შოუბიზნესი

ბექა ბროლაძე: სადაც ვარ, იქ აუცილებლად ლიდერი უნდა ვიყო

№25

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

ბექა ბროლაძე
დაკოპირებულია

სასწორის ნიშნის წარმომადგენლები მშვიდი, წინდახედული, საზრიანი ადამიანები არიან, რომლებიც სტაბილურობისკენ ისწრაფვიან. კარგად აქვთ განვითარებული მშვენიერების აღქმის გრძნობა, ესთეტიკური აზროვნება, ამიტომ მათ შორის მრავლად არიან ნიჭიერი ხელოვანები.

ბექა ბროლაძე: 2 ოქტომბერს ვარ დაბადებული, დრაკონის წელში, სასწორია ჩემი ზოდიაქოს ნიშანი. რა თქმა უნდა, ვიცი ჩემი ნიშნის თვისებები და ბევრ რამეში ვეთანხმები, მაგრამ ამბობენ, რომ სასწორები მერყევი ადამიანები ვართ, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები. მე არ მაქვს ეს თვისება. ყოველთვის ზუსტად ვიცი, რა მინდა. ალბათ, ცოტა განსხვავებული სასწორი ვარ. ნამდვილად ვარ დიპლომატი, ხელოვანი ადამიანი – პროფესიითაც და შეგრძნების დონეზეც. მიყვარს, როცა გარშემო ყველაფერი მოწესრიგებულია. არ მიყვარს ქაოსი. სახლში, სადაც არეულობაა, ვერ ვჩერდები. ჩემ გარშემო ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს, განწყობა კი – ამაღლებული. ხარისხი მიყვარს ყველაფერში. სილამაზეს ვაფასებ, ჰარმონია მჭირდება. ნერვები არ უნდა მქონდეს მოშლილი. ვცდილობ, გარშემო ყველა ბედნიერი იყოს და დადებითი ემოციებით სავსე.

– სასწორები საკმაოდ მშვიდ და წინდახედულ ადამიანებად მიიჩნევიან.

– მშვიდი საერთოდ არ ვარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქაოტურობა მახასიათებს, უბრალოდ, ძალიან ორგანიზებული და სწრაფი ვარ. შემიძლია, დღეში ხუთი შეხვედრა გავმართო, ოთხ კონცერტზე ვიმღერო – ამის ენერგია მაქვს. შეიძლება, იმ საქმის გაკეთებას, რასაც სხვა ერთი კვირა უნდება, მე ერთ საათში გავაკეთო. არ ვიცი, ეს ზოდიაქოს უკავშირდება თუ არა, ამას, ალბათ, უფრო ადამიანური რესურსების განსხვავებულობა განაპირობებს. მე ამას დრაკონს ვაბრალებ. რადგან დრაკონის წელში ვარ დაბადებული, ეტყობა, ცეცხლი და ენერგიულობა დიდი დოზით არის ჩემში. დრაკონიც ხომ შემტევი, ბრძოლისუნარიანი და ცეცხლოვანია. ვინც მიცნობს, იცის, რასაც მე ერთი დღის განმავლობაში ვაკეთებ, ამის მოსწრება შეუძლებელია, მაგრამ თუ ხმამაღალი არ იქნება, ვიტყვი, რომ მე ეს გამომდის.

რაც შეეხება წინდახედულობას, აქ პრობლემა მაქვს. მარკეტინგის მიმართულება ჩემი საქმეა და ეს მეხმარება პროფესიულად, მაგრამ ადამიანური თვისებების ჭრილში თუ განვიხილავთ, ამ თვისების ნაკლებობის გამო ხშირად ვდგამ ისეთ ნაბიჯს, რისი დამსახურებითაც ცხვირი არაერთხელ წამიმტვრევია. ალბათ, იმიტომაც, რომ ძალიან რისკიანი ვარ. ყველაფერს არ ვრისკავ, ნაწილობრივ წინ ვიხედები – ვსაზღვრავ, გარკვეული დროის შემდეგ რა მოჰყვება ჩემს გადადგმულ ნაბიჯს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ამას სიღრმისეულად არ ვუკვირდები. მერე ფეხი რომ დამიცდება ხოლმე, ჩემს თავს ვსაყვედურობ: ცოტა დაფიქრებულიყავი, რატომ იჩქარე?! ზოგადად, სულ ვჩქარობ და ეს არ მომწონს. სჯობს, უფრო მეტად დავუკვირდე, დინჯად და წყნარად მივიღო გადაწყვეტილებები, მაგრამ ჩემი ენერგია მიბიძგებს, რომ სწრაფად გადავწყვიტო. ეს ბევრ რამეში მიშლის ხელს და ამიტომაც არ მომწონს.

– ძალიან ელეგანტურია, მისი ჩაცმის სტილის და იმიჯის ბევრს შეშურდება.

– სასწორებში ეგ ძალიან ჩვეულებრივი თემაა. სასწორებს გვიყვარს კარგი ჩაცმა. ჩემთვის ეს ერთ-ერთ მოწინავე ადგილას დგას და ამას უდიდეს ყურადღებას ვაქცევ. ეს ჩემს ხასიათზე მოქმედებს. დილით რომ ავდგები, იმის მიხედვით ვიმოსები, რა გეგმებიც მაქვს. სამოსს კი აუცილებლად წინა საღამოს ვიმზადებ. ამას დიდ ყურადღებას იმიტომ კი არ ვაქცევ, რომ ვიღაცის თვალში მაგრად „გაზმანული“ გამოვჩნდე, ამას ჩემი თავის კომფორტისთვის ვაკეთებ. მე თუ მომწონს ჩემი დღის ლუქი, ეს ჩემს განწყობაზეც კარგად აისახება, ამ შემთხვევაში თითქოს ჩემი საქმეებიც უკეთ გამომდის. ამიტომ, სამოსი ჩემთვის, უბრალოდ, ტანსაცმელი არ არის, ეს არის ის, რაც განწყობას მიქმნის და დღესაც განსაზღვრავს.

– სასწორი ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ნიშანია. ეთანხმები?

– მე დამანგრევლად ემოციური ვარ. ჩემივე ემოციები მანადგურებს. არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში ნაბიჯი, რომელსაც ემოციურად არ ვუდგები. ეს ძალიან ზედმეტი დოზით არის ჩემში. კი, დიპლომატი ვარ, ვცდილობ, ბალანსი არ დავკარგო, მაგრამ ემოციურობა ხშირად გადაწონის ხოლმე ამ თვისებას. უბრალოდ, იმდენად დიდი გამოცდილება დამიგროვდა ადამიანებთან ურთიერთობაში თუ სამსახურეობრივ საქმიანობაში, როგორღაც ჩემს ემოციურობას ვთრგუნავ. ეს დროსთან ერთად გამოვიმუშავე, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ მე ნორმალური ადამიანი არ ვარ. საჭმელსაც კი განსაკუთრებული ემოციით ვჭამ. ვისურვებდი, რომ ცოტა უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ვიყო, რომ ელემენტარულ რამეებს არ განვიცდიდე. კარგ ამბავსაც ძალიან ემოციურად ვიღებ და ცუდსაც. ემოციების გამოხატვაც მიყვარს. სხვათა შორის, არ მიყვარს როცა ადამიანები ემოციებს საერთოდ არ გამოხატავენ. ერთი ძმაკაცი მყავს, მის ცხოვრებაში ძალიან მაგარი ამბავი მოხდა და ისე მიიღო, თითქოს – არაფერი განსაკუთრებული. ეს მაღიზიანებს, რაღაც გაგიხარდეს, იყვირე, ხომ უნდა შეგეტყოს, რომ გიხარია. ყველაფერს დაყენებული სახითა და უემოციოდ რომ ხვდები, ჩემი აზრით, ცოტა უხერხულიც არის.

– საოცრად რომანტიკული ნიშანია...

– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რომანტიკული ვარ და სანთლების ფონზე ვახშამი არის ჩემი სტილი. როგორ არა, მომწონს, მაგრამ დოზირებულად. რომატიკულობა ჩემთვის ისევ ემოციურობასთან ასოცირდება. როცა კარგად ვარ, შენი დანახვაც რომ მსიამოვნებს, მახარებს, ვცდილობ, ეს გამოვხატო, მოგეფერო, მაგრამ ამას არ ვთამაშობ, რასაც ვგრძნობ, ვცდილობ, ის დაგანახვო. მიყვარს იმის აღნიშვნა, რომ კარგად გამოიყურები და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ეს ცუდი არ არის, უბრალოდ, ზედმეტობაშიც არ გადამდის. რომანტიკოსი ვარ, მაგრამ ალბათ, 40 პროცენტით.

– დიპლომატია ვახსენეთ, სასწორს ახასიათებს, რომ არც მწვადი დაწვას, არც შამფური.

– მე ვფიქრობ, ეს სასწორების ყველაზე მაგარი თვისებაა. საშუალოს კი არ ვიჭერ, ვცდილობ, ყველაფერი ბალანსში მოვიყვანო. ძალიან კარგად გამომდის აფეთქებული კონფლიქტის ისე დალაგება, რომ შეიძლება, ძალიან გაბრაზებულმა ადამიანმა მადლობა გადამიხადოს. ადამიანი რომ უნდა ადგეს და ვიღაცას დანა დაარტყას, ამ მდგომარეობამდე რომ არის მისული, იქაც შემიძლია, ბალანსი აღვადგინო და ისე წარვმართო მოლაპარაკება, რომ სიმშვიდე დაისადგურებს. სწორი მიდგომები, ალბათ, გამოცდილებას მოაქვს. ამაში ისიც მეხმარება, რომ ძალიან კარგად გამომდის ადამიანების ცნობა. ამისთვის წლები არ მჭირდება, 15 წუთი და რამდენიმე წინადადება საკმარისია, რომ მივხვდე, რა ტიპის ურთიერთობა ღირს ამ ადამიანთან, რა ზღვარია საჭირო მასთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ.

ვიტყვი იმასაც, რომ მე ზღვარი ყველა ადამიანთან მაქვს, საკუთარ ნათესავებთანაც კი. ყველას არ ვუღებ კარს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს არ ვკადრულობ, უბრალოდ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ზღვარი დააწესო ურთიერთობებში. თუ ყველა შენს სივრცეში შემოიყვანე, ყველას ყველაფერი მოუყევი, ეს დაგანგრევს. ზღვარი ურთიერთობებს აბალანსებს. ძალიან ახლო ურთიერთობაში ვისთანაც ვარ, ზღვარი მათთანაც კი მაქვს. ვფიქრობ, ეს კარგია.

სასწორებს კარგად ესმით ცხოვრების გემო.

– ეს მხოლოდ სასწორის დამსახურება არ არის. მე მიყვარს კარგი ცხოვრება. არ ვარ ადამიანი, რომელიც ხუთი და ათი წლის შემდეგ ცხოვრებას განჭვრეტს. დღეს უნდა მივიღო მაქსიმალური. ხუთი წლის მერე რა იქნება, არავინ იცის. რომ გავიღვიძე, რისი რესურსიც მაქვს, მორალური თუ ფინანსური, მინდა, დღესვე ვისიამოვნო მისით. გადადება არ მიყვარს. მოდი, ხვალ გავაკეთოთ, ეს ფრაზაც არ მომწონს. დღეს თუ ვარ ხასიათზე, ესე იგი, დღეს უნდა გავაკეთო ის, რაც სიამოვნებას მანიჭებს. მომინდა სადმე გასართობად წასვლა? რა მიზეზითაც არ უნდა შემომთავაზონ ხვალისთვის გადადება, გამორიცხულია, დავთანხმდე. რადგან ვთქვი, რომ დღეს მინდა, ესე იგი, დღესვე უნდა გავაკეთო. ადამიანმა ცხოვრება უნდა შეირგო, მისი „მუღამიც“ ეს არის. თუ საშუალება და სურვილი გაქვს, ყველაფერი მაშინ უნდა გააკეთო, როცა გინდა. რატომ უნდა დავთრგუნო ჩემი სურვილები?!

– იდეალიზმისკენ მიისწრაფიან, მაგრამ როცა რაღაც ისე არ მიდის, როგორც მათ სურთ, ცოტა იბნევიან...

– როცა საქმეში კონკრეტული მიზანი მაქვს, თუ ვატყობ, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც მინდა ან სხვამ მაჯობა, იქ აღარ ვჩერდები. სადაც ვარ, იქ აუცილებლად ლიდერი უნდა ვიყო. თუ ვხედავ, რომ ვიღაცამ მეორე პლანზე უნდა გადამაჩოჩოს და ჩემი პოზიცია ჩემზე არ არის დამოკიდებული, ვდგები და მივდივარ. ვიწყებ საქმეს, სადაც პირველი ვიქნები. მეორე და მეხუთეხარისხოვანი ვერასდროს ვიქნები. რა ვქნა, ასეთი ამბიციური ადამიანი ვარ. ალბათ, ვიცი, ჩემი თავის ფასი. შემიძლია, მოწინავე ადგილზე ვიყო და რატომ უნდა დავკმაყოფილდე მეხუთე და მეათე პოზიციით?!

– ეშინიათ წარუმატებლობის. ეთანხმები?

– გეგმებს ისე ვაწყობ, წარმატების შანსი მეტი მაქვს, მაგრამ დამარცხების გემოც ვიცი, დავცემულვარ და დავნარცხებულვარ კიდეც, თუმცა ძლიერი ფსიქიკის ადამიანი უნდა იყო, ეს მხოლოდ ზოდიაქოზე არ არის დამოკიდებული. უბრალოდ, ის, რომ ძალიან ემოციური ვარ, გარკვეულ გავლენას ახდენს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ყველაზე ცუდი თვისებაა, რაც ყოველთვის ხელს მიშლის. ამას სხვას არ ვაჩვენებ, მაგრამ მე მიშავებს. ჯერ ვერ ვიცლი, თუმცა ვცდილობ და იმედია, ადრე თუ გვიან, მიზანს მივაღწევ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი