ნანიკო ხაზარაძე: მადლობა ჩემს ხასიათს, რომ არა ის, შეჭმული ვიქნებოდი თავიდან ფეხებამდე, ვიღაც აუცილებლად გადამყლაპავდა
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00
ნანიკო ხაზარაძე პირდაპირი და ფიცხი ხასიათის ადამიანია, ამბობს, რომ ამის გარეშე იმ გზას ვერ გაივლიდა, რომლის გავლაც მოუწია. თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს და წინ უამრავი გეგმა აქვს, რომელზეც საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებთ, თუმცა აღიარებს, რომ მის ცხოვრებაში ტელეკომპანია „იმედიდან“ წამოსვლის შემდეგ ახალი ეტაპი დაიწყო.
ნანიკო ხაზარაძე: რაც დრო გადის, ბევრი რამის შეფასება-გადაფასება მოხდა. რეალურად კი, ძალიან ლამაზი და საინტერესო ცხოვრება გავიარე და დარწმუნებული ვარ, ასევე განვაგრძობ. ცხოვრების გზაზე ვიღაცები მოდიან და მიდიან, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომ ვერ ვიტყვი, ვიღაცის წასვლამ განსაკუთრებული სტრესი მომაყენა-მეთქი. ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, იყო ლოგიკური და მიზეზ-შედეგობრივი. ამას არ ვაფასებ ისე, ვაი, რა ცუდია, რომ მოხდა და არც ისე, რა კარგია-მეთქი. ზოგადად, კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, როგორიც ამ წუთას ვარ.
– წლების მატება თუ გაშინებს?
– არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, წლების მატება არ მაშინებსო. რაც უფრო მეტი წელი გემატება, სიკვდილზე ფიქრი უფრო დიდი დოზით შემოდის შენში. არ არსებობს ადამიანი, ვინც სიბერესთან და სიკვდილთან გაშინაურებულია და შენობით არის. თან, მე მამაჩემის სიბერე მაქვს ნანახი და კიდევ სხვა მოხუცის, მაშინ პირველად დავფიქრდი, რამდენად მნიშვნელოვანია ღირსეული სიბერე. მეც მინდა, ჩემი სიბერე იყოს ღირსეული, კარგად ვიცხოვრო იმ წლებში, როცა ყველაზე მეტად ყურადღება და მოვლა დამჭირდება.
– პირველად, რა ასაკში გამოჩნდი საზოგადოებაში აქტიურად და როგორ დაიწყო და განვითარდა შენი კარიერული გზა?
– ფართო საზოგადოებაში პირველად 17-18 წლის ასაკში გამოვჩნდი. მაშინ „მეორე არხი“ იყო, რომელიც ფერადად შემოიჭრა აბსოლუტურად ბნელ საქართველოში. თუმცა, იქიდან არავის ვახსოვარ. შემდეგ იყო „პირველი არხი“, სადაც ჩემი გადაცემა მქონდა – „ტერმინალი 72“, მერე, „ტოტო-ლოტო“, მაგრამ, რეალურად, რამაც ჩემს აღქმასთან დიდი გადატრიალება მოახდინა, იყო „ტოროლა“. მაშინ, ჩემმა პოპულარობამ იმ ნიშნულს მიაღწია, რომელიც ყველა იმ ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი, ვინც ხალხზე მუშაობს და ვისთვისაც ღირებულია მაყურებელი. „ტოროლა“ იყო ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო ამაზე მეტი, რომ ის „ტოროლა“ გადავფარო. დღემდე, ადამიანები ქუჩაში რომ მხვდებიან, მეუბნებიან მადლობა იმ ფერადი წლებისთვის, მე შენს ყურებაში გავიზარდეო... არადა, ასაკით ჩემზე გაცილებით უფროსები არიან და ამას რომ მეუბნებიან, მაშინ ვხვდები, რომ დავბერდი (იცინის). ტოროლას შემდეგ იყო „რუსთავი 2-ზე“ „ნანიკოს შოუ“, მერე კი „იმედზე“ ვიმუშავე და ყველაზე დიდხანს გავჩერდი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასტაბილური ვარ და სხვა არხებიდან გავრბოდი ან გამოვრბოდი, უბრალოდ, საქართველოში, ხომ იცით, როგორ ხდება – ხან ერთი არხი იხურება და ხან მეორე იხსნება. არასტაბილური სამუშო გარემო იყო და მეც იქ მივდიოდი, სადაც სიცოცხლე ჩქეფდა. ასე რომ, საბოლოოდ, ყველაზე დიდხანს „იმედზე“ შევრჩი და 18 წელი ვიმუშავე.
– ახლა, როცა „იმედიდან“ წამოხვედი, სხვა ტელევიზიებიდან თუ გაქვს შემოთავაზება ან რა სიახლეებს გეგმავ?
– სიხალეებს, რა თქმა უნდა, ვგეგმავ. სახლში ყოფნა ძალიან მიყვარს, დიდხანს შემიძლია, ვიყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ უსაქმოდ უნდა ვიჯდე. ვგეგმავ ძალიან ბევრ რამეს, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარს მოვერიდები.
– იქნებ ის მაინც თქვა, ეს ტელევიზიას უკავშირდება თუ სოციალურ ქსელს?
– ტელევიზიას, მე მგონი, არ მივუბრუნდები, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. თუმცა, ნათქვამია – არასოდეს თქვა არასოდეს. კიდევ ვამბობ, ახლა, ამ ეტაპზე, ნამდვილად არ მივუბრუნდები ტელევიზიას, იმიტომ კი არა, რომ არ მიყვარს ეს სფერო, პირიქით, სახლივითაა – სადაც კამერებია, ის გარემო ყველაზე კომფორტულია ჩემთვის. თუმცა, ამ ეტაპზე ტელევიზიას არ მივუბრუნდები და ალბათ, ინტერნეტში მიხილავთ. თუმცა, მეტის თქმისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. სხვათა შორის, პირველად არის ჩემს ცხოვრებაში ეტაპი, როცა ვცდილობ, ჩემს მომავალ გეგმებზე არ ვისაუბრო. ეს არ უკავშირდება არც ცრურწმენას და არც არაფერს, უბრალოდ, თავად მინდა, ბოლომდე გავერკვე. რამდენიმე განსხვავებული წამოწყება მაქვს, რამდენიმე განსხვავებული შემოთავაზება და ვნახოთ, რომელს ავირჩევ. თუმცა, რომელიმეს რომ აუცილებლად ავირჩევ, ფაქტია.
– ნანიკო, რა პროფესიის ხარ, რა გაქვს დამთავრებული?
– დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემია და დიპლომში მიწერია მხატვარი. შემდეგ ჩავაბარე თეატრალურში და მსახიობის დიპლომიც მაქვს. თეატრალურის პარალელურად, უცხო ენებშიც ვსწავლობდი, მეორად ფაკულტეტზე, თუმცა არ დამიმთავრებია. ბოლომდე რომ მიმეყვანა, მესამე დიპლომიც მექნებოდა (იცინის).
– დიპლომები კი გაქვს, თუმცა, როგორც მხატვარსა და მსახიობს საზოგადოება ნამდვილად არ გიცნობს.
– იცით, როგორი ადამიანი ვარ? თუ დავალება ავიღე, პასუხისმგებლობა მაქვს უმაღლეს დონეზე და იმას აუცილებლად შევასრულებ, ანუ კარგი შემსრულებელი ვარ, მაქსიმუმს გავაკეთებ. რეალურად, კარგი სტუდენტი ვიყავი, მაგრამ როგორც კი სამხატვრო აკადემია დავამთავრე, დავალაგე მაგიდაზე ფანქრები, ფუნჯები და პალიტრა, იმის შემდეგ ხელიც არ მომიკიდია. ჩემი არ არის ხატვა, ჩემით ვერ დავხატავ, მაგრამ თუ დავალებას მომცემთ და მეტყვით, ნატურმორტი ან ფეხზე მდგომი ნატურა დახატეო, შესანიშნავად შევასრულებ და დაგიხატავთ. იგივე შემიძლია, ვთქვა თეატრალურზე – კარგი სტუდენტი ვიყავი და ჩემი პროფესორი, გიზო ჟორდანია, ჩემზე, როგორც მსახიობზე, კარგ ფსონებს დებდა, ეგონა, ყველაზე მაგარი მსახიობი დავდგებოდი. მაგრამ, დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, ცოტა ხანი ვიყავი თეატრში და ჩემი სურვილით წამოვედი, სცენაზე თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, ჩემი არ იყო. ასე შევრჩი ტელევიზიას მხატვრისა და მსახიობის დიპლომით ხელში (იცინის).
– რამდენად ადვილად მოდის წარმატება შენთან?
– ვერ ვიტყვი, ჩემთან წარმატება რთულად მოვიდა-მეთქი. მე უცებ არ მოვხვედრილვარ ყურადრების ცენტრში, ბავშვობიდან ვიყავი. რატომ არ ვიცი, მაგრამ უბანში საკმაოდ პოპულარული ვიყავი და სულ ყურადღების ცენტრში. ტელევიზიის ყურადღების ცენტრიც ისე რბილად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, რომ თითქოს არაფერი განხვავებული არ გამიკეთებია. ასე რომ, ჩემთან ცნობადობა და პოპულარობა რთულად არ მოსულა. სულ ვამბობ: მე ვარ ყველაზე იღბლიანი ადამიანი, რადგან, რაც ჩემს ცხოვრებაში მოვიდა, მოვიდა თავისით და ცხადია, სწორ დროს სწორ ადგილას მოხვედრაც არ გამორიცხავს ამ ყველაფრის მარტივად მოსვლას. თუმცა, აქამდე წვალების გარეშე მოვედი.
– იყო შანსი, რომელიც ევრ გამოიყენე, ხელიდან გაუშვი და ახლა ნანობ?
– არ ყოფილა მომენტი, შანსი ხელიდან გამეშვა და ახლა ვინანო. ყველაფერი ისე მარტივად გადადიოდა ერთიდან მეორეში – ტელევიზიების ცვლა, პროექტების დახურვა, ახლის გაცვლა... ისე ხდებოდა, ეს მომენტები ერთი წამითაც კი არ აღმიქვია სტრესად. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერად მიდიოდა და პირიქით. მადლობელი ვარ, ყველა იმ მოვლენის, მათ შორის ცუდისაც, რომელმაც განმავითარა. მე ვარ ძალიან ფიცხი ადამიანი და სულ ვცდილობ, ამ მხრივ ჩემს თავზე ვიმუშაო. ჩემი სიფიცხისა და პირდაპირობის გამო ჩემთან კონტაქტი ცოტა მძიმეა. სხვა ადამიანი ვხდები და შემიძლია, ამ დროს ყველაფერი ერთად მივახალო ადამიანს. შეიძლება, რაღაც პერიოდში ადამიანებისთვის მიტკენია გული, მაგრამ მე რომ ეს არ მექნა, სხვანაირად არ გამოვიდოდა და არც ვნანობ. ამ ყველაფრის გარეშე მე ამ გზას ვერ გავივლიდი. სულ ვამბობ, მადლობა ჩემს ხასიათს, რომ არა ის, ალბათ, შეჭმული ვიქნებოდი თავიდან ფეხებამდე, ვიღაცა აუცილებლად გადამყლაპავდა. რაღაცნაირად, ჩემმა ხასიათმა განაპირობა ეს უწყვეტი, დიდი გზა ტელევიზიაში, ეს იყო ჩემი თავდაცვის მარტივი იარაღი.
– არაჩვეულებრივად გამოიყურები და ეს გენეტიკის დამსახურებაა, სწორი კვების შედეგი თუ დიეტის და ვარჯიშის წყალობა?
– პირველ რიგში, გენეტიკის დამსახურებაა, როგორც გამოვიყურები. დედაჩემი, იანვარში 80 წლის ხდება; საოცრად გამოიყურება და სასწაულ ფიზიკურ ფორმაშია. მისი დედა, ბებიაჩემიც სასწაული ქალი იყო, ასაკში არაჩვეულებივ ფორმაში გახლდათ, ქუსლებიანი ფეხსაცმლით დადიოდა, სულ მოწესრიგებული იყო, ესვა ტუში და პომადა და პირში, როგორც თავად ეძახდა, გარჭობილი ჰქონდა პაპიროსი (იცინის). სულ ორჯერ ვიყავი დიეტაზე: პირველად – ახალი ნამშობიარევი რომ ვიყავი, „ფორტ ბოიარდის“ კასტინგი გამოცხადდა, მივედი, როგორც მონაწილე და დამამტკიცეს, როგორც წამყვანი. დამჭირდა ზედმეტი კილოგრამების დაკლება და ცილების დიეტაზე დადგომა მომიწია. საოცარი შედეგი მქონდა. მეორეჯერ კი, სიგარეტს რომ თავი დავანებე, 14 კილო მოვიმატე. დავიწყე ინტერვალური კვება, იმავდროულად, დღეში 10 კილომეტრს გავდიოდი ფეხით და 14 კილო დავიკელი. დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში დავუბრუნდი ჩემს წონას. მას შემდეგ არც მომიმატია და უკვე 4 წელია, ამ წონას ვინარჩუნებ.
– ერთი გოგონა გყავს და აღნაგობით ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს. როგორი დედა ხარ – მკაცრი, ლმობიერი, დამთმობი თუ მეგობრული?
– 23 წლის არის ჩემი გოგო და მისთვის ყველანაირი დედა ვარ – მკაცრიც, ლმობიერიც და მეგობრულიც. ხანდახან – სასტიკიც (იცინის). ახლა რომ ვფიქრობ, ნამდვილად ბედნიერი ქალი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ პირად ცხოვრებაში დიდად არ გამიმართლა. თუმცა, ვერ ვიტყვი, როგორც ქალი არ ვარ ბედნეირი-მეთქი, რადგან მიყვარდა ჩემი ქმარი და მისგან შვილი მყავს. მოკლედ, არცერთ კაცთან დიდხანს არ გაგრძელდა ჩემი ურთიერთობა, ვიყავი ბედნიერი, მაგრამ დიდხანს ურთიერთობის გაგრძელებისთვის ორივემ ძალიან ბევრი უნდა იმუშავოს. მარტო სიყვარული არ არის მთავარი, რომ ურთიერთობა გაგრძელდეს. ეს არის ჩვეულებრივი პარტნიორობა, რომელსაც ორივეს მხრიდან სჭირდება ძალისხმევა. მარტო ერთი ადამიანი ვერ „გაქაჩავს“. ჯერჯერობით არ მქონია ისეთი ურთიერთობა, ორივეს სადავეები ხელში აგვეღო და ურთიერთობაზე გვემუშავა. თუმცა, შეიძლება, ამ კუთხითაც გამიმართლოს (იცინის). კიდევ ვიმეორებ – მიუხედავად ყველაფრისა, ცალსახად ვამბობ, რომ ვარ ბედნიერი ადამიანი, ვცხოვრობ ლამაზ სახლში, სადაც შესვლა ესთეტიკურ სიამოვნებასა და ბედნიერებას მანიჭებს; მყავს შვილი – საოცრად კეთილშობილი და პატიოსანი, მართლა საოცარი გოგოა და მინდა, ოდესღაც მივუახლოვდე მის სიკეთეს და პატიოსნებას. და, ყველაფერთან ერთად, საშინლად შრომისმოყვარეა. მყავს კარგი, ლამაზი და ჯანმრთელი დედა, რომელიც ჩემთვის მაგალითია; 17 წლიდან მუდმივად მაქვს ჩემი შემოსავალი და მხოლოდ ჩემს თავზე ვარ დამოკიდებული. ეს ყველაფერი მაძლევს იმის საბაბს, ვთქვა, ბედნიერი ვარ, თორემ ცხოვრებისეული განსაცდელების და სტრესების გარეშე, არავის უცხოვრია. პირველ რიგში, მადლიერები უნდა ვიყოთ იმით, რაც გვაქვს და იმის, რაც შეგვიმსუბუქებს იმ სტრესებთან გამკლავების გზას, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლებელია, მუდმივად არსებობდეს. მე კი ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





