შოუბიზნესი

როგორ იწინასწარმეტყველა რობიკო სტურუამ ქეთი სვანიძის გათხოვება

№37

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 19.09

ქეთი სვანიძე
დაკოპირებულია

რუსთაველის თეატრის მსახიობმა, ქეთი სვანიძემ საკმაოდ რთული გზა გაიარა, თუმცა, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, მან მოახერხა, წარმატებული მსახიობი გამხდარიყო და ბედნიერი ოჯახი შეექმნა. ვისი დამსახურებით შეძლო სირთულეებთან გამკლავება და განსაკუთრებით რისთვის არის ცხოვრების მადლიერი, ამას ინტერვიუდან შევიტყობთ.

ქეთი სვანიძე: პანდემიამდე ძალიან დატვირთული და აქტიური გრაფიკი მქონდა, შესაბამისად, თეატრისა და საქმის გარეშე ამ პერიოდში ძალიან გამიჭირდა, ამიტომ, პანდემიის დასრულების შემდეგ საკუთარ საქმეში დაბრუნებამ ძალიან გამაბედნიერა. თან კარგი პერიოდი მქონდა – პატარას ველოდებოდი, კარგი დასვენებაც გამომივიდა და პატარა დანიელიც შემეძინა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სტრესული პერიოდი იყო, განსაკუთრებით ჩემს მდგომარეობაში, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ძალიან დიდი შემართებითა და სიხარულით დავბრუნდი თეატრში და ერთი პრემიერაც ვითამაშე. დანიელი სამი თვის იყო, როცა დამირეკეს და ბატონ გოჩა კაპანაძესთან, გიორგი ერისთავის პიესა „ძუნწში“ მონაწილეობა შემომთავაზეს. დიდი სიხარულით დავთანხმდი, ხელი მაქსიმალურად შემიწყვეს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. შანსი მომცეს, დიდი შუალედის შემდეგ ბედნიერად დავბრუნებულიყავი. პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა. ამ სპექტაკლით საქართველოს მასშტაბითაც ვიმოგზაურეთ და სექტემბერში კვლავ გავაგრძელებთ.

– დაბრუნება რთული არ იყო? შინ სამი თვის დანიელი უნდა დაგეტოვებინათ.

– კი, ძალიან რთული იყო. ამაზე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ჩემი ცხოვრება იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული თეატრთან, რომ მე ამის გარეშე არ შემიძლია. ზუსტად ვიცოდი, რომ საქმის გარეშე ყოფნა, ძალიან დიდ დეპრესიაში ჩამაგდებდა, ისედაც ძალიან გამიჭირდა ასეთი ხანგრძლივი დროით უმოქმედოდ ყოფნასთან შეგუება. ძალიან შემიწყვეს ხელი და მთელი დღე ჩვეული გრაფიკით არ მიწევდა თეატრში ყოფნა. დედა ძალიან მეხმარებოდა ამ პროცესში – დანიელს მას ვუტოვებდი, თუმცა დიდი ხნით არ დამჭირვებია დატოვება. ვცდილობდი, მოკლე დროში გამეკეთებინა მაქსიმუმი, რომ მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარვმდგარიყავი. მგონია, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდა.

– როგორი აღმოჩნდა დედობა?

– სანამ დედა არ გახდები, ამ გრძნობის მნიშვნელობას ვერასდროს მიხვდებიო – ეს ფრაზა ხშირად მესმოდა და მეგონა, რომ ვიგებდი, მაგრამ თურმე, ვცდებოდი. მართალი ყოფილა, სანამ თვითონ არ გამოცდი, ვერ აღიქვამ ისე, როგორც რეალურადაა. სამყარო შეიცვალა და ახლა ყველაფერი დანის გარშემო ტრიალებს. ამაზე დიდი ბედნიერება, ცხოვრებაში არ მეგულება. ყველაფერს დანისთვის ვაკეთებ, მისთვის მინდა, რომ ვიყო წარმატებული და ჩემს პროფესიაშიც ისევ მისთვის მინდა ყველაფრის გაკეთება, რომ სამომავლოდ კარგად იცხოვროს, ბედნიერი და ლაღი იყოს. იმაში, თუ დღეს რამეს წარმოვადგენ, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დედაჩემს – ესმა მიქელაძეს. ჩვენ, ბავშვობიდან მოყოლებული, ძალიან რთული გზა გავიარეთ და დედაჩემის მაგალითიდან გამომდინარე, ძალიან მინდა, მეც შევძლო ჩემი შვილისთვის კარგი დედობის გაწევა.

– ახლა, როცა თვითონაც დედა ხართ, ყველაფერს სხვანაირად აღიქვამთ, არა?

– მოგეხსენებათ, ჩვენ აფხაზეთიდან ვართ. ძალიან რთულ პერიოდში მოგვიწია თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლა. მაშინ სამი წლის ვიყავი, მამა დამეღუპა და დედამ მაქსიმუმი გააკეთა ჩემთვის. მიმიყვანა ყველგან, სადაც შეიძლებოდა, კარგი განათლება მიმეღო. დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი, ვოკალური ათწლედი, ოპერაში ბავშვთა გუნდში ვმღეროდი, „ერისიონში“ ვცეკვავდი. სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც ვიყავი. მაქსიმუმი გააკეთა, რომ ამ პროფესიაში წარმატებული ვუყოფილიყავი. მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ყველგან ფეხით დავდიოდით. თუმცა, მარტო მე არ გამივლია ეს გზა, მხოლოდ ჩვენ არ გვიჭირდა, მაგრამ ჩემთვის ორმაგად რთული იყო. ეს ის პერიოდია, როცა თბილისში და მთელ საქართველოში ყველას ძალიან უჭირდა და ამ გაჭირვებულ დროს დევნილობა კიდევ უფრო მძიმეს ხდიდა ჩვენს ყოფას. საერთო საცხოვრებელში გავიზარდეთ, რასაც კიდევ თავისი სირთულეები ახლდა. ძალიან ვაფასებ იმ ამაგს, რომელიც დედამ ჩემთვის გასწია და ვხვდები, რომ ამის სათანადოდ დაფასება შეუძლებელია. დღეს, დანის რომ ვუყურებ, ვფიქრობ, იმ უშუქობაში, უგაზობასა და უწყლობაში, საერთო საცხოვრებლის სირთულეების ფონზე, დედამ ამდენი რამ როგორ მოახერხა. ის დღესაც გვერდით მიდგას. თუ რამეს ვაკეთებ, თუ შემიძლია სცენაზე ვიდგე, მაქსიმალურად მისი ხელშეწყობით, რადგან მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი ბავშვთან ერთად რამდენად რთულია. გვინდა, ჩვენი დიდი წვალება და ბევრი შრომა სწორად წარიმართოს. ახლა უკვე მხოლოდ დედა არა, მეუღლეც დაემატა – ისიც ძალიან მიდგას გვერდში და ვიტყვი, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი აღმოვჩნდი. შრომა, რომელიც გავწიე ასმაგად მიბრუნდება და უფლის მადლიერი ვარ. რუსთაველის თეატრმაც ძალიან თბილად, შვილივით მიმიღო. ბატონმა რობიკომ წარმოუდგენელი ოცნება ამიხდინა. რუსთაველის თეატრში რომ მოვხვდი, მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრებაში შეიძლება, ყველაფერი გამოგივიდეს. თუ დიდ შრომას გასწევ და ფარ-ხმალს არ დაყრი, ყველაფერი მოვა. ბევრი დაბრკოლებაც უნდა გაიარო. უბრალოდ, ჩვენ ცხოვრებაში ძალიან გვეჩქარება, მაგრამ ყველაფერი ისე მოდის, როგორც საჭიროა, ხან დაცემის და ხან წამოდგომის შედეგად, მაგრამ მსახიობი ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს. სადღაც გამოვა, სადღაც – არა, ეს ცხოვრებაა და მე ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი საქმის გამო. ორივეგან დიდ სიყვარულს ვდებ და მიხარია, რომ ეს სიყვარული უკან მიბრუნდება.

– როგორია ბატონ რობიკოსთან მუშაობა?

– გარედან ბევრს საუბრობენ, ზოგი მართალია, ზოგი – არასწორი. ჩემთვის ერთი დიდი ბედნიერებაა მასთან ერთად მუშაობა. თუმცა, მარტივი არ არის, ძალიან რთულია, იმიტომ, რომ საკმაოდ მომთხოვნია, მაგრამ საქმეში ასეც უნდა იყოს. სცენაზე საოცრებებს გაგაკეთებინებს, მაგრამ შენზეც ბევრია დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ გაიგებ მის მოწოდებულს. მაქსიმალურად უნდა აჰყვე მის ფანტაზიებს. ჩემთვის ყველა რეპეტიცია ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრს ვსწავლობ, რთულია, მაგრამ დიდი ბედნიერებაა. ჩვენი საქმე ასეთია – გარედან მარტივი ჩანს, რეალურად კი ძალიან რთულია, თუმცა უზომოდ საინტერესო. ბატონ რობიკოში განსაკუთრებით მიყვარს, რომ ის ერთი მხრიდან არ გხედავს. შენ რომ ვერ წარმოიდგენ, იმას გაგაკეთებინებს, შენ რომ ვერ იფიქრებ, იმ როლს გათამაშებს. მაქსიმალური უნდა გააკეთო, ყველაფერი აიტანო, ხან ძალიან რთული და ხანაც ძალიან ბედნიერი რეპეტიციები გვაქვს, მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს, ყველა რეჟისორთან მუშაობა თავისებური სირთულეებით გამოირჩევა. რობიკოსგან ყოველდღე ბევრს ვსწავლობ.

– თქვენი ოჯახის ისტორიაც მოვყვეთ, ვინ არის მეუღლე?

– ჩემი მეუღლე ბავშვთა ქირურგი ზურაბ ძიძავაა. ჩვენი ისტორია სიონში, ჩემს სახლში დაიწყო. ჩვენი ერთ-ერთი მსახიობის – ზუკა გულედანის დაბადების დღე ჩემთან აღვნიშნეთ. ჩემი მეუღლე მისი ძალიან ახლო ძმაკაცია, ჩამოვიდა და პირველად იქ შევხვდით ერთმანეთს.

– და ყველაფერი პირველივე შეხვედრიდან დაიწყო?

– მისი მხრიდან პირველივე შეხვედრიდან დაიწყო, ჩემთან მერე და მერე მოვიდა ძალიან დიდი და ლამაზი სიყვარული. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი შემხვდა. დედაჩემის შემდეგ, ის ძალიან მიდგას გვერდით. ამას ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი, მინდოდა, ჩემი პროფესია ჩემი მეორე ნახვერისთვისაც ძვირფასი ყოფილიყო. ყველა სწორად ვერ იღებს, არ არის მარტივი და მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი ახალი როლი თუ პრემიერა ზურას ჩემზე მეტად უხარია. ხშირად დადის სპექტაკლებზე, ბევრ საკითხს ერთად განვიხილავთ და მიუხედავად მისი საოცარი გრაფიკისა, მოგეხსენებათ, ექიმებს ძალიან რთული, მსახიობებზე უარესი რეჟიმი აქვთ, მაინც ახერხებს, ჩემ გვერდით იყოს და ხელი მაქსიმალურად შემიწყოს. ყველაფერი ძალიან ლამაზად დავხატე, მაგრამ მართლა ასეა და მადლიერი ვარ ამისთვის.

– თქვენი რომელიმე რომანტიკული ამბავიც გავიხსენოთ.

– ზურამ ძალიან ლამაზი სიურპრიზი გამიკეთა. ახალ წელს მთელი ჩვენი სამეგობრო შეკრიბა და მოულოდნელად ხელი მთხოვა. ეს ყველაფერი ძალიან რომანტიკული და ლამაზი გამოვიდა. ყოველთვის მიყვარდა მსგავსი ჟესტები და ძალიან გამახარა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მაშინ საახალწლო სპექტაკლს ვაკეთებდით. ბატონი რობიკო იმ სპექტაკლში მნიშნავდა, ეს რეპეტიციებზე უკვე გაკეთებული გვქონდა და ზურამ ეს სცენა რეალობად აქცია (იცინის). ხშირად აღნიშნავენ ხოლმე ბატონი რობიკოს წინასწარმეტყველურ უნარზე და ესეც რომ დაემთხვა, ძალიან ბევრს ვხუმრობდით. განსაკუთრებულად ბედნიერად მახსოვს ეს პერიოდი, ეს ამბავი. 31-ში მოხდა, 2-დან კი დღეში ორ სპექტაკლს ვთამაშობდით და მთელი იანვარი, ყოველდღე, ჩემს გაბედნიერებას აღვნიშნავდით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №49

5–11 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 7 – 13 ნოემბერი