შოუბიზნესი

ლაშა რამიშვილი: პირდაპირ ეთერში სტენოკარდიული შეტევა მქონდა

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 15:50

ლაშა რამიშვილი
დაკოპირებულია

იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის ლაშა რამიშვილის წარმატებაში და როგორია მისი ფორმულა, რაც წინსვლაში ეხმარება, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ლაშა რამიშვილი: იღბალი ნამდვილად არსებობს. ალბათ, უნდა გაგიმართლოს ოჯახში, პროფესიაში, ზოგადად, ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე მთავარი ის მგონია, თუ როგორ გამოიყენებ იღბალს, რამდენად მართალი იქნები საკუთარ თავთან. გამართლებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ცხოვრებაში თუ გინდა, რამეს მიაღწიო, ეს ყველაზე მეტად შრომაზე არის დამოკიდებული. მე ვფიქრობ, თუ შრომისმოყვარე ხარ, შეგიძლია, ათი საქმე აკეთო ერთად და აქედან 11 გამოგივიდეს.

– თქვენს ცხოვრებაში მეტწილად გამართლების დამსახურებაა თუ შრომისმოყავრეობის ის, რაც გაგაჩნიათ?

– თავდაუზოგავი შრომის. ეს არის ყველაზე „მარტივი“ გზა მიზნის მისაღწევად. თავდაუზოგავი შრომა გხდის წარმატებულს ნებისმიერ საქმეში. თუ ასე იცხოვრებ, აუცილებლად მოვა შედეგი. ერთხელ, როცა მე 18 წლის ვიყავი, გოგი ქავთარაძემ ერთ-ერთ მსახიობს ჰკითხა, გააკეთებ იგივეს, რასაც ლაშა გააკეთებსო? როგორ არაო, დაეთანხმა ის ადამიანი. მომიბრუნდა ბატონი გოგი და მითხრა, ფანჯრიდან გადმოძვერი და ხოხვით ადი სცენაზე, თან ტექსტი თქვიო. მახსოვს, დედას ჩემთვის ახალი ნაყიდი ჰქონდა შარვალი, მაგრამ ეგ ფაქტი საერთოდ დამავიწყდა. მართლა ხოხვა-ფორთხვით ავედი სცენაზე და თან ტექსტს ვამბობდი. ისიც მახსოვს, როგორ გაუფართოვდა თვალები გოგი ქავთარაძეს. როგორც ჩანს, თვითონაც არ ელოდა. მიუბრუნდა იმ მსახიობს და ახლა შენ გაიმეორე იგივეო. აუ, მე ახალი შარვალი მაცვიაო, მიუგო მან. ამის შემდეგ მე მითხრა, შენ აუცილებლად გამოგივა, რასაც მოინდომებო.

– შრომისმოყვარეობა თანდაყოლილი თვისებაა თუ ცხოვრება გაიძულებს გამოიმუშაო?

– თუ გინდა, შენს საქმეში წარმატებული იყო, ეს თვისება აუცილებლად დაგჭირდება. მშენებელი ხარ? ხელოვანი? ფინანსისტი?.. ვინც არ უნდა იყო, თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, თავდაუზოგავად უნდა იშრომო. 17-18 წლის ვიყავი, უკვე ვმუშაობდი, 5 ლარად მიმუშავია. 20-30 ლარად 30 ბავშვს ვართობდი და ისე დავხარჯულვარ, რომ ყელზე ოპერაციაც დამჭირდა. ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ შენი შრომის ნაყოფი მიიღო და არავის არაფერი ჰქონდეს დასამადლებელი.

– სიზარმაცის უფლებას თუ აძლევთ ხოლმე თავს?

– კი, ასეც ხდება, მაშინ, როდესაც ოჯახთან ერთად სავახშმოდ ვჯდები. ეს სიზარმაცე არა, უფრო მსუნაგობის მომენტია, რის უფლებასაც ვაძლევ თავს და ეს ჩემს „ფიზიკაზეც“ აისახება.

– რთულ პერიოდებში რა გეხმარებათ გზის წინ გაგრძელებაში?

– ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები, მეუღლე, გარემოცვა. სამწუხაროდ, ჩემი მშობლები ძალიან კრიტიკულები არიან, თუმცა ისინიც თავისებურად მეხმარებიან ამაში. შვილების დანახვის დროს აბსოლუტურად ყველაფერი მავიწყდება და მგონია, რომ მთებს გადავდგამ. ყოფილა მომენტი, რომ ყველაფრის მიყრის სურვილი გამჩენია, მაგრამ სახლში – მოვსულვარ და ჩემს შვილებს დავუმუხტივარ საჭირო ენერგიით.

– რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია?

– ოჯახი. თუ კი კაცს კაცი ჰქვია, ვფიქრობ, რომ მას აუცილებლად უნდა უნდოდეს სუპერმენობა. და მეც ასე ვარ, თუნდაც, იმ ოთხი ადამიანისთვის, რომლებიც ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ არიან. ისინი აუცილებლად კარგად უნდა იყვნენ, თუნდაც მე შევეწირო ამას.

– არის რამე რაშიც თავს უიღბლოდ მიიჩნევთ?

– ვერ ვიხსენებ, მე სხვა საქმესთან არც მივსულვარ, არ მქონია მცდელობა. პირველი კურსის ბოლოს მითხრეს, რომ ჩემი ხმა უვარგისია. 2012 წლიდან იმ საოცარ კომპანიაში ვმუშაობ, სადაც ჩემი ხმა და ნიჭი დაიწუნეს. თუმცა ის ადამიანი, ვინც ეს მითხრა, ისე გარდაიცვალა, რომ არც გაუგია. ეს მან 1997 წელს მითხრა, შენი ხმა ამ სფეროსთვის არ ვარგაო – ზუსტად ეს სიტყვები იყო. იქიდან თეატრალურამდე ტირილით ვიარე 17 წლის ბიჭმა. ფაქტობრივად, მითხრეს, რომ 17 წელი ტყუილად ვარსებობდი, რომ ამ სფეროში ვერაფერს გავხდებოდი. 2012 წელს, 6 თვის განმავლობაში, ამ ადამიანის გუნდი მეუბნებოდა, აუცილებლად უნდა მოხვიდე ჩვენთან სამუშაოდო და მას შემდეგ იქ ვმუშაობ.

– მერე შეიძლება ეს ადამიანი მადლიერებასაც გამოხატავდა თანამშრომლობის გამო და გულის სიღრმეში ეს რა შეგრძნება იყო?

– პირველი ეთერის დროს შემოვიდა და მითხრა, შენს საცოდაობას ვუსმენო. იმის შემდეგ საეთეროში არ შემოსულა. ხუთი დღის შემდეგ მივედი მასთან და ვკითხე, როგორი ეთერები მაქვს-მეთქი. სასწაული, ძალიან მაგარიაო. მერე ხომ შეიძლება, შემოხვიდე და მითხრა-მეთქი და რად უნდა ამას თქმაო?!

– რამდენად გამოგდით ცხოვრებისეული და პროფესიული სირთულეების გამიჯვნა?

– სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ამას ვერ ვახერხებ. შეიძლება, ითქვას, რომ ჩემი მეუღლე ჩემი ანტიდეპრესანტია და ისიც იმავეს ამბობს ჩემთან დაკავშირებით. ვიღაცასთან ხომ უნდა მოვყვე ყველაფერი მეც და მანაც. ერთმანეთის მესაიდუმლეები ვართ. ამიტომ დაცლას მასთან ვახერხებ.

– რამდენად უფრთხილდებით საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას?

– ვაიმე, ვაიმე... საერთოდ ვერ ვუფრთხილდები იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ხშირად იმას მივირთმევ, რაც არ შეიძლება, იმასაც ვაკეთებ, რაც არ შეიძლება. მაგალითად, არ შეიძლება სიჩქარის გადაჭარბება, მაგრამ ვაჭარბებ, რადგან მეჩქარება; რაზეც არ შეიძლება, იმაზე ვრეაგირებ, სხვანაირად არ გამომდის; რისი თქმაც არ შეიძლება და ჯობს მოითმინო, მე ვერ მითმენ და ვამბობ... ბევრჯერ ვაგებ ამის გამო, მაგრამ რას ვიზამ, ასეთი ვარ.

ჯანმრთელობას რაც შეეხება, რადიოში, პირდაპირ ეთერში სტენოკარდიული შეტევა დამემართა. ამის გამო სპექტაკლიც ჩაიშალა. მარტო ვიყავი თბილისში, ეთერიდან სასწრაფოთი წამიყვანეს სავადმყოფოში, ის ღამე რეანიამციაში გავატარე და მეორე დღეს გაუმხილეს ეს ამბავი ჩემს მეუღლეს, რომელიც საჩხერეში იყო დასასვენებლად და გამოიქცა. სამწუხაროა, მაგრამ არ ვუფრთხილდები ჯანმრთელობას. მეუღლე სულ მეუბნება, შენ დასვენება არ იციო და მართალიც არის.

– კარგი ინტუიცია გაქვთ?

– თუ კი რამეზე ვიტყვი, არ გამომივა-მეთქი, მაინც ბოლომდე მივყვები და ცუდად თუ კარგად, მაგრამ გამოდის. თუ სხვა მეუბნება, ლაშა ეს არ გააკეთო, არ გამოგივაო, იმას უკვე ჯინაზე ვაკეთებ. არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, ინტუიცია მამოქმედებს თუ ჯინაზე ვმოქმედებ, მაგრამ რას ჰქვია არ გამოვა?! ძალიან კარგი ფრაზაა – „უნდა გამოვიყვანო!“

– რამდენად იღბლიანი ხართ ადამიანებში?

– ძალიან იღბლიანი ვარ საძმაკაცოში. ჩემი ძმაკაცები ჩემი საყრდენები არიან და მათი უმეტესობა დავინათესავე, უმეტესობა უკვე ჩემი შვილების ნათლიები არიან. მშობლებშიც ძალიან იღბლიანი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთელი ცხოვრება უკმაყოფილოები არიან ჩემით – ერთხელ არ დასცდენიათ, არცერთს, ყოჩაღ ლაშა, ბოლომდე მიაწექიო.

– მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისთვის დაუღალავად შრომობთ?

- კი, ასეა. არ ვიცი, ვეცოდები, ვენანები თუ რა მიზეზია, მაგრამ ფაქტია, რომ სულ მეუბნებიან, არ გინდა, აღარ გინდა, შეეშვი, თავი დაანებე. ეს ყველაზე მეტად მაცოფებს. რაც შეეხება შვილებს, ეს ჩემთვის უზარმაზარი ჯილდოა. მადლობა ღმერთს, რომ სამი ფანტასტიკური და უნიჭიერესი შვილი მყავს. მათი ნიჭის გასაღრმავებლად დღე და ღამე ვმუშაობ.

– რამდენად იღბლიანი ხართ მეორე ნახევარში?

– მადლობა ღმერთს და ნოზაძეებს – ჩემი მეუღლისთვის. ერთი ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელი სულ მეუბნებოდა, მეუღლეზე ნუ ლაპარაკობ ასე, თორემ თაყვანისმცემლების 50 პროცენტს კარგავო. არ ვიცი, ეს საიდან მოიტანა. მე თამამად ვამბობ, რომ მე ჩემმა მეუღლემ გადამარჩინა. სისაძაგლეში ვიყავი ჩაფლული და არავინ იყო გვერდით, ვინც იქიდან ამომათრევდა. ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ბოდიშს ვიხდი და ამ „ქაქიდან“ ამომიყვანა. აბსოლუტურ სიმარტოვეში ვიყავი. ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემი მეუღლე იყო და მადლობა ღმერთს, რომ მას შემდეგ სულ ჩემ გვერდით არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი