როგორ მიიღო ანუკი ცქვიტინიძემ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სპონტანურად და რა შეცვალა ქირურგიულმა ჩარევამ მის ცხოვრებაში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:40
მომღერალმა ანუკი ცქვიტინიძემ ზუსტად ერთი წლის წინ, სასურველი ფორმის დასაბრუნებლად და ზედმეტ კილოგრამებთან დასამშვიდობებლად, ქირურგიულ ჩარევას მიმართა და საკუთარი გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილია.
ანუკი ცქვიტინიძე: პანდემიის დაწყებისას, როდესაც ყველანი შეშინებულები სახლებში ჩავიკეტეთ, ყველაფერი მაშინ დაიწყო. იმ პერიოდში ჩვენ ძალიან საყვარელ, მაგრამ პატარა ბინაში ვცხოვრობდით, რომელიც ორი პატარა ოთახისგან შედგებოდა და ფაქტობირვად, ვერ ვმოძრაობდით. უმოძრაობასთან ერთად, გაჩნდა ფინანსური სიდუხჭირეც, რადგან ჩვენი პროფესია პირდაპირ კავშირშია აქტიურობასთან – არ ტარდებოდა კონცერტები, ღონისძიებები და ასე შემდეგ, რადგან მაშინ აკრძალული იყო. ბუნებრივია, ეს აისახა ჩვენს შემოსავალზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი კვების რაციონი, ძირითადად, ნახშირწლებისგან შედგებოდა – კარტოფილი, მაკარონი, პური და ასე შემდეგ. ზუსტად ამ პერიოდში დავიწყე წონაში მომატება. მერე გავთამამდით და ნელ-ნელა მეგობრებული შეკრებები დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ვიწრო წრეში, მაგრამ ასევე, ჩაკეტილ სივრცეში, რომელიც მოიცავდა სუფრებს და გემრიელი საკვების დაგემოვნებას. ისევ და ისევ ფიზიკური აქტივობის არარსებობა... ვგრძნობდი, რომ ამასობაში წონა ძალიან გამექცა და მის შესაჩერებლად ვერაფერს ვაკეთებდი.
– მანამდე წონის პრობლემა არ ყოფილა?
– არა, პირიქით. მშობიარობის შემდეგ უფრო მეტად გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი, ორივე ბავშვზე ასე იყო. წონის პრობლემა არასდროს მქონია. ასე იყო პანდემიამდე.
– იყო მცდელობები წონაში დასაკლებად?
– რა თქმა უნდა, ვცდილობდი, თუმცა ეს კიდევ უარეს შედეგს მაძლევდა. ყველა დიეტა ძალიან ხანმოკლე შედეგს მაძლევდა. მალე ვარღვევდი და მერე უფრო მეტს ვიმატებდი. ვერა და ვერ შევძელი. ვფიქრობ, რომ თეორიულად კარგად ვიცი, როგორ უნდა ვიკვებო ჯანსაღად, როგორი უნდა იყოს ჩემი რაციონი, ვიცოდი, რა საკვები არ უნდა მიმეღო და როგორ უნდა დამებალანსებინა, მაგრამ თეორია თეორიად რჩებოდა, რადგან ცხოვრების რიტმი ყოველთვის არ გაძლევს საშუალებას, სწორად იკვებო. მერე, როცა პანდემია დასრულდა, თითქმის ყველა საღამო სრულდებოდა ვინმეს დაბადების დღით, ქორწილით თუ სხვა ღონისძიებით, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, სუფრა და გემრიელი ვახშამი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როცა ენერგიისგან დაცლილი, ძალიან გადაღლილი ხარ და დღის ბოლოს სუფრასთან გემრიელი ვახშამი გელოდება, რთულია, თავი შეიკავო და ხელი არ წაგიცდეს. მეც ვეღარ ვერეოდი თავს.
– როგორ მოქმედებდა ეს?
– ძალიან ცუდად. ვგრძნობდი, რომ უკვე ძალიან გადავაჭარბე, ვეღარ ვიცვამდი იმ სამოსს, რომელიც ძალიან მომწონდა, ვიცვამდი იმას, რაც სხვადასხვა პრობლემას დაფარავდა. ამას ემატებოდა ის ფაქტიც, რომ ეკრანი ისედაც გვმატებს კილოგრამებს. უკვე აღარც ფოტოების გადაღება მინდოდა და ეკრანზე მოხვედრასაც, თითქოს, ვერიდებოდი. აღარ მომწონდა ჩემი ვიზუალი. მიუხედავად იმისა, რომ კომპლიმენტებს მაინც ვიღებდი, მე თვითონ ძალიან უკმაყოფილო ვიყავი საკუთარი თავით.
ზუსტად ამან განაპირობა, რომ ძალიან მალე მივიღე გადაწყვეტილება ქირურგიული ჩარევის შესახებ. ბევრი არ მიფიქრია. ძალიან რომ ჩავღმავებოდი ამ საკითხს, შეიძლება, უფრო შევყოვნებულიყავი. ისე გადაჭრით ვთქვი, საკმარისია, მივდივარ, წინასაოპერაციო კვლევებს ვიკეთებ და ოპერაციას ვგეგმავ-მეთქი, რომ შეწინააღმდეგებაც არავის უცდია. გელაც დამეთანხმა, რადგან ასე გინდა, მე შენ გვერდით ვარო.
– თითქოს, უფრო დიდი წონის უნდა იყო, რომ ქირურგიას მიმართო, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებაში ასეთი აზრი არსებობს.
– კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ შედარებით პატარა წონაზეც კეთდება. ჩემი წონა არ მიიჩნევა პატარად, მაგრამ შეიძლება, საოპერაციოც არ იყო. ასეა თუ ისე, იმდენად დარწმუნებული ვიყავი ჩემს გადაწყვეტილებაში, რომ აღარ მიყოყმანია და სხვათა შორის, არც ექიმი შემწინააღმდეგებია. ამიტომ, თამამად მივედი ბოლომდე და გადაწყვეტილების მიღებიდან ძალიან მალე გამიკეთდა ოპერაცია.
– ემოციური ხართ?
– არა, პირიქით, ძალიან მშვიდად მივუდექი. საერთოდ, ექიმების მიმართ ძალიან მიმნდობი ვარ. არჩევანს რომ ვაკეთებ, ბოლომდე მივყვები მათ მიერ მოცემულ დანიშნულებას. არც ოპერაციაზე მინერვიულია, ღიმილით შევედი. მედდები მეუბნებოდნენ, ეს ძალიან კარგია, განწყობა ბევრ რამეს განსაზღვრავსო. მინდა, ვთქვა, რომ პოსტოპერაციულ პერიოდში არ მქონია განსაკუთრებული ტკივილები, ჭრილობა არ იყო ძალიან შემაწუხებელი. ყველაფერი ნორმალური და ასატანი იყო.
– გვსმენია, რომ საკმაოდ რთულია პოსტოპერაციული პერიოდი, ესე იგი, თქვენ მარტივად გაუმკლავდით?
– ფიზიკურად – ნაკლებად. ჩემი აზრით, უფრო ფსიქოლოგიურად არის რთული, ადამიანებისთვის, ვისაც ძალიან უყვარს ჭამა. ჩემი გასუქება არ იყო დიდი რაოდენობით ჭამის შედეგი. ეს იყო არასწორი და ურეჟიმოდ, გვიან, შეუსაბამო საკვების მიღებით გამოწვეული პრობლემა, თორემ რაოდენობრივად ბევრს არასდროს ვჭამდი. არავის ახსოვს, დავმჯდარიყავი და გემრიელად მეჭამა ბევრი. პირიქით, სასუსნავები, ტკბილეული, თხილეული – ჩემი წონა არასწორი კვებით იყო გამოწვეული. თუ ადამიანს ძალიან უყვარს ჭამა, ამ ოპერაციის შემდეგ გაუჭირდება, რადგან ოპერაციის შემდეგ, მადა არ გიქვეითდება, ჭამის სურვილი ისევ გაქვს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამოცდილება ასეთია. თვალით ძალიან მინდოდა რაღაც, უბრალოდ, ძალიან მცირე რაოდენობაზე მეტის მიღება არ შემიძლია. ამას გაძლება სჭირდება. თუ ეს გაგანერვიულებს, მაშინ გაგიჭირდება. ჩემზე არც თავიდან მოქმედებდა და არც ახლა.
– პოსტოპერციული პერიოდი პროფესიულ საქმიანობაში თუ აღმოჩნდა ხელისშემშლელი?
– ზოგადი სისუსტე მაინც ახდენს გავლენას, თუმცა, ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გადაღებაზე ვიყავი გასული. ჩემი განწყობაც ძალიან მეხმარებოდა, ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად იყო, კარგად იქნებოდა და ყოჩაღად ვიყავი. ასე ვაგრძელებ დღემდე.
– როგორ შეიცვალა ყოველდღიურობა, რაციონი?
– რაციონი შეიცვალა. ზუსტად ერთი წელი გავიდა ოპერაციიდან, უკვე ყველაფრის მირთმევა შემიძლია, მაგრამ სურვილები შემეცვალა. დღეს უფრო მომწონს ჯანსაღი საკვები, ბოსტნეული და ნაკლებად ცხიმიანი კერძები. ძალიან მსიამოვნებს დილის დაწყება მსუბუქი საკვებით. ზედმეტად არაჯანსაღი საკვები მთლიანად ამოვიღეთ ჩვენი ოჯახის მენიუდან. ტკბილი მაინც მიყვარს და არ ვუკრძალავ ჩემს თავს. ალბათ, სჯობს, არ მივიღო, მაგრამ მაინც ვერ ვთქვი უარი. რა თქმა უნდა, შემცირებულია ულუფები. მცირე რაოდენობაც საკმარისია. შეიძლება, ითქვას, რომ ორგანიზმი თვითონ მაკონტროლებს. ზედმეტი არ უნდა მომივიდეს, თუ მინდა, დისკომფორტმა და ტკივილის შეგრძნებამ არ შემაწუხოს.
– საერთო ჯამში, რამდენი მოიკელით წონაში?
– დაახლოებით, 34 კილოგრამი. თითქოს, ბოლო ერთ თვეში შეჩერდა კლება. ახლახან ჩამოვედით ამერიკის შეერთებული შტაბებიდან და როგორც ვიცი, აკლიმატიზაციამაც იცის კლების შეჩერება. ახლა ვნახოთ. გამიხარდება, თუ დაახლოებით 6-7 კილოგრამს კიდევ დავიკლებ. ეს აბსოლუტურად საკმარისი იქნება და სამომავლოდაც 1-2 კილოგრამის მომატება აღარ შემეშინდება (იცინის).
– ალბათ, ამ ნაბიჯმა განსაკუთრებული თვითკმაყოფილების განცდა მოიტანა.
– აუცილებლად. პირველ რიგში, სიმსუბუქე. კიბეზე თავისუფლად შემიძლია ასვლა, დისკომოფრტის გარეშე, თვითმფრინავში კომფორტულად ჯდომა და ასე შემდეგ. სამოსის შერჩევის მხრივაც გამარტივდა საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე ძალიან მომწონს აკადემიური ჩაცმა, ყოველდღიურობაში კედები და ჯინსები მიყვარს, რასაც ბოლო წლებში ვეღარ ვიცმევდი ისე, როგორც მე მინდოდა. ახლა აღარ ვფიქრობ, რომ რაღაც უნდა დავფარო და თავისუფლად შემიძლია, ის ჩავიცვა, რაც მინდა (იცინის). უკვე ეკრანზეც სხვანაირად მომწონს ჩემი თავი და საერთო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ნაბიჯის გამო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





