხელს და მომზადებული წავედი. გამოპრანჭული დავდიოდი, დრონიც კი წავიღე, რომ ემოციური კადრები გადამეღო. მოკლედ, მობილიზებულ-მომზადებულ-აღჭურვილი ველოდებოდი და ველოდებოდი, როდის დაიჩოქებდა, ამოიღებდა ჯიბიდან ბეჭედს და ხელს მთხოვდა (იცინის). რომ ჩამოვედით, მერე ვნახე სოციალურ ქსელში, როგორ სთხოვა ბიჭმა გოგოს ხელი თოვლში თხილამურებით სრიალის დროს. ვიფიქრე, ასეც ლამაზი იქნება, თუ გიგა სრიალის დროს ხელს მთხოვს-მეთქი და აბსოლუტურად სხვა გარემოში აღმოვჩნდი (იცინის).

– ქორწილს როდის გეგმავთ?

– ემოციები რომ ჩაცხრება, ეგრევე დავიწყებ ქორწილზე ფიქრს. თან, ვიცი, ჩემი ქორწილი სადა და მოკრძალებული ვერ გამოვა, უამრავი მეგობარი მყავს და მათ შორის, ბევრი მომღერალი. ზუსტად ვიცი, ჩემი ქორწილი ჩვეულებრივი სოლო კონცერტი იქნება (იცინის). ასე რომ, თუ ქორწილი გავაკეთეთ, უნდა იყოს ყველაზე დასამახსოვრებელი. არ ვინერვიულებ და მშვიდად დავგეგმავ. ზუსტად ვიცი, ჩემს ქორწილში, იქნება მუსიკის ზეიმი და მაგარი ტაშ-ფანდური (იცინის). გიგას ვეუბნებოდი: აი, რომ შევადარო, გუშინ როგორც მიყვარდი და დღეს როგორც მიყვარხარ, მგონია, დღეს საერთოდ სხვა თვალით შეგხედე, ამხელა ბედნიერება რომ მაჩუქე-მეთქი. ყველა დეტალზე თავად იფიქრა, ყველაფერი გათვალა და გამოუვიდა კიდეც. ეს ის ადამიანია, რომლის გარეშეც ჩემი არცერთი წუთი არ წარმომიდგენია და თან გიგა ჩემი ყველაზე მაგარი მეგობარია. ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო, იყო განშორებები, თავიდან ურთიერთობის დაწყება, უკვე 11 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ და მე ამ წლების განმავლობაში, ყოველდღე ვფიქრობდი მასზე. ასეთი ადამიანი რომ მყავს გვერდით, ბედნიერებისთვის მეტი არაფერი მჭირდება. გიგა ჩემი ოცნებების ახდენაში მიწყობს ხელს და ყველა სიმღერა, რომელიც სიყვარულზეა, მას ეძღვნება. ფაქტია, ისეთი ემოცია მომანიჭა, თავი სიზმარში მეგონა და ნელ-ნელა ვცდილობ, დავუბრუნდე რეალურ ცხოვრებას. იმდენი საქმე მაქვს, უამრავი საფიქრალი, რომ სულ ასე აღფთოვანებული ვერ ვიქნები.

– თაკო, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან სცენაზე დგახარ, ფართო საზოგადოებამ მუსიკალური პროექტებიდან გაგიცნო. რა არის შენი კონკურსებში მონაწილეობის მიღების მიზანი?

– მთელი 13 წლის განმავლობაში გორის გოგონათა გუნდის სოლისტი ვიყავი. კონკურსებშიც მივიღე მონაწილეობა. პირველი კონკურსი იყო „საქართველოს ვარსკვლავი“ და მეორე – „ვოისი“. ორივე კონკურსში ფინალისტი ვიყავი, თუმცა გამარჯვებამდე ვერ მივედი. ზოგადად, ჩემი ოცნება და მიზანია, „ევროვიზიაზე“ წარვდგე. სულ ვამბობ, ძალიან მინდა, ჩამოვყალიბდე არა მხოლოდ, როგორც შემსრულებელი, არამედ, როგორც არტისტი და საკუთარი მუსიკის პროდიუსერი. აქედან გამომდინარე, მინდა, დავდგე „ევროვიზიის“ სცენაზე. ამის გამო ვიღებ კონკურსებსში მონაწილეობას, რომ შანსი არ დავკარგო. ვფიქრობ, ჩემს მუსიკალურ კარიერას „ევროვიზია“ დააგვირგვინებს.

– როგორც ვიცი, განათლება უცხოეთში მიიღე, საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში. თუმცა, არა მუსიკალური განხრით.

– სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ კარიერას ვიწყობდი, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ვსწავლობდი და დღემდე ვსწავლობ. ილიას უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობები ავირჩიე პროფესიად. კონკურსებში მივიღე მონაწილეობა და წავედი პარიზში, სადაც ვისწავლე საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში. ამ უნივერსიტეტში სწავლობდა საფრანგეთის შვიდი პრეზიდენტი და მათ შორის, ჩვენი პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილიც. გავიცანი კიდეც ქალბატონი სალომე. იქ რომ ვსწავლობდი, მოწვეული იყო.

– ჰობიც გაქვს – მოგზაურობა. სულ რამდენი ქვეყანა გაქვს მოვლილი?

– ძალიან ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი და მინდა, კიდევ ბევრი ვნახო. სიამოვნებით ვიქნებოდი მოგზაურობის ბლოგერი (იცინის). თუ არ ვცდები, 25 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. პირველი ქვეყანა იყო უნგრეთი, ერთი თვით გაცვლითი პროგრამით ვიყავი. მაშინ 18 წლის ვიყავი და იმის მერე სულ ვმოგზაურობ. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო იორდანია, საოცარი უდაბნოები. ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები უფრო მიზიდავს. ვგიჟდები ეგვიპტეზე და ისეთ საიდუმლო ლოკაციებსა და ადგილებში დავდივარ, სადაც მხოლოდ ეგვიპტელები ისვენებენ. ბოლოს ყველაზე დიდი შოკი მქონდა, როცა მე და ჩემი საქმრო ინგლისში წავედით. შოტლანდიაზე მისტიკური და ჯადოსნური ადგილი არსად მინახავს. ასე რომ, საყვარელ მამაკაცთან ერთად, მისტიკურ ადგილზეც მოვხვდი და ის განცდა, არასდროს დამავიწყდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა