შოუბიზნესი

როგორ გრძნობს დალი ჩიტალაძე წინასწარ მოახლოებულ ტრაგედიას და რით იცავს ის თავს „ცუდი თვალისგან“

№29

ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00 29.07, 2021 წელი

დალი ჩიტალაძე
დაკოპირებულია

დალი ჩიტალაძე საკუთარი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მომენტის შესახებ წინასწარ გრძნობს. შესაძლოა, ზოგჯერ ზუსტად ვერ ახსნას, რა არის მოსალოდნელი, მაგრამ რაღაც სერიოზული რომ უნდა მოხდეს, ამას მთელი სხეულით გრძნობს და მეგობრებსაც მუდმივად ურჩევს, როდის რისი გაკეთება არის მიზანშეწონილი და რისი – არა.

დალი ჩიტალაძე: მთელი ცხოვრებაა, ეს განცდა დამდევს. ყოველთვის, როცა რაღაც ცუდი ხდება ჩემს თავს, იმ დღეს საერთოდ არ მეძინება, აფორიაქებული ვარ და ვგრძნობ, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. ჩემი ძმის სიკვდილი მე დამიმალეს. მაშინ ამერიკაში ვცხოვრობდი. ისეთი საშინელი განწყობა მქონდა, ვერ, აღგიწერთ. ძალიან აღელვებული ვიყავი. უმიზეზოდ მეტირებოდა. მერე დავიძინე და საშინელი სიზმარი ვნახე. მეორე დღეს ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი, სიზმარში ისეთი საშინელება ვნახე და ისე ცუდს მიგრძნობს გული, რაღაც ხდება-მეთქი. კიდევ ერთი დღე გავიდა ასეთ მდგომარეობაში, ვეღარ მოითმინეს და სიმართლე მითხრეს. ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ, მაგრამ მე არ მეუბნებოდნენ. არ გაგიჟდეს, ქუდი არ დაიხუროს და საქართველოში არ გამოიქცესო, ჩემს მშობლებს გაუფრთხილებიათ, დასაფლავების დღემდე არ უთხრათო. ამას ვერ ვპატიობ ჩემს ახლობლებს. მესმის ჩემზე იფიქრეს – მაშინ საბუთები არ მქონდა და თუ გამოვფრინდებოდი, უკან ვერ დავბრუნდებოდი, მაგრამ ძალიან ძნელია ასე. თუმცა, საწყალი ჩემი და მეუბნებოდა, გარდაცვლილი რომ არ გყავს ნანახი, ძალიან კარგიო. მართლაც, თითქოს, ჩემი ძმა სადღაც წავიდა და უზომოდ მენატრება – ჩემთვის ასეა. მერე ჩემი დის სიკვდილიც წინასწარ ვიგრძენი. მთელი დღე ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, მაშინაც სულ მეტირებოდა.

ძალიან ძლიერი ინტუიცია მაქვს. მიშა ცაგარელმა ოცი წლის წინ მითხრა: დალი, ცოტა ხანში შენ საერთოდ აღარ დაგჭირდება ჰოროსკოპებში ჩახედვა, ზუსტად გეცოდინება, რა და როგორ მოხდებაო. მართლა ასეა, საქმე იქნება, ჩანაფიქრის განხორციელება, თუ სხვა რამ, ზუსტად ვიცი, როდის და როგორ გამოვა.

– ფაქტობრივად, წინასწარ შეგიძლიათ, განსაზღვროთ, ესა თუ ის ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდება თუ არა?

– შემიძლია და მეგობრებისთვისაც ბევრჯერ მითქვამს, ნერვებს ნუ იშლი, ეს აუცილებლად გამოვა-მეთქი. მარტო საკუთარ თავზე კი არ მაქვს ასეთი ინტუიცია, ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანების შესახებაც ბევრ რამეს ვგრძნობ. თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ენერგეტიკას კარგად ვიცნობ. გარდა ამისა, ადამიანს რომ შევხედავ, მაშინვე ვგრძნობ, როგორ არის ჩემ მიმართ განწყობილი.

– ანუ, ადამიანის „წაკითხვა“ შეგიძლიათ?

– ძალიან კარგად. საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე ცხოვრებაში და ერთი შეხედვითაც შემიძლია განვსაზღვრო, კარგ ადამიანთან მაქვს საქმე თუ ცუდთან. ისიც ყოველთვის ვიცი, რას გრძნობენ ჩემი მეგობრები.

შესაძლოა, ადამიანს კარგი ინტუიცია ჰქონდეს, მაგრამ არ უღრმავდებოდეს საკუთარ თავს, არ ჰქონდეს ამის გამოცდილება. მიშას აქვს ჩემთვის ნათქვამი, არასდროს ჩართო ლოგიკაო და სრულიად ვეთანხმები. როდესაც ლოგიკას ჩართავ და ტვინს მიმართავ, იქ უკვე კარგავ ინტუიციას. ყოველთვის უნდა მიჰყვე შინაგან ხმას. არ ვიცი, ზუსტად როგორ ავხსნა ან რა დავარქვა ამ გრძნობას, მაგრამ მითქვამს ჩემი მეგობრისთვის, ეს ადამიანი არ არის შენი კეთილის მსურველი-მეთქი და ერთხელაც კი არ შევმცდარვარ. ძალიან მიმტევებელი და კეთილი ვარ და სანამ ცხოვრებაში საჭირო გამოცდილებას დავაგროვებდი და საკუთარ ინტუიციას ჩავუღრმავდებოდი, ვისაც მე მეგობრად მივიჩნევდი, მასზე რომ უთქვამთ, ისეთი არ არის, როგორიც გგონიაო, ვეწინააღმდეგებოდი. საერთოდ, გამორიცხულია, ვინმეზე ცუდი ვთქვა. მაგრამ ჩემს მეუღლეს ხშირად უთქვამს: დალი, ეს არ არის შენი მეგობარიო და ზუსტად მისრულდებოდა. მას ჩემზე უფრო ძლიერი ინტუიცია აქვს.

– არ არის დამთრგუნველი, როცა გრძნობ, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, მაგრამ არ იცი, კონკრეტულად სად არის საფრთხე და რა უნდა გააკეთო მის თავიდან ასაცილებლად?

– ჩემი ძმისა და დის სიკვდილი იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, ვერაფრით ვიფიქრებდი ამაზე. მერე და მერე გავაანალიზე, რომ ჩემი მდგომარეობა ამ უბედურების მოახლოებით იყო გამოწვეული. ამიტომაც ვიყავი აფორიაქებული. ჩემი ძმის სიკვდილი თითქმის ვნახე სიზმარში. ჩემმა დამ დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა, წარმოიდგინეთ, ეს ჩემთვის რამხელა შოკი იყო. მაგრამ იმ მომენტში, როცა ასეთი აფორიაქებული ვიყავი, ამას როგორ წარმოვიდგენდი. ამ გამოცდილებების შემდეგ, თუ ასეთი ფორიაქი მჭირს, უკვე ძალიან ვფრთხილობ, ყველაზე გადაფოფინებული ვარ.

– ამოვხსენი თქვენი წარმატების ფორმულა – ყველაფერი წინასწარ იცით!

– (იცინის) ეგ შეუძლებელია. ეს მხოლოდ ღმერთმა იცის, მაგრამ კარგია, როცა ძლიერი ინტუიცია გაქვს. თუმცა, მე არ ვარ ბიზნესმენი და არ შემიძლია, ამ მიმართულებით ვიყო ძლიერი, ეს ჩემი ქმრის პრეროგატივაა. ამიტომ თუ ამ სფეროდან მკითხავთ რამეს, ვერ მოგცემთ კარგ რჩევას. მაგრამ ცხოვრებისეულ საკითხებში ნამდვილად შემიძლია და ვხვდები, რომ ჩემი ინტუიცია გასათვალისწინებელია. უფრო მასშტაბურად რომ შევხედოთ, კაცმა არ იცის, ხვალ რა დაგვემართება, მაგრამ თუ საკუთარ თავს კარგად შეისწავლი, ბოლომდე ჩაუღრმავდები, ბევრ რამეს დაინახავ და გადარჩები. სხვის შეცდომებზე უნდა ისწავლო, საკუთარ შეცდომებზე, ხომ, თავისთავად, გაკვეთილად უნდა გამოიყენო და ამ ყველაფერთან ერთად, თუ ინტუიციაც ძლიერი გაქვს და შეგიძლია, მას დააკვირდე და გულისთქმას მიჰყვე, ყოველთვის იგრძნობ, რა არის სწორი.

– ნიშნების გჯერათ?

– ცრუმორწმუნე არ ვარ. ბებია იტყოდა ხოლმე, ბავშვი რომ ხელში ცოცხს აიღებს, სტუმარი მოვაო. მართლა აუღია და მოსულა კიდეც, ეგეც რაღაც გამოცდილებით არის ნაკარნახევი. ცოტა ხნის წინ, გადაღებაზე მივდიოდი დასავლეთში. წავედი და გზაში მანქანა გამიფუჭდა, არ დავბრუნდი, გავაგრძელე გზა, ჩავედი, იქ კიდევ რაღაც უსიამოვნება შემემთხვა, წამოვედი უკან, გზაში ავარია მომიხდა. მეხვეწებოდნენ, ოღონდ ცოცხალი ჩამოდიო (იცინის). მანქანა რომ გაგიფუჭდა, უნდა მიმხვდარიყავი, რომ არ ღირდა წასვლა და დაბრუნებულიყავიო. მაგრამ ზოდიაქოთი ვერძი ვარ და საშინლად ჯიუტი გახლავართ. თუ საქმე დავიწყე, ის ბოლომდე უნდა მივიყვანო.

– ამ დროს როგორ იცავთ თავს?

– გულში ვლოცულობ. შეგიძლია, ამ დროს პირჯვარი გადაიწერო. პირჯვრის გადაწერა მხოლოდ საეკლესიო რიტუალი კი არ არის, ეს შენ გიცავს ყველაფერი ცუდისგან და მათ შორის, ცუდი აურისგანაც. თუ ამას გრძნობ, შენ გარშემო, წარმოდგენაში, უხილავი ფარი უნდა შექმნა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი