როგორ იქმნება რეზო ბლიაძის ყველაზე წარმატებული სიმღერები გაბრაზებულზე და რისთვის შეუძლია მას ღამეების გათენება სიამოვნებით
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:36

რამ განსაზღვრა რეზო ბლიაძის წარმატება, როდის აქვს საუკეთესო შედეგი და რამდენად იღბლიანია ის, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
რეზო ბლიაძე: საკუთარ თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ, ღმერთი ყველას თანაბარ პირობებში გვაყენებს. იღბალი ყველას გვაქვს, დედამიწაზე რომ მოვედით, უკვე იღბლიანები ვართ. რაც შეეხება წარმატებას, მის მისაღწევად მარტო იღბალი ვერ დაგვეხმარება. ამისთვის უკვე შრომისმოყვარეობაა აუცილებელი. იღბალსა და შრომისმოყვარეობას სადმე, შუაში თუ ნიჭიერებასაც ჩავუმატებთ, ჩემი აზრით, ეს არის სრულყოფილი მოცემულობა კარგი შედეგის მისაღწევად.
– რამდენად შრომისმოყვარე ხარ?
– ძალიან შრომისმოყვარე ვარ და სხვათა შორის, უნიჭოდაც არ მიმაჩნია ჩემი თავი. რამდენადაც ნიჭიერად ვთვლი საკუთარ თავს, იმდენად შრომისმოყვარე ვარ. ფორმულა – „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“, ჩემს შემთხვევაში არ მუშაობს. ნიჭიერ ადამიანს შრომისმოყვარეობა ხასიათში უნდა ჰქონდეს, ნიჭიერება ამ თვისებას თავისთავად მოიცავს. შენ თუ ნიჭის განვითარებას აპირებ და შრომისმოყვარეობა არ გაქვს, თუ მის განსავითარებლად საკუთარ თავზე მუშაობა არ გამოგდის, მხოლოდ ნიჭით ვერაფერს იზამ. ეს ცხოვრება მეცადინეობაა და ამ პროცესში ვავლენთ ჩვენს ნიჭიერებას თუ უნიჭობას.
– შრომისმოყვარეობა გამოიმუშავებადი თვისებაა?
– არ ვიცი, მაგრამ მე ბავშვობიდან მასწავლეს შრომის სიყვარული. როცა პატარა ვიყავი, ვშრომობდი ფიზიკურადაც, ინტელექტუალურად თუ შემოქმედებითად. ცეკვაზე დავდიოდი 12 წელი და ისე ვუდგებოდი ამ საქმეს ამდენი წლის განმავლობაში, როგორც პროფესიონალი მოცეკვავე. ასევე ვიქცეოდი ფეხბურთზე, მუსიკაზე და საერთოდ, რასაც ხელს მოვკიდებდი, ყველაფერს ასე ვუდგებოდი. გასართობად თითქმის არაფერი გამიკეთებია, მაგრამ რაც გამიკეთებია, თითქმის ყველაფერი გართობა-გართობით მოვახერხე. შევძელი, რომ გართობა და ჰობი მექცია ძირითად საქმიანობად. შრომისმოყვარეობის კუთხით, კიდევ უფრო შორს წავედი, ჩემს საქმეს დავემონე. მე რომ სიმღერაზე ვმუშაობ, მთელი ღამე არ მძინავს. ტვინი სულ მუშაობს და დილით მზად მაქვს მუსიკაც, ტექსტიც და ყველაფერი, რაც საჭიროა. შვილებისთვის, ოჯახური საქმეებისთვისაც კი ვერ იცლი და ბოლომდე საქმეზე ხარ ორიენტირებული, რადგან ადამიანს ხელი ჩამოართვი და დაჰპირდი, რომ მეორე დღეს სიმღერა მზად იქნებოდა. ჩემი აზრით, ამას სჭირდება ნიჭი, თორემ ერთ ღამეში სიმღერის დაწერა, ალბათ, ბევრს არ შეუძლია, მაგრამ საკუთარ თავში იმ ძალის პოვნას თუ ახერხებ, რომ დანაპირები ზუსტად შეასრულო, ეს არის შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლიანობა და პროფესიონალიზმი. შრომისმოყვარეობა უდრის თვითგანვითარებას, რაც გზას გიკვალავს. მე ვერ ვიღვიძებ დილის 8 საათზე და შეიძლება, ვერც 11-ზე. თუ დილის 8-ზე უნდა გავიღვიძო, საერთოდ არ დავიძინებ და მე ეს მგონია დისციპლინა, რაც პასუხისმგებლობიდან მოდის. შეიძლება, შრომისგან ყველა ვიღლებით, მაგრამ მე მას პროფესიონალიზმის ჭრილში განვიხილავ, ისევე, როგორც ნიჭიერს განვიხილავ იღბლიანად. იღბლიანი თუ ხარ, შეუძლებელია, უნიჭო იყო.
– რამდენად უფრთხილდები საკუთარ თავს?
– დავზარალებულვარ უაზრო გრაფიკებისა და ბევრი მუშაობის გამო. გადავღლილვარ, ემოციურად გამოვფიტულვარ, წონაში საგრძნობლად დამიკლია, მაგრამ ამ შრომის შედეგი იმდენად სასიამოვნოა, რომ აბალანსებს.
„მეგობარო“ ერთ ღამეში ჩავწერეთ. დილა გათენდა თუ არა, გადავიღეთ. 48 საათი არ შეგვისვენია და სიმართლე რომ ვთქვა, მართლა ძალიან გადავიღალეთ, მაგრამ ამაზე მაგარი ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია. ის დაკარგული ძალები მერე აღვიდგინე, მაგრამ „მეგობარო“ ისტორიას დარჩება და ამაზე როგორ უნდა იწუწუნო, დავიღალე, ღამე გავათენეო?! როცა მაგარ რამეს გააკეთებ, შედეგი გავსებს მენტალურადაც, ემოციურადაც და ფიზიკურადაც. ეს გაცოცხლებს და არა უშავს, თუ დავიღლებით, სიზარმაცით გასუქებას, საქმით გახდომა მირჩევნია.
– გქონია მომენტი, რომ ძალიან ბევრი იშრომე, მაგრამ ყველაფერი „წყალში ჩაიყარა“?
– კი, რამდენჯერაც გინდა. ჩვენი, დაახლოებით, 6-7 სიმღერა იცის მსმენელმა, სინამდვილეში 150-ზე მეტი სიმღერა მაქვს დაწერილი, შეიძლება, 200-იც. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მე როდესმე გავჩერდები, ეს არც მსმენელის ბრალია და არც ჩემი, შრომა არ დამიკლია, მაგრამ მუსიკა იმიტომაც ავირჩიე ჩემს საქმიანობად, რომ ემოციურ ინტელექტზეა დამოკიდებული. სწორ დროს, სწორ კონტექსტში და სწორ ემოციებთან თანხვედრაში თუ არ დადებ, შეიძლება, თვეები ვიმუშავო, მაგრამ ისე ჩაიაროს, რომ მხოლოდ მე და მამაჩემმა ვიცოდეთ. ამას წყალში გადაყრილს მაინც ვერ დავარქმევ, რადგან როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, პროცესი გვზრდის, წარუმატებელი სიმღერა მოტივაციას ისე მიმაღლებს, რომ შემდეგ შეიძლება, „მეგობარი“, „ველოსიპედი“, „მევასები ძალიან“ და „ხელი მომკიდე, რა“ დავწერო. თუ შრომობ, ის ენერგიის სახით მაინც აუცილებლად დაგიბრუნდება. ჩვენი შრომა ხომ დედამიწაზე არსებული სხვა დანარჩენი მშრომელების ენერგიებს უერთდება, გროვდება და ღვთის ნებით თუ ბუნების ძალით, კარგ ადამიანებს კარგი ემოციები უბრუნდებათ, ცუდებს – ცუდი. ვინც ილოცა, ლოცვა უბრუნდება, ვინც იგინა – გინება, ვინც კარგი აკეთა – კარგი და ვინც ცუდი – ცუდი. მე ასე მესმის სამყაროს კანონზომიერება.
– ფსიქოლოგიურად როგორ მოქმედებს შენზე წარუმატებელი პერიოდები და როგორ ეხმარები ამ დროს საკუთარ თავს?
– მარტივი მაგალითი ვთქვათ: მე ძალიან გაბრაზებულმა დავწერე ჟოზეს აჭარული. ასეთი გაბრაზება ვიცი (იცინის). ის გავბრაზდი, რომ ძალიან მაგარი სიმღერა შემომეწერა. ასე ვბრაზდები ხოლმე. რთული პერიოდები, დეპრესიები, წარუმატებელი ურთიერთობები – ეს არის ჩემი სიმღერები. „ველოსიპედში“ არის ასეთი ტექსტი – „ნუ მიშლი ნერვებს“, ამას ხომ მშვიდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ დაწერს?! ეს ჩემთვის გულწრფელი ემოციაა, „ნაღდია“ და ალბათ, ამიტომაც მიდის ადამიანებთან.
– შენთვის მოტივაცია რა არის?
– ადამიანები, ამინდი, ჩემი ყვავილები... ბევრი რამ. ადამიანი სამყაროსთან და ბუნებასთან კავშირში თუ ხარ, ყველაფერი ემოციასა და მოტივაციას გაძლევს. მუსიკა ემოციური ინტელექტია, თუ ემოციური ტიპი არ ხარ, თუ თევზი ტიპაჟი ხარ, ხმას არ იღებ და შენთვის ხარ, ჩუმად, მუსიკაც ასეთი გაქვს, ჩუმი და ბუყბუყებს. თუ ბრაზდები, გიყვარს, გიხარია, თუ ცოცხალ ემოციებს განიცდი, მერე მუსიკაც ნაღდი გამოდის. აი, მაგალითად, „დაგელოდები“ იმდენად ნაღდი სიმღერაა, რომ მეც მიკვირს, წესით, ასეთი ნაღდი არ უნდა ყოფილიყო (იცინის). მერე ამას ადამიანები შეცდომაში შეჰყავს. „გაიქცევი და გამოგეკიდები“ რომ ვიმღერე, ამან ვიღაცები შეცდომაში შეიყვანა, რომ წავიდნენ, ეგონათ, გავეკიდებოდი, ცხოვრებაში ასე აღარ მოხდა, იმიტომ რომ იმ მომენტში სხვა ხასიათზე ვიყავი. წერის მომენტში ასე მემღერებოდა, პრაქტიკაში სხვანაირად აღმოჩნდა. ეს ადამიანებისთვის ნაცნობი მდგომარეობაა, ამიტომაცაა, რომ ნაღდი სიმღერებით მათ გულამდე მიდიხარ, ემოციურ კავშირს ამყარებ. მნიშვნელობა არ აქვს, ხვალაც იმავე ხასიათზე იქნები თუ არა, მთავარია, რომ იმ წუთიერ შეგრძნებებში ხარ გულწრფელი.
– ვინ გაიქცა შენი ცხოვრებიდან?
– ძალიან ბევრი (იცინის). ზოგიერთი ახლაც ბრუნდება, მაგრამ უკვე დაკავებული ვარ (იცინის). წარმოიდგინეთ და ჩემი ცხოვრებიდანაც კი გარბიან. როგორც ტელევიზორშია, ყველაფერი ასე არ არის.
– ადამიანებში რამდენად იღბლიანი ხარ?
– ძალიან. მაქვს კარგი ოჯახი. გარშემო მეგობრები, საყვარელი ადამიანები მყავს, თორემ ქვის ქვეშ დადებული მილიონი ნამდვილად არ მიპოვია და ამის გამო ვერ დავიკვეხნი იღბლიანობით. ადამიანებში კი ნამდვილად იღბლიანი ვარ. როცა შენთვის ძვირფას ადამიანებს უყვარხარ და ერთმანეთს ითვალისწინებთ, ეს არის ბედნიერება. წარმოიდგინეთ, მე და ლეო ხოტივარი? 15 წელია ერთად ვაკეთებთ „რეზო და ბავშვებს“. იღბალია, რომ ერთმანეთს შევხვდით და იმ დღიდან მოყოლებული ძმაკაცებიც ვართ, მეჯვარეებიც, კოლეგებიც, ერთი გუნდიც და ასე შემდეგ. ასეთ ადამიანებს ცხოვრებაში შემთხვევით არ ვხვდებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან