როგორ მიუძღვნა ჩემპიონობა გიორგი სარდალაშვილმა ანანო სამხარაძეს და როგორია მათი სიყვარულის ისტორია
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 12.05

ულამაზესი და უნიჭიერესი მომღერალი ანანო სამხარაძე შეყვარებულია. მისი რჩეული ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი გახლავთ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი. როგორია მათი სიყვარულის ამბავი და როგორ უჭერს მხარს წყვილი ერთმანეთს წარმატების გზაზე – ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ანანო სამხარაძე: დიდ მადლობას გიხდით ამ ამბით დაინტერესებისთვის. არ მიყვარს ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბარი, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის. ჩემი და გიორგის ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სიყვარულში გადაიზარდა. თითქმის ნახევარი წელია, ერთად ვართ.
– გიორგი ევროპის ჩემპიონი გახდა და გამარჯვება შენ მოგიძღვნა, რაც ემოციური ჟესტით გამოხატა. ალბათ, ძალიან ამაღელვებელი იყო.
– კი, ძალიან ემოციური იყო. რაც ყველაზე მთავარია, ევროპის ჩემპიონობა არ არის სახუმარო თემა და ძალიან გამიხარდა. ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. გიორგიში ეჭვი არასდროს შემიტანია. რასაც მიზნად დაისახავს, ყველაფერს აღწევს. ამ ჟესტს რაც შეეხება, ველოდი, რადგან თვითონ მითხრა, რაღაცით მაინც მიგანიშნებო და ეს მინიშნება კი არა, პირდაპირ თქმა იყო (იცინის).
– ამ ყველაფერს ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების მხრიდან...
– კი, კი, მართლა ასეა. აჭრელდა სოციალური ქსელი, არც ტელეფონი ჩერდება და მადლიერი ვარ ყველასი, ვინც დადებით ემოციებს გამოხატავს.
– ორივეს წარმატებული კარიერა გაქვთ და როგორ უჭერთ მხარს ერთმანეთს?
– კი, ჩვენი პროფესიები რაღაცით ჰგავს კიდეც ერთმანეთს, მაგალითად, ორივეს გვიწევს კამერებთან ურთიერთობა. ერთმანეთს ყველანაირად ვუგებთ და გვერდით ვუდგავართ. ეს მხარდაჭერა კი უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს წარმატების მისაღწევად. ერთმანეთისთვის იმედი ვართ.
– ხშირად ახერხებთ ერთმანეთის ნახვას, ისევ და ისევ თქვენი კარიერიდან გამომდინარე?
– სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვერ ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას და ტელეფონით ვკონტაქტობთ, ასე ვინაზღაურებთ. როდესაც გიორგი ჩამოდის, ყველანაირად ცდილობს, დრო გამონახოს და თუნდაც, რამდენიმე საათი გავატაროთ ერთად. ხშირ შემთხვევაში, ერთად კი არა, ერთ ქალაქსა და ქვეყანაშიც კი ვერ ვართ. გიორგის ძალიან ხშირად უწევს უცხოეთში ყოფნა.
– რამდენად ერკვევი სპორტში?
– სპორტის დიდი მხარდამჭერი ვარ. უბრალოდ, აქამდე ძიუდოსთან არ ვიყავი ისე ახლოს, როგორც მაგალითად, ფეხბურთთან, თუმცა, გიორგის დამსახურებით, უკვე ძიუდოს უფრო დავუახლოვდი და ყველაფერში გავერკვიე (იცინის).
– თვითონ როგორი მსმენელი და გულშემატკივარია?
– სხვათა შორის, ჩემი „ტიკ-ტოკიდან“ დაიწყო გიორგის ინტერესი ჩემდამი. რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ჩემს გადაწყვეტილებას და ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის – ფსიქოლოგიურად ძალიან მამხნევებს და მაძლიერებს. მეც ანალოგიურად ვცდილობ მის მიმართ.
– „ტიკ-ტოკზე“ მოეწონე და შემდეგ გაცნობის ინიციატივა გამოიჩინა თუ როგორ შედგა თქვენი ურთიერთობა?
– სხვათა შორის, თვითონ არ გამოუჩენია ინიციატივა. მე დავამატე პირველმა, იმიტომ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი იყო. თვითონ დაინტერესებული იყო, მაგრამ როგორც მერე გავიგე, დრო ვერ გამონახა, რომ სოციალურ ქსელში მოვეძებნე, უბრალოდ, „ტიკ-ტოკიდან“ მიცნობდა და რომ ნახა დავამატე, ძალიან ბედნიერი იყო (იცინის).
– როგორ გაუმართლა...
– ასე გამოვიდა (იცინის). მითხრა, მე მაინც დაგამატებდი, უბრალოდ, შენ დამასწარიო.
– შენ როგორი დამოკიდებულება გქონდა თავიდან?
– ვმეგობრობდით. ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა გვქონდა და დღესაც ასეა. ყოველთვის სიხარულით მოვიკითხავდი ხოლმე. თავიდან ხშირი კონტაქტი არ გვქონია, სულ ვარჯიშებზე იყო. ჩვენი ურთიერთობა მერე და მერე გახდა უფრო აქტიური.
– რას ნიშნავს შენთვის, შენი საყვარელი ადამიანი რომ ჩემპიონია?
– ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ გვერდით ასეთი ადამიანი მყავს. ვფიქრობ, რომ გიორგის წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება. ძალიან მშრომელია, დაუღალავად ვარჯიშობს და მჯერა, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად დაუფასდება.
– დარწმუნებული ვარ, თვითონაც ძალიან ამაყობს, გვერდით რომ ასეთი ნიჭიერი და ლამაზი გოგო ჰყავს. რას ამბობს ამაზე?
– სხვათა შორის, გიორგი ხშირად მეუბნება, რომ ეკრანზე ძალიან კარგად გამოვიყურები. ხშირად აღნიშნავს, თუ რამე მოეწონა. ის ჩემს კარიერაში ძალიან დადებით როლს თამაშობს. თუ რამე არ მოეწონება, ამასაც მეუბნება და ვცდილობ, გამოვასწორო.
– შენთვის როგორია იდეალური ურთიერთობა?
– ჩემთვის ჯანსაღი ურთიერთობა ნიშნავს იდეალურს. ურთიერთობა, რომელიც ნდობას ემყარება. „მეორე ნახევარი“ მხოლოდ სიტყვები არ არის, ადამიანი მართლა ამ მნიშვნელობას უნდა ატარებდეს შენს ცხოვრებაში. გიორგი რომ შემომხედავს, უკვე ვიცი, რას ფიქრობს, მისი უსიტყვოდაც მესმის.
– ცოტა ხნის წინ 20 წლის გახდი, უკვე საკმაოდ წარმატებული გოგო ხარ. როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა შენი მიღწევები?
– ეს ყველაფერი ბატონ ზვიად ბლიაძის დამსახურებაა. ვფიქრობ, რომ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი. „ქართულ ლიგაზე“ მივიღე მონაწილეობა, მას მოეწონა ჩემი არტისტიზმი და შემომთავაზა „ტიკ-ტოკ“ კონტენტი ჩამოგვეყალიბებინა. ასეც მოვიქეცით, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს უკვე ძალიან ბევრი გამომწერი მყავს და ამით ბედნიერი ვარ.
შემდეგ ტელევიზიაში აღმოვჩნდი „ნიკოს შოუში“, აწ უკვე „ზურას შოუში“.
– ამ პერიოდის განმავლობაში იყო რთული მომენტებიც, როცა ფიქრობდი, რომ რაღაც არ გამოდიოდა ან სწორად ვერ აკეთებდი?
– პოპულარობა არ აღმოჩნდა მარტივი. დაწყებიდან რამდენიმე თვეში ძალიან რთული პერიოდი მქონდა. ჩემს ვიდეოებზე დადებითი კომენტარიც ბევრი იყო, მაგრამ გამოჩნდა ძალიან ცუდი კომენტარებიც, ზიზღს გამოხატავდნენ ჩემდამი, თან ძალიან ცუდი სიტყვებით. ფსიქოლოგიურად ძალიან განვიცადე და რამდენიმე თვე საერთოდ დავანებე თავი ამ საქმეს. ვნანობ, რომ წამოვედი და ყველაფერი შევაჩერე, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამან უფრო ძლიერი გამხადა. ამიტომ დღეს ვფიქრობ, რომ ადამიანმა ცხოვრებაში კარგიც უნდა გამოცადო და ცუდიც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან