როგორ დაეხმარა ლიკა გაგნიძეს ჯიუტი ხასიათი მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში და რა იყო მისი მთავარი ძალა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 48 წუთის წინ
ინფლუენსერ ლიკა გაგნიძის ამბავი, ალბათ, ბევრისთვის აღმოჩნდა იმედის და რწმენის მიმცემი. მას რამდენი თვის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მძიმე დაავადებასთან ბრძოლა ხელმეორედ მოუხდა. საბედნიეროდ, მან მეორედაც შეძლო ამ ბრძოლაში გამარჯვება.
- ლიკა, წინა ინტერვიუს დროს, როდესაც შენს გამოჯანმრთელებაზე ვსაუბრობდით, მითხარი: ბოლომდე თავისუფლად ვერ ვსაუბრობ ამ დაავადების დამარცხებაზე, ყოველი შემდეგი კონტროლის მეშინია, ისევ ცუდი პასუხი არ მქონდესო. სამწუხაროდ, რამდენიმე თვეში მართლა ყველაფერი თავიდან დაიწყო…
ლიკა გაგნიძე: როცა ეს ვთქვი, მაშინ უკვე მქონდა გარკვეული სიმპტომები და გულიც მიგრძნობდა. საქართველოში გამოკვლევებს რომ ვიკეთებდი, მეუბნებოდნენ – არაფერია, შენი ჩივილები მხოლოდ და მხოლოდ ნაწიბურითაა გამოწვეულიო. მე ამის არ მჯეროდა, რადგან ძლიერი ტკივილები მაწუხებდა, ისევ ისეთი შეგრძნებები მიბრუნდებოდა, როგორიც მანამდე მქონდა. უკვე აღარ შემეძლო ტკივილების გაძლება და ბოლოს დაჟინებით მოვითხოვე ნაწიბურის ამოკვეთა. ოპერაცია გამიკეთდა და მომდევნო კვლევის პასუხი ისეთი მოვიდა, როგორსაც გული მიგრძნობდა. ჩემთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა დიდ იმედგაცრუებასა და ბრაზს ვგრძნობდი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, თურქეთში წავსულიყავი და ყველაფერი იქ გადამემოწმებინა.
– რადგან ამდენი ხანი იკვლევდი და ვერაფერს ხედავდნენ, ალბათ, ექიმებზეც გაბრაზებული იყავი – როგორ ვერ მიხვდნენ, როცა ასეთი გაუსაძლისი ტკივილები გქონდა?
— არ ვიცი, ყველა იმას ამბობდა, ნაკერის გამო გტკივაო. ეგონათ, ფსიქოლოგიური პრობლემა იყო, ფიქრობდნენ, რომ ვაზვიადებდი. ამიტომ დამამშვიდებლების დანიშვნა უნდოდათ. რეალურად კი ისეთი გაუსაძლისი ტკივილები მქონდა, სამჯერ გამიკეთეს მორფი და ბოლომდე მაინც არ მიყუჩებდა. სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველა ერთსა და იმავეს მეუბნებოდა და ამით ვიმშვიდებდი თავს, რომ იმავე პრობლემის წინაშე აღარ ვიდექი, თორემ ტკივილები ძალიან მაწუხებდა.
რაც შეეხება ექიმებს, ნამდვილად არ მინდა, ვინმე დავადანაშაულო. შეიძლება, რადიოლოგის შეცდომა იყო ან აპარატურის ბრალი. კონკრეტულად თითს ვერავის დავადებ და ვერ ვიტყვი, რომ ყურადღება დამაკლეს – ჩემი მკურნალი ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ, რამე რომ არ გამოჰპარვოდათ. მიზეზს ვერ განვსაზღვრავ, მაგრამ ფაქტია: სიმსივნის კვალი გაეპარათ. ის, რომ ეს წინა სიმსივნის ნარჩენი იყო, უკვე თურქეთში გავიგე. იქ რომ წავედით, უკვე ყველაფრისთვის მზად ვიყავი.
– ეჭვის მიუხედავად, ალბათ, მაინც გქონდა იმედი, რომ ცდებოდი. როცა დადასტურდა, ყველაზე რთული, ალბათ, ამ რეალობასთან შეგუება იყო…
– კი, რთული იყო, თუმცა პირველივე დღეს მითხრეს, რა ნაბიჯები უნდა გადაგვედგა და რომ იმავე გზის გავლა, ანუ ქიმიოთერაპია, კვლავ დამჭირდებოდა. თავიდანვე ამიხსნეს, რომ, მიუხედავად დიაგნოზისა, მძიმე მდგომარეობა არ მქონდა. ეს, რა თქმა უნდა, ამშვიდებს ადამიანს, მაგრამ იმ რთული გზის ხელმეორედ გავლა მაინც ძალიან მძიმე გადასალახი აღმოჩნდა. ვიცოდი, რომ პრობლემა მოგვარდებოდა, მაგრამ პროცესი მაშინებდა. საბოლოოდ ამ დრომ იმაზე სწრაფად გაიარა, ვიდრე ველოდი.
– მკურნალობის პროცესი როგორ გამოიარე? ვიდეოებიდან გამომდინარე, თითქოს პირველთან შედარებით გაცილებით კარგად იყავი…
– მთლად ასეც არ იყო. ქიმიოთერაპიის დროს ორჯერ ძლიერი ალერგია მომცა, ლამის შოკი გამოიწვია. ისე ცუდად გავხდი, ორი ქიმია ვერც გავიკეთე. მთელი საავადმყოფო ფეხზე დადგა, – ელოდნენ, რომ შეიძლებოდა, კომაში ჩავვარდნილიყავი. ამ ალერგიებს გაუსაძლისი ტკივილები ახლდა. როგორც მითხრეს, ალერგიული რეაქცია ბევრს ემართება, მაგრამ ასეთი მძიმე ტკივილი იშვიათი შემთხვევააო. ექიმები მიზეზს ვერ ხვდებოდნენ.
ზოგადად, ჩემს დიაგნოზთან დაკავშირებით, გერმანიაშიც და საქართველოშიც ყველა ექიმი გაოცებული იყო. თურქეთშიც აღნიშნეს, რომ ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო ამ პრობლემის ასეთ უცნაურ ადგილას გაჩენა. დღემდე ვერ ხსნიან, როგორ წარმოიშვა. ფაქტია, ძალიან არაპროგნოზირებადი ორგანიზმი მაქვს. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უცნაურად ხდება, ეს მხოლოდ ჯანმრთელობას არ ეხება.
– საოცნებო პასუხი რამდენ ხანში მოისმინე?
- ამჯერად მკურნალობა თითქმის 5 თვე გაგრძელდა. პროცესი რომ დავიწყეთ, ორგანიზმი უკვე გასუფთავებული იყო, რადგან საქართველოში გაკეთებული ოპერაციით ყველაფერი სრულად ამოიკვეთა. საბედნიეროდ, არ ყოფილა აგრესიული და სწრაფად პროგრესირებადი, თორემ ორი წელი, სანამ მე საქართველოში გამოკვლევებზე კარგი პასუხები მომდიოდა, ნამდვილად ცუდად წავიდოდა საქმე. ხელახლა გაჩენის რისკი, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს, მაგრამ, საბედნიეროდ, კვლევებმა აჩვენა, რომ არსად არაფერია. ამ პასუხს ველოდით და ასეც მოხდა.
– ალბათ, უდიდესი სიხარული იყო.
– ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს. ალბათ, გარკვეული მოლოდინი სულ იარსებებს, თუმცა ისეთი შიში აღარ მაქვს, როგორიც მანამდე მქონდა. ადრე, როცა სხვა ადამიანის სიმსივნის დიაგნოზის შესახებ ვიგებდი, მეგონა, რომ ამით ცხოვრება სრულდებოდა. ახლა ვიცი, რომ ეს პრობლემა განკურნებადია და ამ დაავადებასთან ბრძოლის რესურსი ნამდვილად არსებობს.
– სად პოულობდი ძალას იმისთვის, რომ მაკიაჟით მიდიოდი ქიმიოთერაპიაზე, ფორმაში იყავი და პარალელურად, მუშაობასაც ახერხებდი?
– ჯიუტი ადამიანი ვარ და არ მიყვარს გარკვეულ მოცემულობებთან შეგუება, წინააღმდეგობებით სავსე ვარ. დედაც იტყვის ხოლმე, ადამიანს რომ არ შეეწინააღმდეგო, ისე არ შეგიძლიაო (იცინის). ყოველთვის ყველაფერი ჩემებურად მინდა, გავაკეთო. ამ მდგომარეობაშიც „არ შემიძლია“ რომ არ მეთქვა, საპირისპიროდ უნდა მოვქცეულიყავი. ასე ვაბნევდი დაავადებას.
სამუშაოს რაც შეეხება, ისეთი სიხშირით ვერა, როგორც მანამდე, მაგრამ უკვე ვიცოდი, როდის დასრულდებოდა ქიმიოთერაპიის უკუჩვენებები და გრაფიკსაც ამის მიხედვით ვგეგმავდი. წინა ქიმიებისას ეს ვერ განვსაზღვრე – პროცედურის მეორე დღესვე მივიღე ერთ-ერთი გოგონა და ძალიან ცუდად გავხდი. მასაც რომ გავუფუჭე დღე, საშინლად ვინერვიულე. ამჯერად კი ზუსტად ვიცოდი, რომ რამდენიმე დღე აუცილებლად უნდა დამესვენა და გვერდითი მოვლენების გავლის შემდეგ თავისუფლად ვმუშაობდი.
– როგორ ახერხებდი, ამ რთული პერიოდის პარალელურად, სოციალურ ქსელშიც აქტიური ყოფილიყავი და არც იუმორი და ხალისი დაგეკარგა?
– შეიძლება, სისულელედ ჟღერს, მაგრამ იმდენად ზარმაცი ადამიანი ვარ, ნერვიულობაც კი მეზარება (იცინის). არ ვიცი, ამას რა ახსნა აქვს. არ შემიძლია, ერთ საკითხზე დიდხანს დარდი. პირველი დარტყმა, რა თქმა უნდა, მძიმე იყო, მაგრამ დიდხანს სანერვიულოდ ნერვები, უბრალოდ, არ მყოფნის.
მქონია პერიოდები, როცა აღარაფერი მინდოდა. მიფიქრია — ჩემთვის ჩავიკეტები და აღარ ვიაქტიურებ-მეთქი, მაგრამ ეს განწყობა მალევე გადამივლიდა ხოლმე. მიხარია, რომ ამ მხრივ, სტაბილური ხასიათი არ მაქვს და მსგავს გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიცვლი. საკუთარ თავს თავადვე შთავაგონებ, რომ არ უნდა დავისტრესო, რადგან დაავადება სწორედ სტრესითა და ნერვიულობით იკვებება. ამიტომ ცხოვრებას ჩვეული ტემპით ვაგრძელებ.
– ოჯახი, მეგობრები... ეს ადამიანები, ალბათ, უდიდესი დასაყრდენი იყო შენთვის და საზოგადოება, რომელიც შენ გარშემო გაერთიანდა…
– ამ პროცესში ჩემთვის ყველაზე ემოციური სწორედ ეს იყო – ადამიანები ჩემ გარშემო: ოჯახი, მეგობრები და სრულიად უცხო ხალხი, რომლებიც მხოლოდ სოციალური ქსელებიდან მიცნობენ. მეუღლე სულ გვერდში მედგა. დედა ემიგრაციაში გახლდათ, იტალიაში. თურქეთში ეს დიაგნოზი რომ დამისვეს და გაიგო, ეს გზა ხელახლა უნდა გამევლო, გადაწყვიტა, ჩამოსულიყო და ჩემ გვერდით ყოფილიყო. რთულია ვინმეს გამოყოფა – მეუღლე, დედა, მეუღლის მშობლები, დეიდები, მამიდები, მეგობრები… ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები – ამ ადამიანების მხარდაჭერა რომ არა, შეიძლება, თურქეთშიც ვერ წავსულიყავი და ვერც მემკურნალა. როცა ვთქვი, რომ თურქეთში მინდოდა გამგზავრება, ყველა გვერდში დამიდგა. ეს ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, დარწმუნებული ვარ, ამ დაავადებას ვერ გადავიტანდი. ღმერთის მფარველობა და ეს მხარდაჭერა იყო ჩემი მთავარი ძალა.
– სოციალურ ქსელში სიზმარზე ყვებოდი... რწმენის როლი რამდენად დიდია შენთვის?
– მქონია პერიოდები, როცა ნაკლებად მწამდა, მაგრამ მერე ისეთი რამეები ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, რომ რწმენას მიბრუნებდა და მიმყარებდა. შეიძლება, განსაკუთრებულად ეკლესიურად ვერ ვცხოვრობ, მაგრამ სულ ვგრძნობ ღმერთის მფარველობას. რთულ პერიოდებში ისეთი რამ მომხდარა, რომ უფლება არ მაქვს, არ მწამდეს.
სიზმარს რაც შეეხება: სანამ საბოლოო პასუხებს გავიგებდი, იმ ღამეს დამესიზმრა მამა გაბრიელი. უფრო სწორად, ვიცოდი, რომ მამა ნაუმი იყო, მაგრამ რომ ვუყურებდი, მამა გაბრიელს ვხედავდი. უფრო მაღალი იყო, ვიდრე წარმომიდგენია. ვიცოდი, რომ ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყო. ბოლოს გაქრა, აღარ ჩანდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემ გვერდით მოდიოდა. რომ გავიღვიძე, უკვე ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მართლაც, კლინიკაში რომ მივედი, ექიმებმა მომილოცეს – ყველაფერი წესრიგშიაო. ამის შემდეგაც სულ კარგის მოლოდინი მაქვს. ახლა ბევრად მეტ ყურადღებას ვაქცევ საკუთარ ორგანიზმს, უკეთ შევისწავლე და ვუსმენ, რომ არაფერი გამომრჩეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





