კახაბერ შარტავა: ხანდახან მიზეზი არ მაქვს, მაგრამ საშინელ დეპრესიულ ტკივილს განვიცდი. ზოგჯერ ეს რამდენიმე წელი გრძელდება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:14
კახაბერ შარტავას "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის კახაბერ შარტავა?
კახაბერ შარტავა: ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად შემიძლია, ჩემი თავი დავახასიათო. ჩემს ცხოვრებას რომ თვალი გადავავლო, ვფიქრობ, რომ ყველა ეტაპზე ისე მოვიქეცი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი – ჩემი შეცდომებით, წაგებული ომებით, გამარჯვებებით, ფეხზე წამოდგომით და ასე შემდეგ. ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ კახაბერ შარტავა დედამიწის ერთ-ერთი სტუმართაგანია.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– არ ვიცი, ეს ასაკმა მოიტანა თუ გარემომ, მაგრამ ასე მოხდა, რომ ყოფითი ოცნებები არ მაქვს. მინდა, ჯანმრთელად მყავდეს ყველა საყვარელი ადამიანი, ჯანმრთელი ვიყო მეც და ზოგადად, დედამიწაზე არ არსებობდეს დაავადებები, რომლებსაც განუკურნებელს ეძახიან.
კიდევ ერთს გამოვყოფ – ჩემი ოცნებაა, აფხაზეთში გავმართო ერთი ლამაზი, მშვიდი, ბედნიერი და ფერადი ფოტოსესია. მინდა ვნახო, რომ საქართველო გამთლიანდა და ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნეთ.
ეს ორია ჩემი ოცნება – მშვიდობა გაერთიანებულ საქართველოში და ჯანმრთელობა.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ერთი შეხედვით, ცივი და უკარება ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, ამას ბევრი აღნიშნავს. რეალურად, ეს ხასიათი შეიძლება, ჩემთვის თავდაცვითი ხასიათისაც კი იყოს. რეალურად, შეიძლება, ყველაფერზე ვინერვიულო. მაგალითად, ქუჩაში მიუსაფარი ცხოველი დავინახო და მთელი დღე მისი სახე დამდევდეს თან, ძალიან განვიცადო მისი მდგომარეობა. განვიცდი ადამიანების გამო, რომლებსაც ძალიან უჭირთ.
ბევრ რამეს შეუძლია ჩემში ამ განცდების გამოწვევა, თუმცა დროთა განმავლობაში ფიქრების კონტროლი და სხვა ტალღაზე გადართვაც ვისწავლე.
– მინდა, გაიხსენოთ მომენტი, როცა ბედნიერებისგან ცრემლები ვერ შეიკავეთ და მომენტი, როცა ცრემლების მიზეზი ტკივილი გახდა...
– ბედნიერების ცრემლი მომდიოდა, როდესაც ჩემი ძმისშვილი დაიბადა და მივხვდი, რომ მაშინ აბსოლუტურად სხვა ცხოვრება დაიწყო, სხვა პასუხისმგებლობები და სიყვარული წარმოიშვა.
მტკივნეული ცრემლით ვიტირე მაშინ, როდესაც ბებია გავაცილე იმქვეყნად.
– რას გააკეთებდით ლატარიაში რომ ბევრი მილიონი მოიგოთ, რაში დახარჯავდით თანხას?
– ეს ისეთი კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემაც არ მინდა, რადგან შეიძლება, ვინმემ საკუთარი თავის რეკლამად ჩამითვალოს. ამიტომ მხოლოდ ერთს ვიტყვი, მილიონები რომ მოვიგო, პირველ რიგში, საკუთარ თავს ჩავუტარებდი ტრენინგს, რომ ეს არაფერს ნიშნავს, მთავარია დარჩე ადამიანად.
– წარსულიდან რას მიიჩნევთ თქვენს შეცდომად?
– იმდენად ხანმოკლეა ჩვენი სიცოცხლე, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი დრო დავკარგე არაფრის კეთებაში, თუმცა ესეც ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება იყო. ალბათ, შეცდომად არაფერს ვთვლი.
მე ვარ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სიცოცხლე არის აქ და ახლა. წარსულზე ფიქრით, უბრალოდ, მომავალს ვაზიანებ და ვაპაუზებ აწმყოში არსებულ ბედნიერებას. ამიტომ წარსული იყო, მომავალი ჯერ არ დამდგარა, მე კი აქ და ახლა მინდა, ვიყო ბედნიერი. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ვცდილობ, ყველაფერი აღვიქვა, როგორც ძალიან სასიამოვნო ფაქტი, მაქსიმალურად ვცდილობ, არსებული წამი ვაქციო დღესასწაულად.
მაშინაც კი, როცა ბებია გარდამეცვალა, რაც ძალიან მტკივნეული იყო, ვთქვი, რომ უბრალოდ, ასე ხდება. ჩემი ეგოიზმი გავთიშე და ბებო გავაცილე აზრით, რომ მოვა დრო და მეც მასთან წავალ. რაღაცებს ცოტა სხვაგვარად აღვიქვამ, დიდი ხანია, ასე ვცხოვრობ და მე ეს მომწონს. შეიძლება ეს შეცდომაცაა, არ ვიცი, მაგალითად, მე ხვალინდელი დღისთვის გადადებული არაფერი მაქვს, მათ შორის, არც ფინანსები. დღეს მინდა, ახლა ვარ ბედნიერი, ხვალ არ ვიცი, რა მოხდება.
– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება, ეს თვისება გააღვიძოს თქვენში?
– როდესაც უმწეო ადამიანს ან უმწეო ცხოველს – რომ განვაზოგადოდ, როცა მიუსაფარს და უმწეოს ჩაგრავენ, აბსოლუტური ბინდი მეკვრება თვალზე. ამ დროს ვინგრევი და ძალიან სასტიკი ვხდები. ძალადობა, უსამართლობა, სუსტის დაჩაგვრა – ჩემთვის დიდი ემოციური დარტყმაა, რომელსაც თავს ვერასდროს ავარიდებ. მაგალითისთვის, სოციალურ ქსელში ჩემზე რამდენად ცუდი კომენტარიც არ უნდა დაიწეროს, ეს მე არ მაღელვებს, მაგრამ რომ ვნახო, ვინმემ მიუსაფარი ძაღლი სცემა, ძალიან სასტიკი ვხდები. ამ მომენტის შემსწრე რეალურად რომ გავმხდარიყავი, აუცილებლად სასტიკი ვიქნებოდი.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე გამორჩეულად სასიამოვნო და ისეთიც, რამაც გული გატკინათ?
– ის, რაც ყველაზე სასიამოვნოდ მახსენდება, არის შემდეგი სიტყვები – „მადლობა დედაშენს, რომ ასეთი კარგი ადამიანი ხარ“. ზოგადად თუ შევხედავთ, ყველა სითბო და სიყვარული, რომელსაც ჩემს მიმართ ავლენენ, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. რაც შეეხება უარყოფითს, არ მახსენდება არაფერი კონკრეტული. ბევრი ჭორი მსმენია, მაგრამ ადამიანი, რომელიც საკუთარი სიტყვებით სხვისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრობს, ძალიან მეცოდება. ის ძალიან დაბალი ენერგეტიკის მატარებელია და ჩემამდე, უბრალოდ, ვერ მოვა. ამიტომ მისი სიტყვები არ მამახსოვრდება.
საერთოდ, კარგი უფრო მეტია, ვიდრე ცუდი. საბედნიეროდ, ვერ ვიტყვი, რომ რამემ ძალიან მატკინა გული. ალბათ, უფრო ტყუილებზე შეიძლება, ამის თქმა. ადრე მინდოდა ხოლმე ხმამაღლა მეთქვა, ეს ასე ნამდვილად არ არის-მეთქი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ რამის მტკიცებას აზრი არ აქვს.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– ალბათ, მაშინ, როდესაც აღვიქვი, რომ ძალიან მალე გადის ცხოვრება და რომ ერთ და არც ისე შორეულ დღეს დასასრული დადგება, რომ უბრალოდ, რაღაცებს ვერ ვასწრებთ. ალბათ, ზუსტად ამ შიშმა განაპირობა აწმყოთი და ყოველწუთიერი ცხოვრებით ტკბობა.
– ყველაზე დიდი ფიზიკური და სულიერი ტკივილი?
– ზოგადად, დეპრესიული ადამიანი ვარ. დეპრესიული პერიოდები მაქვს ხოლმე. ხომ ვამბობ, რომ ყოველი წუთით და წამით, რომ ცხოვრებით ვტკბები, მაგრამ არის ხოლმე პერიოდები, როცა საკუთარ განცდებს ვერ ვმართავ. მეწყება დეპრესიული პერიოდები, რომელსაც თან ახლავს საშინელი ტკივილები, როგორც ხორციელ, ისე სულიერ დონეზე. მიზეზი რომ მკითხოთ, ვერ გეტყვით. ხანდახან ვამბობ, რომ მიზეზი არ მაქვს, მაგრამ საშინელ დეპრესიულ ტკივილს განვიცდი. ზოგჯერ ასე გრძელდება ერთი წელი, წელიწად-ნახევარი, ორი წელი. ასეთი რამ შეიძლება 6 ან 8 წელიწადში ერთხელ დამემართოს. შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი დეპრესიული პერიოდები აუცილებელია ჩემთვის. ამ დროს ძალიან დიდი გადაფასება ხდება და მისი დასრულების შემდეგ აბსოლუტურად ახალი კახაბერი იბადება, ბევრად უფრო ძლიერი, რომელიც ძალიან მყარად დგას მიწაზე. ყველაზე დიდ ტკივილებს სწორედ ამ დეპრესიების დროს განვიცდი და ამ პერიოდში მე საკუთარ სახლში, საკუთარ ნაჭუჭში ვარ ჩაკეტილი, საზოგადოებისგან იზოლირებული. როცა ახლიდან ვიბადები ბევრად უფრო ძლიერი, მაშინ ყველაფერს ახლიდან ვიწყებ.
– რა არის ის, რაც ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად გამოცადეთ?
– დედაჩემთან ერთად საზღვარგარეთ მოგზაურობა. მე და დედამ იტალიაში ვიმოგზაურეთ. დედა პირველად იყო საზღვარგარეთ. ეს საოცარი გამოცდილება იყო.
– რისი კეთება გიყვართ ყოველდღიურად პროფესიული საქმეების მიღმა?
– ახლა დავიწყე თიხით სხვადასხვა სახასიათო თოჯინების კეთება. ახალი ინტერესი გამიჩნდა. მე სულ ძიების პროცესში ვარ. ერთი პერიოდი ფოტოებს ვიღებდი, მერე სხვა ინტერესი გამიჩნდა, ახლა ამის დრო მოვიდა. ამ მომენტში ოთხ სტიქიას ვაკეთებ: წყალი, ცეცხლი, ჰაერი და მიწა. თოჯინები, რომლებსაც ადამაიანების სახეები აქვთ, რეალურად ამ ოთხი სტიქიის სიმბოლოებს წარმოადგენენ. ამას რომ დავასრულებ, შემდეგ ვაპირებ ზოდიაქოს 12 ნიშანი გავაკეთო. ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებს.
– რა მიგაჩნიათ თქვენი ცხოვრების მთავარ გამარჯვებად და მარცხად?
– ჩემი ცხოვრების მთავარ გამარჯვებად საკუთარ თავთან დამეგობრება მიმაჩნია. მარცხი არ ვიცი... არ აღვიქვამ როგორც მარცხს. ყველაფერს, რაც შეიძლება, ადამიანმა მარცხად მოიაზროს, გაკვეთილად აღვიქვამ. იცით, რამდენი მარცხი მქონია ყოველ წელს? შეიძლება, არ გამოგივიდეს რაღაცები ისე, როგორც გინდა, მაგრამ როგორც ვთქვი, ეს ჩემთვის გაკვეთილია.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ის, რაც მე არ მომიპოვებია, ეს არის ჩემი ოჯახი და ის, რაც მე მოვიპოვე – ჩემი მეგობრები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





