მარიტა როხვაძე: ერთ დღეში გავჭაღარავდი, მეორე დღეს რომ გავიღვიძე და თმა გადავიწიე, სულ ჭაღარა ვიყავი
ავტორი: ნონა დათეშიძე 21:00
მომღერალმა მარიტა როხვაძემ დამოუკიდებლად ცხოვრება საკმაოდ ადრეული ასაკიდან, 13 წლიდან, დაიწყო და დღემდე არ შეუსვენია. ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში ემოციის მართვა ისწავლა, საკუთარი თავი მეტად შეიყვარა და იმ ადამიანებისთვის, ვინც მასზე ნეგატიურად მოქმედებს, საზღვრები დააწესა. ექვსი წელი გავიდა, რაც მამა გარდაეცვალა და მისი მფარველი ანგელოზი ზეციდან გახდა. ხშირად ესიზმრება და რთულ მომენტებს ღიმილით უმარტივებს. მომღერალი ახალ სიმღერაზეც მუშაობს, რაც მამისთვის საჩუქარი იქნება და ყველა იმ ადამიანისთვის იმღერებს, ვისი საყვარელი ადამიანებიც ზეცაში ანგელოზებად იქცნენ.
მარიტა როხვაძე: რაც წლები მემატება, მივხვდი, რომ უნდა იცოდე საკუთარი თავის დაფასება ისე, როგორც საჭიროა. თუ შენი თავი გიყვარს ისეთი, როგორიც ხარ, ყველაფრით, შენი ხასიათით, მათ შორის ნაკლოვანებებით, მაშინ სხვებსაც ეყვარები. ასე რომ, ვისწავლე საკუთარი თავის სიყვარული. და, როცა შენი თავი გიყვარს, ამით სხვების სიყვარულსაც იზიდავ.
– რამდენად კრიტიკული იყავი საკუთარი თავის მიმართ, სანამ ამ ყველაფერს გაიაზრებდი?
– სხვათა შორის, ადრე საკუთარ თავზე ვიღებდი ზედმეტ პასუხისმგებლობას, რომელიც სულაც არ იყო საჭირო. იქ, სადაც არ იყო საჭირო, ზედმეტად გამოვიდებდი თავს და მივხვდი, რომ ყველაფერში ზომიერებაა კარგი და რაც ასაკი გემატება, მით მეტად აანალიზებ და ხვდები ამას.
– დღეს რომ სარკეში იყურები, როგორ მარიტას ხედავ?
– დღეს რომ სარკეში ვიყურები, ვხედავ უფრო გაწონასწორებულ მარიტას, მშვიდს. ზოგადად, სულიერი სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. სარკეში ჩახედვისას იმ წლების წინანდელ მარიტას არ ვგავარ, უფრო ძლიერი და ჩამოყალიბებული ვარ. თავდაჯერებულობა არც ადრე მაკლდა, უბრალოდ, იმაზე მეტ პასუხისმგებლობას ვიღებდი ჩემს თავზე, ვიდრე უნდა ამეღო და ახლა ასე აღარ ვიქცევი. ამ გადასახედიდან იმ პატარა მარიტას, ვეტყვი, რომ ნელ-ნელა ვუსრულებ ოცნებებს და სურვილებს, ვცდილობ, რაც მაშინ არ ჰქონდა, დიდობაში ჰქონდეს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. სხვათა შორის, რაზეც გული მწყდებოდა, მაგალითად, არ მქონდა სათამაშო, მივდივარ და ახლა ვყიდულობ, იმ ბავშვურ ოცნებას დიდობაში ვიხდენ. ვფიქრობ, ადამიანმა თავისი ბავშვობა გულით უნდა ატაროს და საკუთარ თავში ბავშვი არასოდეს უნდა მოკლას. ადრეულ ასაკში იმაზე მეტი ნერვიულობა შემხვდა, ვიდრე საჭირო იყო. 13 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობდი, ვმუშაობდი, საკუთარი შემოსავალი მქონდა და დღემდე ასეა. ყოველთვის საკუთარი შრომითა და ბრძოლით მიწევს რაღაცების მიღწევა და ეს მიხარია, რომ ჩემით შემიძლია, გავაკეთო ყველაფერი ისე, როგორც მე მიხარია და მინდა. ბედნეირებაა, როცა შენ ხარ შენი თავის პატრონი. როცა რაღაც მინდა და ვუსრულებ საკუთარ თავს, ესაა ყველაზე მეტი ბედნიერება.
– ადრეული წლებიდან დამოუკიდებლად ცხოვრებამ და მუშაობამ, რა თვისებები გამოგიმუშავა?
– ხანდახან ვამბობ ხოლმე, ძალიან პატარა ასაკში მომიწია გაზრდა და დამოუკიდებლად ყოფნა-მეთქი. ამან ადამიანებთან ურთიერთობა მასწავლა. ყველაზე მეტად ცხოვრებაში რასაც ვაფასებ, არის ურთიერთობები და ადამიანების გამოცნობაც კარგად შემიძლია. უკვე ენერგიებით ვგრძნობ ადამიანებს და ზუსტად ვიცი, როგორია. ადრე თუ იყო ადამიანი, რომელიც არ მომწონდა, მაგრამ ურთიერთობა მქონდა, თუნდაც, საქმის გამო, ახლა საერთოდ არ მჭირდება ასეთი ადამიანი. მარტივად ვისწავლე ადამიანების ჩემი ცხოვრებიდან გაშვება. ზოგადად, ცალმხრივი არაფერი არ უნდა იყოს. ზედმეტი პასუხისმგებლობები რომ მოვიშორე – თავისთავად წავიდნენ ადამიანები ჩემი ცხოვრებიდან. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში ზედმეტად აღარავის ვუშვებ. 13 წლიდან დამოუკიდებლად ცხოვრებამ კი ბევრი რამ მასწავლა, თუნდაც ადამიანებთან ურთიერთობა და მათი ამოცნობა. ძალიან კომუნიკაბელური ვარ, მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ დაახლოებით, 5-6 წელია, საზღვრები დავაწესე. სხვათა შორის, ჩემს ხასიათში მომწონს, რომ ადვილად შემიძლია მიტევება, რადგან მერე მე უფრო მშვიდად ვარ. არ შემიძლია, გულში რაიმე ხინჯად მქონდეს, პატიება შემიძლია, მაგრამ მერე იმ ადამიანს მაინც ვუშვებ ჩემი ცხოვრებიდან. ადრე ძალიან ჯიუტი ვიყავი, რქებით გამქონდა სირთულეები და ეს გამოვასწორე. მამა მეუბნებოდა: ვირზე შემჯდარი აღარ ხარო (იცინის). ემოციების მართვა ვისწავლე და ამან უფრო მეტი სიმშვიდე მომიტანა.
– მიუხედავად წარმატებებისა, ცხოვრება ტკივილებით არის სავსე და რაც წლები გვემატება, ამას უფრო მძაფრად განვიცდით. ყველაზე დიდი ტკივილი და განცდა როდის მოგაყენა ცხოვრებამ?
– ყველაზე დიდი ტკივილი და განცდა საყვარელი ადამიანის დაკარგვა იყო. ერთ დღეში გავჭაღარავდი. გავიღვიძე მეორე დღეს და თმა რომ გადავიწიე, სულ ჭაღარა ვიყავი. მამაჩემის გაზრდილი ვარ და ბევრი მეუბნება, შენში მისი გავლენა იგრძნობაო. ძალიან რთულია, როცა უცებ გეცლება ხელიდან მესაიდუმლე, მეგობარი, მამა, ძმაკაცი, საყრდენი ადამიანი. მამაჩემს არასოდეს არაფერს ვუმალავდი. რაც კი ხდებოდა, პირველი მან იცოდა. მისი წასვლის შემდეგ მიჭირდა დაძინება და მედიკამენტებს ვსვამდი, რომ დამეძინა და ადეკვატური ვყოფილიყავი. ექვსი წელი მალე გავიდა, დღემდე ვერ ვიაზრებ, რომ არ მელოდება, თუმცა, სულ მაქვს მასთან კომუნიკაცია და ვიცი, ჩემი მფარველი ანგელოზია. თუ რამე მიჭირს, იმ ღამეს მოდის ღიმილიანი სახით და მეუბნება: ყველაფერი კარგად იქნება. მეორე დღეს ჩემ ირგვლივ მართლაც ყველაფერი წყნარდება და ლაგდება. დრო არაფრის მკურნალი არ არის, უბრალოდ, გაჩვევს მონატრებასთან და ტკივილთან ერთად ცხოვრებას.
– ბევრს უჭირს სასაფლაოზე მისვლა. შენს შემთხვევაში როგორ არის?
– მამა რომ დავკრძალეთ, იმ დღის მერე დიდი ხანი სასაფლაოზე ვერ ავდიოდი, რადგან სასაფლაო არის ადგილი, სადაც სურათს უყურებ და იჯერებ, რომ ის ადამიანი აღარ არის. გარკვეული დროის მერე მივედი საფლავზე და ისტერიკულად ვტიროდი, ვყვიროდი, სასწაული ხმა ამომდიოდა. ამ ჩემი ემოციით ბოლომდე ამოვუშვი დარდი და ტკივილი და დავიცალე. იმის მერე ვცდილობ, როცა საფლავზე მივალ, აღარ ვიტირო. მიუხედავად სასტიკი რეალობისა, ვერ ვიაზრებ. ჩემს მეხსიერებაში ის სულ ცოცხალია და მგონია, სულ სახლში მელოდება. ყოველთვის ვგრძნობ, რომ ჩემ გვერდითაა, სიზმარში კი სულ მიღიმის. როცა ძალიან მიჭირს, მაშინ მოდის სიზმარში, გამიღიმებს და მშვიდ განწყობაზე მეღვიძება. სხვათა შორის, უკვე დავიწყე სიმღერის ჩაწერა, რომელიც მამას ეძღვნება და ეს იქნება ჩემი საჩუქარი მისთვის. სიმღერის ტექსტი და მუსიკა არაჩვეულებრივმა კომპოზიტორმა და შემსრულებელმა, ნატო ღოღობერიძემ დაწერა და სასწაული გამოდის. მთელი გული და სული ჩავდე ამ სიმღერის ჩაწერაში, სათუთად, მთელი გრძნობითა და ენერგიით ვუდგები და ცოტა დროში გამეწელა.
– ძალიან კარგად გამოიყურები. ამისთვის სპეციალურ დიეტებს იცავ თუ ჯანსაღი კვება გშველის?
– აღდგომის დღეებში ცოტა მოვიმატე, თუმცა, ცომის მირთმევას ვერიდები და მალევე ჩავდგები ფორმაში. ადრე ვვარჯიშობდი, ახლა კი ვცდილობ, ცომეული და ტკბილეული არ ვჭამო, რომ ზედმეტი წონა დავიკლო და სასურველი წონა შევინარჩუნო. როგორც დედა მიყვება, ბავშვობაში ძალიან ცუდი მჭამელი ვიყავი. მეუბნება: ერთი ბანანი რომ შეგეჭამა მე და მამა დაგდევდითო (იცინის). თინეიჯერობის პერიოდში მოვპუტკუნდი, მერე დავიკელი, ამას მოჰყვა „ჯეოსტარის“ პერიოდი, როცა ნერვიულობის გამო ძალიან ბევრს ვჭამდი და მოვიმატე. როგორც კი პროექტი დასრულდა, დაკლება დავიწყე და სამ-ოთხ თვეში ფორმაში ჩავდექი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





