შოუბიზნესი

როგორ იცავდა ქუჩაში ქალებს კესარია აბრამიძე და როგორ წარმოედგინა მას სიცოცხლის დასრულება

№39

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.09

კესარია აბრამიძე
დაკოპირებულია

18 სექტემბერს, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს. კესარია „თბილისელების“ ერთგული რესპონდენტი იყო და ჩვენს არქივში მისი არაერთი ინტერვიუ ინახება, საიდანაც საინტერესო მომენტებს გთავაზობთ.

– როგორ შექმენი შენს თავში იდეალური ქალი?

კესარია აბრამიძე: საკუთარ თავში იდეალური ქალი ბავშვობიდან შევქმენი. მე ამ ქალს ვხატავდი, შემდეგ ხორცი შევასხი და დღეს ეს არის კესარია, რომელიც საკუთარი თავით ამაყობს.

– რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სირთულე?

– საქართველოში ჩემნაირი ადამიანი იყო პირველი, არ არის მარტივი. ეს იყო რევოლუციის გზა, ეკლიანი, რომელიც მე გავიარე და რომელიც აპლოდისმენტებით დაგვირგვინდა. როცა ხედავ, რომ სწორად მიდიხარ, კარგი „ტიპი“ ხარ, ეს ყველაფერი „ასწორებს“ და ძალიან მაგარ შეგრძნებებს გიტოვებს. ბავშვობიდან მქონდა პროტესტი, თავისუფლებისკენ ვისწრაფოდი. მინდოდა, ყველგან ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, თუნდაც ის მიუღებელი ყოფილიყო ყველასთვის. ვგრძნობდი, რომ განსხვავებული ვიყავი. ეს არ ეხება ორიენტაციას. ყოველთვის მქონდა განსხვავებული აზრი და ჩემი გამქონდა. ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი და მე ეს თავისუფლება მოვიპოვე. ჩემი განვლილი ცხოვრებიდან არ მომწონს ის, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჩემი ცხოვრებიდან წავშლიდი. კონფლიქტები, სირთულეებიც მქონია, მაგრამ იმდენად ვიყავი ამ ყველაფერს მიჩვეული, რომ დიდი ყურადღება არც მიმიქცევია. თვითდაცვის მექანიზმი სულ მქონდა ჩართული. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ენერგეტიკა გაქვს. ერთხელ სალონში ქალმა მითხრა: მეზიზღებოდი, ჩემი ქმარი შენს ვიდეოებს, გამოსვლებს სულ ბედნიერი სახით უყურებდაო. როცა სუფთა ენერგეტიკა გაქვს, დადებითი, კარგი „ტიპი“ ხარ, მერე ეს დამოკიდებულება ქრება. ამ შემთხვევაშიც ასე იყო: ახლა აღარ მეზიზღები, აღარ მიკვირს ჩემი ქმრისო.

– შენ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ, გამოგივიდა საკუთარი ცხოვრების შექმნა. შეძელი საზოგადოებას ისეთად მიეღე, როგორიც ხარ და სიყვარულიც დაიმსახურე.

– კი, ეს შეიძლება ჩემი სიძლიერის დამსახურებაა და ოჯახის გავლენაც. დღეს რომ ვიხსენებ, ცოტა მიკვირს ჩემი თავის, მაშინ გიჟი ვიყავი. ვფიქრობ ხოლმე, რა მინდოდა-მეთქი, მაგრამ ამ ყველაფერმა ძალიან კარგად იმუშავა. მართალია, ლგბტ ადამიანები დიდად არ აფასებენ ამ ყველაფერს, მაგრამ მე ჩემი გავაკეთე. გზა გავუკვალე ამ ადამიანებს, რომლებიც თითქოს კარადაში იყვნენ შეკეტილი. ვფიქრობ, რომ ძალიან დავეხმარე.

იმან, რომ ბევრი შეძლებული თაყვანისმცემელი გყავს, გაგაზარმაცა?

– ალბათ, კი. ბევრჯერ ვცადე მუშაობა, მათ შორის ტელევიზიაშიც. მყავდა შეყვარებული, რომელიც ყველანაირად უზრუნველმყოფდა, მაგრამ, თან, კარგი თვისება ჰქონდა, მეუბნებოდა, მინდა, შენც იმუშაოო, მაგრამ უფროსის დაქვემდებარებაში ყოფნა ჩემი სტილი არ არის. ზოდიაქოთი ლომი ვარ და მე თავად უნდა ვმართავდე. სხვები რომ გეუბნებიან, როგორ უნდა მოიქცე, ეს არ არის საჩემო. მივხვდი, რომ ტელევიზიაც ზუსტად ამ მიზეზით არ მომწონდა. სხვები რომ მკარნახობენ, რა უნდა ვთქვა, ეს არ შემიძლია. საერთოდ, მე არ შემიძლია სხვას დავემორჩილო. მორჩილი მხოლოდ სიყვარულში ვხდები. ისე დაუმორჩილებელი ვარ და ჩემი აზრი ყოველთვის კარგი ტიპია, თუმცა, საყვარელი ადამიანების აზრსაც ვითვალისწინებ.

გახსოვს შენი პირველი შემოსავალი?

– კი, მაშინ პატარა ვიყავი, ალბათ, მეშვიდე-მერვე კლასში და მაკიაჟის კეთება დავიწყე. 15 წლისას უკვე მთლიანად ჩემი ფული მქონდა. ვაგროვებდი ფულს და ძირითადად, ჩემს თავს ვახმარდი. 16 წლის უკვე სახლს ვქირაობდი და მარტო ვცხოვრობდი. მარტოს გამქონდა თავი და საკმაოდ დიდი თანხები მჭირდებოდა. საკმაოდ რთული იყო. ია-ვარდით მოფენილი ცხოვრება ნამდვილად არ მქონია. არც ჩემი მშობლები ყოფილან მილიონერები, ჩვეულებრივი მაცხოვრებლები იყვნენ. რადგან დამოუკიდებლად ცხოვრება თვითონ გადავწყვიტე, პასუხისმგებლობებიც ჩემს თავზე ავიღე. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით დიდი არ ვიყავი, გზიდან არასდროს გადამიხვევია და ფული არასწორი გზებით არ მიშოვია. ამ საკითხს რომ ვუკვირდები, ვხვდები, რომ ფულს ვიზიდავ. მახსოვს, ჯერ კიდევ წლების წინ მეკითხებოდნენ ხოლმე მეგობრები, ფული სულ გაქვს, ერთად დიდ დროს ვატარებთ და ამ პერიოდში არაფერს აკეთებ, საიდან იზიდავ ამ ფულსო?! (იცინის). სადმე რომ მივდიოდით ერთად, თანხას ყოველთვის მე ვიხდიდი. საბედნიეროდ, მაქვს ეს მიზიდულობა.

ამ საკითხში იღბლიანი ვარ. არც პატარა და არც ზრდასრულ ასაკში არ მითხოვია სხვისთვის ფულის სესხება. შეიძლება, ერთი-ორჯერ დამჭირდა დახმარება, მაგრამ არაფერი მნიშვნელოვანი.

როდის ყოფილხარ ყველაზე სასტიკი?

– სასტიკი და დაუნდობელი ხშირად ვარ (იცინის). როცა უსამართლობას ვხედავ, როცა მე მექცევიან უსამართლოდ, მშვიდად ვერ ვხვდები. ქუჩაში გოგოსა და ბიჭის კონფლიქტს შევსწრებივარ და ჩავრეულვარ და რა თქმა უნდა, გოგოს პოზიცია დამიცავს.

ბოლოს, რა მოისმინე შენ შესახებ, როგორც კარგი, ისე ცუდი?

– მეგობარმა დამირეკა, გავიგე, დედოფალი გარდაიცვალა და ხომ კარგად ხარო? ასეთი ჭორი გაავრცელეს ჩემზე (იცინის). ცოცხალი ვარ, არაჩვეულებრივად ვარ (იცინის). ქება ხშირად მესმის, ყოველდღე, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მაქებენ. ცუდი არ ვიცი, ლაივში არავის გავულანძღივარ, უფრო – სოციალურ ქსელში. ყველამ იცის, რომ გიჟი ვარ და ჩემთან ზედმეტები არ შეიძლება (იცინის).

– რა ხდება მაშინ, როდესაც კესარია ფურორს ახდენს საზოგადოებაში და მისით მამაკაცები ინტერესდებიან. ისინი მაშინვე იწყებენ აქტიურობას?

– მაღალი ფენა – და რესპექტაბელური მამაკაცები თავიდან ცოტათი თავს იკავებენ. მე ვინც მიცნობს, მერე ხვდება, რომ არ მიყვარს ზედმეტი ლაპარაკი. ჩემმა უახლოესმა დაქალებმაც არ იციან, ვინ მყოლია, ვისთან მქონია ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა სერიოზულია და არ მიმაჩნია ამაზე ხმამაღლა საუბარი საჭიროდ. დღეს ისეთი პერიოდია, თუ კაცი გყავს, ჯობია, თქვენს ურთიერთობაში არავინ ჩაახედო, შეხვედრაზე, პაემანზეც დაქალებთან ერთად არ უნდა წახვიდე. თუმცა, მე კაცთან ერთად სადმე მარტო არასდროს ვჩნდები. თუ ერთად ვართ, მაშინ იქვე, ძალიან ბევრი გოგონაა და ვერ მიხვდები, ის ვისთან არის. მაგრამ, თუ მამაკაცთან ღრმა ურთიერთობა მაქვს, მაშინ მას ყოველთვის მარტო ვნახულობ, მარტო ვხვდები. ჩემს ყოფილ მამაკაცზე ერთმა გოგომ მითხრა, შენ გვერდით რომ ვნახე, გავგიჟდი, ისეთი კარგი იყო, მაგრამ შენ გარეშე, ისეთი იყო, საერთოდ არ მიაქცევდი ყურადღებასო. ალბათ, ჩემ გვერდით კაცები უფრო თავდაჯერებულები არიან და, ქალების თვალში ფასს ვუწევ.

– როგორ ისურვებდი სიცოცხლის დასრულებას?

– სადმე მილიონიან ვილაში, დიდ აუზში, კარგად გარუჯული, ბევრი ბრილიანტითა და ბევრი შიშველი ბიჭით, რომლებიც მასაჟს გამიკეთებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ლამაზი გარემო, ლამაზი ადამიანები და სრული ნეტარება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა