როგორ ისწავლა ბარბარა სამხარაძემ ლაპარაკზე ადრე სიმღერა და რატომ დაუმალა მან ოპერაციის ამბავი დედას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 19:00

ვალიდა დათეშიძე ყველასთვის განსაკუთრებულად საყვარელი მომღერლის – ბარბარა სამხარაძის დედა გახლავთ. ქალბატონ ვალიდას ბარბარას ბავშვობის, მისი ხასიათის, ინტერესებისა და განვლილი გზის შესახებ ვესაუბრეთ და ბევრ საინტერესო ამბავიც შევიტყვეთ.
ვალიდა დათეშიძე: უხერხულია მშობლისგან შვილის ქება, მაგრამ სამართლიანი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ბარბარა ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. უწყინარი და კეთილი გოგო. ლაპარაკზე ადრე სიმღერა ისწავლა და ისე, უბრალოდ კი არ იმღერებდა, სიმღერას რომ დაასრულებდა, აუცილებლად აპლოთისმენტებით უნდა დაგეჯილდოვებინა. ითხოვდა ტაში დამიკარითო, ოვაციები მოსწონდა (იცინის).
– ალბათ, ბავშვობიდან იცოდით, რომ მისი ცხოვრება სცენას დაუკავშირდებოდა.
– მარტო კარგი სიმღერით არ იყო გამორჩეული. ძალიან სხარტი აზროვნება და კარგი მეხსიერება ჰქონდა. შინაურები ჟურნალისტობას და მსახიობობას უფრო უწინასწარმეტყველებდნენ.
– თვითონ რას ამბობდა?
– ისე უყვარდა შექება, ვისი კომპლიმენტიც მოეწონებოდა, მისკენ გადაიხრებოდა ხოლმე (იცინის). ყოველ საღამოს სოფელში, სახლების წინ, სკამებზე რომ ჩამოვსხდებოდით ხოლმე მეზობლები, ყველასთან სათითაოდ მივიდოდა, კონცერტი უნდა ჩაგიტაროო (იცინის). ყოველდღე ახალ სიმღერას სწავლობდა, საღამოს გარეთ რომ გავიდოდა, ახალი რეპერტუარი ჰქონდა (იცინის). ძალიან აქტიური იყო. დამამთავრებელ ჯგუფში ერთი საბავშვო ბაღიდან მეორეში გადავიყვანე და აღმოჩნდა, რომ იქ მუსიკის მასწავლებელმა არ იცოდა იმ სიმღერების დაკვრა, რაც ბარბარამ იცოდა. მასწავლებელი ხუმრობდა, რა ვქნა ახლა, სად ვისწავლო ეს სიმღერებიო და ბარბარამ, სად და დეიდაჩემთან მიდი და გასწავლისო (იცინის).
– ენამოსწრებულიც ყოფილა.
– ვაიმე, ენაბარაქას ეძახდნენ, მისთვის ჩამჭრელი კითხვა არ არსებობდა.
– ცელქი იყო?
– არა, არასდროს არაფერი გაუფუჭებია. ცელქი არა, მაგრამ ცოტა ჯიუტი იყო. მაგალითად, რომ ვეტყოდი თავის სათამაშოები მიელაგებინა, სანამ თვითონ არ მოესურვებოდა, ჩემს თქმაზე არ გააკეთებდა. არა, დედა, არ მივალაგებო, მეტყოდა ხოლმე და როცა მოეხასიათებოდა, მერე ადგებოდა და დაალაგებდა.
2-3 წლის იყო, გამოპრანჭულ გოგოს რომ დაინახავდა, ან ლამაზი სამკაული მოეწონებოდა, ან ტანსაცმელი, მივიდოდა და ეტყოდა, ვაიმე, რა ლამაზი ხარ, როგორ გიხდებაო. ბაღის მასწავლებლებსაც კომპლიმენტებით ავსებდა. ყოველთვის ძალიან გულღია და გულწრფელი იყო.
– სკოლაში როგორ სწავლობდა?
– ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ თან ზარმაცი, ჩემი გადმოსახედიდან, თორემ სკოლაში არავისზე ნაკლები არ ყოფილა, კარგად სწავლობდა. ისე ადვილად ითვისებდა ყველაფერს, მინდოდა, უფრო მეტი მოეთხოვათ, მეტი წაეკითხა და ესწავლა. მასალას კი თავისუფლად სძლევდა, მაგრამ მე მაინც სულ დანაკლისის შეგრძნება მქონდა.
ძალიან არ უყვარდა ისტორია. რომ მეცადინეობდა და მასთან შევიდოდი, მეტყოდა, დედა, მოდი რა კარგი სიმღერა გიმღეროო. მიმღერებდა, კონცერტებს მიტარებდა და ამასობაში მეც დამავიწყდებოდა ხოლმე, რომ ისტორია ჰქონდა სასწავლი (იცინის). ყველა საგანი უყვარდა ისტორიის გარდა. ისე ვიყავი შეწუხებული ამ ფაქტით, რომ მშობლებთან დავიჩივლე. მამამ მითხრა, შვილო, რომის იმპერია დაინგრა და დაანებე თავი ბავშვს, თუკი სიმღერა უფრო ეხალისება, ვიდრე ისტორიის სწავლა, ნურც შენ მოიშლი ნერვებს და ნურც თვითონ გაანერვიულებ, იღიღინოს და გაგვახალისოსო. ეს რომ გაიგო, მეუბნებოდა, აი, ბაბუამ რა გითხრაო (იცინის). იმას არ ვამბობ, რომ სასკოლო მასალას არ სწავლობდა, მაგრამ ისტორია, ხომ იცით, რამხელა მასალას მოიცავს, ვცდილობდი, რაც გაგვაჩნდა, ყველა წიგნიდან რამე ესწავლა, სხვადასხვა წყაროებს ვაკითხებდი და ის მხოლოდ იმით კმაყოფილდებოდა, რასაც სკოლაში სთხოვდნენ. მე უკმაყოფილო ვიყავი, მინდოდა, ნიჭი ბოლომდე გამოეყენებინა.
– პროფესიასთან დაკავშირებით თქვენ რა რჩევებს აძლევდით?
– მე ბარბარასთვის ტელეფონი არ მიყიდია. მისი და რომ სტუდენტი გახდა, სახარჯო ფულს ვაძლევდით და ის, თურმე, დანაზოგს აკეთებდა და ბარბარას დაბადების დღისთვის ტელეფონი აჩუქა. მე არ ვყიდულობდი, კეთილი ინებე, ყველა საგანში ტარდება სხვადასხვა კონკურსი, მონაწილეობა მიიღე, პირველი იყავი – ტელეფონსაც მოგცემენ, კომპიუტერთსაც, წაგიყვანენ და გეტყვიან, დედასაც წაუღე საჩუქრები-მეთქი (იცინის). პროფესიასთან დაკავშირებით კი მე არ მიმიცია რჩევები, თვითონ გაიკვალა გზა.
– პირველად რომ გამოჩნდა დიდ სცენაზე და მთელმა საქართველომ გაიცნო და შეიყვარა, ამ დროს რა ხდებოდა თქვენს ოჯახში?
– გამარჯვების მომენტში მთელი სოფელი ჩვენთან იყო. ერთად ვუყურებდით ფინალს. მე რაც შემეხება, ემოციებისგან ფსიქოლოგისა და ნევროპათოლოგის პაციენტი გავხდი (იცინის). ჩემი დიაგნოზი ბედნიერებისგან გამოწვეული ნევროზი იყო (იცინის). ექიმი მეუბნებოდა, ნეტა ბევრი იყოს შენისთანა უმიზეზო პაციენტიო და რაღა უმიზეზო, რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს, წამალი კი მჭირდებოდა. კონკურსებზე არ ვნერვიულობდი, რომელ ადგილზე გავიდოდა და გაიმარჯვებდა თუ არა, ეს არ იყო მნიშვნელოვანი. ჯერ საერთოდ უარზე ვიყავი კონკუსში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ჩემმა ოჯახმა „იძალადა“ და დავთანხმდი, იმ იმედით, რომ იქნებ ამ პროცესში, დაგვაკვალიანონ, რა მიმართულება უნდა აირჩიოს ბავშვმა-მეთქი.
ჩვენ ჩვეულებრივი გლეხები ვართ და ვფიქრობდი, ამხელა ბომონდსა და შოუ-ბიზნესში ჩემი მოკრძალებული ოჯახი და ეს ჩემი პატარა გოგო, რომელსაც ქალაქში ღამეც არ ჰქონდა გათენებული, კარუსელებზეც კი არ მჯდარა ნორმალურად, როგორ შეძლებდა რამის გაკეთებას. აი, ზუსტად ამის გამო ვნერვიულობდი ძალიან: რა იქნება, როგორ შევძლებთ-მეთქი, სულ ამას ვფიქრობდი და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რაც მოხდა.
– ისეთი გოგო გყავთ, არაჩვეულებრივად დაიმკვიდრა თავი მფარველებისა და დიდი კონტაქტების გარეშე.
– მადლობა ხალხს. აღიარეს, შეიყვარეს. მისი ადამიანობა დაინახეს. ჩემი შვილი რომ არის, იმიტომ არ ვამბობ, მაგრამ ბარბარა ძალიან დიდი ნუგეშია ჩემთვის. ისაა ჩემი ემოციებისა და ნერვიული მდგომარეობის წამალი. იმ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად მისი მანუგეშებელი სიტყვები დამეხმარა.
არიან მომღერლები, რომელსაც კონკრეტული თაობა უსმენს. ბარბარას მანქანა რომ გადასცეს, სიუჟეტს იღებდნენ და ბაბუამ გამოიარა შვილიშვილებთან ერთად. იკითხა, ამ მანქანას ბარბარას აძლევთო და უპასუხეს, კი, ძია, არ ეკუთვნსო?! ეკუთვნის კი არა, ბაბუა, ჩემი ნება რომ იყოს, ქალაქს ვაჩუქებდი, სიცოცხლე მომანდომაო. ბებია, ბაბუა, შვილები, შვილიშვილები, ერთნაირი ემოციებითა და სიყვარულით გვხვდებოდნენ ქუჩაში და დღემდე ასეა. ეს დიდი ბედნიერებაა.
– სახლში როგორი გოგოა?
– დედის გულის ვარდი (იცინის). სადაც ბარბარაა, იქ არის განწყობა, იმედი, ნუგეში. მარტო ჩემთვის არა, უბანში მოწყენილები რომ ვართ, არ არსებობს მან ხალისი არ შემოიტანოს. მშვიდია, გაწონასწორებული, ენერგიული, ხალისიანი და იმედის მომცემი.
– რამდენად ძლიერი გოგოა?
– ძალიან ძლიერია. მისი დაც ძალიან უმაგრებს ზურგს. ოპერაცია რომ გაიკეთა, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არც გამიმხილეს. მითხრეს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ აპირებდა გაკეთებას. დედა ისეც ლოცულობს ყოველდღე ოჯახისთვის და შვილებისთვის, მაგრამ მართლა ქადაგად დავვარდი, ოპერაციის ამბავი რომ მითხრეს. როცა დამირეკეს, უკვე ყველაფერმა ჩაიარაო, რაც წინასწარ რამდენიმე თვე უნდა მენერვიულა, იმ საღამოს ერთბაშად ვინერვიულე (იცინის). ჩავლილ ოპერაციაზე რაღა იყო სანერვიულო, მაგრამ ძალიან განვიცადე, როგორ მომიფრთხილდნენ ჩემი შვილები და რამდენი რამ აიღეს თავის თავზე-მეთქი. ძლიერები კი არა, ორივე უძლიერესია. ძალიან კარგი დობა აქვთ და ბედნიერებაა დედისთვის ამის ყურება. ყველა დედას ვუსურვებ, შვილებისგან ის ბედნიერება გამოსცადოს, რაც მე გამოვცადე ჩემი შვილების დამსახურებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან