კახა გოგიძე: საქართველოში დაბლოკილი ვარ, მაგრამ უცხოეთიდან ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00
იღბალი თუ შრომისმოყვარეობა – რომელია უფრო მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად, ამაზე საკუთარ მოსაზრებას მსახიობი და რეჟისორი კახა გოგიძე გაგვიზიარებს.
კახა გოგიძე: შეიძლება ითქვას, რომ იღბალი მწყალობს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის გარეშე, მხოლოდ იღბალი ვერ დამეხმარება. მხოლოდ ბედ-იღბალს მინდობილი ადამიანი არ ვარ, არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი თავისით გამოდის. ღმერთი ბევრ შანსს გაძლევს, ეს უნდა დაინახო და ჩაებღაუჭო, რისთვისაც შრომაც საჭიროა და მიზანსწრაფულობაც. ამ ყველაფრის შედეგად სასურველ მიზანს რომ მიაღწევ, მაშინვე უნდა დაივიწყო და ახალი მიზნისკენ დაიწყო სწრაფვა.
– რა არის ის, რის გამოც თავს იღბლიანად მიიჩნევთ?
– ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და რაზეც ბავშვობიდან მოყოლებული ვოცნებობდი – ეს არის ჩემი პროფესია. რეჟისორი და მსახიობი ვარ, ძალიან ბევრი მიწვევა მაქვს უცხოეთიდან, ახლაც საზღვარგარეთ ვიმყოფები. მანამდე კიდევ სხვა ქვეყანაში ვიყავი. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ძირითადად, საზღვარგარეთ ვდგამ სპექტაკლებს. მართალია, საქართველოში, ფაქტობრივად, დაბლოკილი ვარ, არ მაძლევენ საშუალებას, რომ სადმე სპექტაკლი დავდგა, მაგრამ საზღვარგარეთიდან ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს. იღბალია ის, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ძირითადად, უცხოეთში ვსაქმიანობ, დასაწყისში შეიძლება, ამაზე არც მეოცნება. სრულებით შემთხვევით ჯერ ერთ ქვეყანაში მოვხვდი, მერე – მეორეში და ამის შემდეგ დაინტერესდნენ, გაჩნდა მიწვევები. მთავარი შრომისმოყვარეობა, საქმისა და საკუთარი მიზნისადმი ერთგულებაა. რასაკვირველია, ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია, მაგრამ ამან არ უნდა დაგაყრევინოს ფარ-ხმალი, ხელები არ უნდა დაუშვა. ამას წინათ კარგი ფრაზა მოვისმინე: ჩვენი ცხოვრება და მომავალი ჩვენს ხელშია, ამიტომ, როცა გაგვიჭირდება, ხელები არ უნდა დავუშვათ, თორემ ხელიდან გაგვივარდება ჩვენი მომავალიო და მართლაც ასეა.
– რისთვის გიშრომიათ და გაგიღიათ ყველაზე მეტი?
– ალბათ, საკუთარი თავის რეალიზაციისთვის პროფესიული კუთხით. ყველაზე მეტად მეშინია, ამქვეყნიდან ისე არ წავიდე, რომ ჩემი თავის რეალიზება ვერ მოვახდინო. რასაც ვგრძნობ, რისი გაკეთებაც შემიძლია, ის უნდა გავაკეთო – ჩემთვის ეს მთავარია. როცა მიზნებს დავისახავ, ბევრ შინაგან ბარიერს ვაწყდები, მაგრამ ამის არ მეშინია. ზუსტად ვიცი, რომ არ ვცადო, მომავალში შეიძლება, ვინანო. ახალს არაფერს ვამბობ, საკმაოდ ცნობილი ფრაზაა – ჯობს, სცადო და არ გამოგივიდეს (თუმცა, ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან), ვიდრე არ სცადო, შეგეშინდეს ხელის შემშლელი ფაქტორების გამო და სიბერეში ინანო. მე ბარიერების შიში სიბერეში სინანულის შიშში გადავზარდე. წინააღმდეგ შემთხვევაში სიბერეც უნდა გამიმწარდეს სინანულის გამო და ცხოვრებაც. ვერ უნდა ვიცხოვრო ისე, როგორც მსურს. ამიტომ სინანულის შიში მოქმედებისკენ მიბიძგებს. არასდროს უნდა უღალატო საკუთარ ოცნებას, თორემ ის ამას არ გაპატიებს. ოცნება შინაგანი ხმა არის, რომელიც გეუბნება, რომ შენ შეგიძლია, ეს გააკეთო. რასაც ოცნებაში ხატავ, იმის მიღწევა შეგიძლია. მე არ მჯერა, რომ ამქვეყანაზე რაღაც შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს ადამიანები მთვარეზე გაფრინდნენ, ბევრს მიაღწია კაცობრიობამ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცამ ნაბიჯის გადადგმა გაბედა. არის ასეთი ფრაზა – „ცხოვრება გაბედულებისაა“. ეს ფორმულაა. ვინც გაბედავს, იმისია ცხოვრება. მეც ვბედავ ისეთ რამეებს, რაც შეიძლება, ახალგაზრდობაში წარმოუდგენლად მიმაჩნდა.
– ადამიანური თვისებაა სიზრმაცე – ებრძვით თუ აძლევთ ამის უფლებას საკუთარ თავს?
– ვერ ვაძლევ. ჯავახიშვილისა არ იყოს, დრო არასდროს არ მოდის, დრო მიდის. ის გარბის. მე საკმაოდ დიდხანს ვიყავი უმოქმედო. მოგეხხენებათ, 90-იანი წლები, მერე ქართული ცხოვრების წესი, ქეიფი, დროსტარება. მივხვდი, რომ ეს არაფერს მომიტანდა, არ ვიზრდებოდი, არ ვვითარდებოდი, წინ ვერ მივდიოდი. ფინანსურ თემებს არ ვგულისხმობ, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია, იმიტომაც არასდროს არაფერი არ მაქვს. პიროვნულ განვითარებაზე ვსაუბრობ, ამიტომ დღეს სიზარმაცეს ვერ მივცემ უფლებას, რომ საქმე გამიფუჭოს. შეიძლება ითქვას, რომ ზარმაცი ადამიანი ვარ, მაგრამ ყოველდღე დილის 5 საათზე ვიღვიძებ, მივდივარ სპორტდარბაზში, სამი საათი ვვარჯიშობ, მერე ვბრუნდები და ვიწყებ რეპეტიციებს. ძნელია ამ რეჟიმით ცხოვრება, დილით ადგომა მიჭირს, მაგრამ დავიძინებ კიდევ ნახევარი საათი, მერე კიდევ ნახევარი და რა მოხდება? ის დღე დაიკარგება. ნურავის ეგონება, რომ სიზარმაცეს მოუგებს, ეს ყოველდღიური ბრძოლაა. ყოველდღე გიწევს ბრძოლა სიზარმაცესთან, საკუთარ შიშებთან, მათთან გამკლავების მცდელობები მუდმივი პროცესია. ასეა, არ არის მარტივი საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა.
– თქვით, ხელები არ უნდა ჩამოუშვაო. როგორ ახერხებთ, რომ რთულ პერიოდებში ფარ-ხმალი არ დაყაროთ?
– ცხოვრება ისეთია, როგორ ხასიათზეც იღვიძებ. ის ერთნაირია, არასდროს იცვლება. თუ ადამიანმა ისტორია და ბიბლია კარგად იცის, ხვდება, რომ კაცობრიობის წინაშე აბსოლუტურად ერთი და იგივე პრობლემები დგას. შენ როგორ აღიქვამ ამ ყველაფერს, ეს არის მთავარი. რთულ მომენტებში ტაისონის სიტყვები მახსენდება, ამბობს, როდესაც ცუდად ვარ, ხელები რომ ჩავუშვა, ზუსტად ვიცი, ხვალ უფრო ცუდად ვიქნებიო. მეც მაქვს კრიზისული მომენტები, როცა ძალიან ცუდად ვარ, უბრალოდ, სახლში ვიკეტები და ძალიან ბევრჯერ ვიმეორებ, ემოციები მატყუებენ, ეს არ არის ის პრობლემა, ეს, უბრალოდ, ჩემი აღქმებია-მეთქი. ასეა, მე აღვიქვამ ამ პრობლემას მძაფრად. ავტოტრენინგის მეთოდით საკუთარ თავს შთააგონებ, უფრო ზუსტად, სიმართლეს უმეორებ. პრობლემა, რომელსაც აღარაფერი ეშველება, გარდაცვალებაა. ადამიანს სხვა ყველაფრის გადალახვა შეუძლია. ასეთი გამონათქვამიც არსებობს, როდესაც გააკეთებ ყველაფერს, რაც შეგიძლია და მაინც არ გამოდის ის, რაც გინდოდა, შეუძლებლის კეთება უნდა დაიწყო, რომ შენსას მიაღწიოო. თუმცა ეთიკური ნორმების ჩარჩოს არ უნდა ვცდებოდეთ. მიზანი ამართლებს საშუალებას – ეს არ არის გამარჯვება, ეს თაღლითობაა. ადამიანმა ყველა წარმატებას ღირსეულად უნდა მიაღწიოს. ყოველდღე თუ არ ვიზრდები, არ ვკითხულობ, არ ვსწავლობ, მგონია, რომ ის დღე დავკარგე. ლამაზად ჟღერს ეს ყველაფერი, სადღეგრძელოსავით, მაგრამ იმიტომაც დავანებე თავი დალევასა და სუფრებთან დროის გატარებას, რომ მივხვდი, ამდენს ვლაპარაკობდი და ბოლოს და ბოლოს მოქმედებაში ხომ უნდა მომეყვანა ეს ლამაზი სიტყვები?! ნელ-ნელა დავიწყე სადღეგრძელოების საქმეში გადაყვანა. ძალიან ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი.
– ინტუიცია რამდენად არის თქვენი იღბალი?
– ინტუიცია კარგი მაქვს და ეს მეხმარება. სანამ ცოდნას აგროვებ, მანამდე ინტუცია უფრო წარმართავს შენს ქმედებებს. რაც უფრო მაღლა ადის ადამიანი, პრობლემებიც იზრდება და საფეხურის შესაბამისი ხდება. ამით იმას არ ვამბობ, რომ მაღალ საფეხურზე ვარ. პირიქით, ადრე მეგობარ მამაოს ვუთხარი, ყოველ წელს ვხვდები, შარშან რა სულელი ვყოფილვარ-მეთქი. მითხრა, კარგია. ეგ შეგრძნება რომ აღარ გექნება, მაშინ ნამდვილი სულელი იქნები. სანამ ასე ფიქრობ, ესე იგი, ვითარდები და იზრდებიო. სიამოვნებას მანიჭებს, როცა ახალს ვიგებ. ვმდიდრდები. სადამდე? ბოლომდე. მეგობრის დედა 80 წელს გადაცილებული იყო, როდესაც ირანული ისწავლა. რად გინდაო, ვეკითხებოდით და გვპასუხობდა, რატომ არ მინდა, სასუფეველში შაჰ-აბასი თუ შემხვდება, თავის ენაზე უნდა ვაგინოო, – ასე ხუმრობდა. რეალურად მას მიზანი ჰქონდა. მიზანი კი ადამიანს ამოძრავებს. საკონცენტრაციო ბანაკში პირველები ისინი დაიღუპნენ, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი მალე დამთავრდებოდა, მერე ისინი, ვისაც ეგონათ, რომ ეს არასდროს დამთავრდებოდა. მარტო ისინი გადარჩნენ, ვისაც ცხოვრებაში მიზნები ჰქონდათ. მიზანი თვითონ განახვებს გზას. უბრალოდ, უნდა დამშვიდდე, გონება გააცივო და სწორი გზა იპოვო. აქ ინტუიციაც გეხმარება, შრომისმოყვარეობაც, გამოცდილებაც და იღბალიც. შეცდომისგან დაზღვეული არავინ ვართ, მაგრამ რადგან მიზანი არსებობს, მისკენ სავალი გზაც იარსებებს და მისი პოვნა მნიშვნელოვანია, ასე ცხოვრებასაც სხვა აზარტი აქვს. ბოლოს ყველა მოვკვდებით, კი ბატონო, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გავივლით ამ გზას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





