როგორ მიიყვანა დათო გველესიანმა პატრიარქი შიო მესამე მოძღვართან პირველად და რა აკავშირებთ მათ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00
მუსიკოსი დათო გველესიანი ამ ინტერვიუში საკუთარი ცხოვრების განსაკუთრებულ ისტორიას გვიყვება, რომელიც პატრიარქ შიო მესამეს უკავშირდება.
დათო გველესიანი: პატრიარქთან ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს. ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი შიო მესამე, ერისკაცობაში კი ელიზბარ მუჯირი, 15 წლის ასაკში გავიცანი. მაშინ ის თინეიჯირი ბიჭი იყო, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე ფლობდა ჩელოს. ელიზბარი ჩემი მეგობრის, ქეთი ერქომაიშვილის ჯგუფელი და ფაქტობრივად, მისი ოჯახის წევრი გახლდათ. მე და ქეთი კი იტალიურ ეზოში გავიზარდეთ და ოჯახებით ვახლობლობდით. შესაბამისად, მე და ელიზბარმა ერთმანეთი ქეთის ოჯახში გავიცანით.
ჩემი ყურადღება თავიდანვე მიიპყრო ელიზბარის დამოკიდებულებებმა სხვადასხვა საკითხისადმი. ერქომაიშვილების ოჯახში ხშირად იმართებოდა სალონური საღამოები, სადაც საინტერესო საკითხებზე მიდიოდა მსჯელობა. ამ საუბრებში იკვეთებოდა, რომ ის ძალიან ღრმად მოაზროვნე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ასაკით დიდი არ გახლდათ. მისი ასაკის ბიჭები ჩვენს უბანში სულ სხვა აზროვნებისანი იყვნენ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ უბნის ბიჭებთანაც ძალიან ღირსეული დამოკიდებულება ჰქონდა – ყველა პატივს სცემდა. ის იყო ადამიანი, რომელიც ჩელოთი დადიოდა უბანში და მისთვის ზედმეტი სიტყვა არავის უთქვამს, არადა, წარმოიდგინეთ, რა დრო და გაგება იყო. ყველამ იცოდა, რომ ელიზბარი იყო წესიერი ბიჭი, რომელსაც შინაგანი ვაჟკაცობა უმაღლეს დონეზე ჰქონდა და საჭიროების შემთხვევაში, პასუხის გაცემაც შეეძლო. როგორც სახარებაში წერია, „განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ; მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე“. მასში ეს კარგად იგრძნობოდა.
ბავშვობიდანვე ძალიან მაღალი დონის მუსიკოსი იყო. მუსიკალური სკოლა მასზე დიდ იმედს ამყარებდა, როგორც მომავალ ვარსკვლავზე. ძალიან დიდი შესაძლებლობები ჰქონდა და ვუნდერკინდის დონეზე იყო გამორჩეული. ნებისმიერ საკითხს, რასაც კი ხელს მოჰკიდებდა, მაღალ დონემდე მიჰყავდა, ზედაპირული არასდროს ყოფილა.
კონსერვატორიაში თითქმის ერთ წლებში ვსწავლობდით. არასდროს ვტოვებდი კონცერტს, სადაც ელიზბარი უკრავდა. ყოველ ჯერზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. მის ბგერაში ძალიან დიდი შინაგანი სამყარო და სიღრმე იყო გამოხატული.
ძალიან კეთილი მეგობრობა გვაკავშირებდა. არ ყოფილა საკითხი, რაშიც ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
ისე მოხდა, რომ მე ცოტა ადრე მივედი უფალთან რწმენით. პირდაპირ გეტყვით, ურწმუნო ვიყავი, ათეისტი. როცა ბებია ლოცულობდა, დავცინოდი. ღმერთო, აპატიეო, სთხოვდა უფალს... ერთხელაც, დათო ტურაშვილთან და მის ჯგუფელებთან ერთად, რომლებთანაც ვმეგობრობდი, დავით გარეჯში წავედი სარესტავრაციო სამუშაოებში დასახმარებლად. 20-21 წლის ვიქნებოდი. 90-იანი წლები იყო. მახსოვს, იქ ხატის წინაშე დავდექი და ღმერთს მივმართე, თუ არსებობ, გარეჯიდან რომ დავბრუნდები, რწმენა მქონდეს, თუ არა და ისედაც არ მაქვს-მეთქი. ბავშვურად, გულუბრყვილოდ ვილოცე. იქიდან რომ ჩამოვედი, ჩემს გულში უცხო ნაპერკალი იყო ანთებული, სულ გარეჯში წასვლაზე ვფიქრობდი, რადგან მინდოდა, იგივე განმეცადა. მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს მადლი იყო.
იქ გავიცანი რესტავრატორი ირაკლი მახარაძე, დღეს უკვე მეუფე დავითი, რომელიც ჩემი პირველი მოძღვარი გახდა.
ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა, უფალს დავუახლოვდი. ღმერთს ჩავაბარე ჩემი თავი.
ერთხელაც, კონსერვატორიაში ღიღინ-ღიღინით ავდივარ კიბეზე და ელიზბარი მხვდება. მეუბნება, დათო, მთელი დღეა გეძებ.
იცი, ბოლო ხანები სულ ვფიქრობ, იქნებ, ღმერთს უფრო მეტი უნდა ჩემთვის, იქნებ, მეტი უნდა დამავალოს, ვიდრე ჩელოა?! წამიყვანე შენს მოძღვართანო. იმდღესვე წავიყვანე მამა ირაკლისთან, რომელიც მაშინ სიონში მოღვაწეობდა. რამდენიმე საათი საუბრობდნენ, ელიზბარს ბევრი კითხვა ჰქონდა. უნდოდა, სიღრმისეულად ჩაწვდომოდა საკითხს. მანამდე მეც ხშირად ვესაუბრებოდი ამ თემებზე, რადგან სახარებას ვკითხულობდი, მოძღვრებთან მქონდა კომუნიკაცია და გადადებული მქონდა თავი რწმენისთვის. ალბათ, ამიტომაც მთხოვა მე მოძღვართან მიყვანა.
ამ ამბიდან ერთი კვირაც არ იქნებოდა გასული, მისი თანაკლასელი ჩამოვიდა შიო მღვიმიდან და იქ წასვლა ურჩია. ელიზბარმა დამირეკა: შემთხვევით ძველი ბოტასები ხომ არ გაქვს, იქ სამუშაოდ და სალოცავად მივდივარ და დამჭირდებაო. ჩამოდი, მაქვს-მეთქი, ვუთხარი. ბაბუას ნაჩუქარი ახალი ბოტასები მქონდა და გადავწყვიტე, მისთვის მიმეცა. არაფრით აიღო. ეს ახალია და შენ ჩაიცვი, მე ძველს ვიშოვიო – არ დახარბდა ახალ ბოტასს. მიუხედავად ბევრი ხვეწნისა, არაფრით გამომართვა. ამ ამბავს იმიტომ ვიხსენებ, რომ მისი ადამიანობის შესახებ წარმოდგენა შეგექმნათ.
ექვსი თვის შემდეგ ჩამოვიდა შიო-მღვიმიდან. ერქომაიშვილებთან მოვიდა, დამინახა, სარდაფს ვალაგებდი და დახმარება შემომთავაზა. არ დაისვარო-მეთქი, მაგრამ უკან არ დაიხია. იცი, დავით, სიყვარულს ვსწავლობ და ხელს ნუ მიშლიო. შენ თუ არ იცი სიყვარული, აბა, ვინ იცის, მონასტერში ცხოვრობ-მეთქი და მომიგო, არა, დავით, ჩვენ ჯერ არცერთმა არ ვიცით სიყვარულიო. ამ სიტყვების მნიშვნელობას წლების შემდეგ მივხვდი. მამა გაბრიელისა არ იყოს, სიყვარული ისწავლება და ის უნდა ვისწავლოთ. მას ყოველდღიური შრომა და მადლის მოპოვება სჭირდება. ისე უნდა აგროვოს ქრისტიანმა ადამიანმა სიყვარული, ანუ სულიწმიდის მადლი, როგორც ვაჭარი აგროვებს ქონებას.
ორ წელიწადში ელიზბარი ბერად აღიკვეცა. შემდეგ პატრიარქმა სასწავლებლად გაუშვა.
შეიცვალა როლები, თუ წინათ მე ვესაუბრებოდი სახარებაზე, მერე უკვე თვითონ მაძლევდა ლიტერატურას წასაკითხად. ერთ მოძღვარს ვაბარებდით აღსარებას. შიო იმდენად გულისხმიერი იყო ჩემ მიმართ, ხშირად ეკითხებოდა ხოლმე ჩვენს მოძღვარს, დათო თუ ესწრებოდა წირვასო. ყველაფერი იცოდა ჩემ შესახებ. მისი ეპისკოპოსად ხელდასხმის დღეს სვეტიცხოვრელში ვიყავი...
მერე და მერე ნაკლებად ეცალა. „არ იცი, რამხელა პასუხისმგებლობა მაქვს, ჩემს თავს არ ვეკუთვნი”, – მითხრა ერთხელ და ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო. ერთხელ ქუჩაში დავუნახივარ მანქანიდან, გადმოვიდა, მოვიდა და მითხრა, გახსოვს, პირველად შენ რომ მიმიყვანე მოძღვართანო?!
მერე უფრო შორიდან ვადევნებდი თვალს, რადგან დიდი პასუხისმგებლობები დაეკისრა. პატრიარქმა თავის მოსაყდრედ დაასახელა და მთელი საპატრიარქოს საქმეებს განაგებდა. 9 წელიწადი პატრიარქის გვერდით გაატარა. ელიზბარი ჯერ კიდევ არ იყო ამ გზაზე შემდგარი, ერთხელ რომ თქვა: რა ბედნიერია ის ადამიანი, ვინც პატრიარქის გვერდით არისო. მაშინ ჯერ კიდევ პატარა იყო. თავიდანვე ძალიან უყვარდა, აღფრთოვანებული იყო ილია მეორეთი.
– ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება გაკავშირებთ მასთან. ალბათ, განსაკუთრებით ძვირფასია თქვენთვის ეს ისტორია.
– გულწრფელად გეტყვით, როდესაც ჩვენი პატრიარქი, ილია მეორე გარდაიცვალა, ანსამბლი „რუსთავი“ „იმედის“ არხზე ვიყავით პანაშვიდის დღეებში და პატრიარქის საგალობელი შევასრულეთ. ჩემ გვერდით თორნიკე არჩვაძეს ტირილი აუვარდა, მე ბურთი მქონდა ყელში გაჩხერილი და ძლივს მივიყვანე ბოლომდე სიმღერა. ცრემლით გავაცილეთ ჩვენი პატრიარქი... ხოლო როდესაც შიო გამოარჩია ღმერთმა პატრიარქად, რამდენიმე დღე თვალზე სიხარულის ცრემლი მქონდა. მე ხომ ვიცნობ მას და ვიცი, შინაგანად როგორი მოწესრიგებული ადამიანია – წმინდად მცხოვრები იყო ერშიც და ბერშიც. მტრებმა კომპრომატი ვერ მოუძებნეს, თუმცა კი ძალიან ცდილობდნენ.
მინდა, მას თქვენი ჟურნალის მეშვეობით ვუთხრა: მართალი იყავი, ჩვენო პატრიარქო, ღმერთს ნამდვილად უნდოდა მეტი დაევალებინა შენთვის, ვიდრე ჩელო იყო.
– ილია მეორეს ძალიან უყვარდა ხელოვანი ადამიანები. მასთან სიახლოვის ბედნიერებაც თუ გქონდათ?
– ილია მეორესთან ძალიან დიდი ხნის წინ მიმიყვანა გიორგი ანდრიაძემ. უწმიდესი დამაკვირდა, გიორგის მიუბრუნდა და უთხრა, ამას მოუფრთხილდითო. მას შემდეგ ხშირი ურთიერთობა გვქონდა. ერთხელ 45 წუთი ვესაუბრე, დარიგებები მომცა. როგორც ხელოვანს, ხშირად მპატიჟებდნენ საპატრიარქოში პრემიერებით, საღამოს ლოცვებზე და ასე შემდეგ. მასთან ძალიან გულთბილი დამოკიდებულება მქონდა და უფლის მადლიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის შესაძლებლობა მომცა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





