როგორ მიიყვანა თეოდორა კახიანი ბრძოლის ჟინმა დიდ წარმატებამდე და რა ტიტულებით ამაყობს ის ყველაზე მეტად
ავტორი: ქეთი კაპანაძე 51 წუთის წინ
თეოდორა კახიანი ქართული ფარიკაობისთვის ისტორიული მნიშვნელობის სპორტსმენია. ის გახლავთ პირველი ქართველი მოფარიკავე ქალი, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.
– თეოდორა, როგორი ბავშვობა გქონდათ და როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება სპორტს?
– ჩემი ბავშვობა საოცარი იყო. სავსე სიყვარულით, სითბოთი და ოჯახთან გატარებული ბედნიერი მომენტებით. ბავშვობიდანვე ძალიან აქტიური ვიყავი, სულ მოძრაობაში, ვერასდროს ვჩერდებოდი ერთ ადგილზე, მიყვარდა თამაში, სირბილი და ახალი გამოწვევების ძიება.
სპორტთან ჩემი და ჩემი დის დაკავშირებაში ყველაზე დიდი როლი დედამ ითამაშა. სწორედ მან შენიშნა, რომ ჩვენი ენერგიისა და ხასიათისთვის საჭირო იყო ისეთი სპორტის პოვნა, სადაც საკუთარ შესაძლებლობებს სრულად გამოვავლენდით. როგორც ბევრი ქართველი ბავშვი, თავდაპირველად მუსიკაზე და ქართულ ეროვნულ ცეკვებზე დავდიოდით. თუმცა, როდესაც მუსიკალური და ქორეოგრაფიული სკოლა დავასრულეთ, მეგობარმა, რომლის მამაც ფარიკაობის მწვრთნელი იყო, დედას ურჩია, ფარიკაობაზე მივეყვანეთ. მალევე აღმოჩნდა, რომ მეც და ჩემი დაც ამ სპორტში საკმაოდ წარმატებულები ვიყავით. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი კარიერა. ფარიკაობაში თითქმის 18 წელი გავატარე. ეს გზა სავსე იყო როგორც სიხარულით, გამარჯვებებითა და დაუვიწყარი ემოციებით, ასევე რთული პერიოდებითა და გამოწვევებით. თუმცა დღეს, როდესაც უკან ვიყურები, სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ყოველი წუთი ამად ღირდა. სწორედ ამ გამოცდილებამ ჩამომაყალიბა არა მხოლოდ როგორც სპორტსმენი, არამედ როგორც ადამიანი.
– რა სირთულეების გადალახვა გიწევდათ დასაწყიში?
– დასაწყისში ყველაზე დიდი გამოწვევა ფინანსური მხარე იყო. დედა მარტოხელა მშობელი გახლდათ და ძალიან ბევრს შრომობდა, რათა მე და ჩემს დას ყველაფერი გვქონოდა, რაც ჩვენი განვითარებისთვის იყო საჭირო. იმ პერიოდში ფარიკაობის დაფინანსება საკმაოდ შეზღუდული იყო და ამიტომ აღჭურვილობის შეძენა თუ შეჯიბრებებზე გამგზავრება, ძირითადად – რთული. მიუხედავად ამისა, დედა ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენი სპორტული ოცნებები რეალობად ქცეულიყო.
სპორტული თვალსაზრისით კი, სირთულეები ნაკლებად იყო, რადგან ფარიკაობა უზომოდ მიყვარდა. ეს იყო ჩემი ყოველდღიურობა, ჩემი გატაცება და ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ფარიკაობაზე ფიქრით ვიღვიძებდი და იმავე ფიქრებით ვიძინებდი. სწორედ ამ სიყვარულმა შემაძლებინა ყველა გამოწვევის გადალახვა და მიზნებისკენ შეუჩერებლად სვლა, რომელიც თვრამეტი წელი გაგრძელდა.
– როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება ამერიკას?
– ჩემი ამერიკული ისტორია იტალიაში ჩატარებული ახალგაზრდული საერთაშორისო ტურნირიდან დაიწყო. სწორედ იქ შემამჩნია პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარიკაობის პროგრამის მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ტურნირზე ნიჭიერი სპორტსმენების მოსაძებნად ხშირად დადიოდა. მისი შემოთავაზებით, სრული სპორტული სტიპენდია მივიღე და სწავლა და ვარჯიში ამერიკაში განვაგრძე.
სიმართლე რომ ვთქვა, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი მთავარი უპირატესობა არა განსაკუთრებული ნიჭი, არამედ შრომა იყო. არასოდეს ვნებდებოდი და ნებისმიერ ვითარებაში ბოლომდე ვიბრძოდი. ვფიქრობ, სწორედ ეს დაინახა ჩემში მწვრთნელმა.
ამ გზაზე განსაკუთრებული მხარდაჭერა მქონდა ჩემი მწვრთნელის, ბიკა პაიჭაძისგან, რომელიც ჩემთვის მენტორისა და მამის ფიგურის როლს ასრულებდა. იმ დროს ინგლისური არ ვიცოდი და ის ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე ჩემ გვერდით იდგა. მისი რწმენა და მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც ამერიკაში წასვლის შანსი რეალობად ვაქციე.
– რა მიღწევებითა და გამარჯვებებით გახსენდებათ ამერიკაში ასპარეზობის პირველი წლები? როგორც ცნობილია, ეს თქვენს კარიერაში გარდამტეხი პერიოდი იყო…
– ამერიკაში ცხოვრების პირველი წელი ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ ამავე დროს ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. პირველივე წელს მე და ჩემმა გუნდმა NCAA-ის ჩემპიონატი მოვიგეთ, ხოლო ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დავიკავე, რამაც ფარიკაობის საზოგადოებაში ჩემი ცნობადობა და თავდაჯერებულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
პირველ წელს ყველაზე დიდი გამოწვევა ენობრივი ბარიერი იყო. მე მხოლოდ ერთი წელი მქონდა TOEFL-ისა და SAT-ის გამოცდების ჩასაბარებლად. ბევრი შრომისა და სწავლის შედეგად ორივე გამოცდა წარმატებით ჩავაბარე, თუმცა უნივერსიტეტში ლექციების მოსმენა და აკადემიურ გარემოსთან შეგუება მაინც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. რადგან NCAA-ის სპორტსმენებისთვის კარგი აკადემიური ქულები აუცილებელია, ჩემი პირველი წელი მთლიანად სწავლასა და ვარჯიშს დაეთმო. ეს შრომა შედეგიანი აღმოჩნდა – მაღალი ქულების გამო მეორე კურსიდან უნივერსიტეტის დამთავრებამდე Dean’s List-ის საპატიო სიაში ვხვდებოდი, ხოლო უნივერსიტეტი NCAA-ის ჩემპიონისა და ოთხგზის All-American-ის ტიტულით დავასრულე.
– მიუხედავად წარმატებული კარიერისა, ოჯახისგან და მშობლიური ქვეყნისგან ძალიან შორს და სრულიად განსხვავებულ გარემოში ცხოვრება რთული არ იყო?
– ყველაზე რთული გამოწვევა ოჯახის, მეგობრებისა და ქვეყნის მონატრება იყო. ამერიკაში ცხოვრების პირველ წლებში ხშირად მიჭირდა მარტოობასთან გამკლავება და არაერთი მძიმე ემოციური პერიოდი გავიარე. დღეს ამაზე საუბარი მარტივია, მაგრამ იმ დროს ნამდვილად რთული იყო. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს გზა მხოლოდ ჩემთვის არ იყო. მინდოდა, მიმეღო კარგი განათლება, შემექმნა უკეთესი მომავალი, რითაც ჩემი ოჯახი იამაყებდა. სწორედ ეს მაძლევდა ძალას, რომ სირთულეების მიუხედავად, გზა წინ გამეგრძელებინა.
ამ პროცესში ძალიან დამეხმარნენ უნივერსიტეტის სპორტული ფსიქოლოგი და ჩემი მწვრთნელი ვეს გლონი, რომელთა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ არ გავჩერებულიყავი და მიზნებისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა.
– 2017 წელი და თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატი ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდა თქვენთვის და საქართველოსთვის. მოგვიყევით რა მოხდა.
– 2017 წელი ჩემი სპორტული კარიერის საუკეთესო წელი იყო. ევროპის ჩემპიონატამდე ორი თვით ადრე NCAA-ის ინდივიდუალური ფინალი მხოლოდ ერთი ქულით, 14:15 დავთმე. მიუხედავად იმედგაცრუებისა, სწორედ ამ მარცხმა მომცა დამატებითი მოტივაცია, რომ ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამომეყენებინა. ამ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა ჩემმა ნაკრების მწვრთნელმა, მერაბ ბაზაძემ, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების. ევროპის ჩემპიონატისთვის ძალიან ხარისხიანი მომზადება გავიარეთ, მათ შორის საერთაშორისო შეკრებები და ტურნირები, სადაც იმ მეტოქეებთან ვვარჯიშობდი, რომლებთანაც მოგვიანებით ჩემპიონატზე მიწევდა ასპარეზობა. სწორედ მაშინ დავინახე, რომ მათი დამარცხება შემეძლო, რამაც თავდაჯერებულობა შემმატა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი თანაგუნდელების, განსაკუთრებით სანდროსა და ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა. ევროპის ჩემპიონობა ჩემთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ პირადი გამარჯვება, ეს იყო საერთო წარმატება იმ ადამიანების, რომლებიც მთელი ამ გზის განმავლობაში ჩემ გვერდით იდგნენ.
ჩემს კარიერაში ყველაზე მეტად სამი ტიტულით ვამაყობ: ევროპის ჩემპიონობით, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონობით და NCAA-ის ჩემპიონობით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს სამი ტიტული ჩემთვის მხოლოდ მედლები და გამარჯვებები არ არის, ისინი იმ გზის, შრომისა და ადამიანების სიმბოლოა, რომლებმაც ჩემი წარმატება შესაძლებელი გახადეს.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ჩემი სამომავლო გეგმები ოჯახსა და კარიერას უკავშირდება. ამჟამად ექვსი თვის ორსული ვარ და მოუთმენლად ველოდები ჩვენი გოგონას დაბადებას. ჩვენი ბიჭი, რომელიც უკვე ორი წლის არის, დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის. დედობა კი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ბედნიერებაა.
პარალელურად, ვაგრძელებ პროფესიულ განვითარებას. უკვე ოთხი წელია, ფინანსების სფეროში ვმუშაობ და სწორედ ამ გამოცდილებამ მიბიძგა ფინანსების მიმართულებით სამაგისტრო ხარისხის მიღებისკენ. დღეს კალიფორნიაში მდებარე იურიდიული ფირმის კორპორატიული მენეჯერი ვარ და ჩემი მიზანია, განათლებისა და გამოცდილების დახმარებით, კიდევ უფრო განვვითარდე ამ სფეროში. ამჟამად ვაგრძელებ მაგისტრატურის სწავლას.
ყველაზე მეტად მიხარია, რომ ამ ეტაპებს ჩემი მეუღლისა და ოჯახის მხარდაჭერით ვაკეთებ. მათი თანადგომა ყოველთვის ჩემი ძალისა და მოტივაციის მთავარი წყარო იყო.
– რაც შეეხება ოჯახს, როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?
– მე და ჩემი მეუღლე 2018 წლის თებერვალში დავქორწინდით და უკვე რვა წელია, დაქორწინებულები ვართ, თუმცა ერთად უკვე ათი წელია, ვართ. ის ყოველთვის იყო ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ადამიანი, ვის გვერდითაც ყველაზე რთული გზებიც კი უფრო მარტივად გასავლელი ხდებოდა. ჩვენი ისტორია უნივერსიტეტში დაიწყო, ის სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლობდა, მე კი – პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ორივეს ფარიკაობა გვაერთიანებდა და სწორედ ამ სპორტის სიყვარულმა მოგვცა ბიძგი, ერთმანეთისთვის გაგვეგო. მან თავიდანვე იცოდა, რას ნიშნავდა ჩემთვის ეს გზა და ყოველთვის გვერდით მედგა.
ჩვენი ურთიერთობა ეტაპებად იწერებოდა, იყო სიხარულიც, გამოწვევებიც და სირთულეებიც, როგორც ნებისმიერ ნამდვილ ურთიერთობაში. თუმცა, თითოეულ ეტაპს ყოველთვის აერთიანებდა სიყვარული და ურთიერთპატივისცემა, რამაც ჩვენი კავშირი გააძლიერა და გაამყარა.
დღეს ჩემთვის ყველაზე ემოციური და ძვირფასია მისი, როგორც მამის, დანახვა. ჩვენი შვილი ჩვენი ცხოვრებაა და მალე ჩვენს ოჯახს პატარა გოგონაც შემოუერთდება. მისი მამობრივი სიყვარული, მზრუნველობა და ჩართულობა შვილების გაზრდაში ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ჩემი მეუღლე ინჟინერია. ის ძალიან აქტიური და თავგადასავლების მოყვარული ადამიანია. ის ნამდვილად არის ჩვენი ოჯახის საყრდენი, დისციპლინირებული, პასუხისმგებლიანი და ძალიან მზრუნველი ადამიანია.
რთულია ყველაფრის ბალანსი – კარიერა, ოჯახი, ბავშვი და ცხოვრების ახალი ეტაპი – მაგრამ სიყვარული და პატივისცემა გაძლევს ადამიანს ამის შესაძლებლობას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





