როგორ მართლდება ჯანო იზორიას ინტუიცია და რა წარმოუდგენელი ოცნებები ახდა მის ცხოვრებაში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 30.09
იღბალი და შრომისმოყვარეობა, რომელს რა წვლილი მიუძღვის ჯანო იზორიას წარმატებაში, ამაზე მსახიობი თავად მოგვიყვება.
ჯანო იზორია: იღბალს ნამდვილად არ ვემდური. მასთან დაკავშირებით რომ ვიწუწუნო, არ ვიქნები მართალი. იღბალი მაქვს, მაგრამ შრომის პარალელურად. ისე არ ყოფილა, რომ მოძრაობა შემეწყვიტა და იღბლის იმედად ერთ ადგილას დავმჯდარიყავი. მგონია, რომ მონდომებით მე თვითონაც ხელს ვუწყობ ჩემს იღბალს.
იღბლიანი ვარ, აბა რა, ჩემს პროფესიაში საოცარ ადამიანებთან მომიწია პარტნიორობა ეკრანზე თუ სცენაზე. ძალიან კარგ რეჟისორებთან მიმუშავია, ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში ანსამბლებიც საოცარი ყოფილა. საკუთარ თავთან მარტო რომ დავრჩენილვარ, მიფიქრია, ნუთუ, ეს მართლა მოხდა ჩემს ცხოვრებაში-მეთქი. ანსამბლი „ივერია“ ავიღოთ და „ჩხიკვთა ქორწილი“, რომელშიც თემურ წიკლაურთან და მთელ ამ პლეადასთან ერთად მივიღე მონაწილეობა: კვაშალი, ტატიშვილი, ზღვაური, კობალაძე, თოდაძე – ეს ყველაფერი ბაღაშვილების შემოთავაზებით დაიწყო. იღბალია, აბა, რა არის ასეთ ადამიანებთან ერთად „ბლექ სი არენას“ სცენაზე დგომა?! მე რეზო ჩხეიძის სტუდენტი ვიყავი, ჩემი პედაგოგი კი თემურ ფალავანდიშვილი იყო, საოცარი ჯგუფელები მყავდა. „ცეკვავენ ვარკვლავებში“ მოვხვდი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იღბალია.
იღბალი კარგია, მაგრამ შრომაც მიყვარს. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ სიზარმაცეც არის, მაგრამ თუ რამეს მიზნად დავისახავ, საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვან.
– სიზარმაცის უფლებას როდის აძლევ თავს?
– ეგ რომ ვიცოდე, მაშინ არ მივცემდი უფლებას. არის სიტუაციები, როცა თავისთავად ხდება და ნერვები მეშლება ხოლმე. თავს ასე ვიმართლებ – სიზარმაცე იმდენად არა, რამდენადაც გადაღლილობა. ადამიანს გიწევს პარალელურად გადაღებებზეც იყო, სპექტაკლიც ითამაშო, კიდევ რაღაც პროექტია და ვცდილობ, ყველაფერი ერთად მოვასწრო, თუმცა რაღაცას ხარისხი ეკარგება. სამწუხაროდ, ხდება ასე. ამას ბევრი მიზეზი აქვს, ქვეყანაში მსახიობებს მატერიალურად ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ ბევრი რამის შეთავსება გვიწევს. ისეთი ჰონორარი რომ გვქონდეს, როგორიც სხვაგან აქვთ, მაშინ დავაბალანსებდით ყველაფერს, მაგრამ ასე არ არის. ამიტომ, მეზარება არა, მაგრამ შეიძლება, გადაღლილობამ რაღაც გამოიწვიოს.
– რთულ პერიოდებში რა გეხმარება ფეხზე წამოდგომაში?
– ასეთიც უამრავია. რთულ პერიოდებში ფეხზე წამოდგომაში ის ადამიანები მეხმარებიან, ჩემზე რომ ხელს ჩაიქნევენ ხოლმე და ჩათვლიან, რომ დამთავრებულია, ვერ შევძლებ. ასეთი ადამიანები ჩემი სტიმულები არიან. თუმცა, ყველაზე მეტად რწმენა და ღმერთი მეხმარება ყველაფერში. დიდად მორწმუნე ადამიანი არ ვარ, სამწუხაროდ, ვერც წირვა-ლოცვას ვესწრები, მაგრამ ძალიან მეშინია ღმერთის და მისი იმედი ყოველთვის მაქვს. რაც კი რამ ხდება იღბალთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ მის გარეშე არ ხდება.
– ერთდროულად ბევრი სამუშაო და გადაღლილობა ახსენე. ხარ ადამიანი, ვინც ამ ყველაფრის ფონზე საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდება – ფიზიკურს თუ მენტალურს?
– არა, არა და არა. სამწუხაროდ, კატეგორიული არას თქმა მიწევს. ძალიან ხშირად მეუბნებიან კომპლიმენტს, რამხელა ენერგია გაქვს, როგორი ენერგიული ხარო, მაგრამ ჩემი შინაურები მეტყვიან ხოლმე, ცოტა უნდა დაზოგო თავიო. არ გამოდის დაზოგვა, დასვენება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ყველაზე კარგად ოჯახში ვისვენებ, ვცდილობ, ძალები აღვიდგინო და ცალკე ეს მიშლის ნერვებს, რომ მაგ დროს რამეს ვერ ვაკეთებ. ფოთელი ვარ, აფხაზეთში დაბადებული და იქ იქნებოდა ჩემთვის საუკეთესო დასასვენებელი ადგილი. დასვენებაში იახტით სეირნობას არ ვგულისხმობ, თუმცა, ესეც ვიცით, გემოვნება „გვაქვს“, მაგრამ მე ჩემს ოჯახურ გარემოში ვისვენებ (იცინის).
– რა არის ამდენი შრომის მიზანი – უფრო მეტად კარიერისტი ხარ თუ მატერიალური საჭიროებებიდან გამომდინარე სხვანაირად არ გამოდის?
– ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამეები მოხდა, საერთოდ რომ არ ველოდი. ბევრი ჩემი მეგობარი, ვინც თეატრალური დაამთავრა და ჩემზე ბევრად ნიჭიერები იყვნენ, დღეს საერთოდ სხვა სფეროში არიან. იღბალია, რომ მე დღეს აქ ვარ, მაგრამ კარიერისტობა მაინც სხვაა. ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მსიამოვნებს. მსახიობი რომ ხარ და შენი ფილმი და როლი ყურადღების ცენტრში მოექცევა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. თუ ეს ყველაფერი დროს გაუძლებს და შენს არყოფნაშიც გაგიხსნებენ, ეს ხომ საოცარია. ხარ კი ღირებულის შესაქმნელად დაბადებული? არ ვიცი, მე ამაში დღესაც ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, მაგრამ რაც დღეს ჩემ გარშემო ხდება, ამის გამო ბედნიერი ვარ. ვგრძნობ, რომ ვუყვარვარ ადამიანებს, შეიძლება, ყველას არა, მაგრამ ამისთვისაც მადლობელი ვარ. ასე თუ შევხედავთ, მშვენივრად წარიმართა ჩემი კარიერა და როგორ არ უნდა მიხაროდეს ეს?! თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ კარიერსიტი და მონადირე ვარ.
– წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ინტუიციასაც დიდი ძალა აქვს. ამ მხრივ თუ ხარ იღბლიანი?
– სხვათა შორის, მადლობა ღმერთს, არც ინტუიციას ვუჩივი. შეცდომებიც დამიშვია, მაგრამ ჩემი ინტუიცია, ძირითადად, ამართლებს ხოლმე. რაღაცებზე უარი მითქვამს, რადგან გული ცუდს მიგრძნობდა. ერთ ისტორიას გავიხსენებ: ფილმ „ჰორიზონტის“ გადაღებები არ იყო დაწყებული და თეატრში ხელმძღვანელობასთან რაღაც პრობლემა შემექმნა. მაშინ ვუთხარი, ფილმია, მთავარი როლია და თუ შესაძლებელია, იქ ვიქნები, მერე აქაც ყველაფერს მოვახერხებ-მეთქი. გეუბნებით, ფილმი ჯერ გადაღებული არ იყო, მაგრამ ამ თემაზე კამათისას, რაღაცამ მათქმევინა, მე შეიძლება, ამ ფილმით „ბერლინალეზე“ მოვხვდე-მეთქი. თეატრიდან პოლონეთში ვარ გასტროლებზე და ამ ფილმის უნიჭიერესი რეჟისორი თინა ყაჯრიშვილი მწერს, საერთაშორისო პასპორტი გაქვს? „ბერლინალეზეა“ ფილმი წარდგენილიო. ხომ წარმოგიდგნია, რა დამემართებოდა?! ინტუიციამ მათქმევინა ეს სიტყვები და მალე რეალობად იქცა.
კიდევ ერთი ამბავი იყო: „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რომ დამიძახეს, თეატრში ისევ იყო საუბარი, მაგრამ გული რომ კარგს გიგრძნობს, თან, მინდა ვიცეკვო, ჩემი საოცნებო პროექტი იყო და რა თქმა უნდა, მინდა მონაწილეობის მიღება. მაშინ მოხეტიალე ამბები მქონდა დედაქალაქში, რადგან ბინა არ მქონდა და თეატრში ლაპარაკი რომ იყო ისევ და ისევ დროსთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ცეკვები ჯერ დაწყებულიც არ იყო, ვუთხარი, ამ პროექტში მე შეიძლება, ბინა მოვიგო და რა გამიხურეთ საქმე-მეთქი (იცინის). ისე აგიხდეთ ყველაფერი. „სუხიშვილებმა“ ბინა გადმომცეს – ესეც ჩემი ინტუიცია! (იცინის) რაღაცებს არ ვუჩივი და ისეთ ღობეებზე არ ვხტები, სადაც ჩამოვეხევი.
– რამდენად გიმართლებს ადამიანებში?
– ძალიან. თავშიც ვთქვი, როგორ ადამიანებთან მომიხდა ურთიერთობა. მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისთვის, თუნდაც იმ პატივისცემისთვის, რასაც ვგრძნობ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. როდესაც ადამიანებს უყვარხარ და პატივს გცემენ, ამას მოფრთხილება უნდა. გარდა ამისა, ბავშვობიდან, უბანში, სამეგობროში, ოჯახში, ძალიან სუფთა და წესიერი ხალხი მყავდა. ერთი დასტვენა და, გვიჭირს თუ გვილხინს, ერთად ვართ. მერე ცხოვრებამ ისეთ ადამიანებს შემახვედრა და ისეთ მსახიობებთან მომიწია თამაში, რომ ვერ წარმოვიდგენდით. თუნდაც „ბოლო სეზონი“ ავიღოთ: დათო დვალიშვილი, რეზო ჩხიკვიშვილი, ზაზა კოლელიშვილი, თემიკო ჭიჭინაძე, მერაბ ნინიძე, ზაალ ჩიქობავა. სტუდენტობის დროს ამ ადამიანებს სცენზე რომ ვხედავდი, რას წარმოვიდგენდი, თუ ოდესღაც მათი პარტნიორი ვიქნებოდი და ვიმეგობრებდით კიდეც. „ივერიაზე“ უკვე ვისაუბრე. ლეგენდარულ ანზორ ერქომაიშვილთანაც მქონდა შეხება, ანსამბლ „ერისიონითან“ და მე ეს ყველაფერი მავსებს და მაბედნიერებს. ასე რომ, იღბალს ამ მხრივაც არ ვუჩივი. უიღბლო ერთ რამეში აღმოვჩნდი, ნაადრევად დამაკლდნენ საუკეთესო მეგობრები ბოლო წლებში – ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე. სამწუხაროდ, ასეთი ტკივილი არის ადამიანის ცხოვრებაში და ჩვენ ვერაფერს ვცვლით, თუმცა, ცხოვრების უმადური არ ვარ და კარგის დანახვაც შემიძლია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან